ლევან ბობოხიძე ხონის ადგილობრივ გაზეთთან პირდაპირ აღიარებს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულებისგან ფულის შეგროვება ნამდვილად მისი მითითებით ხდება და იმასაც აღნიშნავს, რომ ასე თუ არ მოხდება, მათ სამსახურის დატოვება მოუწევთ. რაც მთავარია, იგი ამაში ვერც კანონდარღვევას ხედავს და უკვირს, ადამიანი სამსახურს რომ იშოვნის, ხელფასის ნაწილის გადახდაზე უარი როგორ უნდა თქვას?
ბობოხიძესთან ამ თემაზე ინტერვიუ 2008 წელს არის გამოქვეყნებული და, როგორც ჩანს, ხელფასიდან ნაციონალური ხარკის გადახდა წლების განმავლობაში გრძელდება.
ინტერვიუ ხონის ადგილობრივი გაზეთის „თაობის“ 2008 წლის 26 თებერვლის ნომერშია გამოქვეყნებული. presage.tv ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ლევან ბობოხიძე ფულის შეგროვების საკითხზე საუბრობს უცვლელად გთავაზობთ. მედიაში გამოქვეყნებული მასალა კი მტკიცებულებად ითვლება და, წესით, პროკურატურამ საქმე ამის შემდეგ მაინც უნდა აღძრას.
ინტერვიუს სტილი დაცულია, მართლწერის ჩათვლით:
ჟურნალისტი: „ერთი საკითხიც, საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულთა კატეგორიას პარტიის ინტერესით გარკვეული თანხა ეჭრება ხელფასზე. თუმცა გაცილებით ცოტამ თუ იცის, რომ ამ თანხიდან დახმარებებიც ხორციელდება. ვფიქრობ, საჭიროა მეტი ისაუბროთ ამ საკითხზე.
ლევან ბობოხიძე: პარტია არის ერთი გუნდი, - საძმო, სამეგობრო დავარქვათ. ეს ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან დღეს და პარტიის საწევროში დებენ გარკვეულ თანხას, არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები. შეიძლება მანდატი არ უდევთ ჯიბეში, მაგრამ ჩვენს გვერდით მდგომი ხალხია და ეს თანხის დადება თავად ამ ხალხს არ აწუხებს.
დაგეთანხმებით, ღიად პრეტენზიას არავინ გამოთქვამს.
- ელემენტარული რამაა, შემცირების ფონზე, სამსახურში დარჩენილ ადამიანს უღირს იმ რაღაც თანხის გადახდა. თუ სად მიდის ეს ფული, რომელიც ჩემი ფულია, რადგან საკუთარი ხელფასიდანაც არის მასში წილი, დაინტერესებულ პირს შეუძლია გადაამოწმოს, რეგულარულად ვეხმარებით ხუთშვილიან ოჯახებს, ასევე – ხელმოკლე ოჯახებს. ყველას ვერ დავეხმარებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია შემცირებაში მოყოლილ ჩვენს თანაგუნდელებზე ვიზრუნოთ, დავეხმაროთ. ამ კარგ საქმეს სწორედ ჩვენს მიერ დადებული ოც-ოცი და ათ-ათი ლარით ვაკეთებთ. ეს, პარტიის ბიუჯეტი კი არა, ჩვენი ბიუჯეტია, რომელიც ნდობის ფაქტორზეა დამყარებული და ჩვენს შორის გამჭვირვალეა. თანხის დადება ხდება ჩვენივე სურვილიდან გამომდინარე, - ნებაყოფლობითია.
თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ თუ შემცირების საკითხი დადგება, ეს პირველ რიგში შეეხება სწორედ მას, ვინც ამ საერთო საქმეში გვერდით არ გვედგა. ამიტომ, შეიძლება მთლად ნებაყოფლობითი არც იყოს. ეს კარგი, ჯანსაღი ულტიმატუმია“.
----------------------------
უჰ შემეშალა, სხვა თემაა ეს!!!