Eurasiareview - საქართველო არც დემოკრატიული ქვეყანაა და არც ავტორიტარული, ის სადღაც შუაშია
09:57 25-01-2012
საქართველოში დემოკრატიის პროგრესზე Eurasiareview კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომელ ლინკოლნ მიტჩელთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ინტერვიუს დასაწყისში მაიკლ ჩეჩირე Freedom House-ის დოკუმენტზე საუბრობს, რომელშიც შეფასებულია თავისუფლების ხარისხი მთელ მსოფლიოში 2012 წლისთვის.
"საქართველოს რეიტინგი 2011 წლის შემდეგ არ შეცვლილა – პოლიტიკური თავისუფლებანი შეფასებულია რიცხვით 4, ხოლო სამოქალაქო უფლებანი – 3-ით. შეფასებათა შკალა 1-დან 7-მდეა და 1-ით აღნიშნება ყველაზე მაღალი ხარისხის თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონალური ლიდერია და ყველაზე ქმედითი კავკასიური ქვეყანაა, თბილისის მაჩვენებლები ბოლო ათი წლის განმავლობაში ძირითადად სტაგნაციის მდგომარეობაში რჩება. ერთხელ Freedom House-მა მას ელექტორალური დემოკრატიის წოდება მიანიჭა, მაგრამ 2009 წელს, 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მან ეს სტატუსი დაკარგა",- წერს მაიკლ ჩეჩირე.
ლინკოლნ მიტჩელს, პოსტსაბჭოთა გარდამავლობის ექსპერტსა და საქართველოში ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილ ხელმძღვანელს, ავტორი ესაუბრება, თუ რაზე მიანიშნებს ეს მაჩვენებლები საქართველოს დემოკრატიასთან დაკავშირებით დღეს და ზოგადად.
"Freedom House ცდილობს, უფრო თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხი გაზომოს და არა მართვის. "ვარდების რევოლუციის" შემდგომი საქართველოს ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელი ისაა, რომ იმ დროს, როდესაც მათ გააუმჯობესეს მართვა, შეამცირეს წვრილმანი კორუფცია, ბიუროკრატია და სხვა ამგვარი მოვლენები, მათ ძალიან ცოტა რამ გააკეთეს ხელშესახები დემოკრატიული რეფორმების ჩასატარებლად. საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული კარგი საქმეები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს, მაგრამ შეცდომაა იმის დაშვება, რომ ამ კარგმა საქმეებმა საქართველო უფრო თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყნად აქცია. მედიის თავისუფლების მუდმივი პრობლემა, სახელმწიფო ძალაუფლებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, აღმასრულებელი ხელისუფლების დომინირება, ოპოზიციის დევნა და სხვა ამგვარ პრობლემებთან დაკავშირებული ვითარება ამ ბოლო წლებში არ შეცვლილა. მე ვეთანხმები Freedom House-ის შეფასებას, საქართველო არც დემოკრატიული ქვეყანაა და არც ავტორიტარული, ის სადღაც შუაშია. ამიტომაც დაიმსახურა მან "ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის" რეიტინგი", - ამბობს ლინკოლნ მიტჩელი ინტერვიუში.
ჟურნალისტი ინტერესდება, საქართველოში მოსალოდნელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, რამდენად რეალისტურია მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებლები ცოტა ხანში გამოსწორდება.
ლინკოლნ მიტჩელი ამბობს, რომ ოპტიმისტურად არ უყურებს ამ მაჩვენებლების გამოსწორების შესაძლებლობას მოკლევადიან პერსპექტივაში.
"საქართველოს მთავრობა ისეთი არჩევნების მიმდევარია, როდესაც ისიც კმარა, თუ ეუთოს, "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის" და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების ძუნწ დასტურს მიიღებენ, თუმცა არჩევნები ისევ საკმარისად უსამართლო რჩება, რათა მმართველი პარტიის გამარჯვება უზრუნველყოს. ვფიქრობ, 2012 წლის არჩევნებზეც იგივე მოხდება. ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკურ სცენაზე გააჩნია იმის პოტენციალი, რომ ვითარება შეცვალოს, რადგან ის უძლიერესი ოპოზიციური ფიგურაა, მათ შორის, ვისთან დაპირისპირებაც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მთავრობას მოუხდა და არის ერთადერთი ფიგურა, ვისაც მთავრობასთან კონკურირების რესურსი გააჩნია. ვფიქრობ, რომ არასაარჩევნო წელი უფრო წინ წასწევდა საქართველოს Fრეედომ Hოუსე-ის რეიტინგში, რადგან მთავრობას, შესაძლოა, უფრო მოენდომებინა ლიბერალიზაცია, როდესაც ამდენი რამ არ იდებოდა სასწორზე", - აღნიშნავს ლინკოლნ მიტჩელი.
ჟურნალისტის კითხვას, როგორია ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, რათა დემოკრატიის მშენებლობა სწორ გზაზე დააბრუნოს, მიტჩელი პასუხობს, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიას სერიოზულად უნდა მოეკიდოს.
"მან უნდა გააცნობიეროს – იმისთვის, რომ საქართველომ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს, მეტი დემოკრატია აბსოლუტურად აუცილებელია თუმცა, საკმარისი არ არის. თუ ეს არჩევნები და ასევე წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც უკვე დაიწყო, უფრო დემოკრატიულ კონტექსტში წარიმართება, ეს იქნებოდა სწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯი, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ამის ნიშნებს ვერ ვამჩნევთ",- აცხადებს მიტჩელი.
ინტერვიუს ქართულ ვერსიას Foreignpress.ge ავრცელებს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...c-shuashia.html
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.