ლექსი, რომლის ავტორადაც მიტროპოლიტი კალისტრატე მიიჩნიესქალბატონო ნათელა, თქვენთვის თუ არის ცნობილი იმ რეზონანსის შესახებ, რაც პრესაში მოჰყვა წიგნში შესულ ერთ-ერთ ლექსს?
- დიახ, ვიცი. მეუფეს ძალიან ცუდი წერილები დაუწერეს, რადგან მას მიაკუთვნეს ამ ლექსის ავტორობა. არც ღირდა, გამოპასუხებოდა მეუფე. პატრიარქსაც უწერენ ცუდ წერილებს, სხვებსაც... რაც უნდათ, იმას იგონებენ ხოლმე ჟურნალისტები, რა უნდა უთხრა?
- თავად თქვენ, როგორც ნამდვილ ავტორს, არ გიცდიათ გამოხმაურება, ან განმარტების მიცემა?
- ყინულის მოედნის გახსნაზე რომ იყო პრეზიდენტი, ჩავედი, წიგნიც თან წავიღე. იქ ვიკითხე, „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი თუ არის ვინმე-მეთქი. მე ახლა არ ვიკადრებ იმ ჟურნალისტის განსჯას, მონასტერში ვცხოვრობ, მაგრამ კი ვუჩივლებ-მეთქი. როგორ მისცა თავს ნება, რომ საავტორო უფლება წამართვა! მე ვარ ლექსის ავტორი და არა - მეუფე კალისტრატე-მეთქი. ან რატომ დამიმახინჯა ლექსის აზრი? დიახაც, ვუჩივლებ ჩემი უფლებების დარღვევისთვის-მეთქი. მაშინვე შემომეცალნენ იქ მყოფი ჟურნალისტები, დამტოვეს მარტო. არც ერთი არ დაინტერესებულა ჩემი განცხადებით.
- განსაკუთრებით მწვავედ შეფასდა ფრაზა: „დაღვარე სისხლიც“...
- მე იმ ლექსში რომ ვწერ: „იღვაწე ერისთვის, ქვეყნისთვის აენთე, დაგჭირდეს? - დაღვარე სისხლიც!“ - პრეზიდენტს ვეუბნები, შენი საკუთარი სისხლი-მეთქი, თორემ ხალხის სისხლიო, იმას კი არ ვწერ! რად უნდოდა ამას ამდენი ფიქრი და გამოცანა! სინამდვილეში, ჟურნალისტებმა ძალიანაც კარგად იციან, რაც იგულისხმება, მაგრამ რაღაცა ხომ უნდა მოძებნონ „ისეთი“...
- როგორ გგონიათ, რატომ მოხდა ასეთი შეცდომა?
- ეს წიგნი რომ გამოვიდა, ოთხშაბათი დღე იყო. მე რამდენიმე ეგზემპლარი ჩავუტანე მეუფეს. იგი პარასკეობით წირვას ატარებს ბაგრატზე. იმ პარასკევსაც ბაგრატზე ბრძანდებოდა. მოულოდნელად, პრეზიდენტი მოსულა. მეუფეს გახსენებია, რომ ჯერ კიდევ მანქანის საბარგულში ედო ჩემი წიგნები. გამოუტანია და ხმამაღლა წაუკითხავს ეს ლექსი. სააკაშვილს გულში ჩაუკრავს. იქ იყვნენ ჟურნალისტები, რომლებმაც შეხედეს ამას და, ალბათ, დაასკვნეს, ეს მეუფემ დაწერაო. აქედან გარცელდებოდა მისი ავტორობის ამბავი.
მე, რა თქმა უნდა, ძალიან გული მტკივა, რომ ჩემი ლექსის გამო მეუფეს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჩემი სტრიქონებიც ასე უკუღმა გაიგეს. ყურადღებით დაათვალიერონ ეს წიგნი და ნახონ, რამდენი ტკივილითა და ცრემლითაა სავსე, როგორ ვლოცულობ ქვეყნის მომავალზე, მშვიდობაზე, იქვე როგორ ვწერ: „დედის გული ხომ მზის სხივი არის, ყველას ათბობს და ყველას ანათებს, არ უნდა ომი, ტყვია და სისხლი, გთხოვთ, გავუფრთხილდეთ, ცრემლს ნუ დავადენთ!..“ აბა, ერთი წაიკითხონ, სადა მაქვს მოწოდება - სისხლი დაიღვაროსო!
ამრიგად, ერთ მხარეზეა: ლექსის არაჰუმანური პათოსისთვის უმართებულოდ გაკიცხული უმაღლესი სასულიერო პირი, გულნატკენი ნამდვილი ავტორი და შეცდომაში შეყვანილი საზოგადოებრივი აზრი, მეორე მხარეს კი - ორი ცნობილი ჟურნალისტი, რომელთაც საკუთარი პუბლიცისტური რიტორიკა არარსებულ ფაქტზე ააგეს.
-------------------------------------------------------------------------------
აჰა, კიდევ ერთხელ შევიწუხე თავი