MONTY
I R L Y M ! ! !

      
ჯგუფი: Members
წერილები: 18740
წევრი No.: 88005
რეგისტრ.: 2-April 09
|
#29889560 · 24 Feb 2012, 23:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საიდუმლო გარიგება სანაიას მკვლელობისა და ამ მკვლელობის დავიწყებისთვის
გიორგი სანაია 1994 წელს გია ჭანტურიას მკვლელობის ფაქტზე დაწერილ წერილს ასე ამთავრებდა: "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მკვლელობით ახალი ეტაპი იწყება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში - პერიოდი ჭანტურიას გარეშე". -თამამად შეიძლება ამ სიტყვების გამეორება 2001 წლის 26 ივლისის ტრაგიკული ფაქტის შემდეგაც, როდესაც მოკლეს თავად გიორგი სანაია. მაშინაც დაიწყო ახალი ეტაპი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში...ამჯერად - არა მხოლოდ გიორგი სანაიას, არამედ თითოეული ჩვენგანის ნებისა და ჩარევის გარეშე - პერიოდი სანაიას მკვლელობის ფაქტით შექმნილი და გამოცოცხლებული პოლიტიკური ცხოვრებისა, როცა ამ მკვლელობამ განახლებული აზარტი შესძინა, ერთი მხრივ, პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირებას, ბრძოლას, ვაჭრობას, მეორე მხრივ, ადრე დაპირისპირებულთა ურთიერთობების გადახედვას. ერთი სიტყვით, პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპს გიორგი სანაიას სახელი ბევრი რამისთვის სჭირდებოდა.
-გადავხედოთ ძველ მოვლენებს და პოლიტიკურად დაპირისპირებული პარტიების დამოკიდებულებას სანაიას მკვლელობასთან.:
ასლან აბაშიძე და მისი პოლიტიკური ბანაკი აკეთებენ პირდაპირ განცხადებებს იმის შესახებ, რომ სანაიას მკვლელობის დამკვეთნი ეძებონ ჟვანია-სააკაშვილის გუნდში, იმ ადამიანებს შორის, ვინც, მათი ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში სდევნიდა ჟურნალისტს და ტაბახმელაში აჰყავდა საქმის გასარჩევად; - ჟვანია-სააკაშვილის გუნდი ამ თემაზე პირდაპირ განცხადებებს არ აკეთებს. ის დემოკრატიული ლავირების გზით, საკუთარი პატრონაჟით გამომავალ გამოცემებში აგორებს ანტითარგამაძეულ კამპანიას; თავის მხრივ, თარგამაძე ბრალდებულის როლისთვის ამზადებს ვინმე გელაშვილს, რომელიც თავს სააკაშვილ-გოგორიშვილის მეგობრად წარმოაჩენს; ჟვანია-სააკაშვილის ეგიდით შექმნილი ჟურნალისტური ძიების ჯგუფი აკეთებს, ერთი შეხედვით, უფერულ განცხადებას იმის შესახებ, რომ სანაიას მკვლელობის იარაღი, შეიძლება, რომელიმე მკვდარ ჩეჩენს დაუდონ გვერდით. ეს განცხადება მხოლოდ ერთი შეხედვით არის უფერული, სინამდვილეში, იწყება საზოგადოებრივი აზრის შემზადება იმისთვის, რომ თარგამაძის მიერ გახსნილი საქმე აუცილებლად ბლეფი იქნება.
ერთმანეთისკენ თითების შვერის პოლიტიკის მიღმა, სინამდვილეში, აშკარად იმალება ურთიერთდანდობის ტექნოლოგია, რომელიც ურთიერთგარიგებისა და შეთანხმების მიღწევის საუკეთესო გზაა. ერთმანეთის სამხილებელი ფრთხილი მინიშნებები ოდნავაც ვერ გამოხატავს პოლიტიკური მხარეების რეალურ სათქმელს, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სათქმელი არსებობს. ხოლო თუ სათქმელი არ არსებობს და ზემოთ დასახელებული ფაქტები პოლიტიკური ვაჭრობის მიზნით ითქმება, მაშინ სამართალდამცავების პირდაპირი მოვალეობაა, ან გაარკვიონ ამ ფაქტების ჭეშმარიტება, ან გამოავლინონ ცილისმწამებელი და კანონიერი პასუხი მოსთხოვონ მას.
-----------------------
-პოლიტიკური ვაჭრობა და არა საქმის ძიება
გიორგი სანაიას სახელი უკვე ბევრჯერ გამოიყენეს ბინძური პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური სვლებისთვის. სხვაგვარად რომ იყოს და არა ასე, სამართალდამცავები უკვე სერიოზულად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი იმ ფაქტებით, რომლებიც დასახელდა, მაგალითად,ძველი აჭარის ტელევიზიით. ჩვენი ინფორმაციით კი, სამართალდამცავებმა ტაბახმელაში გიორგი სანაიას წაყვანისა და ცემის ფაქტზე მუშაობა იმით დაამთავრეს, რომ მეზობლებმა საბოლოოდ "უარყვეს" ადრე გაცემული ინფორმაცია. ინფორმაცია შეეხებოდა ტაბახმელაში წაყვანამდე გიორგი სანაიას ცემის ფაქტს საკუთარი კორპუსის წინ, სწორედ, იმ პირების მიერ, რომლებსაც რუსეთს გახიზნული ასლან აბაშიძე ტაბახმელის კონტექსტში მოიხსენიებდა.
ძიება ფაქტობრივ იგნორირებას უკეთებს სანაიას მკვლელობის რეალურ ვერსიებს. დაზუტსებული ინფორმაციით, დღემდე ისევ არ არის დაკითხული პანკისის საკითხებზე მომუშავე არც ერთი პოლიტიკოსი, რომლებიც აცხადებენ, რომ იციან პანკისის საიდუმლო. უფრო მეტიც: ადამიანები, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ რაღაცის სათქმელად იყვნენ მზად, ახლა უკვე უარს ამბობენ პანკისის შესახებ რამე ინფორმაციის გაცემაზე. ხოლო ისინი, ვინც დღემდე აცხადებენ მზაობას ამ საიდუმლოს გაცემისთვის, საინტერესონი არ აღმოჩნდნენ ძიებისთვის. არ არის დაკითხულნი მაშინდელი პარლამენტარი ელენე თევდორაძე, პანკისის პრობლემებზე მომუშავე გია ბარამიძე; რაც მთავარია, გააჩუმეს სახელმწიფო ტელევიზიის ის თანამშრომლები, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ თამამად ყვებოდნენ პანკისიდან ჩამოტანილი საიდუმლო ვიდეომასალის ამ ტელევიზიისთვის მიყიდვის მცდელობის ფაქტზე.
რაც მთავარია, პანკისია ერთადერთი თემა, რომელსაც სერიოზულად არ განიხილავდნენ არა მხოლოდ სამართალდამცავები,არამედ დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიებიც: არც ძველი("ახალი")ხელისუფლება და მისი "ექს-მოქკავშირი","ნაციონალები" არც ხელისუფლების ოპოზიცია. არავინ კითხულობს იმას, რატომ არის ორივე მხარეს აკრძალული ამ თემაზე სერიოზულად საუბარი?
------------------------------
-საიდუმლო გარიგება?!
ყველამ იგნორირება გაუკეთა ელენე თევდორაძის დაჟინებას, რომ მან რაღაც იცის პანკისის შესახებ; რომ ეს რაღაც ნარკობიზნესს უკავშირდება; ხოლო ამ ნარკობიზნესში მონაწილეებად ისეთი პირების დასახელება მოუწევს, რომელთა ვინაობის გამხელას ვერ ანდობს თვით პრეზიდენტის დონესაც კი. რაც მთავარია, ყველამ იგნორირება გაუკეთა ელენე თევდორაძის ნათქვამს: "მგონი, გიორგის, მართლაც, ვუთხარი რაღაც მნიშვნელოვანი პანკისზე".
გასაგებია, ამ ნათქვამს ოგნორირება რატომ გაუკეთა სამართალდამცავების კასტამ, რომელსაც პირდაპირ ასახელებენ ნარკობიზნესის მონაწილედ, მაგრამ საეჭვო ის არის, რომ თავად ელენე თევდორაძის თანაპარტიელები არ მიიჩნევენ თევდორაძეს სერიოზულად ასეთი განცხადების გამო.
-გიორგი ბარამიძე, "მოქალაქეთა კავშირის " ყოფილი რეფორმატორული ფრთა:
"მე არასერიოზულად მიმაჩნია ის, რომ ქ-ნი ელენე კრიმინალ მარგოშვილისგან მიღებულ ინფორმაციას ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მარგოშვილი, რომელიც თავად მონაწილეობს ნარკობიზნესში, არ უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ თანამონაწილეები დაასახელოს. იქნებ მარგოშვილი შეგნებულად ასახელებს მათ, ვისი გზიდან ჩამოშორებაც უნდა, მისი ინფორმაციის სანდოობის ხარისხი ძალიან საეჭვოა".
...ერთი სიტყვით, გია ბარამიძე პირდაპირ აცხადებს, რომ პანკისელი ნარკობარონებისგან წამოსული ნებისმიერი ინფორმაცია არასანდოდ უნდა მივიჩნიოთ. შესაბამისად, არასანდოდ უნდა მივიჩნიოთ ნებისმიერი მამხილებელი მასალა, რომელიც შესაძლოა, სწორედ, ამ ნარკობარონებისგან ჩამოვიდა თბილისში.
გია ბარამიძეს პანკისის ვერსიის გამოსარიცხ არგუმენტად მოჰყავს ისიც, რომ, თუ პანკისიდან ჩამოსული კასეტა სანაიას, მართლაც გადასცეს, ამის შესახებ აუცილებლად უნდა სცოდნოდა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ხელმძღვანელობას.
მოკლედ, გია ბარამიძე თავად კახა თარგამაძეზე და, სავარაუდოდ, ამ კასეტაში დაფიქსირებულ მხილების ადრესატებზე მეტად ცდილობდა პანკისის ვერსიის უარყოფას და, შესაბამისად, გაჩნდა აქტუალური კითხვაც: მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ფიგურირებდნენ თუ სხვებიც პანკისის კრიმინალურ ბიზნესში?!
საინტერესოა ისიც, რომ ყოვლისმცოდნე, თვით ტაბახმელის საქმის გარჩევებში გარკვეულმა ასლან აბაშიძემ ეჭვის დონეზეც კი არ მოიაზრა პანკისის ვერსია. მან იცოდა გიორგი სანაიას უკანასკნელი დღეების ქრონიკა, იცის იმ მოწმეების ადგილ-სამყოფელი, რომლებიც ყვებიან, რომ მკითხავი და ჰომოსექსუალისტი გელაშვილი სანაიას მკვლელობის ღამეს აედევნა. სამაგიეროდ, ასლან აბაშიძეს არავითარი ვერსია არ გააჩნდა პანკისთან დაკავშირებით. მისი საყოველთაოდ ცნობილი "ლოგიკა" პანკისის მიმართულებით საეჭვოდ კარგავდა ძალას.
რაც შეეხება სამართალდამცავებს, ისინი პანკისის თემით დაინტერესებულ ჟურნალისტებს ასეთი ფრაზებით ამშვიდებდნენ: რა თქმა უნდა, პანკისის ვერსიასაც, ისევე, როგორც ნებისმიერ ვერსიას, აქვს არსებობის უფლება; ჩვენ ამ ვერსიაზეც ვმუშაობთ! თუმცა, საინტერესოა, როგორ მუშაობდნენ სამართალდამცავები ამ ვერსიაზე, როცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პანკისის შესახებ ინფორმაციის მფლობელ ყველა პირს აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებდნენ.
ერთი სიტყვით, თითქმის ყველაფერში დაპირისპირებული მხარეები მეტად შეთანხმებულად გამოიყურებიან მხოლოდ ერთ საკითხში: პანკისის ვერსიის დაბლოკვაში, გიორგი სანაიას მკვლელობის მიზეზად პანკისის ვერსიის გამორიცხვაში.[/b]
-----------------------------------
შევარდნაძესთან სამართალდამცვავების ცნობილი შეხვედრის კულუარები
გიორგი სანაიას მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც გვახსოვს, ერთ მუშტად შეკრული სამართალდამცავები შეხვდნენ შევარდნაძეს. შეხვედრა კონფიდენციალური იყო და მხოლოდ სახელმწიფო ტელევიზიის და კანცელარიის ორი ოპერატორი დაუშვეს საფინალო კადრების აღსაბეჭდად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე ბ-ნი ავთანდილ იოსელიანი ასახელებს 23 ივლისს გულრიფშში, ტყვარჩელის მიმართულებით, მიმავალი ოთხი აფხაზის მკვლელობის ფაქტს. ასახელებს არა ღიად, არამედ მინიშნებებით. ისმის ასეთი ფრაზები: "ისინი... ოთხნი... ტყვარჩელის მიმართულებით... მაგრამ ამას... ხომ ვერ ვიტყვით... სირცხვილია..."
კადრში ჩანს: დანარჩენი სამართალდამცავებიც ეთანხმებიან ბ-ნ იოსელიანს: "ამის თქმა სირცხვილია". ავთანდილ იოსელიანის სხვა ფრაზები, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, დაახლოებით ასე გაისმის: "ჩამოსულები რომ იყვნენ... აი, ისინი... იმ საქმეზე..." შემდეგ კახა თარგამაძე დგება და მიდის პრეზიდენტთან. მაგიდაზე უწყობს რამდენიმე ვიდეოკასეტას და ფოტოსურათს. შემდეგ ჯდება საკუთარ ადგილზე.
ძნელი სათქმელია, რაზე საუბრობენ, კონკრეტულად, სამართალდამცავები; რა კონტექსტში იხსენიებენ 23 ივლისს გულრიფშში მოკლულ ოთხ აფხაზს; რატომ ასახელებენ ამ ფაქტს გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შეკრებილები. რა კასეტები და ფოტოსურათები გადასცა კახა თარგამაძემ შევარდნაძეს.
თუმცა, ვარაუდების დაშვება ასეთი ფრაგმენტული ინფორმაციების საშუალებითაც არის შესაძლებელი.
------------------------
რა კავშირშია ერთმანეთთან 20, 22, 23 და 26 ივლისი?
20 და 23 ივლისი პირდაპირ უკავშირდება ნარკობიზნესის თემას. 20 ივლისს, აფხაზეთის თბილისში მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენლის თქმით, სოხუმში ზღვით შევიდა ნარკოტიკების დიდი პარტია. ნარკოტიკები შევიდა თურქეთიდან. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ნარკოტიკებით დატვირთულ ბარჟას სოხუმში ჩასვლამდე ბათუმშიც აფიქსირებენ. სოხუმის პორტში პოლიცამ სცადა შემოსული კონტრაბანდისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ სოხუმის ნარკობარონების დახმარებით ნარკოტიკები სოხუმში მაინც შევიდა, საიდანაც ეს ნარკოტიკები დაიძრა სხვადასხვა მიმართულებით. სწორედ, ერთ-ერთ ასეთ მიმართულებაზე მოხდა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 23 ივლისს ოთხი აფხაზის მკვლელობა.
20 ივლისს თბილისის ხელისუფლება უკვე ინფორმირებულია სოხუმში შესული ნარკოტიკების კონტრაბანდის შესახებ. ინფორმირებულია იმის შესახებაც, რომ ნარკოტიკების გზამ ბათუმზე გაიარა. თბილისში იწყება რეაქცია ბათუმის ხელისუფლების მიმართ. მაგრამ ინფორმაცია ამ ფაქტზე ოფიციალურად არ კეთდება. სავარაუდოდ, თბილისს საპასუხო მუქარით აჩუმებენ. 21 ივლისს, ღამით, გიორგი სანაია წინასწარ დაუგეგმავი ვიზიტით ჩადის ბათუმში. 22-ში მეგობრულ კამპანიაში ხვდება იგი ბათუმის ხელისუფლების ორ წარმომადგენელს. მათგან ერთ-ერთი ასლან სმირბაა, ბათუმის სანაოსნოს ყოფილი უფროსი და წლების განმავლობაში აჭარაში შესული ყველა კონტრაბანდის განმკარგულებელი. გიორგი სანაიას მეგობრებმა იციან ამ შეხვედრის შესახებ და სავსებით ბუნებრივად მიაჩნიათ ბათუმში მყოფი გიორგი სანაიას შეხვედრა ასლან სმირბასა და გიორგი თარგამაძესთან, რადგან სანაია ამ უკანასკნელებთან მეგობრობდა. მაგრამ მეგობრებმა "არაფერი იციან" იმის შესახებ, რომ გიორგი სანაია იმ ღამეს კიდევ ერთ პიროვნებას შეხვდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ამ შეხვედრას ადასტურებს. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზე მოხდა გიორგი სანაიასთვის რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის ან მასალის მიწოდება. შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ ეს ინფორმაცია ან მასალა იყო, რომელიც ბათუმს თბილისის კონტრშანტაჟისთვის გამოადგებოდა. 23 ივლისს გიორგი სანაია თბილისში ჩამოდის. საღამოს იგი მეგობრებთან ერთად ატარებს კაფე-ბარ "გირჩაში". ჩვენთვის დაუზუსტებელია, სად იმყოფებოდა გიორგი სანაია 24-ში, ღამე. ამ კონტექსტში ძალზე საეჭვოდ გაისმა მისი ერთ-ერთი თანამშრომლის და მეგობრის შეკითხვა, როცა ამ უკანასკნელმა გიორგის მკვლელობის ამბავი გაიგო: "რატომ, რატომ გაუშვით იმ გადაღებაზე?"
...დღეს, სამწუხაროდ, ვეღარავინ ბედავს, განმარტოს, რა გადაღებას გულისხმობენ, რის გადასაღებად უნდა წაეყვანათ ბათუმიდან ჩამოსული გიორგი სანაია. ხომ არ იყო ეს გადაღება რაიმე კავშირში, მაგალითად, პანკისთან, რომელიც ძალზე თანაბარი და წონადი სამხილი იქნებოდა ბათუმისთვის თბილისის წინააღმდეგ? თბილისს ხომ, თავის მხრივ, 20 ივლისის ნარკოტიკების კონტრაბანდაში ბათუმის მონაწილეობის სამხილი ჰქონდა?!
--------------------------- -თუ ამ ვერსიას დავუშვებთ...
თუ სოხუმი-ბათუმი-თბილისი-პანკისის ვერსიას დავუშვებთ, მაშინ გამოდის, რომ სანაიასთვის კასეტის გადაცემის ფაქტი ბათუმმა კარგად გამოიყენა თბილისის დასაშანტაჟებლად და გასაჩუმებლად. თბილისი თუ გაჩუმდებოდა, გაჩუმდებოდა მხოლოდ იმ პირობით, რომ ბათუმიდან წამოღებული სამხილი გამქრალიყო. სამხილი კი აუცილებლად მის წამომღებთან ერთად უნდა გამქრალიყო. ხოლო ბათუმს არ უნდა გაეპროტესტებინა სამხილის მფლობელის გაქრობის პირობა.
ეს იყო შეთანხმება, რომელიც ორივე მხარეს შეუნარჩუნებდა სიმშვიდეს. შესაძლებელია, ამ შეთანხმების ძალით დუმდა ორივე მხარე და დუმს დღესაც.
---------------------------------
რატომ არ მოიშორეს სანაია 26 ივლისამდე?
ცხადია, დაგეგმილ მკვლელობას სჭირდებოდა კარგად დაგეგმილი და ოფიციალურად გასაცხადებელი მოტივის შექმნაც. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მოტივის შესაქმნელად გამოიყვანეს გიორგი სანაია 26 ივლისის ღამით ცირკთან და ეს ფაქტი, სწორედ, იმ ფოტოსურათებსა და კასეტებზე დააფიქსირეს, რომლებიც კახა თარგამაძემ პრეზიდენტ შევარდნაძეს გადასცა. ..ასე რომ, ოფიციალური ვერსიის გასაცხადებლად ძიებას მასალების გამოქვეყნება, წესით, არ უნდა გაჭირვებოდა.
-დღეს, ვარდის სურნელით გაბრუებული პოსტრევოლუციური საქართველო,ვარდის მწარე ეკლებმა გამოაღვიძეს და -
-იყო და არა იყო რა. -იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი!
--------------------
ერთ მხარეს - ”ნაცების” ნაცემი კაცები, მეორე მხარეს კი- ეს ,,არაკაცები”.!
სასურსათო უსაფრთოება ისეთივე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ქვეყნისთვის , როგორც ენერგო უსაფრთხოება !
I R L Y M! ! !
https://www.facebook.com/IntProtest https://CAUCASUSOFFLINE.COM
|