http://liberali.ge/ganatlebis-sistemidan-garitskhulგანათლების სისტემიდან გარიცხული
ლიკა ზაკაშვილი
„ჩემი შვილი, 15 წლის მიხეილ ალექსიძე, 3 თვე და 10 დღეა, სასკოლო გარემოს მოწყვეტილია და ძირითად დროს სახლში ატარებს" - ამბობს მიხეილ ალექსიძის მშობელი - ლალი ლეკიშვილი.
„ბავშვის სკოლაში მიღების თხოვნით, ოთხ საჯარო სკოლას მივმართე. არცერთმა სკოლამ ჩვენი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ეხლა გადავწყვიტე, სასამართლოს მივმართო და ჩემს შვილს, ამ გზით, ზოგადი განათლების მიღების უფლებასთან ერთად, შელახული ღირსებაც აღვუდგინო," ამბობს გარიცხული მოსწავლის დედა.
ლალი ლეკიშვილი, 53-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ტარას შავშიშვილს და სკოლის სამეურვეო საბჭოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივის. ქალბატონი ლალი მისი შვილის გარიცხვის შესახებ დირექტორის ბრძანების გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის ძიების შეჩერებას ითხოვს.
რა მოხდა 53-ე საჯარო სკოლაში 2011 წლის 13 ოქტომბერს?
ინციდენტი გასული წლის 13 ოქტომბერს, ბოლო გაკვეთილზე მოხდა. ალექსიძე თანატოლებთან ერთად, თანაკლასელის - მჭედლიშვილის სკოლიდან გარიცხვის ფაქტს აპროტესტებდა. როგორც ლალი ლეკიშვილი ამბობს, მიხეილ ალექსიძე კაბინეტში თავად დირექტორმა, ტარას შავშიშვილმა შეიყვანა და მოსთხოვა, აეხსნა რა პრეტენზია ჰქონდა.
„სწორედ მაშინ მივედი სკოლაში, როცა მიხეილი დირექტორის კაბინეტიდან გამოვიდა. გვერდზე გავიყვანე, ვთხოვე, ინცინდენტის შესახებ ყველაფერი ეთქვა. ხომ უნდა მცოდნოდა, რა მოხდა, იქნებ, ბოდიში უნდა მომეხადა დირექტორისთვის? მიხეილმა მითხრა, რომ მან დირექტორს სთხოვა, მჭედლიშვილი სკოლიდან ერთი ხელის მოსმით არ გაერიცხა. შემდეგ, დირექტორის კაბინეტში შევედი. ტარას შავშიშვილი მომიტრიალდა და მითხრა: "მე თქვენ გთავაზობთ არჩევანს - ან წაიყვან შვილს სკოლიდან, ან სისხლის სამართლის საქმეს აღვძრავო". წინადადება შოკისმომგვრელი იყო, ძალიან ავღელვდი, ვერ ვხვდებოდი, რის საფუძველზე მიგდებდა შვილს სკოლიდან, ან რატომ მემუქრებოდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრით. მე მეგონა, საქმე მარტო ერთ უგუნურ დირექტორთან მქონდა. დავემუქრე - შაშკინთან წავალ, მთელი ქვეყანა გაიგებს ამ ამბავს - მეთქი, მაგრამ რა ვიცოდი, თურმე ერთ დირექტორს კი არა მთელ სისტემას დავეჯახე!" - ამბობს ლალი ლეკიშვილი.
იმავე ღამეს, ალექსიძე მშობელთან ერთად პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს, მოწმის სტატუსით დაკითხეს და უთხრეს, რომ საქმე ჯგუფური ხულიგნობის მუხლით იყო აღძრული.
სახალხო დამცველის დასკვნა
2011 წლის 19 ოქტომბერს, ლალი ლეკიშვილმა, საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლით გაარკვია, რომ ადგილი ჰქონდა სამართლებრივი ნორმების დარღვევით დისციპლინურ დევნას. შესწავლის პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი პროცედურული დარღვევები, კერძოდ - სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომა მოიწვიეს სკოლის დირექტორის ინიციატივით. ოქმი დათარიღებულია 2011 წლის 13 ოქტომბრით, თუმცა, კომიტეტის წევრის, მარინა ბასილაშვილის განმარტებით, სხდომა 13 ოქტომბერს არ გამართულა.
- კომიტეტის ყველა წევრის განაცხადებით, სხდომაზე სკოლის დირექტორის ახნა- განმარტების გარდა, მოსწავლის მიერ დისციპლინაური გადაცდომის ფაქტის დამადასტურებელი სხვა სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.
- ასევე, კომიტეტის წევრების ახსნა - განმარტებით ირკვევა, რომ სკოლის დირექტორის მხრიდან, ადგილი ქონდა დისციპლინური კომიტეტის წევრებზე ზეწოლის ფაქტს.
ამრიგად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმის შესწავლის დროს გამოვლინდა არაერთი გარემოება, რომელიც ადასტურებს, რომ მიხეილ ალექსიძე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გაირიცხა 53-ე საჯარო სკოლიდან. სახალხო დამცველის აპარატმა, აღნიშნულის შესახებ შეტყობინება და რეკომენდაციები, დიმიტრი შაშკინს 2011 წლის 28 ნოემბერს გადაუგზავნა. სახალხო დამცველის აპარტიდან მიღებული ინფორმაციით, პასუხი განათლების სამინისტროდან ამის შესახებ ჯერ არ მიუღიათ.
ლალი ლეკიშვილის განცხადებით, მისი შვილის საქმის შესწავლა დიმიტრი შაშკინმა პირადად დაავალა სამინისტროს თანამშრომელს, ეკა ჭუმბურიძეს. „ლიბერალი" დავუკავშირდა ეკა ჭუმბურიძეს, რომელმაც ალექსიძის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.