გიორგი ლაღიძე: ბოლო დღეების განმავლობაში გვიკავშირდებიან პატიმრების ახლობლები, ადვოკატები, რომლებიც აცხადებენ, რომ გაუსაძლისი ვითარებაა გლდანის საპყრობილეში; ასევე ცუდი მდგომარეობაა ქუთაისის საპყრობილეში და იაღლუჯის ახლად აშენებულ ციხეში, რომელიც თავის დროზე მიშა სააკაშვილმა, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი შენობა, დიდი ზარ–ზეიმით გახსნა. ჩემს მიერ ჩამოთვლილ ციხეებში პატიმრებს ტყუილ–უბრალოდ სცემენ და აწამებენ.
მაგალითად, რის გამო სცემენ და აწამებენ?
- პატიმრებს ტყუილ–უბრალოდ შარს სდებენ; “თავი რატომ გაქვს ჩაღუნული?’, “ბადრაგს რატომ არ მიმართავ ბატონობით?“, “საკნიდან გარეთ სხვებზე წინ რატომ გამოხვედი?“ - აი, ამგვარი ფაქტების გამო პატიმრებს “კარცერებში“ ამწესებენ, სცემენ, აწამებენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
ამ ძალადობასთან დაკავშირებით, როგორც პატიმრებმა, ისე მათმა ახლობლებმა, სასჯელაღსრულების სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ ამ ნაბიჯს რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია.
სამინისტროს წერილობით მიმართეს თუ სიტყვიერად?
- თავად მითხრეს, რომ სამინისტროს წერილობით მიმართეს. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ თუ უახლოეს ხანში ამ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა არ გამოსწორდება, მშვიდობიანი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ - მასობრივ შიმშილობას დაიწყებენ და სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულება გაიფიცება. თუ ეს მოხდა, პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს.
ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს, სასჯელაღრულების მინისტრს წერილობით მივმართავთ და მოვითხოვთ: დაუყოვნებელ რეაგირებას ცემა-წამების ფაქტებზე, არსებული ვითარების გამოსწორებას და საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრაციის იმ თანამშრომელთა სამაგალითო დასჯას, ვინც პატიმართა უფლებებს ლახავს.
იცით იმათი ვინაობა, ვინც პატიმრებს შეურაცხყოფს, აწამებს?
- პატიმრის ახლობლები და ადვოკატები განმარტავენ, რომ ამას აკეთებენ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები. თუ პატიმართა ცემა-წამების დაკვეთა “ზემოდან“ არ ხორციელდება, მაშინ ამ ხელისუფლებას დამნაშავეების გამოაშკარავება არ გაუჭირდება, მაგრამ იმის ფონზე, რაც აქამდე ხდებოდა, ძნელი დასაჯერებელია, რომ “ზემოთ“ არ იციან პატიმართა ცემა-წამებისა და შეურაცხყოფის ფაქტები, რამაც ფაქტიურად სისტემური ხასიათი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, თამაზ მელაძეს, რომელიც ახლახანს მოხსნეს, პატიმრები პირდაპირ ადებდნენ ხელს და მათ ცემა–წამებაში ადანაშაულებდნენ, ისევე, როგორც ქსნის დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რობერტ არაქელოვს, რომელიც ასევე ახლახანს გაათავისუფლეს. მიუხედავად ამისა, ამ ორ ადამიანს თანამდებობიდან გათავისუფლება აკმარეს, ჩადენილი დანაშაულისთის პასუხი არ უგიათ.
თუნდაც ეს ორი ფაქტია საკმარისი იმაში დასაეჭვებლად, რომ პატიმართა გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაგდების მითითება “ზემოდან“ მოდის. ასე რომ არ იყოს, ვერც ერთი ხელმძღვანელი, ან რიგითი თანამშრომელი ვერ გაბედავს პატიმართა ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას.
როგორ ჩანს, სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია პატიმრებისადმი ასეთი სახის მოპყრობა. მე არ ვარ პირველი, ვინც საქართველოს ციხეებში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე ვსაუბრობ. შეგახსენებთ, რომ ახლახანს, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა უმწვავესი დასკვნა, საქართველოს ციხეებში არსებული ვითარების ირგვლივ, სადაც სხვა შეფასებებთან და კონკრეტულ ფაქტებთან ერთად აღნიშნულია, რომ “ციხეებში დაზიანებების მიყენების შემთხვევებმა იმატა“. ციხეებში არსებული მდგომარეობა ამ ხელისუფლების თავზე
დამოკლეს მახვილივით ჰკიდია.
შეგიძლიათ იმ პატიმრების ვინაობის დასახელება, ვისაც შეურაცხყოფენ, აწამებენ?
- მე მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომელ პატიმარზე რა ტიპის ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ თავად პატიმრების და მათი ახლობლების თხოვნაა, რომ ვინაობა საჯაროდ არ დავასახელო, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მათ ეშინიათ ფიზიკური ანგარიშსწორების; გამორიცხული არ არის სასჯელიც დაუმატონ.
P.S. ამ ინტერვიუს ჩაწერს შემდეგ, პრესა.გე ტელეფონით დაუკავშირდა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, თეა სუხიშვილს, რომელმაც განგვიმარტა, რომ კონკრეტული გვარ-სახელების დასახელების გარეშე, სამინისტრო ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.
საინტერესო იქნება იუზერების სამართლებრივი კუთხით დანახული რეალობა ვისაუბროთ ამ თემაზე გამოთქვით თქვენი სამართლებრივი შეხედულებები
ჩემი აზრი ასეთია დარღვევები ხდებოდ ახდება და მოხდება
მაგრამ ყველა დარღვევას უნდა დამტკიცება და მის წინააღდეგ ბრძოლა
რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სისტემის თანამშრომლების გადამზადებაზე მათ კონტროლზე მსრჯავდებულების უფლებების დაცვაზე და იმედი ვიქონიოთ რომ იქნება მიღწეული კონკრეტული შედეგები
_______________
პატიმარების სიკვდილიანობა კატასტროფულად მატულობს

პატიმართა გარდაცვალების სტატისტიკა კატასტროფულია. 3 თვეში გარდაცვლილი 28 პატიმარი - ასეთი სტატისტიკური მაჩვენებლები არავის ახსოვს. ეს 2007 წლის მხოლოდ პირველი 3 თვის სტატისტიკაა. სულ რამდენიმე დღის წინ კი ერთ დღეს ერთდროულად 3 პატიმარი გარდაიცვალა. ექსპერტები სასჯელთაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას კატასტრუფულს უწოდებენ და სასწრაფო ზომების მიღებაზე საუბრობენ.
კვირა ისე არ გავა, რომ იუსტიციის სამინისტრომ პატიმრების გარდაცვალების შესახებ ინფორმაციები არ გაავრცელის. ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ოფიციალური სტატისტიკა რეალობას არ ასახავს და გარდაცვალების შემთვევები უფრო ხშირია. თუმცა, არსებული სტატისტიკა საკმაოდ მძიმეა.
რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ სამკურნალო დაწესებულებაში გარდაცვლილ პატიმართა ისტორიებს, ასეთია: ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარ ვლადიმერ ქ-ს მწვავე ნაწლავური ინფექცია, ჰიპოვოლემიუსი შოკი და პროსტატის ადენომა აღენიშნებოდა. ის მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დააკავეს და თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯეს;
მეორე გარდაცვლილი პატიმარი 45 წლის იყო. მისი დიაგნოზი ნაწლავური ინფექცია, ინფექციურ-ტოქსიკური შოკი, აივ-ინფექვია/შიდსი, ფარინგომიკოზი იყო. ის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით იყო დაკავებული და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
მესამე გარდაცვლილი პატიმარის ასაკი 42 წელია. ის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა. პატიმარ გენადი შ-ს
აღენიშნებოდა ფილტვების ტუბერკულოზი რღვევის ფაზაში, რეზისტენტული ფორმა. ექიმთა დასკვნით, მისი გარდაცვალების მიზეზი ტუბერკულოზის შედეგად განვითარებული სისხლდენა გახდა. მას ყაჩაღობისა და მკვლელობის ბრალდებით 20 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები სასჯელს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის იხდიან, ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ მათთვის სიცოცხლის აკრძალვის უფლება არავის აქვს. მათივე კომენტარებით, პატიმრები ისეთ პირობებში ცხოვრობენ, წარმოუდგენელია, ჯანმრთელი ადამიანი არ დაავადდე.
პატიმართა გარდაცვალებით შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე. ის წუხს, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ არაადეკვატურია.
ელენე თევდორაძე: „3 თვეში გარდაცვლილი 28 ადამიანი ნამდვილად კატასტროფული რიცხვია. რამდენიმე დღის წინ, 3 პატიმარი ერთ დღეს გარდაიცვალა, ისინი ძალიანი მძიმე ავადმყოფები იყვნენ, მაგრამ ჩვენი კანონი იუსტიციის სამინისტროს საშუალებას აძლევს, ასეთი ავადმყოფები ვადაზე ადრე გაათავისუფლონ. ელემენტარულად, ჩასატარებელია სწორი სამედიცინო გამოკვლევა და მიმართვა სასამართლოში, რასაც ძირითადად არ იყენებენ. არის შემთხვევები, როდესაც პატიმრები სამკურნალო დაწესებულებებში მხოლოდ მაშინ დაგაჰყავთ, როცა უკიდირესი ვითარებაა. ეს ხდება იმიტომ , რომ ჩვენი საავადმყოფო გათვლილია დაახლოებიუთ 200 ადამიანზე, არადა იქ 400 ადამიანზე მეტია მოთავსებული და ადგილი არ არის. როდესაც ავადმყოფი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მაშინ სხვა ავადმყოფის ხარჯზე ხდება მისი გადაყვანა სამურნალო დაწესებულებაში. სამწუხაროდ, ძალიან გულგატეხილი ვარ. დამოკიდებულება ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ, არ ფასობს. საქართველოში არ ფასობს ადამიანი. მესმის, რომ ძალიან ბევრი კეთდება, მაგრამ სახელმწიფო ადამიანებისგან შედგება.“
გარდაცვალებულ პატიმართა რაოდენობის გამო ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციაც აკრიტიკებს. მემარჯვენე ოპოზიციონერ მანანა ნაჭყებიას თქმით, ქვეყანაში პირველი პრობლება სწორედ სასჯელთაღსრულების სისტემაა:
„ხელისუფლებამ ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, პატიმრობაც ბიუჯეტის შევსებისა და ფულის ამოღების წყაროდ აქცია. უმეტეს შემთხვაში ადამიანები იმისთვის არიან დაპატიმრებულები, რომ შემდეგ საპროცესო გარიგებების შედეგად მათგან ფული ამოიღონ. ამას ემატება საპატიმროებში არსებული მძიმე მდგომარეობა, რასაც პატიმართა ერთი ნაწილი ვერ უძლებს და თავს იკლავს. ჩვენი ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს რეფორმების თვალსაზრისით პირველ ადგილზე სად ვართ და შესაბამისი დასკვნები ისე გააკეთოს.“
პატიმართა გარდაცვალების 2007 წლის სტატისტიკას საგანგაშოს უწოდებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევენ ბეჟაშვილიც. მისი თქმით: „ამ წლის სტატისტიკა მართალაც რომ საგანგაშოა. ამ ციფრებით კომპეტენტური თანამდებობის პირები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ და გაარკვიონ, თუ რასთან გვაქვს რეალურად საქმე. აბსოლუტურად გასაგებია, რომ დღეს ჩვენი პენიტენციალური დაწესებულებები ვერ პასუხობენ იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც არსებობს ამ სფეროში. საპატიმრო დაესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი აბსოლუტურად გადასახალისებელია როგორც რეჟიმის უზრუნველყოფის, ასევე თანამედროვე საყოფაცხოვრებო პირობების თვალსაზრისით. ამ მხრივ საკმაოდ ბევრიც კეთდება. იგივე 2 ახალი ციხის გახსნა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.“
იუსტიციის სამინისტროში გარდაცვლილ პატიმართა აღნიშნულ რაოდენობას იმით ხსნიან, რომ პატიმართა რიცხვი 3-4-ჯერ არის გაზრდილი. ბოლო 5 წლის სტატისტიკა კი ასეთია: 2007 წლის 1 აპრილის მდგომარეობით 16 638 პატიმარი, გარდაცვლილი - 28; 2006 წელი - 15423 პატიმარი, გარდაცვლილი - 92; 2005 წელი - 8895 პატიმარი, გარდაცვლილი - 46; 2004 წელი - 7200 პატიმარი, გარდაცვლილი - 43. 2003 წელი - 6274 პატიმარი, გარდაცვლილი - 52.
ის, რომ პატიმრები არასათანადო პირობებში იმყოფებიან სახალხო დამცველმაც არაერთხელ დაადასტურა. 6 აპრილს ომბუცმენის წარმომადგენლებმა ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება მოინახულეს.
მონიტორინგის შედეგად, პატიმრები მძიმე პირობებში იმყოფებიან. კერძოდ:
1. საკნებში არ არის დაცული ჰიგიენის ნორმები, ონკანებიდან დასალევად უვარგისი წყალი მოდის, რის გამოც პატიმართა განცხადებით მსჯავრდებულთა უმეტესობა დიზინტერიით არის დაავადებული.
2. პატიმრებს არა აქვთ მიმოწერის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად „მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით მიიღოს და გააგზავნოს წერილები.“
3. ყოფილი #8-ე საპყრობილის ტერიტორიაზე განთავსებულია საკნები, რომელთაც არა აქვთ გადახურული დერეფანი და საკნებში პატარა ეზოდან არის შესასვლელი, საკნები ნესტიანია.
4. საპყრობილეში განთავსებული მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ არ ხდება მათი კანონით გათვალისწინებული გასეირნება. 43-ე მუხლით, მსჯავრდებულს, რომელიც რეჟიმის, ან სხვა გარემოებათა გამო არ შეიძლება რეგულარულად გამოყვანილ იქნეს გასასეირნებლად, უნდა მიეცეს ჰაერზე ყოფნის ნება დღეში არანაკლებ ერთი საათისა.
5. მსჯავრდებულების განცხადებით საკვები, რომელიც მათ მიეწოდებათ, უვარგისია. საკვების მდარე ხარისხში დაწესებულებაში მონიტორინგზე მისული სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც დარწმუნდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან პატიმრებმა ადმინისტრაციის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზეც ისაუბრეს.
-----------------
* * *
პატიმარი ნიკოლოზ მირზაშვილი მორგში ჩაიყვანეს, „დასკოჩეს“ და სცემეს
10:33 12.12.2011
[ნინო მიქიაშვილი]
მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N 18 სამკურნალო დაწესებულებაში ავადმყოფი პატიმრის წამების მორიგ ფაქტზე ადვოკატი მამუკა ნოზაძე გვესაუბრა. მისი განმარტებით, წამების ტრადიციადქცეული მეთოდები - პატიმრის მორგში ჩაყვანა, ცემა და „დასკოჩვა“ ამჯერად იმ მიზნით გამოიყენეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მსჯავრდებულმა ევროპული სასამართლოდან უკან გამოიტანოს საჩივარი.
მამუკა ნოზაძე: 37 წლის ნიკოლოზ მირზაშვილი, რომელიც უმძიმესი ავადმყოფია (სიმსივნითა და ტუბერკულოზითაა დაავადებული), ამჟამად იმყოფება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N 18 სამკურნალო დაწესებულებაში. ადმინისტრაცია ამ ადამიანზე პერმანენტულ ზეწოლას ახორციელებს.
რატომ ახორციელებენ ზეწოლას ამ ადამიანზე?
- ნიკოლოზ მირზაშვილს ევროპული სასამართლოდან საჩივრის გამოტანას სთხოვენ. მისი ერთი საქმის განხილვა, ანუ კომუნიკაცია 2008 წელს დასრულდა (ეს შეეხება სასჯელის გადავადებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას) და ახლა გადაწყვეტილებას ველოდებით, მაგრამ დროებითი ღონისძიების სახით ევროპულმა სასამართლომ, ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობას მიუთითა, რომ ეს პიროვნება ყოფილიყო სამკურნალო დაწესებულებაში, ადეკვატური მკურნალობის ჩატარების მიზნით. ასე მოხვდა ის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
ევროპულ სასამართლოში კიდევ არის ცალ-ცალკე რეგისტრირებული ორი საჩივარი. ერთი ეხება მირზაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას და მეორე - პირადი და ოჯახური ურთიერთობის შეზღუდვას.
საქართველოს სახალხო დამცველს არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ ამ ზეწოლის შესაწყვეტად მათ არანაირი ზომები არ გაატარეს. საქართველოს მთავარ პროკურატურაში კონკრეტული დამნაშავე პირების მითითებით არაერთი საჩივარი მაქვს შეტანილი.
ანუ პატიმარი კონკრეტულ პირებს ასახელებს?
- რა თქმა უნდა, ასახელებს, ისევე, როგორც არაერთი სხვა პატიმარი, მაგრამ გამოძიება, არც ერთ საქმეზე არ დაწყებულა. უფრო მეტსაც გეტყვით - როდესაც ნოემბერში საქართველოს მთავარ პროკურატურას მივმართე, მირზაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტზე, პატიმარს წაართვეს ლეიბი, „პლედი“ და იატაკზე იწვა, ტანზე ტუალეტის ქაღალდშემოხვეული, რომ ფილტვი უარესად არ დაზიანებოდა.
ამ ფაქტის ირგვლივ სახალხო დამცველს წერილობით ვაცნობე. პატიმრის გადმოცემით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, გურამ ნიკოლაიშვილი, თანმხლებ პირთან ერთად შევიდა ნიკოლოზ მირზაშვილთან, ახსნა-განმარტება ჩამოართვა და იქიდან გამოსვლის შემდეგ ადმინისტრაციას დეტალურად გააცნო პატიმრის პრეტენზიები. ამის შემდეგ ადმინისტრაციამ ზეწოლის ფორმები გააძლიერა.
სახალხო დამცველის წარმომადგენელს კანონი ხომ არ ავალდებულებს პატიმრის პრეტენზიების ადმინისტრაციისთვის გაცნობას?
- პატიმართან სახალხო დამცველის რწმუნებულის საუბარი კონფიდენციალურია და სახალხო დამცველის რწმუნებულს კონფიდენციალურობის პრინციპი არ უნდა დაერღვია.
აცნობეთ ამ ფაქტის შესახებ სახალხო დამცველს?
- პატიმარს 8 დეკემბერს შევხვდი და ახლა თქვენ გატყობინებთ ამ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს ვაცნობებ, ნოემბერში დაწერილ ახსნა-განმარტებასაც გამოვითხოვ და ორშაბათს მთავარ პროკურატურას დამატებით მივმართავ. წამების ფაქტი, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, მოხდა 12 ნოემბერს და მე ამის შესახებ 8 დეკემბერს შევიტყვე. საერთოდ, პატიმრებს თვეში სამჯერ აქვთ დარეკვის უფლება, მაგრამ ჩემს ტელეფონზე ვერც ერთი პატიმარი ვერ რეკავს, იმის გამო, რომ იქიდან ჩემს ტელეფონზე ზარის განხორციელება შეუძლებელია და ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევით არ ხდება. მამაო იყო შესული და მისი მეშვეობით გავიგე, რომ ნიკოლოზ მირზაშვილის მიმართ ძალადობრივი ქმედება განხორციელდა.
12 ნოემბერს ნიკოლოზ მირზაშვილმა მტრედებს პური დაუყარა. ამ მოტივით საკანში შეუვარდნენ, სცემეს, ხელ-ფეხი „სკოჩით“ შეუკრეს და მორგში ჩაიყვანეს. მისი ცემა იქაც გააგრძელეს, შემდეგ დააგდეს იქ, სადაც მიცვალებულებს ასევენებენ ხოლმე (ექსპერტიზის ჩატარების მიზნით) და ასეთ მდგომარეობაში იყო ხუთი საათი.
შეგახსენებთ, რომ ეს ხდება ისეთ ადამიანთან მიმართებაში, ვინც სიმსივნითა და ტუბერკულოზითაა დაავადებული. პატიმარი ამ მეთოდებით აწამეს რეჟიმის განყოფილების უფროსის, ალექსანდრე თოლორდავას ხელმძღვანელობით.
სხვადასხვა პატიმრებისა და ადვოკატების მხრიდან მთავარ პროკურატურაში ალექსანდრე თოლორდავას მიმართ არაერთი პრეტენზიაა დაფიქსირებული, ისევე, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, მაგრამ ამ პიროვნების დანაშაულებრივ ქმედებას და აღვირახსნილობას ბოლო არ მოეღო, რადგან მას უშუალოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა და მისი პირველი მოადგილე გაგა მკურნალიძე მფარველობენ.
ამ უკანასკნელის კადრებითაა (ვაჟა ცხვედიანი, გიორგი ავსაჯანიშვილი, ალექსანდრე თოლორდავა) დაკომპლექტებული მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაცია.
სოციალური სამსახურის უფროსი, ზურაბ ბულბულაშვილი, რომლის უშუალო მოვალეობაა პატიმრების თანადგომა და მათი უფლებების დაცვა, უშუალოდ მონაწილეობს დანაშაულებრივ ქმედებებში - პატიმრების ცემა-წამებას უყურებს და ხმის ამოღების ნაცვლად დანაშაულებრივ ქმედებას ხელს უწყობს.
მირზაშვილის წამების ფაქტსაც უყურებდა სოციალური სამსახურის უფროსი?
- ნიკოლოზ მირზაშვილმა განმიცხადა, რომ ზურაბ ბულბულაშვილი პატიმრის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ, დანაშაულებრივ ქმედებას უყურებდა. ნიკოლოზ მირზაშვილს ცემის დროს თავში გამეტებით ურტყამდნენ და ამის შედეგად ტვინის შერყევა ჰქონდა. მან მითხრა, რომ მოკვლით ემუქრებიან. თავი მიტოვებულად, რომ არ იგრძნოს, იძულებული ვარ სხვა საქმე გვერდზე გადავდო და პატიმარი ყოველ კვირას მოვინახულო, რადგან ეს ადამიანი ძალიან შეშინებულია.
მთავარ პროკურატურას არ მოვასვენებ - ყოველ კვირას მივმართავ. ნოემბერში შეტანილ საჩივარს, ნიკოლოზ მირზაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე, მოჰყვა არაადეკვატური რეაქცია - იმის მაგივრად რომ დაწყებულიყო გამოძიება და ნიკოლოზ მირზაშვილი, ადვოკატის თანდასწრებით დაეკითხათ, ჩემი განცხადება განსახილველად გადაუგზავნეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გენერალურ ინსპექციას, რომელსაც გამოძიების უფლება არა აქვს.
მე ვითხოვ უშუალოდ გამოძიების დაწყებას. სასჯელარსარულების დეპარტამენტთან არსებულ საგამოძიებო ორგანოს უნდა დაეწყო გამოძიება და არა გენინსპექციას. პატიმართან მივიდა ვინმე ადამია, გენინსპექციიდან და ნიკოლოზ მირზაშვილს განუცხადა - „ჩვენ ვართ ერთი სისტემა, აზრი არა აქვს, გაჩერდიო“.
კიდევ რა ზომებს შეგიძლიათ მიმართოთ, იმისთვის, რომ პატიმრის წამება შეწყდეს?
- მოგახსენებთ. ადამიანი საქართველოში, რომ ვერ პოულობს სამართალს, ამიტომ მიმართავს ევროპულ სასამართლოს, სადაც უსაშველოდ გრძელდება სასამართლო განხილვები და გადაწყვეტილება დროულად არ გამოაქვთ. პროკურატურაში შეტანილ საჩივარს თან დავურთავ იმ საჩივრის ასლს, რომელსაც ორშაბათს შევიტან, სახალხო დამცველისგან პატიმრის ახსნა-განმარტებას გამოვითხოვ, ამ ყველაფერს ევროპულ სასამართლოს გადავუგზავნი და მკაცრად მოვითხოვ რეაგირების მოხდენას, რადგან ეს ადამიანი სიცოცხლეს შეიძლება გამოასალმონ.
ახლა ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენი საშუალებით მივმართავ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რათა დაინტერესდნენ ამ კონკრეტული შემთხვევით. ასევე მივმართავ საინფორმაციო სააგენტოების, გაზეთების კორესპონდენტებს, რედაქტორებს, ყველა ადამიანს, ვისაც დახმარება ხელეწიფება, იქნება ეს ჟურნალისტი, თუ უფლებადამცველი - გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია, წამების ამ კონკრეტულ შემთხვევაზე და ამის შესახებ აცნობოთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ.
ასევე ვთხოვ მედია-კავშირ „ობიექტივს“, რომ გამოიყენოს თავისი კავშირები ევროსტრუქტურებში და ნიკოლოზ მირზაშვილის წამების ფაქტზე მათ ინფორმაცია მიაწოდოს. საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტები წარვადგინო.
-------------------
გიორგი ტუღუში: „ადამიანს ნეკნები კონკრეტული მიზეზის გარეშე არ ემტვრევა!“
„რამდენიმე პატიმარს, რომელთა გარდაცვალების მიზეზად კონკრეტული დაავადება იყო მითითებული, ექსპერტიზის ჩატარების შედეგად, ნეკნები აღმოაჩნდათ დამტვრეული. ასეთ დასკვნას რომ წაიკითხავ, რა უნდა იფიქრო?! ადამიანს ნეკნები კონკრეტული მიზეზის გარეშე არ ემტვრევა!“, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.
" ჩვენ 2011 წლის პირველი ნახევარი შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე პატიმარს, რომელთა გარდაცვალების მიზეზად კონკრეტული დაავადებაა მითითებული, ექსპერტიზის ჩატარების შედეგად, ნეკნები აღმოაჩნდათ დამტვრეული. ასეთ დასკვნას რომ წაიკითხავ, რა უნდა იფიქრო?! ადამიანს ნეკნები კონკრეტული მიზეზის გარეშე არ ემტვრევა, ამიტომ ისმება კითხვა: რა გააკეთა ამ დროს გამოძიებამ? ძალიან ხშირად მივდივართ იმ შედეგამდე, რომ გამოძიებული არაფერია და არც ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა.
თქვენ სიკვდილობის შარშანდელი ტენდენცია ახსენეთ, მაგრამ დამაიმედებელი არც წლევანდელია. პირველ 6 თვეში 77 პატიმარი იყო გარდაცვლილი, აგვისტოს თვეში კი 117-მდე ავიდა ეს მაჩვენებელი.
სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში არის „სიკვდილობის თავი“, რომელშიც გაანალიზებულია მთლიანად მიზეზები და ტენდენცები, რომლებიც გარდაცვალების კუთხით იყო სასჯელაღსრულების სისტემაში. წელსაც იგივე გაკეთდება.