crocodileწიგნს ჰქვია : "სხვის კანში - ექსტრემალური აღსარება". მე სხვა სათაური მქონდა შერჩეული, მაგრამ გამომცემელმა მითხრა, რომ სერბულ ენაზე ამ სათაურის ადექვატური ანუ სინქრონული თარგმანი არ იქნება შესაბამისად იმ აზრის გამომხატველი, რასაც მე ვგულისხმობდი.
წიგნის ყდას რომ ბეჭდავდნენ, იმ დღეს დამირეკა და მითხრა ამას ვარქმევო

მე კიდევ სამსახურში მიტინგი ქონდა და წავჩურჩულე: რაც გინდა დაარქვი, ახლა ვერ გესაუბრები მეთქი. წიგნი დაიბეჭდა პრეზენტაციამდე რამდენიმე დღის წინ და არც კი ვიცოდი როგორი იყო

როგორც სხვებმა, მეც პირველად პრეზენტაციის პირველ დღეს ვნახე, იმხელა პლაკატებიც კი ვერ შევამჩნიე აღელვებისგან.
წიგნის ჟანრი მეტად განსხვავებულია, ცოტა უჩვეულო და ასევე შერეული. ყველა თავი ცალკე ისტორიაა. ვკითხე ახლა მეგობრებს რჩევა, რომელი თავიდან ამეღო ფრაგმენტი, მაგრამ გვიანია და არ არიან ხაზზე, რომ მირჩიონ რომელიმე, რაც მათ ყველაზე მეტად მოსწონთ. ჩემით გადავწყვიტე 22-ე თავიდან პატარა ფრაგმენტი განვატავსო, ისე, დაახლოებით წარმოდგენა რომ შეგექმნათ თემატიკაზე. ისე კი ყველა თავი განსხვავებულია და დამოუკიდებელი თითქმის.
ეს არაედიტირებული ვარიანტია. როცა გადაეცემა რედაქციას, იქ გაივლის ლექტურას. ასე რომ, გრამატიკულ თუ სხვა ტერმინოლოგიურ შეცდომებს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
*** Anna... Anna heter hun... ***(22-ე თავის შესავალი)
ნორვეგიის ქალაქ ბერგენში ოსლოდან ჩავფრინდი. ცნობილ მთა ფლოიბერგის ფერდობზე ერთ პატარა სასტუმროში დავბინავდი. დაღამებამდე ქალაქის დათვალიერებით დავკავდი. ჯერ არ ნახული გარემო იყო ირგვლივ: ფერადი, საინტერესო სახლები, ლამაზი ეკლესიები, საოცრად სხვა რამ, რაც მე აქამდე მენახა. წვიმით ასრიალებულ ქუჩას ისევ უკან მოვყევი და ძილის წინაც ამ ფასცინაციაზე ვფიქრობდი, რასაც სკანდინავია ქვია.
ეს ქალაქი კი ევროპის ქალაქთა შორის ყველაზე მეტად ნალექიანია და ამას ჩამოსვლისთანავე მივხვდი, თხელი წვიმა აცრიდა ამ მშვენიერებას თავზე, თუმცა, ეს წვიმაც სხვანაირი იყო. ჩაძინებამდე კიდევ ერთხელ მოვიკრიბე ძალა, თვალი მომევლო ხვალინდელი დღის საჭიროებისამებრ წარმათვას და მოქანცულმა ადრე თუ გვიან ფარხმალი დავყარე მისი უდიდებულესობა ძილის წინაშე.
დილით წვიმას დაეთმო პოზიციები და ნისლში მონავარდე მზე ქალაქის თავზე კისკისებდა. როგორღაც გავიდა დრო და გავეშურე ესტერასთან შესახვედრად. შეხვედრის ადგილი ქალაქის გარეუბანში არსებული წიგნების მაღაზია უნდა ყოფილიყო…
მეორე სართულზე ავედი. გაფორმებულ თაროებზე დაწყობილ წიგნებს ვათვალიერებდი. როგორც კი შევნიშნე ჩემი შეხვედრის მიზანი, ერთი წიგნთაგანი გადმოვიღე და პატარა მაგიდასთან, წიგნებზე თვალის გადასავლებლად ჩამოსაჯდომ დივანზე ადგილი დავიკავე, თან ჩავკირკიტებდი წიგნს, რომელიც ზღვის ცხოველებზე იყო. ესტერაც გვერდით მომიჯდა. სქელტანიანი წიგნი დაიდო მუხლებზე და დიდი ინტერესით შიგა და შიგ ფურცლავდა. ხელჩანთა და შავი ლაქის ქისა, რომელიც გასაღების ჩასადებად იყო განკუთვნილი, მაგრამ ამჯერად გასაღების ნაცვლად შიგ პატარა კასეტა იდო, დავტოვე დივანზე და წიგნი დავაბრუნე, სამაგიეროდ სხვა გადმოვიღე. დავუბრუნდი დივანს, როგორც მოსალოდნელი იყო, ლაკის ქისა იქ აღარ დამხვდა. დაინტერესებული სახით თითქოს ხმადაბლა კითხულობდა ესტერა, ამის იმიტაციით კი მითხრა:
- ყველაფერი რიგზეა. ეს ჩემი ბოლო გასეირნებაა, ხვალ ნაშუაღამევს ჩემს პაწია გოგონასთან ვიქნები, ზუსტად 25 თვე და 12 დღე არ მინახია. მშვიდობას გისურვებ...
მეც სათვალე ჩანთაში შევინახე, წიგნის ყდას დავხედე და ძლივს გასაგონად მივუგე:
- გილოცავ, ბედნიერად!
ეს წიგნიც დავაბრუნე განკუთვნილ თაროზე და ქუჩისკენ გავწიე. გადავედი ქუჩის მეორე მხარეს. საკონდიტროში ყავა და ცნობილი ნორვეგიული ნამცხვარი "ღამის ხელმწიფე" ავიღე, ფანჯრის წინ მაღალ მაგიდასთან გავჩერდი და უმადოდ შევექცეოდი. რაღაც მოუსვენრად ვიყავი, მინდოდა ზუსტად დამენახა, რომ ესტერა ამ უბანს გასცილდა. მასაც ბევრი არ დაუყოვნებია, გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ ვიცოდი მისი მანქანა აქედან მესამე ქუჩაზე იდგა და ძალიან განვცვიფრდი, როცა სხვა მიმართულებით აიღო გეზი. კუთხისკენ შევიწიე, რომ ზუსტად დამენახა. მოვკარი თვალი ახლოს მდებარე რესტორანში რომ შეაბიჯა. "ალბათ კასეტის გადამალვა უნდა", ვანუგეშებდი თავს და ისიც წარმოვიდგინე სად დამალავდა: სამკერდეში. ყავა ჩავათავე, ნამცხვარის მესამედიც კი ზედმეტი იყო ჩემთვის, ესტერა კი მაინც არ სჩანდა. ვერ ვისვენებდი. რესტორანში კი ხალხი შედი-გამოდიოდა, არც ისე მრავლად, მაგრამ დაახლოებით ათამდე მაინც დავთვალე. ზუსტად არ ვიცოდი რა მექნა, ჩემი სპონტანურობა მოვიხმე და მეც გავეშურე იმ რესტორნისკენ.
მიმტანი, წითელთავა გოგონა ღიმილით დამხვდა. მე გავაგებინე, რომ ახლავე დავბრუნდები, ტუალეტში მიმეჩქარება. რამდენადაც ლოკალში ვერსად ვერ ვხედავდი ესტერას, ტუალეტის დათვალიერება განვიზრახე. თავაზიანად მიმასწავლა წითელთავამ ტუალეტი და დასძინა:
- დღეს თევზის დღეა, იქნებ თქვენც გესიამოვნოთ ბერგენული თევზის უჰა.
გავუღიმე მეც და დავპირდი:
- აუცილებლად, უჰა არ მიყვარს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრი სხვა საინტერესოს შემოთავაზებაც შეგეძლებათ.
დავუკარი თავი და ტუალეტისკენ გავწიე. დაბლა კიბეები ჩადიოდა , ჩავყევი და გამოჩნდა კიდეც ქალების საპირფარეშო. საშინელმა წინათგრძნობამ ამიტანა, არც იარაღი გამაჩნდა და საერთოდ არაფერი მსგავსი, აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ ხელებით თუ შევძლებდი თავის დაცვას. სანამ კარს შევაღებდი, ოდნავ მივაყურადე, ეტყობოდა შიგ არავინ იყო. ნელა შევაღე კარები, შევაბიჯე - ხელსაბანთან არავინ ჩანდა, შევაღე კაბინებში შემავალი კარი და ჩემივე გულის ხმამ ტვინში დამარტყა: იატაკზე ჩამჯდარიყო და კედელს მიყრდნობოდა ესტერა, ნახევრად ღია, დაბინდული თვალებით და ხელში მაყუჩიანი პისტოლეტით, ზემოდან დამხობოდა მარჯვენა მკლავიდან სისხლმდინარე კაცი, რომლის ასევე მაყუჩიანი იარაღი იქვე, მის გვერდით ეგდო.
- ახლავე, ახლავე...
ხმადაბლა მთრთოლვარე ხმით დავუძახე ესტერას. მივვარდი, კაცი ჩამოვაგდე მისი მკერდიდან, მაგრამ რაღა დროს შველა იყო - ჩემს დღევანდელ კომპანიონ გოგონას ტყვიით გახვრეტილი ყელი შემრჩა თვალთ. დავიჩოქე, შევეცადე გამესწორებინა. უცებ კაცი ოდნავ შეირხა, მოვტრიალდი , ის იყო მის იარაღს უნდა ვწვდომოდი, რომ ბარძაყზე ჩემივე ხორცის ჭრიალის ხმამ დაასწრო - მარცხენა ფეხის დასაწყისში ბასრი გასაშლელი დანა ამომისვა. ინსტიქტურად ხელი ჩავახალე სახეში, შეფართხალდა, დანა დააგდო, მარცხენა ხელი მიიტანა მარჯვენა მკლავთან, ახლა უკვე ნათლად ვხედავდი, რომ არტერია აქსილარის ქონდა გადახსნილი, ისე მჩქებარებით სდიოდა სისხლი. ჩემს მოქმედებას აზრი აღარც ქონდა - შეატია ჭერს თვალები. სანამ ტკივილი გამიმძაფრდებოდა, როგორღაც ავზიდე ტანი, ესტერა გავასწორე, დავაწვინე იატაკზე, თავისი ჩანთა თავქვეშ ამოვუდე, ბუსჰალტერიდან კასეტა ამოვუღე და ჩემსაში გადავიტანე... დავუხურე ნახევრად ღია თვალები და საბოლოოდ დაველაპარაკე:
- იქ გიპატრონოს უფალმა...
ნამდვილი არც სახელი ვიცოდი მისი, არც წარმომავლობა, ვინ იყო, რომელი გვარის, რომელი ხალხის შვილი, ეს არ ვიცოდი და ისედაც სულერთი იყო... ალბათ უკვე ციდან ხედავდა მის პატარა შვილს...
ისე ვიყავი გამშრალი, ნერწყვიც აღარ მქონდა, რომ გადამეყლაპა და მფხაჭნიდა ყელში... კაბა წამოვიწიე, ამოხეული ხორცი ჩამომკიდებოდა ბარძაყზე, რეიტუზი გავიძრე, ხელსაბანამდე გამოვედი, რამდენიმე ხელსახოცი ქაღალდი გამოვაძრე საქაღალდე ყუთს და დავაჭირე ჭრილობას, რეიტუზი ზედ შემოვიჭირე, შიშველ ფეხებზე წვალებით ჩავიცვი მოკლე ჩექმები, უკანასკნელად გადავხედე საცოდავ გოგონას, ტუჩმოკუმული რომ სამუდამო ძილს მისცემოდა...
მთელი ძალისხმევით გასასვლელისკენ გავწიე. გულზე მესობოდა კიბის ყოველი საფეხური. ტკივილი ცივ ოფლს მადენდა, უფრო და უფრო ძლიერდებოდა. როგორც იქნა ავათავე ეს უსასრულობად გამხდარი კიბე. ლოკალისაკენ არ წავსულვარ, უკანა მხარეს, საზაფხულო სალუდე ბაღის კარი მოვსინჯე, ბედზე ღია იყო ...
მანქანების სადგომი ასე 30 მეტრში იქნებოდა, თუ გონს არ დავკარგავდი იქნებ მიმეღწია. დილით მიღებული ბეტა-ბლოკერი, რომელსაც ხანდახან კონცენტრაციისა და სწრაფი რეაქციის შესანარჩუნებლად ვიღებდი, იმედს მაძლევდა როგორმე გავძლებდი... ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ სრულ სიმშვიდეს ვინარჩუნებდი.
ჩამომწკივრებული რამდენიმე მანქანა შევამოწმე. ყველა დაკეტილი იყო, არანაირი ხელსაწყო არ გამაჩნდა მათ გასახსნელად, აზროვნებაც არ შემეძლო როგორც საჭირო იყო. მხოლოდ ერთი მსურდა, აქაურობას გავცლოდი და დანარჩენს მერე მოვიფიქრებდი, თუ საერთოდ ამის შესაძლებლობა მექნებოდა. ბედზე ერთი Jeep Wrangler YJ იდგა ოდნავ ჩამოწეული ფანჯრით, ავცოცდი საფეხურზე და წვალებით გავაღე კარი. მივესვენე სავარძელს. ძალა და გონი ოდნავ მოვიკრიბე, შევეცადე აქამდე ნაცადი მეთოდით როგორმე ამემუშავებინა მანქანა. გავათავისუფლე კაბელები, ტკივილი სხეულში ლურსმნებს მაჭედებდა უკვე, უკანასკნელ ღონეს ვხარჯავდი, რომ როგორმე მიმეღწია ამ მიზნისთვის. მოულოდნელად გაიღო კარი, თავი რომ წამოვწიე, სამხედრო მომხვდა თვალში, კამუფლირებული უნიფორმა ამას მეტყველებდა. დანარჩენი რაც გავიგონე მხოლოდ ეს იყო:
- ქურდებს სალამი!
უცებ სამხედროს სახე ამოტრიალდა და ბოლოს რაღაც მწვანე ფერებს ვარჩევდი მხოლოდ... მეტი არც აღარაფერი დამინახავს და გამიგონია...
(....)
პ.ს. მადლობთ კიდევ ერთხელ მოლოცვის, ყურადღებისა და ინტერესისათვის. იმედია ოდესმე ქართულადაც დაიბეჭდება
აქვე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაწერის დროს მორალურად გვერდით მედგა. პირველ რიგში კი წიგნის დაწერის იდეის და პუბლიკაციის სულისჩამდგმელს , ჩემს მეგობარ ფიზიკოსს ზაზას, ასევე მუდმივი საპორტისათვის: თამარს, ირმას, ქეთის, ირაკლის, გიორგის

ღმერთმა დაგლოცოთ!
This post has been edited by CZ88 on 11 Jan 2012, 03:20