დაიფიცეთ, რომ რასაც ამბობთ, სიმართლეა
გიორგი გოგუას ბლოგი
სასამართლოს შენობა შიგნიდან ერთ დიდ სასაფლაოს ჰგავს. აი ისეთს, ვიწრო დერეფნის ორივე მხარეს კედლებში რომაა საფლავები ჩაშენებული და პატარა რკინის აბრაზე გარდაცვლილის სახელები აწერია.
ზუსტად ამ დერეფანში მივაბიჯებ ახლა. ცივა. მარჯვნივ სასამართლო დარბაზებია: # 42, 41, 40... ზოგან პროცესი მიმდინარეობს, ზოგი ცარიელია. დერეფანში მხოლოდ ჩემი ფეხის ხმა ისმის. მხოლოდ შიგადაშიგ, ზოგიერთი დარბაზიდან ყრუდ გამოდის მოსამართლისა და მომჩივნების საუბარი.
#37, 36, 35... ოცდამეცამეტე დარბაზი, რომელსაც ვეძებ, დერეფნის ბოლოშია. დამაგვიანდა. პროცესი უკვე დაწყებულია - აღარ შემიშვებენ. კარში დატანებული სარკმლიდან ვათვალიერებ დარბაზს. საუბრის ხმა არ მესმის, თუმცა ვხვდები, რომ შიგნით დიდი დაძაბულობაა. აქ 15 წლის მიხეილ ალექსიძის საქმეს განიხილავენ.
ეს ბიჭი წინა წლის 13 ოქტომბერს გარიცხეს 53-ე სკოლიდან დირექტორთან შელაპარაკების გამო. გარიცხვას კიდევ არა უშავს: ლამის საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხეს და, შესაბამისად, მისთვის ყველა სხვა სკოლაც ჩაიკეტა.
ვდგავარ კართან და ვფიქრობ: ნეტავ, რა უნდა გაეკეთებინა 15 წლის ბავშვს ისეთი, რომ პრეზიდენტს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას მისთვის კრიმინალი ეწოდებინა?! იქნებ წაუძველბიჭებს და დირექტორის კარებს ფეხებით შეახტა?! ან, შეიძლება, მოსწავლეებს „უპადიეზდებდა" და ხურდას „ახევდა" ხოლმე? ბევრი ასეთი მიზეზის მოძებნა შეიძლება, თუმცა, თუ მთლად კაცის მკვლელი და რეციდივისტი არაა, ცოტა ძნელია, წარმოიდგინო, მაინც რა უნდა დაეშავებინა 15 წლის ბავშვს ასეთი გამოუსწორებელი და შემაშფოთებელი.
ამასობაში სხდომა შესვენებაზე გადის და მეც საშუალება მეძლევა, გაგრძელებას დავესწრო. მარცხენა მხარეს სკოლის დირექტორი და მისი მომხრეები სხედან. მის მოპირდაპირედ - 51-ე სკოლის ყოფილი მოსწავლე ადვოკატებთან ერთად. არ ჰგავს ეს ბიჭი რეციდივისტს და მომკალით თუ გინდათ! ბოლოს და ბოლოს გამაგებინებს ვინმე, რა ჩაიდინა ასეთი?!
სხდომა იწყება. დღეს ხუთი ადამიანი უნდა დაჰკითხონ. ხუთივემ ალექსიძის წინააღმდეგ უნდა მისცეს ჩვენება. მხოლოდ სამის დაკითხვა მოესწრო. არცერთის სახელი არ მახსოვს, თუმცა პირობითად მაინც „დავასათაურე" სამივე:
დასაკითხი #1. ქალი, რომელმაც იცის, რომ ბავშვი უსამართლოდ გარიცხეს და აქვე იტყოდა კიდეც ამას, თუმცა რა ქნას, ოჯახი ჰყავს!
დასაკითხი #2. 17 წლის გოგონა, რომელიც უნივერსიტეტში რომ ჩააბარებს, აუცილებლად გახდება თვითმმართველობის პრეზიდენტი.
დასაკითხი #3. ქალი, რომელსაც არ აქვს სინდისი.
სამივენი 53-ე სკოლის დისციპლინური საბჭოს (თუ რაღაც მსგავსის) წევრები არიან. სწორედ მათ გამოუტანეს გარიცხვის განაჩენი მიხეილ ალექსიძეს. სამივეს ჩვენება ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. აი, მაგალითად, ვერცერთი მათგანი ვერ იხსენებს სკოლის ქცევის კოდექსის კერძოდ რომელი მუხლის მიხედვით გარიცხეს მოსწავლე. ამის გასარკვევად მოსამართლეს პატარა ტესტის ჩატარება უწევს: უკითხავს კოდექსს და შემდეგ ისინი ცდილობენ, გაარტყან, ჩამოთვლილი მუხლებიდან რომელი შეესაბამებოდა მიხეილ ალექსიძის ქცევას.
მართალია, დაკითხვა გეგმიურად მიმდინარეობს, თუმცა დირექტორს მაინც ეტყობა ნერივულობა: წამდაუწუმ ხელებს იფშვნეტს და ერთ პოზიციაში ნახევარ წუთზე მეტ ხანს ვერ ჩერდება. დროდადრო დამცინავად გადახედავს ალექსიძის დედას, რომელიც მთლი სხდომის განმავლობაში რეპლიკებისგან თავს ვერ იკავებს. არც თვითონ მიკაა (ასე ეძახიან მიხეილს) მშვიდად. „იცით რა არის თქვენი პრობლემა?" - მიმართავს დირექტორს. ადვოკატები ცდილობენ, გააჩუმონ ბავშვი, ეუბნებიან, სხდომიდან მოგხსნიანო, თუმცა ყველას გასაკვირად მოსამართლე გაგრძელების უფლებას აძლევს: „თქვენი პრობლემა ისაა, რომ გულით არ საუბრობთ. ტვინით ლაპარაკობთ, განათლებას იშველიებთ და არა გრძნობებს. ესაა თვენი მთავარი პრობლემა!".
დირექტორი არაფერს პასუხობს, მხოლოდ დამცინავად იღიმის და ხელებს იფშვნეტს. ამტკიცებს, რომ იმ დღეს ალექსიძე მას აგინებდა, თან ემუქრებოდა, „დაგბრიდავო". დასაკითხი #3, ანუ „ქალი, რომელსაც არ აქვს სინდისი", მოსწავლის გარიცხვის მოტივად სწორედ გინებასა და მუქარას ასახელებს. თუმცა, ვერ ამბობს, საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა, დისციპლინური საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ დირექტორისა და მისი მოადგილეებისაგან მიღებულ ინფორმაციას დაეყრდნო. მიკასა და დედამისზე კი მხოლოდ იმას ამბობენ, სხდომაზე არ გამოცხადნენ, დიდხანს ველოდეთ და ბოლოს იძულებულები გავხდით, განაჩენი გამოგვეტანაო. „ამ სხდომის შესახებ არავის გავუფრთხილებივარ" - მეუბნება ალექსიძის დედა და ისევ რაღაც რეპლიკას ისვრის დარბაზში.
დასაკითხი #3 კი აგრძელებს ჩვენების მიცემას. ამბობს, რომ ყველაფრის სჯერა, რასაც დირექტორი ამბობს და მისი სიტყვების გარდა სხვა მტკიცებულება არ სჭირდებოდა.
სხდომა ნელ-ნელა კარგავს ოფიციალურ სახეს. მოწმეების ჩვენებები იმდენად არასერიოზული ჩანს, რომ მიხეილ ალექსიძის ადვოკატსა და დასაკითხ #3-ს შორის ასეთი დიალოგი იმართება:
ადვოკატი: ცხოვრებაში ტყუილი გითქვამთ?
დასაკითხი #3: არასოდეს.
ადვოკატი: რაც სასამართლოს უთხარით, ყველაფერი მართალი იყო?
დასაკითხი #3: მართალი იყო.
ადვოკატი: ჰოდა ახლა მოსამართლე დაგაფიცებთ!
მოსამართლე დასაკითხ #3-ს ბოლო შეკითხვას უსვამს:
მოსამართლე: დაიფიცებთ, რომ ყველაფერი რაც სასამართლოს უთხარით, მხოლოდ სიმართლე იყო და არაფერი სიმართლის გარდა?
დასაკითხი #3: ვფიცავ.
მოსამართლე ხელს თვალებზე იფარებს.
სხდომა 29-მდე გადაიდო.
http://liberali.ge/blog/giorgi-gogua/daipitset-romhttp://liberali.ge/statia/lika-zakashvili/vin-atqueვინ ატყუებს სასამართლოს?!
ლიკა ზაკაშვილი
გუშინ, საქალაქო სასამართლოში, 15 წლის მოზარდის, მიხეილ ალექსიძის სარჩელის განხილვა ექვსი საათი გაგრძელდა. მოსარჩელე, მიხეილ ალექსიძე, სხდომათა დარბაზში გუშინ პირველად გამოცხადდა. „ვაგრძელებთ დავას? პოზიციები უცვლელია?"- იკითხა მოსამართლე - ნინო შარაძემ. მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა მოსამართლეს დავის გაგრძელებაზე თანხმობა უხმოდ დაუდასტურეს, რის შემდეგაც, პროცესი მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიდან განახლდა.
მიხეილ ალექსიძისა და ტარას შავშიშვილის ჩვენებები.
13 ოქტომბერს, 53-ე საჯარო სკოლაში მომხდარ კონფლიქტს, მიხეილ ალექსიძე და ტარას შავშიშვილი განსხვავებულად აღწერენ. ალექსიძის მონაყოლის მიხედვით, დირექტორის კაბინეტთან ის თავის თანაკლასელებთან და კლასის დამრიგებელთან ერთად ჩავიდა. დირექტორს სთხოვდნენ, სკოლიდან არ გაერიცხა მჭედლიშვილი. "დირექტორის კაბინეტის წინ ვიდექით, როცა მოვიდა დირექტორი და იკითხა, ვის აქვს პრეტენზიაო, ვუთხარი, - მე-მეთქი; კაბინეტში შემიყვანა, დანარჩენ მოსწავლეებს კი დაშლისკენ მოუწოდა"- ამბობს ალექსიძე. მისივე თქმით, თანაკლასელები კლასში არ დაბრუნებულან, კაბინეტთან დარჩნენ და შეუძლიათ იმის დადასტურება, რომ კაბინეტში დირექტორმა შეიყვანა და მათ გარდა შიგნით არავინ არ ყოფილა.
ტარას შავშიშვილი ამ ამბავს განსხვავებულად აღწერს ის ამბობს, რომ ალექსიძე კაბინეტში მას არ შეუყვანია.
„13 ოქტომბერს, მე-6 გაკვეთილზე, ჩემთან მოვიდა მანდატური და მეუბნება, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ დაარღვია შინაგანაწესი. ამოიყვანა მჭედლიშვილი, რომელსაც ვუთხარი, რომ თუ ის გააგრძელებდა ასე მოქცევას, მისი სკოლიდან გარიცხვის საკითხი დადგებოდა. ამის შემდეგ, მჭედლიშვილი გავიდა, მე და ჩემი სამი მოადგილე დავსხედით და ვმსჯელობდით რა გაგვეკეთებინა; ამ დროს, ჩამობრძანდა ეს ბატონი მჭედლიშვილთან ერთად. "ამას შენ ხელს ვერ დააკარებ, შენ წახვალ აქედანო"- ასე მომმართა. შემდეგ ჩემი კაბინეტის გარეთ ისმოდა, რომ მლანძღავდნენ. სეგმენტურად ხდებოდა მათი გასვლა-შემოსვლა და გალანძღული დავრჩი. ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს ლანძღვაში, ბატონო მოსამართლე"- მიმართა მოსამართლეს ტარას შავშიშვილმა.
ტარას შავშიშვილის ჩვენების პარალელურად დარბაზში მყოფი არასრულწლოვანი კითხვებს სვამდა.
„მე შეგაგინე? როდის?"
„შენ თვითონ არ შემიყვანე კაბინეტში, როგორ იტყუებით ასე!"
„თუ ვიგინებოდი პოლიცია იქ არ იყო, რატომ არ წამიყვანა?" - კითხულობდა ალექსიძე.
ტარას შავშიშვილი ამტკიცებს, რომ კაბინეტში ალექსიძესთან საუბარს მისი სამი მოადგილე ესწრებოდა, მოსწავლე ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ამას ფაქტის შემსწრე ყველა ბავშვი დადასტურებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გარემოება მოსარჩელე მხარემ წინა სხდომაზე შეიტყო, ანუ, აქამდე მათ არ იცოდნენ, რომ შეურაცხყოფის მომენტს სამი მოადგილე შეესწრო. ამ ფაქტის გასაბათილებლად, მოსარჩელე მხარემ წინა სხდომაზე, რომელიც 13 მარტს გაიმართა, იმ პირთა დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ დირექტორის კაბინეტში მხოლოდ ალექსიძე და შავშიშვილი იყვნენ, თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა მაშინ არ დააკმაყოფილა.
გუშინდელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ ამ პირთა ახნა-განმარტებითი ბარათები (ნოტარიუსულად დამტკიცებული) წარმოადგინა. „მოსწავლეები: ლევან მშვილდაძე და დიმიტრი კილაძე, 13 ოქტომბერს დირექტორის კაბინეტის წინ მომხდარ ფაქტს აღწრენ, ამ მტკიცებულებებს არსებითი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვინდა, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომ ოთახში მარტო ალექსიძე და დირექტორი იყვნენ"- განმარტა ალექსიძის ადვოკატმა.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლების აზრით, ლევან მშვილდაძე და დიმიტრი კილაძე ალექსიძის მეგობრები არიან და შეიძლება, მიკერძოებულები იყვნენ, ამიტომ მათ ახსნა- განმარტებებს მტკიცებულების მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
„ამ ასაკში, დიდი შანსია, რომ მოსწავლეებმა მეგობრის დასაცავად თქვან ტყუილი. როგორც ფსიქოლოგი, ვადასტურებ, რომ არის 100%-იანი შანსი, რომ მოიტყუონ. ამ მოსაწავლეებს აქვთ აკადემიური მოსწრების პრობლემა, მათი ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, პასუხისგებლობა და ღირებულებათა სისტემა არ აქვთ ჩამოყალიბებული"- განმარტა ტარას შავშიშვილმა.
მოპასუხე მხარის არგუმენტები მოსამართლემ არ გაითვალისწინა. ლევან მშვილდაძის და დიმიტრი კილაძის ახნა-განამრტებები საქმეს მტკიცებულებად დაერთო.
იყვნენ თუ არა კაბინეტში სხვა პირები, როცა ალექსიძემ დირექტორს შეურაცხყყოფა მიაყენა?- ამ გარემოებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი, მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმისთვის მნიშვნელოვანია, რადგან 13 ოქტომბერს, დისციპლინურმა კომიტეტმა, ალექსიძის გარიცხვის გადაწყვეტილებას საფუძვლად დირექტორის ახსნა-განმარტებითი ბარათი დაუდო. აქამდე არსად არ ჩანდა ის, რომ მომხდარს სამი მოწმე ჰყავდა. კითხვა: "რატომ არ გამოკითხეს დისციპლინური კომიტეტის წევრებმა მოადგილეები და რატომ მიიღო კომიტეტმა გადაწყვეტილება მხოლოდ დირექტორის ახსნა-განმარტებითი ბარათის საფუძველზე, თუ სხვა მოწმეთა არსებობის შესახებ ცნობილი იყო?" - სამივე მოწმეს დაუსვეს.
კეთილსაიმედო" მოწმეები
გუშინ გამართულ პროცესზე სამი მოწმე დაიკითხა: მაია ლევიცკაია - დისციპლინური კომიტეტის წევრი, გეოგრაფიის პედაგოგი, ნინო მობელაძე - კომიიის წევრი, მე-11 კლასელი და მაია განუგრავა - დისციპლინური კომიტეტის დავჯდომარე, მშობელი.
ჰქონდა თუ არა ადგილი ზეწოლის ფაქტს, როცა ალექსიძის გარიცხვის საკითხს განიხილავდით? როდის ჩატარდა დისციპლინური კომიტეტის სხდომა? ესწრებოდა თუ არა მას დირექტორი? რატომ არ ესწრებოდნენ განხილვას დაზარალებულები? ვინ გააფრთხილა ისინი სხდომის გამართვის თაობაზე? ჰქონდა თუ არა ადგილი პროცეუდრულ დარღვევებს? რატომ არ გამოჰკითხეთ სხდომაზე, გადაწყვეტილების მიღების დროს, სხვა მოწმეებიც და რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, მხოლოდ დირექტორის ახსნა-განმარტებითი ბარათის საფუძველზე? - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გუშინ სამივე მოწმის მიმართ დასვეს.
სხდომათა დარბაზში პირველი - მაია ლევიცკაია დაიკითხა. ის 53-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგია. ლევიცკაიას თქმით, სხდომაზე სხვა თვითმხილველები არ გამოუკითხავთ. ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება დირექტორი ახსნა-განამრტებითი ბარათის საფუძველზე მიიღეს. მისივე განმარტებით, დაზარალებულები სხდომის გამართვის თაობაზე გაფრთხილებულები იყვნენ, თუმცა, კითხვაზე: ვინ გააფრთხილა ისინი? - პასუხი ვერ გასცა. განმარტა, რომ არ ახსოვდა. ამ კითხვაზე თითქმის იდენტური იყო დარჩენილი ორი მოწმის პასუხიც.
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ზეწოლის ფაქტი სამივე მოწმემ უარყო. სამივემ დაადასტურა, რომ სხდომა 13 ოქტომბერს 18:00-მდე გაიმართა. პროცედურული დარღვევები არც ერთმა არ დაადასტურა. მათივე თქმით, დისციპლინური კომიტეტის სხდომას დირექტორი - ტარას შავშიშვილი არ ესწრებოდა, თუმცა, სამივემ ერთხმად დაადასტურეს, რომ სხდომის გამართვამდე კომიტეტის წევრებს დირექტორი და მისი მოადგილეები შეხვდნენ და მომხდარი ნათლად აღუწერეს.
შეგახსენებთ, რომ საქმეში არის დისციპლინური კომიტეტის წევრების 2011 წლის 31 ოქტომბერის განცხადება. მაია ლევიცკაიამ და მარინა ბასილაშვილმა მიმართეს სკოლის დირექტორს: ამ განცხადებაში ფიქსირდება დირექტორის მიერ საბჭოს წევრებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი. ამავე წერილში, კომიტეტის წევრები ამბობენ, რომ „დირექტორი არწმუნებდა დისციპლინარური კომიტეტის წევრებს, რომ მოსწავლის სკოლიდან გარიცხვის შემდეგ, შეეცდებოდა მის მიმართ წარმოებული სისხლის საამართლის დევნის შეწყვეტას"- ვკითხულობთ სახალხო დამცველის დასკვნაში.
კითხვაზე: "რომ არ ყოფილიყო თქვენთვის ცნობილი ალექსიძის მიმართ სისხლის ამართლის დევნის არსებობის ფაქტი, გარიცხვის გადაწყვეტილებას მიიღებდით"?- მაია ლევიცკაიამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.
ალექსიძის გარიცხვის აქტში წერია, თითქოს მან დაარღვია სკოლის შინაგანაწესი და დაზუსტებული არ არის, რა ტიპის დარღვევაზეა საუბარი. მოსამართლემ სამივე მოწმეს დაუსვა კითხვა: "როცა იმსჯელეთ ალექსიძის ქცევაზე, რა ტიპის გადაცდომა მიუსადაგეთ მას?". აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გასცა.
შეგახსენებთ, რომ წინა პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, მარინა ბასილაშვილის დაკითხვის საკითხზე. მოპასუხე მხარის განმარტებით, მარინა ბასილაშვილი დირექტორზე განაწყენებული პედაგოგია.
„ქალბატონი მარინა ბასილაშვილი არის განაწყენებული სკოლის დირექციაზე. კეთილსაიმედო მოწმე არ არის ეს ქალი"- უთხრა ტარას შავშიშვილმა მოსამართლეს.
მოპასუხე მხარის განმარტებით, ნოემბერში, მომხდარიდან რამდენიმე თვეში, მას სამასწავლებლოში ჟურნალი დარჩა, რის საფუძველზეც, საყვედური გამოუცხადა.
აღსანიშნავია, რომ მარინა ბასილაშვილმა სახალხო დამცველთან საუბარში თქვა, რომ კომიტეტის სხდომა შედგა არა 13 ოქტომბერსს, არამედ, მას შემდეგ, რაც დასრულდა სკოლის სხვა მოსწავლეების მიერ გამართული საპროტესტო აქციები (საპროტესტო აქციები იმართებოდა 2011 წლის 17 ოქტომბრიდან) მანვე დაადასტურა, რომ დირექტორმა პედაგოგები დააყენა შემდეგი არჩევანის წინაშე - დათანხმებულიყვნენ მიხეილ ალექსიძის გარიცხვის გადაწყვეტილებას, ან „დამრღვევი"მოსწავლე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემოდა.
სხდომის დასრულების შემდეგ, სასამართლო შენობის გარეთ მაია ლევიცკაიასთან გასაუბრება საშუალება დირექტორმა ტარას შავშიშვილმა არ მოგვცა. მიხურა იმ მანქანის კარი სადაც ქალბატონი მაია იჯდა. „მოწმეებს არა! მე ვარ აგერ და მკითხეთ რაც გინდათ!"-გვითხრა ტარას შავშიშვილმა.
This post has been edited by bochormeli on 27 Mar 2012, 22:35