rivennar
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3875
წევრი No.: 19887
რეგისტრ.: 24-May 06
|
#32786787 · 31 Aug 2012, 13:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლევან ბერძენიშვილი: "ეს არჩევნები მიხეილ სააკაშვილის ვატერლოო იქნება"
გაზეთი "ყველა სიახლე" ამ სათაურით აქვეყნებს ინტერვიუს ლევან ბერძენიშვილთან (ფრაგმენტები): "საქართველოს ხელისუფლება ისე წამოაჩენს, თითქოს მათზე ამერიკისა და ევროპის ლაპარაკი და შენიშვნები გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ ლაპარაკის გარდა მათ სხვაც ბევრი რამ შეუძლიათ. მათ აქვთ სერიოზული ეკონომიკური ბერკეტები და პოლიტიკური ზეწოლის სხვა ინსტრუმენტებიც. იზოლაციას, განმხოლოებას, ამერიკისა და ევროპისთვის საბოლოოდ ზურგის შექცევას სჭირდება დიდი რესურსი, რაც სააკაშვილს არ აქვს. ამიტომ, სურთ თუ არა, საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს ის ნება, რომელსაც არჩევნებზე გამოხატავს ქართველი ხალხი, ყველაფერი ქართველი ხალხის ხელშია".
"რაც შეეხება ლაპარაკს იმაზე, რომ სისხლი დაიღვრება და სხვა, ამგვარ განცხადებებს დაუფარავად გულშემატკივრობს ხელისუფლება, ხალხი რომ შეშინდეს და თქვას: ოღონდ ბუნტი და არეულობა არ იყოს და რაც იქნება, იქნება, დარჩნენ ესენი ხელისუფლებაში ცხოვრების ბოლომდე, გადავიტანთო.
არ უნდა დარჩნენ და არც სისხლი დაიღვაროს, ამისი მარტივი საშუალება არსებობს - საჭიროა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე. არავის მოეთხოვება სამოქალაქო გმირობა, საჭიროა, არჩევნებზე გამოცხადება და ვინც ნამდვილად მოგწონს და გეიმედება, იმისთვის ხმის მიცემა.
მიხეილ სააკაშვილი კი არა, ნაპოლეონი დამარცხდა. მართალია, ტანმაღალი არ იყო, მაგრამ სულ ცოტა, 5-6 მიხეილ სააკაშვილს უდრიდა. უამრავი ომი ჰქონდა მოგებული, მაგრამ ბოლოს ისიც დამარცხდა. ეს არჩევნები მიხეილ სააკაშვილის ვატერლოო იქნება".
"ევროპამ აშკარად აგრძნობინა ხელისუფლებას, რომ თუ 1-ლი ოქტომბრის შემდეგ გამოვლენ და იტყვიან, - ფეხებზე მკიდია საზოგადოების არჩევანი, აუცილებლად მე უნდა ვიყო გამარჯვებულიო, ამას არ დაუჭერს მხარს. ეს განცხადებები და ლენინიზმის ხსენება შემთხვევით არ ყოფილა. ხელისუფლებაში ნამდვილად განიცდიან ზემოქმედებას ევროპის მხრიდან, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება.
შესაბამისად, ვფიქრობ, ისინი კანონის დარღვევას ისეთი მასშტაბით, როგორც აქამდე არღვევდნენ, ვეღარ გაბედავენ. ვიმეორებ, განცხადებები არ არის მთავარი - ევროპასაც და ამერიკასაც აქვს არაერთი სხვა ბერკეტიც. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო მნიშვნელოვნად ეხმარება, საქართველოში მილიარდებია დახმარების სახით შემოსული. ამიტომ ვინმემ ამერიკაც ფეხებზე რომ დაიკიდოს და ევროპაც, არ გამოვა".
"მიხეილ სააკაშვილმა აიშენა ისეთი სასახლე, რომლის მსგავსიც არც ერთი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტს არ აქვს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თეთრი სახლიც კი უფრო პატარაა მოცულობით; ის ქმნის ერთპარტიულ სისტემას, ერთი კაცის სურვილით უნდა გადაკეთდეს გორის ციხე, აშენდეს ლაზიკა და ამის შემდეგ კიდევ მე მინდა საბჭოთა კავშირში დაბრუნება?
ხელისუფლება, რომელსაც მინისტრად ნიკა რურუა ჰყავს, წარსულზე ნურავის ელაპარაკება. ავტომატიანი ბანდიტი უზით ქვეყნის კულტურის მინისტრად. მგონი, ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც მოქალაქეები ინტენსიურად წერენ განცხადებებს, ჩემი ქონება მინდა ვაჩუქო სახელმწიფოს თუ ამა თუ იმ პირსო. ყველა ბიზნესში ხელისუფლების წარმომადგენლები უფათურებენ ხელს.
ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა, რომელშიც განათლებული ადამიანი იცხოვრებს უკეთესად, ვიდრე გაუნათლებელი, დღეს კი ამ ქვეყანაში გაუნათლებელი პრეზიდენტი ყველაზე უკეთ ცხოვრობს. ადამიანი, რომელმაც მგონი წერა-კითხვაც აღარ იცის, ხომ ნახეთ, ახალციხეში "ვეფხისტყაოსნის" პირველი სტროფი, რომელიც ყველა ქართველმა იცის, დაწერილიც რომ ვერ წაიკითხა სწორად. ეს ხალხი აშენებს საბჭოთა კავშირზე უარეს ქვეყანას".
"სხვის რუსოფილობაზე ლაპარაკს შეეშვან და საკუთარს მიხედონ. რუსეთის უშიშროების გენერალია პრეზიდენტის ბიძა, ბატონი თემურ ალასანია. ზუგდიდში მაჟორიტარად როლანდ ახალაიას წარდგენისას პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძემ მოგვახსენა, რომ თურმე ახალაიების ოჯახი ყოფილა ამ ქვეყნის სიმბოლო. არადა ახალაიების ოჯახი, მამაც და მისი ორი შვილიც, კრიმინალური მენტალობის ადამიანები არიან. მოვა დრო, სამივე ახალაია საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება. ისე, ეს ბაქრაძეც ვინ არის?! ეგ ის კაცია, რუსებთან დანა-ჩანგლით ბრძოლისკენ რომ მოგვიწოდებდა. ერთ-ერთი ყველაზე უმწეო პოლიტიკანია საქართველოში".
"სხვათა შორის, თავის დროზე როლანდ ახალაია კორუფციის გამო გააძევეს პროკურატურიდან, მე იმჟამად ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი. მახსოვს, ჩემთან ჩამოიყვანეს, მთხოვდა, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაში დავხმარებოდი. ჩემდა ჭირად, მე შევუწყვე ხელი მაგათ შეხვედრას. ასე ცდილობდა ვითომ სიმართლის პოვნას. ეს კაცი იყო კორუმპირებული პროკურორი, ახლა კი სურს მთელი სამეგრელოს დაჩოქება და დატერორება".
"ჩვენ ახლა ვაწყობთ საპარლამენტო არჩევნებს იმ კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც მოქმედებს. დღეს არ წყდება საქართველოს სახელმწიფო მოწყობის საკითხი. ეს არის სამომავლო საკითხი და არა ერთ დღეში გადასაჭრელი, როგორც მიხეილ სააკაშვილს ჰგონია, როცა კონსტიტუციას მიადგება და ჭრის წაღმა-უკუღმა.
ბიძინა ივანიშვილმა გასაგებად თქვა, სამომავლოდ გადავწყვიტოთ ეს საკითხი და ამისთვის იქნებ რეფერენდუმიც მოვაწყოთო. რა არის აქ დასაბნევი? ჩვენ განსაზღვრულ საკითხებზე განსხვავებული აზრი რომ გვაქვს, იმიტომ შევქმენით კოალიცია, თორემ ერთ პარტიად გავერთიანდებოდით.
სხვათა შორის, "ნაციონალური მოძრაობა" ლიბერალად აცხადებდა თავს და იმჟამად, როდესაც მეც ევროსაბჭოს დეპუტატი და ლიბერალური ფრაქციის წევრი ვიყავი, ეგენიც ჩემთან ერთად იყვნენ, დღეს კი ევროპის სახალხო პარტიის წევრები არიან, ახლა აცხადებენ, რომ ლიბერალები კი არა, კონსერვატორები ყოფილან. მოკლედ, მაგათ საკუთარი იდეოლოგია ვერ განუსაზღვრავთ და ვისზე რას ამბობენ".
ვახტანგ ხმალაძე: "ნაცმოძრაობა" ალიბის იკეთებს"
გაზეთი "რეზონანსი" ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს (ფრაგმენტები): "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ "ნაციონალების" დაფინანსების გამო ხუთი ადამიანი მხოლოდ "დასანახავად დააჯარიმეს" და ამას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებს უკავშირებს - შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭოსა და ეუთო-ს მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გამოყენებული ფინანსური სანქციები პრობლემას წარმოადგენს და ამ ძალას საარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება არ ეძლევა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კი ჯერ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს დადებული ინკასო შეუჩერდათ. შემდეგ კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "ნაციონალებისთვის" გადარიცხული თანხის გამო ხუთი ადამიანი დააჯარიმა, რაზეც ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ეს "ალიბისთვის გააკეთა".
"პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ გვარების გამოუქვეყნებლობა არის კარგი და სწორი. არასწორი და ძალიან ცუდი იყო ის, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერების გვარებს ასახელებდნენ. თუ ადამიანს არ უნდა, რომ მის შესახებ ასეთი ინფორმაცია საჯარო გახდეს, ხელისუფლება ამას არ უნდა აკეთებდეს. მაგრამ თუკი ოპოზიციასთან დაკავშირებით დაჯარიმებული პირების ვინაობა საჯარო გახადა, კეთილი ინებოს და იგივე ახლაც გააკეთოს. იმის გამო, რომ მათი ვინაობა არ სახელდება, ნამდვილად საფუძვლიანი ეჭვია, რომ არავინ არ დაუჯარიმებიათ. გარდა ამისა, არის კიდევ ძალიან ბევრი კითხვა.
პირველი ის, რომ რაოდენობებს თუ შევადარებთ ერთმანეთს, რამდენით დაჯარიმდა "ქართული ოცნება" და რამდენით "ნაციონალური მოძრაობა", მეორე - რამდენი ადამიანი დაჯარიმდა ერთიდან და მეორიდან. ამ მონაცემების შედარებისას იმხელა განსხვავებებს ვნახავთ, რომ კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტი იქნება. ამასთან, "ნაცმოძრაობას" ეს დაჯარიმება არ გაუპროტესტებია. "ქართულმა ოცნებამ" კი ყველა დაჯარიმება გააპროტესტა და არც ერთი პროტესტი არ დაკმაყოფილდა. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ "ნაციონალები"დაჯარიმდნენ იმისთვის, რათა შემდგომ თქვან, ჩვენ ყველას ერთნაირად ვაფასებთ, კანონის გამოყენება შერჩევით არ ხდებაო".
"მხოლოდ ამისთვის გაკეთდა და ეს სავსებით ცხადია. ჩვენ შეგვიძლია, გავიხსენოთ "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა დაჯარიმების მრავალი შემთხვევა, რომელიც ნათლად მიუთითებს, რომ არანაირ სამართლიანობასთან, კანონის დაცვასა და ობიექტურობასთან არ გვქონია საქმე. გუშინ იყო ასეთი ინფორმაცია, რომ ფოთში დაიბარეს ადამიანი, რომელმაც 10 ლარი შესწირა "ქართულ ოცნებას" და მეორე შემთხვევას გავიხსენებ, "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორის, ნოდარ ჯავახიშვილის დაჯარიმებას, როდესაც ნოდარ ჯავახიშვილმა თავისი შემოსავლის თაობაზე ყველანაირი საბუთი წარადგინა. მას ჰქონდა ყოველთვიური შემოსავალი, თუ არ ვცდები, 10 ათასი ლარი და, როდესაც "ქართუ ბანკიში" შევიდა სახელმწიფოს მიერ დანიშნული მმართველი, მან ჯავახიშვილს კომპენსაციის სახით ჩაურიცხა 20 ათასი ლარი, საიდანაც 17 ათასი ლარი მან შესწირა "ქართულ ოცნებას" და ის დააჯარიმეს ხუთმაგი ოდენობით. როდესაც ასეთი ფაქტები არსებობს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რაც უნდა თქვას, რომ "ნაცმოძრაობის" შემომწირველებიც დავაჯარიმეთო, ამას გონიერი არანაირად არ მიიღებს იმად, რადაც უნდა გასაღება ამ ქმედებისა".
"საქმე ის არის, რომ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებიცა და ხელისუფლებაც ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ აბსოლუტურად არაგონივრულად. თანაც ისეთ რამეებს, რაც მათთვისვე უარესია. მაგრამ, როგორც ჩანს, პანიკაში არიან ჩავარდნილი და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ამით უნდათ, ერთგვარი ალიბი გაიკეთონ, რომ მარტო ერთ ძალას კი არ ერჩიან, არამედ იბრძვიან კანონის დაცვისთვის. მაგრამ ამის ვის ჯერა? არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, საერთაშორისო ორგანიზაციების ეს განცხადებები განხილული იქნას, როგორც ტრაფარეტული განცხადებები. ვინც ამას იტყვის, მოიტანონ სხვა განცხადებები, სადაც მსგავს რამეს ამბობენ ეს ორგანიზაციები".
"ეს იყო ძალიან სერიოზული განცხადებები და ამიტომაც მოჰყვა ჯერ ინკასოს აღსრულების შეჩერება. რა, ერთბაშად კეთილი გახდნენ და ამიტომ შეაჩერეს იძულებითი აღსრულება და პარტიებს ინკასო ამიტომ მოუხსნეს? ცხადია, ეს არის იმის მცდელობა, რომ როგორმე უკეთესად წარმოაჩინონ საკუთარი თავი. პარტიები ვერ სარგებლობენ - ინკასოს მოხსნა საკმარისი არ არის. პარტიამ რომ ისარგებლოს, აუცილებელია, ანგარიშზე შეტანილი იქნას თანხა და 10 ლარის შემწირველს იბარებენ და ვინმემ რამე რომ შესწიროს, მას ელის ხუთმაგი ჯარიმა და ბევრია ამაზე წამსვლელი? რა თქმა უნდა, ყველაზე ეფექტიანი ზემოქმედება არის ჯარიმები, ყადაღა, ინკასო, როდესაც ყოვლად გაუმართლებლად უამრავი ადამიანი დაჯარიმდა. დიდი ჯარიმები რომ დაეკისრათ, ვერ გადაიხადეს, მერე დაუყადაღეს ქონება, შემდეგ გაუყიდეს ეს ქონება და იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ქონება ვერ გაიყიდა და სახელმწიფო საკუთრებაში მიაქციეს. ეს ქონება იყო ამ ადამიანების საცხოვრებელი საშუალებები და ამის გარეშე დარჩნენ. წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან ეს ადამიანები".
"პარტიის შემთხვევაში კი ინკასოს დადება ნიშნავს, რომ ეს პარტია ვერანაირ მომსახურებას ვერ შეისყიდის. ანუ, ვერ წარმართავს წინასაარჩევნო კამპანიას. ევროსაბჭოსა და ეუთო-ს განცხადებების შემდეგ კი იძულებითი აღსრულება კი არ მოხსნეს, უბრალოდ, შეაჩერეს. მაგრამ არ შეჩერებულა ის პროცედურა, როდესაც შემოწირულობას უკანონოდ მიიჩნევენ და შემომწირველებს ისევ ისე აჯარიმებენ. ანუ, ისევ შეკრული წრეა. გარდა ამისა, გამოიყენება სხვა მეთოდები სრულიად უკანონოდ. ფიზიკურ პირები, რომლებსაც ანგარიშები ბანკში აქვთ გახსნილი, ვერ სარგებლობენ პლასტიკური ბარათებით და, როდესაც ბანკში მიდიან, მათ პასუხობენ, რომ ტექნიკური ხარვეზია და გამოსწორდება. ზოგიერთ მათგანს ეს თანხა ბანკიდან აუღია. მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ამ ადამიანებს აღერიცხებათ დიდი ოდენობით დავალიანება. ასეთი შემთხვევა იყო ძალიან ბევრი და ხდება ყველა ბანკში. პასუხი ყველგან ერთია, რომ ეს არის სისტემაში მომხდარი ტექნიკური შეცდომა და ეს გამოსწორდება. მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ ყველა ბანკის სისტემაში ერთდროულად ხდებოდეს ასეთი შეცდომა და ამასთან, ეს შეცდომები მაინცდამაინც იმ ადამიანების მიმართ ხდება, რომლებიც არიან "ქართული ოცნების" აქტივისტები".
This post has been edited by rivennar on 31 Aug 2012, 13:17
--------------------
YOU EITHER GET TIRED FIGHTING FOR PEACE, OR YOU DIE... JOHN LENNON
|