ბ.ბ. ტვ-ს ქმნისო

ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ტელევიზიას ქმნის
Monday, 12 December 2011 00:00 მირიან ბოქოლიშვილი
ბიძინა ივანიშვილმა „მაესტროს“ მიმართ ინტერესი დაკარგა... ოლიგარქი, რომელიც ტელეკომპანიაში საბაზრო ღირებულებაზე 3-ჯერ მეტს იხდიდა, საკუთარი არხის შექმნას გეგმავს. სანამ მამუკა ღლონტი და ეროსი კიწმარიშვილი „მაესტროზე“ კონტროლის მოსაპოვებლად იბრძვიან, ივანიშვილმა თბილისის შემოგარენში ფეშენებელური ოფისი ტელევიზიისთვის უკვე მოაწყო. ჩვენი წყარო არ ასახელებს, კონკრეტულად სად განთავსდება ბიძინას ახალი ტელევიზია, მაგრამ დარწმუნებით ამბობს, რომ არხისთვის აპარატურა უკვე შეიძინეს. ტელეკომპანიისთვის მილიარდერს, ცხადია, სჭირდება საინფორმაციო მაუწყებლობის ლიცენზია და ასევე, საშუალება, რომელიც მის მაუწყებლობას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს. როგორც ირკვევა, ამისთვის ივანიშვილმა მშვენიერ გამოსავალს მიაგნო. ერთ-ერთი ვერსიით, უახლოეს დღეებში ივანიშვილის გარემოცვა აპირებს მოლაპარაკებების დაწყებას რეგიონულ ტელევიზიებთან, მათ შორის ყველაზე რეალისტურად განიხილება „25- არხი“ აჭარაში და ტელეკომპანია „თრიალეთი“ შიდა ქართლში. ორივე ეს ტელეკომპანია ფლობს საინფორმაციო მაუწყებლობის ლიცენზიას, თუმცა მათი გავრცელების არეალიც და ხარისხიც საკმაოდ შეზღუდულია. გავრცელების არეალის გაფართოება ოლიგარქს ნამდვილად არ გაუჭირდება. მისი ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს კომპანია „გლობალ ტვ“-ის, რომელიც რეგიონული ტელევიზიის ნაციონალურ არხად გადაკეთების საშუალებას მისცემთ. ამჟამად, რადიო „მაესტროს“ შენობაში განთავსებული სტუდია „მაესტროც“ სწორედ „გლობალის“ სიხშირით მაუწყებლობს.
ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგში“ 66,8%-იან წილს ფლობს. საჯარო რეესტრის ამონაწერში კომპანიის მეწილედ 6 პირია რეგისტრირებული – ალექსანდრე ივანიშვილი (66,8%), ალექსანდრე რონზჰესი (აშშ, 15%), ოლღა სვანიძე (10%), დავით კაპანაძე (3%), დავით შველიძე (3%), ზურაბ ყურაშვილი (1,6%). მოკლედ, გავრცელების პრობლემას ივანიშვილის ტელევიზია ადვილად მოაგვარებს, თუმცა მას არც რეგიონალურ ტელეკომპანიებთან გაუჭირდება მოლაპარაკება. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას „25-ე არხიც“ და „თრიალეთიც“ მზადყოფნას აცხადებს, ოლიგარქს მოელაპარაკოს.
ჯონი ნანეტაშვილი, ტელერადიოკომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორი:
– ჯერჯერობით კონკრეტული შეთავაზება არ მიგვიღია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფლობთ საინფორმაციო მაუწყებლობას. თუკი იქნება შემოთავაზება, ჩვენ აუცილებლად ვიფიქრებთ ამაზე. ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, გააჩნია, რა პირობებს შემოგვთავაზებენ.
მოლაპარაკებებისთვის მზადაა „25-ე არხის“ ხელმძღვანელობაც, თუმცა ბიძინა ივანიშვილს ამ შემთხვევაში მოლაპარაკებების წარმართვა სხვა მიმართულებითაც მოუწევს. საქმე ის გახლავთ, რომ „25-ე არხზე“ ყოველდღიურად რამდენიმესაათიანი საეთერო დრო სტუდია „ობიექტივს“ ეთმობა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია აფინანსებს. ასე რომ, ივანიშვილს „25-ე არხის“ შესყიდვამდე ხუბუტიასთან დალაპარაკება მოუწევს. თავად არხის ხელმძღვანელობა კი მზადაა ოლიგარქთან მოსალაპარაკებლად.
რამაზ მერკვილაძე, „25-ე არხის“ ხელმძღვანელი:
– ეს საკითხი ჯერჯერობით არ განიხილულა, ჟურნალისტებმა დამისვეს კითხვა, თუმცა მაშინაც ვუპასუხე, რომ ზეპირი განცხადების საფუძველზე ვერაფერს მოგახსენებთ-მეთქი. კონკრეტული წინადადება ჯერ არ მიგვიღია. რომ გითხრათ, რომ ამ საკითხზე არ გვიფიქრია-მეთქი, არარეალური იქნება. ყოველ შემთხვევაში ბატონ ბიძინასთან ამ თემაზე არ გვისაუბრია. როცა იქნება მოწოდებული წინადადება, ყველა ვარიანტში განვიხილავთ, პირობებს გააჩნია. გამორიცხული არაფერია. ამ ეტაპზე დღის განმავლობაში 7 საათი აქვს დათმობილი „ობიექტივს“, ეს ის დროა, რომელსაც ჩვენ ვერ ვიყენებდით, ამიტომ შეთანხმება გვაქვს მიღწეული ამის თაობაზე.
მოკლედ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ტელევიზიის შექმნითაც აქტიურადაა დაკავებული. ჩიხში მყოფ „მაესტროს“ კი შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნას, რადგან უკანასკნელი იმედი, ოლიგარქის სახით, ხელიდან პრაქტიკულად გამოეცალა. არაა გამორიცხული, ბიძინას ახალ ტელეკომპანიაში „მაესტროს“ ცნობილი სახეები გადაბარგდნენ. ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ირაკლი ტრიპოლსკი განიხილება, რომელიც ერთხელ უკვე ხელმძღვანელობდა ივანიშვილის ტელეკომპანია „მე-9 არხს“. ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ ივანიშვილის პრესსამდივნოს დაუკავშირდა. სამდივნოს თავქალმა, ნონა ყანდიაშვილმა ჯერ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას მოუსმინა, შემდეგ კი იმ მოტივით, რომ ტელეფონში კარგად არ ესმოდა, ხელახლა დაკავშირება გვთხოვა. ხელახლა კი დავუკავშირდით, მაგრამ ნონა ყანდიაშვილმა სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა, კომენტარისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა ირაკლი ტრიპოლსკიც.
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...