ლენინი უკვდავია
* * *
Ahasverეს მინისტრი, ის მინისტრი, ამ მინისტრმა, იმ მინისტრმა....
მემარჯვენემ, მემარცხენემ, მიშისტმა და ნიჰილისტმა.
ყველამ იცის საქართველოს მიმდინარე მოვლენები,
ყველას უჭირს მიმდინარე მოვლენების მონელება.
შევისწავლოთ, დავიზუთხოთ, ზეცის-ღმერთის-მეფის-ტოლა
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ეპისტოლე.
პატრულთა და მანდატურთა, შორის ყრმათა მოსწავლეთა,
ბედნიერი საქართველოს პრეზიდენტი მობრძანდება.
შავი ჯიპის შავ მინაში დეპუტატი ოცნებობდა,
ნეტავ, ამგვარ წარმატებას მამაჩემიც მოსწრებოდა.
პრეზიდენტის ესკორტიდან გადმოსული რომ ვეხილე,
იქნებ ცოტაც ეცოცხლა და კიდევ ცოტაც მოელხინა.
ეგება და, არ ვიცი და, ღმერთი ხელს თუ მომიმართავს,
კომიტეტის თავმჯდომარეც ბავშვს თუ მართლა მომინათლავს,
მე პარტიის ანგარიშზე უანგაროდ, გულით, მართლაც
ასის ნაცვლად არჩევნებზე დავდებ 140 ათასს.
მართალია, ოდეს შუქი მიილევა, დაღამდება,
მკვდარი სულის ხმები მესმის და ამ ხმების გაყალბება.
სუსტი ხარო, მკვახედ მითხრა პარტიულმა მენეჯერმა,
ეს ხილვები მარტოოდენ მე მტანჯავდეს - მეეჭვება.
მარწმუნებენ, 30 წელი კიდევ ვიქნებითო,
ნუ იტანჯავ თავს ამგვარი სულელური ფიქრებითო.
და როდესაც მსგავსი ბნელი განცდა ჩემში გამძაფრდება,
უმალ ვჯდები თვითმფრინავში კიევისკენ გასაფრენად.
მელოდება როგორც შვება, კრეშჩატნიკი, მყუდრო ბინა,
დეპუტატის მანდატივით მარადმწვანე უკრაინა.
ჩემი წილი ცხოვრება მაქვს, ვდებ სამშობლოს ჩემ წილ ამაგს,
დეპუტატი კი ვარ, მაგრამ სახელი და გვარი არ მაქვს,
ვერ გამარჩევთ ვერავისში, ჩემნაირი არის მრავლად,
დეპუტატად დავიბადე და მოვკვდები დეპუტატად.
30 წელი კიდევ მე ეს ტვირთი უნდა ვზიდო,
თვალს თუ მომკრავთ დუტი ფრიში გამოსულნი სატრანზიტოდ,
მეც თქვენსავით ორი პარკით ხელში ვდგავარ შორიახლო,
მეც თქვენსავით გასასვლელებს ვეძებ რეისს რომ მივაგნო.
განსხვავება არის ის, რომ მე კვორუმის ნაწილი ვარ,
მე კვორუმს ვქმნი და ამისთვის მუდამ მზად ვარ, გაწვრთნილი ვარ.
მე ხმას ვაძლევ და ეს ხმა მზრდის მიწიერი ზეციერსა,
და ამისთვის პარლამენტის თავმჯდომარე მესიჯს მწერსა.
თუ საჭირო გახდა, მალე უფლებებსაც შევიკვეცავთ,
ჩვენ არაფრის უფლება გვაქვს, გთხოვთ, ეს კარგად შეიმეცნოთ,
9 მეუფე ერთად გალობს, 9 მეუფე ერთად ლოცავს
შავნაბადას გზაზე შემდგარ შავ ჯიპების კრიალოსანს,
ნეტავ ამას ძია ვასო და ვენერა მოსწრებოდა!
შავი ჯიპის შავ მინაში დეპუტატი ოცნებობდა.