ბუხ
აფეთქება თეირანში: მოკლულია ირანის ბირთვული პროგრამის კიდევ ერთი ხელმძღვანელი
სააგენტო “Fars”-ის ცნობით, 11 იანვარს, ირანის დედაქალაქში ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც თეირანის ტექნოლოგიური უნივერსიტის პროფესორი მუსტაფა აჰმად როშანი იმყოფებოდა. პროფესორი ადგილზევე დაიღუპა. ამ აფეთქების შედეგად, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების მონათხრობის თანახმად, მოტოციკლეტისტმა მანქანას მაგნიტური ნაღმი მიამაგრა და გაუჩინარდა.
სააგენტო “Fars”-ის ინფორმაციით, აჰმად როშანი 32 წლის იყო და ის ნატანზას ურანის გადამამუშავებელ კომბინატში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ წლებში, ირანში რამდენიმე ბირთვული ფიზიკოსი და მაღალჩინოსანი სამხედრო დაიღუპა, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ ბირთვულ გამოგონებებთან. ხშირ შემთხვევაში მათი დაღუპვის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
ასე მაგალითად, 2011 წელს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 35 წლის დირუაშ რეზაი მოკლეს. მაშინ ოფიციალური თეირანი ირწმუნებოდა, რომ ეს უკანასკნელი ასპირანტი იყო და ელექტრონიკის სფეროში მოღვაწეობდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რეზაი ბირთვული ფიზიკის დოქტორი გახლდათ.
2010 წლის იანვარში, აფეთქების შედეგად, თეირანში ბირთვული ფიზიკის კიდევ ერთი პროფესორი მასუდ ალი-მოჰამმადი დაიღუპა. ნოემბერში კი პროფესორების მადჟიდ შაჰრიარისა და ფერეიდუნ აბას-დავინის ავტომანქანები ააფეთქეს. ორივე მათგანი ირანის ბირთვულ პროგრამაში მონაწილეობდა. პარალელურად ისინი შახიდ ბეხეშტის უნივერსიტეტშიც მოღვაწეობდნენ. ეს დაწესებულება თეირანის ჩრდილოეთით მდებარეობს და მას წარსულში ირანის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერქვა. ამ თავდასხმისას შაჰრიარი დაიღუპა.
მაშინ ირანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მათ მეცნიერებზე, დაქირავებული მკვლელების მეშვეობით,აშშ-სა და ისრაელის სპეცსამსახურები ნადირობენ. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინიჯადმა ისიც განაცხადა, რომ საზარელი მკვლელობები, რომელთა უკან “სიონისტები” დგანან, ირანის ბირთვულ გამოგონებებს ვერ შეაჩერებს. მან აშშ და ისრაელი სახელმწიფოებრივ ტერორიზმში დაადანაშაულა და დასძინა, რომ ისლამური რესპუბლიკა მათ პასუხს აგებინებს.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი თვეების მანძილზე, რამდენიმე აფეთქება მოხდა ირანის ბირთვულ და სარაკეტო ობიექტებზეც.
ამერიკელი ბლოგერი რიჩარდ სელვერსტაინი თავის ბლოგში ამტკიცებდა, რომ ლიბანის შიიტური ტერორისტული ორგანიზაციის “ჰეზბოლა”-ს იარაღის საწყობში მომხდრი აფეთქების უკან, ისრაელის სამხედრო დაზვერვა ამანი იდგა.
ეს აფეთქება ირანის “ზილზალ”-ის რაკეტების საწყობში მოხდა და შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა.
სილვერსტაინი წერდა, რომ ამ სამხედრო ოპერაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მან ისრაელის სამხედრო წყაროებიდან მოიპოვა. მისი მონათხრობის თანახმად კი ამანმა “ჰეზბოლა”-ს იარაღის საწყობის ასაფეთქებლად დანაღმული უპილოტო აპარატი შეაჩეჩა.
“ჰეზბოლა”-ს ბოევიკები დიდი ხანია ცდილობენ, რომ ოპერატორსა და უპილოტო აპარატს შორის კავშირის დარღვევის გზით უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდება ისწავლონ. ცოტა ხნის წინ, ამ მიმართულებით მათ მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაღწიეს, თუმცა ვერ გააცნობიერეს, რომ ამით ხაფანგში შეიმწყვდიეს. ტერორისტებმა დანაღმული უპილოტო საფრენი აპარატი სამხრეთ ლიბანში იარაღის საწყობებთან გადაიყვანეს, სადაც ის სხვა ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დეტონირების შედეგად აფეთქდა”, - ამტკიცებდა ბლოგერი.
შეგახსენებთ, რომ ამ ტიპის რაკეტებით, ტერორისტებმა ისრაელის დასახლებული პუნქტები 2006 წლის ზაფხულში, ლიბანის მეორე ომის დროს დაბომბეს.
კიდევ ერთი აფეთქება მოხდა 2011 წლის 12 ნოემბერს. მაშინ, “ამირ ალ-მომენინ”-ის ბაზაზე, რომელიც თეირანის სამხრეთ-დასავლეთით 40 კილომეტრში მდებარეობს, აფეთქების შედეგად 17 ირანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მათ შორის “ირანის სარაკეტო პროგრამების მამა” გენერალ-მაიორი ჰასან ტეჰრან მოკადამი.
ამ ინციდენტიდან მოკლე ხანში, ამერიკულ ჟურნალ “Time”-ში გამოაქვეყნდა ვერსია, თითქოს ამ აფეთქებასთან კავშირი ჰქონდა ისრაელის დაზვერვას “მოსად”-ს.
16 ნოემბერს კი, ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის გენშტაბის მეთაურმა, გენერალმა ჰასან ფიროუზბადიმ თეირანში განმართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ “ამირ ალ-მომენინ”-ის ბაზაზე, სარაკეტო საწყობში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი არც ისრაელს აქვს და არც აშშ-ს.
გენერალმა დასძინა, რომ საწყობში აფეთქება რაკეტის გადმოტვირთვის დროს მოხდა. მისი თქმით, ამ რაკეტის მეშვეობით, შესაძლებელი იყო ისრაელის ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურება. ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის გენშტაბის მეთაური ჟურნალისტებს დაპირდა, რომ ბაზას, რომელზეც აღნიშნული ინციდენტი მოხდა, უახლოეს ორ კვირაში აღადგენდნენ.
ნებისმიერ შემთხვევაში ეს აფეთქებაც, ისევე, როგორც ზემოთჩამოთვლილი ინციდენტები მეტად საეჭვო ვითარებაში მოხდა.
11/01/2012