
უკანასკნელი 2 დღის მანძილზე, ცალკეული მედიასაშუალებებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია პატიმარ დიმიტრი ონიანის მდგომარეობის შესახებ. გამომდინარე ზემოთქმულიდან სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს დააკმაყოფილოს საზოგადოებრივი ინტერესი და განმარტება გააკეთოს აღნიშნული ფაქტის შესახებ.
რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული დიმიტრი ონიანი 2012 წლის 20 სექტემებრს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაყვანილ იქნა შესაბამისი პროფილის დაწესებულებაში. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადება თავად მსჯავრდებულის მეუღლეს ეკუთვნოდა, რომლის მოთხოვნაც დაკმაყოფილდა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტში საკადრო ცვლილებების განხორციელებისთანავე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველა პატიმარი, რომელიც ჯანმრთელობის კუთხით სათანადო დახმარებას საჭიროებს გადაეყვანათ შესაბამის, მათ შორის სამკურნალო დაწესებულებებში.
მსჯავრდებულ დიმიტრი ონიანის ხსენებულ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით სრულად არიან ინფორმირებულნი მისი ოჯახის წევრები და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალსწინებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პაციენტის (მათ შორის მსჯავრდებულის) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური. შესაბამისად დამატებით ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას ვერ მივაწვდით.
ამავდროულად მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რაც დამატებითი საბაბი ხდება პატიმრებში და პატიმართა ახლობლებში მღელვარების გამოწვევისათვის.
---
დღეს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად გლდანის #8 დაწესებულებაში მყოფი პატიმარ ზვიად გელაშვილის და, ნორა გელაშვილი მისი ძმის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს. მოკლევადიანი პაემნის შემდეგ ნორა გელაშვილმა განაცხადა, რომ პატიმარი "მესამე დღეა შიმშილობს, სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით. სულ 40 კილოგრამია დარჩენილი. აქვს ფსორიაზი, ტუბერკულოზი და ყელის ონკოლოგიური დაავადება."
გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ტუბერკულოზით დაავადებული 18 პირი იმყოფებოდა. მათგან 9 პირი 2012 წლის 21 სექტემბერს გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების #19 სამკურნალო დაწესებულებაში.
2012 წლის 23 სექტემბერს 3 პატიმარი (მათ შორის ზვიად გელაშვილი) გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების #18 სამედიცინო დაწესებულებაში. ამავდორულად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩენილ ყველა პატიმარს, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, დაწესებულების მედპერსონალი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პაციენტის (მათ შორის მსჯავრდებულის) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური. შესაბამისად სამინისტრო გელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს და პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ვერ მიაწვდის
---
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად პატიმართა გარკვეული ნაწილი საქართველოს რამოდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების მსხვერპლი პატიმრების სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუსთავის #17 დაწესებულებაში განთავსებული პატიმრები შიმშილობის შეწყვეტას ხვალ გეგმავენ.
აღვნიშნავთ, რომ პატიმრებს სრული უფლება აქვთ მიმართონ კანონით გათვალისწინებულ ნებისმიერ ფორმას პროტესტის ან სოლიდარობის გამოსახატად. კონკრეტულ შემთხვევაში სამინისტრო გაგებით ეკიდება სოლიდარობის აქციას.
ყველა იმ პატიმარს, რომელიც აცხადებს შიმშილობას უშუალოდ ხვდებიან სასჯელაღსრულების სისტემის უფლებამოსილი თანამშრომლები, რათა დადგინდეს შიმშილობის მიზეზი და თუ მოთხოვნა კანონშესაბამისია და განეკუთვნება სამინისტროს გადასაწყვეტ საკითხთა კატეგორიას, დაუყოვნებლივ ხდება სათანადო მითითებების გაცემა პრობლემის აღმოსაფხვრელად.
ამავდროულად, ყველა იმ პირთან, რომელიც ადმინისტრაციასთან ოფიციალურად განაცხადებს შიმშილობის დაწყების შესახებ, ხდება ექიმის კომუნიკაცია და უწესდება სამედიცინო მეთვალყურეობა შიმშილობის შედეგად ჯანმრთელობისათვის მინიმალური ზიანის მიყენების უზრუნველსაყოფად.
იმედს გამოვთქვამთ, რომ პატიმართა მიერ სოლიდარობის აქცია შიმშილობის ფორმით მალე დასრულდება და არ გამოიწვევს პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.
---
დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „ქსნის დაწესებულების ე.წ. „ძველ ზონაში“ განთავსებულმა მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის სახელზე დაწერეს კოლექტიური ახსნა-განმარტება, რომელსაც ხელს აწერს 526 მსჯავრდებული და რომელიც შეეხება მსჯავრდებულთა მიმართ ქსნის N15 დაწესებულების ადმინისტრაციის და თანამშრომლების მხრიდან წარსულში განხორციელებულ არასათანადო, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.“ განცხადებაში ასევე დასახელებულნი არიან დაწესებულების ის თანამშრომლები, რომლებიც, პატიმართა გადმოცემით, მათ მიმართ ცემასა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობას ახორცილებდნენ.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების შესახებ მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც მოგვეწოდება როგორც უშუალოდ პატიმართა, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის უფლების მქონე პირებისა და ორგანიზაციების მიერ. მიღებული ინფორმაციის შემდეგ ინდივიდუალურად ხდება ყველა კონკრეტული ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ განცხადებაში აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლები განცხადების გავრცელების მომენტისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ უკვე იდენტიფიცირებული და სამსახურიდან გათავისუფლებული იყვნენ.
2012 წლის 20 სექტემბრის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის არცერთი ფაქტი აღარ დაფიქსირებულა, რასაც ადასტურებს მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა და ორგანიზაციების მეირ გავრცელებული პირველადი ანგარიშებიც.
---
დღეს, 24 სექტემბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტრომ, რუსთავის #17 დაწესებულებაში განთავსებულ არასრუწლოვან პატიმრებს საჩუქრად რადიომიმღებები გადასცა.
22 სექტემბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთას მინისტრი გიორგი ტუღუში პირადად იმყოფებოდა აღნიშნულ დაწესებულებაში, სადაც შეხვდა და ესაუბრა არასრუწლოვან მსჯავრდებულებს. სწორედ ამ შეხვედრის დროს მათ გამოთქვეს საკნებში რადიომიმღებების ქონის სურვილი. მინისტრი მათ დაპირდა, რომ საკითხს უახლოესს დღეებში გადაწყვეტდა.
ამ დროისათვის ყველა საკანში, სადაც არასრულწლოვნები არიან განთავსებულნი არის რადიომიმღები.
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტრო ყურადღებით ეკიდება ყველა მსჯავრდებულის საჭიროებას და ეტაპობრივად მოაწესრიგებს ყველა საყოფაცხოვრებო პრობლემას.