http://www.presa.ge/new/?m=society&AID=13809რა უთხრა სოლომონ ქიმერიძემ სიკვდილის წინ ექიმს?
14:07 29.02.2012
[სოფო ედიბერიძე]
ხაშურის პოლიციის შენობაში, ბრალდებულმა სოლომონ ქიმერიძემ სიცოცხლისთვის შეუთავსებადი ტრამვები მიიღო. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და გამოძიება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს, თუმცა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დასკვნებს წინასწარ აკეთებენ.
,,პრესა.ჯი’’ შეეცადა გაერკვია რა მოხდა ხაშურის პოლიციის სამმართველოში და რატომ გარდაიცვალა ქურდობაში ეჭვმიტანილი ქიმერიძე. შს სამინისტროს ინფორმაციით: ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოში, ა/წ 27 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბინის ქურდობის ფაქტზე.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი 1965 წ.დ. სოლომონ გივის ძე ქიმერიძე. დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე, ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან, მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას, კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე გადაყვანილი იქნა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში.
მიმდინარე წლის 28 თებერვალს, სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრავმების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა.’’
რა ჩივილებით იქნა შეყვანილი ხაშურის საავადმყოფოში სოლომონ ქიმერიძე, ამის გასარკვევად ,,პრესა.ჯი’’ ხაშურის საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს, თემურ მძინარიშვილს დაუკავშირდა.
– ბატონო თემურ, რა დაზიანებებით შემოვიდა სოლომონ ქიმერიძე თქვენს კლინიკაში?
– ტრავმული შოკი იყო, სხვადასხვა დაზიანებები ჰქონდა... იყო საკმაოდ მძიმე დაზიანება, პრაქტიკულად შეუთავსებელი სიცოცხლესთან.
– 28 თებერვალს შემოიყვანეს პაციენტი და ამავე დღეს გარდაიცვალა? რამდენ ხანს იყო იგი კლინიკაში?
– დიახ. მე ამდენი ინფორმაციის გაცემის უფლება რამდენად მაქვს არ ვიცი, კლინიკაში იყო დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში.
– შესაძლოა დაზიანებები, რომელიც პაციენტს აღენიშნებოდა, მას დაცემის შედეგად მიეღო?
– თვითონ განაცხადა სიმაღლიდან ჩამოვვარდიო, გარემოებები არ დაუკონკრეტებია. მოყვანისას პაციენტი კონტაქტური იყო.’’
This post has been edited by 7171 on 2 Mar 2012, 23:39