
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა რუსთავის №16 დაწესებულების საზოგადოებრივი მისაღები მოინახულეს.
დიპლომატები საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დანერგილ სიახლეებს გაეცნენ და საზოგადოებრივი მისაღების სერვისების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღეს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ აღნიშნული რეფორმა მსჯავრდებულის ოჯახის წევრების, უფლებების დამცველებისა და სხვა პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან მარტივი ურთიერთობისა და მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით დანერგა.
ვიზიტორებისთვის, საზოგადოებრივ მისაღებში, შექმნილია კომფორტული გარემო, გამარტივებულია პროცედურული საკითხები, მოქმედებს სწრაფი, სრულყოფილი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი.
მოქალაქეებს ემსახურებიან კონკურსის წესით დასაქმებული მაღალკვალიფიციური საზოგადოებრივი კონსულტანტები, რომლებმაც რამდენიმე ეტაპიანი სპეციალური მომზადების პროგრამა გაიარეს.
საზოგადოებრივი მისაღებში შესაძლებელია: მსჯავრდებულთან პაემანზე წინასწარი რეგისტრაცია, საჭირო ინფორმაციის და კონსულტაციის მიღება, განცხადების ჩაბარება და სხვა პროცედურების გავლა სწრაფად და კომფორტულად.
დამატებითი სერვისის სახით ვიზიტორებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაცია, საბანკო სერვისი, უფასო ინტერნეტი და საბავშვო კუთხეა გათვალისწინებული.
საზოგადოებრივი მისაღები უკვე №8, №18, №15 , №19 და №16 დაწესებულებებთან ფუნქციონირებს. ეტაპობრივად კი სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან ამოქმედდება.
--------------
2012 წლის 11 სექტემბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნატო გუგავა სამუშაო ვიზიტით ბელგიაში, ქალაქ მარნეფში გაემგზავრა.
ვიზიტის მიზანია სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრების ევროპული ქსელის (EPTA) მე-5 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება.
ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი იყო პირველი, რომელიც 2011 წელს სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრების ევროპულ ქსელში (EPTA) გაწევრიანდა.
ბელგიის 2012 წლის კონფერენციაშჳ მონაწილეობას იღებენ ანდორის, ბავარიის, ირლანდიის, კატალონიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ხორვატიის, რუმინეთის, საფრანგეთის, შვედეთისა და შვეიცარიის სასწავლო ცენტრები.
იგეგმება სხვა წევრი ორგანიზაციებისათვის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის, როგორც ახალი წევრის წარდგენა.
კონფერენციის წევრები დაათვალიერებენ მარნეფის სასწავლო ცენტრს, გაეცნობიან ადგილობრივი სასჯელაღსრულების სისტემის მუშაობის სპეციფიკას და პრეზენტაციით წარსდგებიან სხვა მონაწილეთა წინაშე.
სამუშაო ვიზიტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის “სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერა” ფარგლებში,15 სექტემბერს დასრულდება.