მაგ მერაბიშვილის ინტერვიუ ვნახე სადღაც
ასე დამძიმებულ საქართველოში, ძნელია თქმა თუ რომელია ნომერ პირველი პრობლემა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ნარკომანია საქართველოს ყველაზე დიდი უბედურებაა. შეიძლება თუ არა ამ სენის მკურნალობა?! ამაზე დღეს ბევრს მსჯელობენ. ქართველი ფსიქოლოგი, პროფესორი გივი მერაბიშვილი კი ამტკიცებს, რომ ნარკომანიის (და არა მარტო) საერთოდ თავიდან აცილებაც კი შესაძლებელია, თუკი ბავშვებს სწორი მეთოდით აღვზრდით. რა იმალება ამ სენსაციური განცხადების მიღმა, ამის შესახებ, თავად მეცნიერი მოგვიყვება...
_ ბატონო გივი, იმის გამო, რომ დღეს საქართველოში ძალიან ბევრი არაფრისმთქმელი და არაკვალიფიციური ლიტერატურა მოგვიმრავლდა, ბევრი მართლა საჭირო ნაშრომი ფართო საზოგადოებამდე ვერ მიდის და, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად იკარგება კიდეც. ხელთ გვაქვს თქვენი საინტერესო ნაშრომი _ "ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკა", რომელიც 1999 წელს გამოიცა. ნაშრომში თქვენ ამტკიცებთ, რომ შესაძლებელია ფსიქოლოგიური პათოლოგიების არა მარტო მკურნალობა, არამედ პრევენციაც კი. ჩვენი აზრით, ამ სტრესულ და უკიდურესად დაძაბულ ეპოქაში, როდესაც დეპრესიამ, ფსიქიკურმა აშლილობამ, ნარკომანიამ და მრავალმა სხვა პრობლემამ ლამის წაგვლეკოს, ასეთი განცხადება ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩენილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ თქვენს განცხადებას (ნაშრომს) დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე?
_ თქვენ კითხვაშივე აღნიშნეთ, რომ არაკვალიფიციური ლიტერატურის მოძალებამ, ანუ ფსევდომეცნიერულ ნაშრომთა სამრავლემ გააძნელა მართლა მეცნიერული და კვალიფიციური ნაშრომების მიტანაBფართო საზოგადოებამდე. ეს ერთი; მეორე: საზოგადოება მეცნიერულ ნაშრომებზე მეტად სწორედ იაფფასიანსა და ფსევდომეცნიერულ ლიტერატურას ეტანება, რადგან ღირებულებათა სისტემის ნგრევას, რაც ჩვენს საზოგადოებაში მოხდა, მოჰყვა განათლების საერთო დონის დაცემა, გემოვნების გარყვნა; მესამე და უმთავრესი კი ისაა, რომ მომავალი თაობის აღზრდის საკითხი სახელმწიფოს მიერ არათუ პრიორიტეტად არ არის გამოცხადებული, მას, საერთოდ, ნაკლებად ექცევა ყურადღება.
_ როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, ქართველი მეცნიერები მზად ხართ, რომ სახელმწიფოს ღირსეული პარტნიორობა გაუწიოთ?
_ რა თქმა უნდა. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ პრევენციული ფსიქოპროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელია. ყველამ კარგად იცის, რა სიძნელეებთან არის დაკავშირებული, ვთქვათ, ნარკომანიასთან ბრძოლა, მაგრამ არავინ იცის იმის შესახებ, რომ ადრეულ ასაკში სწორი ფსიქოპროფილაქტიკის ჩატარების შემდეგ საერთოდ არ გვეყოლება ნარკომანი.
_ წარმოუდგენელია...
_ წარმოუდგენელია მათთვის, ვინც არ იცის, თუ რა შესაძლებლობები აქვს ფსიქოლოგიას, როგორ ხდება ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბება და ა.შ. კლასიკური ბიჰევიორიზმის მამამთავარი უოტსონი უარყოფდა ყოველგვარ თანდაყოლილ თვისებას. იგი აცხადებდა: მომეცით ნორმალური ბავშვების დუჟინი, მათი აღზრდის სპეციფიკური გარემო და ვიძლევი გარანტიას, რომ ნებისმიერ მათგანს ვაქცევ ექიმად, იურისტად, არტისტად, ვაჭრად ან მათხოვრად და ქურდად, მიუხედავად მათი ტალანტისა, მიდრეკილებისა, უნარისა და მიუხედავად მათი წინაპრებისაო. ფსიქოლოგების შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ჩვეულებრივ გვაქვს ხოლმე წარმოდგენილი.
_ რა არის თქვენს მიდგომებში ძველი, ტრადიციული და რა არის ახალი ანუ პირადად თქვენი და თქვენი ჯგუფის?
_ რა თქმა უნდა, ვეყრდნობით იმას, რაც მთელ მსოფლიოში აღიარებულია. ესაა ზიგმუნდ ფროიდის "ფსიქოანალიზი" და დიმიტრი უზნაძის "განწყობის თეორია". ესენი იმდენად დიდი და მრავალმხრივი, ფუნდამენტური თეორიებია, რომ ვერცერთი ფსიქოლოგი მათ გვერდს ვერ აუვლის. ფროიდის მიხედვით, ადამიანის როგორც ფიზიკურ, ასევე საზოგადოებრივ აქტივობას, განსაზღვრავს სექსუალური ენერგია. ქცევა პირდაპირ არის დაკავშირებული სქესობრივი ინსტინქტის რეალიზაციასთან ან ჩახშობასთან. ფროიდი აკეთებს ძალიან პესიმისტურ დასკვნას, რომ რაც უფრო მაღალია ცივილიზაციის დონე, მით მეტი ბუნებრივი მოთხოვნილება იქნება ჩახშობილი და, ამდენად, მეტი იქნება ნევროზების აღმოცენების ხელშემწყობი პირობები. უზნაძის "განწყობის თეორიამ" კარგად დააკავშირა ერთმანეთთან ფსიქიკური, ბიოლოგიური და სოციალური, მაგრამ არ დაუდგენია მათი წილი აქტივობის განსაზღვრის საქმეში.
სავსებით მართალია ის, ვინც მიიჩნევს, რომ ბავშვის აღზრდა დაბადებიდან იწყება. მაგრამ რას ნიშნავს ბავშვის აღზრდა დაბადებიდან? ამ კითხვაზე სპეციალისტებს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არა აქვთ, რადგან ჰგონიათ, რომ ბავშვის აღზრდა საზოგადოებრივ, ბიოლოგიურ და ფიზიკურ გარემოებებზეა დამოკიდებული, რაც ყოველთვის განსხვავებულია და მრავალი კონკრეტული სიტუაციის სახით ვლინდება. ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე განსხვავებულია. გარკვეული მნიშვნელობა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს, რა თქმა უნდა, აქვთ, მაგრამ გადამწყვეტი, ფსიქიკური სიჯანსაღეა. ჩვენს მიერ წამოყენებული პრინციპი ახალია და, ამდენად, ფართო მასებისთვის უცნობია, თუმცა მან უკვე გაიარა საკმარისი აპრობაცია და დადებითი ეფექტიც სახეზეა.
_რაში მდგომარეობს თქვენი მეთოდის სიახლე?
_ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ მთავარი საზრუნავი დაბადებიდან ექვსი წელია. თუ ამ პერიოდში ბავშვმა არ მიიღო ფსიქიკური ტრავმა, შემდგომში მასში ვერანაირი ცხოვრებისეული ქარტეხილი ფსიქიკურ აშლილობას ვერ გამოიწვევს. ჩვენი მეთოდით ხდება ასეთი ტრავმის შედეგად გამოწვეული მძიმე შედეგების წინასწარი (პრევენციული) განეიტრალება. ამის მიღწევა რეალურია და, რაც მთავარია, ამ ღონისძიებების გასატარებლად არ არის აუცილებელი ფსიქოლოგები და თერაპევტები. ღონისძიებებს გაატარებენ მშობლები, აღმზრდელები, სკოლამდელი და დაწყებითი სასწავლებლების პედაგოგები, თუ, რა თქმა უნდა, თვითონ იქნებიან შესაბამისად მომზადებულნი. ეს არის ძალიან მარტივი, მაგრამ უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე და დიდი ეფექტის მომცემი სწავლება, რომლის ფართოდ დანერგვის შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ფსიქიკურად და მორალურად ჯანსაღ თაობას, რომელსაც არ შეაწუხებს ნარკომანიის, ქურდობის, ლოთობის და, საერთოდ, ფსიქიკური აშლილობებისა და პათოლოგიების ურთულესი პრობლემები.
_ როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენი მეთოდი ფართოდ დაინერგოს?
_ ძალიან უბრალო რამ _ სახელმწიფოს კეთილი ნება, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და მისი განხორციელება. ამ ამოცანის გადაწყვეტის შემთხვევაში მზად ვართ მოვამზადოთ ბაგა-ბაღებსა და სკოლებში მომუშავე ფსიქოლოგები, რომლებიც იმუშავებენ არა მარტო ბავშვებთან, არამედ მშობლებთან, აღმზრდელებთან და პედაგოგებთან. ამ გზით ფსიქოპროფილაქტიკის მეთოდი მასობრივად დაინერგება.
_ თუ სახელმწიფო ორგანოებმა არ გამოიჩინეს ასეთი კეთილი ნება?
_ რამდენადაც თითოეული მშობლის სანუკვარი ოცნებაა ჰყავდეს ჯანსაღი, გონიერი და წესიერი შვილი, მას თვითონ შეუძლია წარმართოს ბავშვის აღზრდის პროცესი ჩვენთან მიღებული ინსტრუქციით და ლიტერატურით. ეს არ მოითხოვს დიდ დროსა და სოლიდურ თანხებს, მოზარდი კი დაზღვეული იქნება მრავალი უბედურებისგან.
_ მშობელთა ამგვარი მომზადება შეიძლება მართლა შესაშური საქმე გახდეს, რადგანაც მოზარდთა შორის დანაშაულის პირობებში ხშირად გაისმის კანონის გამკაცრებისა და პედაგოგთა პასუხისმგებლობის მოთხოვნა...
_ სრულიად ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ კანონის გამკაცრება დანაშაულთა ჩადენის მიზეზებს ვერ აღმოფხვრის. ვერც აღმზრდელთა და პედაგოგთა მიმართ წაყენებული მოთხოვნების გაზრდა იქნება ეფექტური, ვიდრე მათ არ ექნებათ აღზრდის ადეკვატური იარაღი. ჯერ მშობლები და აღმზრდელები უნდა შევაიარაღოთ სათანადოდ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მათგან მოვითხოვოთ და მივიღოთ კიდეც ის ეფექტი, რასაც ჯანსაღი მომავალი თაობა ჰქვია.
http://webcache.googleusercontent.com/sear...u&ct=clnk&gl=ge