სოფიკო ნიკოლაშვილი დუმილის უფლებას იყენებს (photo - video)
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2012 18:02
განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი სოფიკო ნიკოლაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. 3 თებერვალს გადაწყდება, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობას შეუფარდებს თუ გირაოს.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა მაგული ღვალაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ნიკოლაშვილი იარაღის უკანონოდ ტარებისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სცნობს, მაგრამ გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ოფიციალურად დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, ასეთი განმარტება გააკეთა. ის ამბობს, რომ მას არ ჰქონია განზრახვა, გიორგი სიბაშვილი მოეკლა“,- განაცხადა მაგული ღვალაძემ.
როგორც ცნობილია, კახეთის საოლქო პროკურატურამ ჟურნალისტ სოფიკო ნიკოლაშვილს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით წაუყენა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლის სოფიკო ნიკოლაშვილს 7-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კახეთის საოლქო პროკურატურამ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს 2 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე მიმართა. დაკავებულის ადვოკატს შეატყობინეს, რომ რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილი შუამდგომლობას იმავე დღეს განიხილავდა. თუმცა, სასამართლოში მისულ ადვოკატს, დაკავებულის ახლობლებს და ჟურნალისტებს, საათნახევრის განმავლობაში ლოდინის შემდეგ, მანდატურმა განუცხადა, რომ შუამდგომლობის განხილვა 3 თებერვლისთვის გადაიდო. „სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ვიდრე საქმეს არ გავეცნობი, შუამდგომლობას ვერ განვიხილავო. ამიტომ, პროცესი გადაიდო“, - განმარტა მანდატურმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენამდე სოფიკო ნიკოლაშვილს თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, კახეთის საოლქო პროკურორი გიორგი ჩივიაშვილი შეხვდა. უცნობია, რაზე ისაუბრეს პროკურორმა და ბრალდებულმა.
სოფიკო ნიკოლაშვილის დაკავების შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია გუშინ დილით გაავრცელა. ინციდენტი 31 იანვარს, საღამოს, ქალაქ გურჯაანში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა გიორგი სიბაშვილისთვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა, რის შემდეგაც სოფიკო ნიკოლაშვილი პოლიციაში თვითონ მიიყვანა და სამართალდამცავებს გადასცა.
გიორგი სიბაშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მამამისი გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა, ბიძა გიორგი სიბაშვილი კი კახეთის ვიცეგუბერნატორია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მან გამომძიებელს მისცა ჩვენება, სადაც აღნიშნავს, რომ სოფიკო ნიკოლაშვილი გასული წლის გაზაფხულზე გაიცნო, მეგობრობდნენ და არავითარი კონფლიქტი არ ჰქონიათ; სოფიკო ნიკოლაშვილი მას 31 იანვარს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, შეხვედრის დროს კი მისი მოკვლა სცადა.
სოფიკო ნიკოლაშვილის მამის დავით ნიკოლაშვილის თქმით, გიორგი სიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან მან დანაშაული ჩაიდინა. „მან ჩემს შვილს შეურაცხყოფა მიაყენა. მიუხედავად ამისა, სოფოს მისი მოკვლა არ უნდოდა, კიდევ რომ ცდილობდა შეურაცხყოფის მიყენებას, გაისროლა“, - აღნიშნა დავით ნიკოლაშვილმა. მისივე თქმით, შვილმა მისი იარაღი სეიფიდან მოიპარა.
სოფიკო ნიკოლაშვილი 2008 წლიდან 2011 წლის აგვისტომდე გაზეთ „კახეთის ხმა“-ში მუშაობდა.
სოფიკო ნიკოლაშვილი დავით ნიკოლაშვილის შვილია. დავით ნიკოლაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მანამდე ის „ქართული პარტიის“ გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.