iaiameri
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 18596
წევრი No.: 76357
რეგისტრ.: 28-November 08
|
#30224340 · 15 Mar 2012, 23:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოთახში ისე ცივა, როგორც გარეთ … ახალგაზრდა დედა მანანა თავისი ლოლიტას გასაჭირზე მიამბობს. დრო და დრო გული ისე ამოუჯდება, თავს ვეღარ იკავებს და ხმამაღლა მოსთქვამს…… ეს სიმწრის ცრემლები ლოლიტას ეცემა ავადმყოფობისაგან ფერდაკარგულ, გამხდარ სახეზე და იშმუშნება, დედას პატარა ხელებს უმარჯვებს, გამითბეო და ისიც, სულისშებერვით ცდილობს , როგორმე გაათბოს მუჭშიმოქცეული გამხდარი ხელები … გაოგნებული და თან, დარცხვენილი ვუსმენ… არაფერი დამიშავებია, თუმცა, გულწრფელად მრცხვენია, რადგან მეც ამ ტანჯული ქვეყნის შვილი ვარ, ლიახველი და აგერ, ჩემს გვერდით კი ერთ პატარა კეხველ გოგონას, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შია! ბევრს ვერაფერს ხვდება თავისი ავადმყოფობის შესახებ, თუმცა, იცის, რომ სხვა ბავშვებისაგან გამორჩეულია და სულ წამლებს ასმევენ …სადაც ბევრი ხალხია, იქ არ ამყოფებენ, მას კი ბავშვებთან თამაში ყველაფერს ურჩევნია, მაგრამ ტკივილი არ აძლევს ამის საშუალებას… ***** ზვიადი და მანანა ორ შვილთან, ლოლიტასთან და ლუკასთან ერთად 2008 წლის ცნობილ ,,იძულებით გადაადგილებამდე’’ დიდი ლიახვის ხეობაში, სოფელ კეხვში ცხოვრობდნენ. გულში ჩახუტებული გადმოიყვანა მამამ ბავშვი, დროებითი მუდმივად იქცა და ასე აღმოჩნდნენ დევნილთა ყველაზე დიდ დასახლებაში, წეროვანში. როგორც მშობლები ამბობენ , ლოლიტას წეროვანში გადმისახლებამდე არასოდეს ჰქონია ჯანმრთელობის პრობლემა. არასრულფასოვანმა საკვებმა და ბავშვისთვის შეუფერებელმა საცხოვრებელმა პირობებმა , ლოლიტას ჯანმრთელობა საგრძნობლად შეარყია . ამჟამად ის ჯერ მხოლოდ 5 წლისაა და ერთ-ერთი სერიოზული დაავადება_ თირკმლის ნეფროზული სინდრომი დაუდგინდა.
ოჯახის მატერიალურად ძალიან უჭირს . მათი შემოსავლის ძირითადი წყარო ზვიადის მწირი გასამრჯელოა , რასაც წეროვანის სასათბურე მეურნეობაში უხდიან, ამას ის სოციალური დახმარების 100 ლარიც ემატება, ქურთიდან დევნილმა მუნიციპალიტეტმა რომ გამოყო მათთვის წამლების შესაძენად . მანანას მშობლები გორის რაიონში , კირბალში , ცხოვრობენ და შეძლებისდაგვარად , სოფლის პროდუქტით ეხმარებიან , ხანდახან პენსიით სათავისიდ ვერ ყიდულობენ წამლებს და ლოლიტას უზოგავენ… მეორე ბებიასაც, რახანია პენსია აღარც-კი მოუკითხავს … ამ სახსრებით კი, სამწუხაროდ, ასეთ მძიმე სენთან ბრძოლა , შეუძლებელია … ****** ,,_ რამდენჯერ გვითხრეს , გააგებინეთო ტელევიზიას, პრესასა ამ ბავშვის ამბავი… ჩვენ კი გვერიდებოდა, ვთაკილობდით,_ მიამბობს მანანა, ახლა კი ძალიანაც ვნანობ…. მეუბნება მკურნალი ექიმი, რომ საწყის სტადიაზე სწორად თუ წარიმართებოდა მკურნალობა, დღეს ლოლიტა ამ დღეში აღარ იქნებოდა და ეს უფრო მიხეთქავს გულს! ნეტა, მოვიდნენ და ნახონ, რა პირობებში ვართ, ამ საყინულე ოთახებში, გაზიც რომ გადაგვიკეტეს! ან რა მაქვს სადილი ამ საცოდავისთვის, ან რატომ ვეღარ მიმყავს ექიმთან კონსულტაციაზე, გზის ფულიც რომ არ გამაჩნია! გავმწარდი ამ ლოდინით და მათხოვრობით , რა დავაშავეთ! შვილი ხელებში მიკვდება, ჩემს თვალწინ ილევა, იტანჯება და მე რა დედა ვარ, ვერაფერს ვშველი რა, თავიც რომ მოვიკლა, რა შეიცვლება, ცოცხალი ვარ და რა… “
მანანა ისე გულსაკლავად ტირის, რომ იტყვიან ქვას აატირებს… პატარა ლოლიტა დედას შესცქერის თვალებში და უსიტყვოდ ემუდარება, ხელები გამითბეო… ბავშვს ისე ერიდება , ჩემსკენ ვერ იყურება და ცდილობს, დედას უჩურჩულოს : ,, თბილი რძე მინდა და კიდე არა გვაქ ? ” მანანას ვთხოვე , იმ დღისთვის განკუთვნილი ბავშვის სადილი ეჩვენებინა და მოიბოდიშა , სამარცხვინოა, ზეთით მომზადებული მაკარონიანი ტყუილი სუპი უნდა ვაჭამოო ! ლოლიტა კი ისევ დედას შეჰყურებდა , _ ნახევარი ჭიქაც არა გვაქვსო ?
,,_ რა სიცოცხლეა, საღ-სალამათი ბავშვი გამოვიყვანე , დღეს კი რა დღეში ჩავცვივდით, მათხოვრებათ ვიქეცით. გაზაფხულზე მცხეთის საავადმყოფოში დავაწვინეთ ბავშვი და ექიმი ხშირად ამისი კვების რაციონით ინტერესდებოდა, ჩამომიწერდა იმ დღისთვის აუცილებელ პროდუქტს _ ხაჭო, თაფლი, ხორცი, თევზი, უმარილო ყველი… მე უხმოდ გამოვართმევდი ამ სიას და მერე აღმოჩნდებოდა, რომ ბავშვს ისევ ტყუილი სუპი ვაჭამე. მაშინ , როცა ექიმმა უგულო და უყურადღებო დედა მიწოდა, მწარედ ავტირდი და გამოვუტყდი, რომ არ მქონდა ამ პროდუქტების ყიდვის საშუალება.…ექიმი ჩამეხუტა და საავადმყოფოს დერეფანში ორივე ერთად ვტიროდით.…იმ დღის მერე , ლოლიტას საკვები ხან ექიმს, ხან ექთანს, სანიტარს და ტექნიკურ პერსონალს შემოჰქონდა. ამჟამად თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში ვმკურნალობთ, მისი მკურნალი ექიმი ქალბატონი მარინა ძიძიგურია….სადაზღვევო კომპანია ,,ჯიპიაი’’ გვეუბნება, რომ ანალიზები და კონსულტაცია მათ მომსახურებაში შედისო, მაგრამ თბილისის ექიმები ანალიზების აღებას თილისში გვირჩევენ-და,,, არადა, თვეში 2-3 –ჯერ მაინც აუცილებელია. გადასხმა გავუკეთეთ , გერმანიაშიც გავაგზავნეთ ანალიზები, ბიოფსია გავაკეთეთ 2000 ლარამდე დაჯდა და სადაზღვევო კომპანიის გარდა, წეროვანის მოსახლეობაც დაგვეხმარა _ ვისაც რამდენი შეეძლო, იმდენი თანხა აჩუქა ლოლიტას. ახლა ვეღარც ამ გადასხმას ვუკეთებთ , 700 ლარი ჯდება და რა უნდა ვქნათ, არ ვიცი ! ჩვენი ახლობელი, მარი, უკვე წლებია, რაც გერმანიაში ცხოვრობს, ეცოდება ბავშვი და გვეხვეწება, როგორმე გზის ფული მაინც მოვიძიოთ, რომ იქამდე ჩავიყვანოთ, აქ მშიერს მაინც არ ვამყოფებო… მარინა ექიმი მეუბნება , რომ ამ ვერაგ დაავადებასთან სხვანაირი მოპყრობაა საჭირო, ჰაერის გამოცვლა და სრულფასოვანი კვება , მედიკამენტებთან ერთად, ლოლიტასთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია…გვირჩევს აგერ, ლაგოდეხში მაინც წაიყვანეთო და რა უნდა ვქნა , როგორ წავიყვანო, იქ ნათესავიც არავინ გვყვავს, რომ ცოტა ხანი თავი შევაფაროთ!
ერთხელ მოვახერხე და პირადად შევხვდი ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს, რომელიც ჩვენი სოფლიდან არის , კეხვიდან და მან 100 დოლარი გვაჩუქა მერე 50 ლარი, მერე კიდევ ვთხოვე დახმარება და სულ 400 ლარით კი დაგვეხმარა, .უმადური არა ვარ, მაგრამ რა ვქნა, ჩემი საცოდავი ლოლიტას წამალი რომ ძალიან ძვირი ღირს და ვერ ვყიდულობ !თურმე, რომ გაგიჭირდება, მერე თავმოყვარეობა სადღა გახსოვს! რა უნდა მექნა, მივადექი დახმარების სათხოვნელად დროებით ადმინისტრაციას , დიმიტრი სანაკოევან მივედი, მოვუყევი ჩემი უბედურების ამბავი და 500 ლარი მოგვცეს… ბოლოს ქურთიდან დევნილი მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც მივედი, მათ სოციალური პროგრამის გათვალისწინებით მედიკამენტების შესაძენად ჩაგვსვეს ამ პროგრამაში და დაგვინიშნეს 100 ლარი. ეს თანხა ისეთი დაავადებისთვის, როგორიც თირკმელების ნეფროზული სინდრომია , ძალიან ცოტაა და დახმარების სათხოვნელად ისევ ხეობის დევნილ მთავრობას მივმართე . საკრებულოს თავმჯდომარემ, გოდე ნებიერიძემ თავისი უხეში და უტაქტო პასუხებით ეს გამწარებული ქალი ისე გამომიყვანა მდგომარეობიდან, რომ ახლაც მიკვირს, როგორ მოვახერხე სიტყვის შებრუნება…
ჩემი პატარა გოგონა ჯანმრთელი წამოვიყვანე და ამ პირობებში დამიავადდა, ჩვენ უფროსობას კი ჩემი მოსმენაც აღარ უნდათ, გული გაგვიწყალეო! მაშ რა ვქნა, შვილი ხელიდან მეცლება და მადლობები შევუთვალო?! რა მადლობა ვთქვა , ახლა ის კადრები მახსენდება, გორის ქუჩაში რომ ხნიერ ქალს დაჭრილი ქმარი უკვდება და ქვეყნის გასაგონად ყვირის,- მიშველეთ ხალხო…… იმ სურათმა მთელი მსოფლიო შეძრა და ზუსტად მაგ ჭკუაზე ვარ ახლა, იქნებ ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდეს და ჩემი ლოლიტა გადამირჩინოს! ***** ვიდრე ლოლიტას გასაჭირს თქვენამდე მოვიტანდი, გადავწყვიტე წეროვანში განთავსებული ქურთის საავადმყოფოს ექიმ-პედიატრის, ხათუნა კასრაძის კომენტარი გამეცნო . აი, რას ბრძანებს ექიმი, რომელიც ადასტურებს , რომ ,,ლოლიტა მართლაც ჯანმრთელი დაიბადა ქურთის საავადმყოფოში და პრობლემებმა თავი იჩინა მხოლოდ წეროვანში. ბავშვი ხშირად ცივდებოდა, მშობლები კი , სხვა ბევრი წეროვანელის მსგავსად, ვერ ათბობდნენ საცხოვრებელ ფართს. ამას ემატებოდა სხვა ელემენტარული პირობების არქონა… ფაქტიურად, იძულებით კატორღულ დიეტაზე იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი და მშობლის თავდაუზოგავი მცდელობისა და მონდომების მიუხედავად, ვერაფერს გახდა. … სამწუხაროდ, დღეს უკვე შედეგიც სახეზეა .”
ლოლიტას დიაგნოზთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვე ასევე იაშვილის კლინიკის ექიმ-პედიატრს , ქალბატონ მარინა ძიძიგურს , რომელიც აცხადებს, რომ ,,ხელაღებით მტკიცება ბავშვის ჯანმრთელობაზე , ვიდრე წეროვანში ჩასახლდებოდნენ, შეუძლებელია, რადგან პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყველა ადამიანში ძევს რაღაცა მარცვალი, პირობითად, კოდი რომელიმე ავადმყოფობისა, ანუ, ყველას გვაქვს ჩვენი სუსტი წერტილი და ის პროვოცირებას ელის…… ასე მოხდა, სავარაუდოდ, პატარა ლოლიტას შემთხვევაში. ამ დაავადებასთან ბრძოლა შეუძლებელი არა, მაგრამ რთულია და ის სხვა უამრავთან ერთად, ცილით გაჯერებულ საკვებს მოითხოვს, რაც, სამწუხაროდ, ლოლიტას არათუ აკლია, პრაქტიკულად, არ აქვს. მედპერსონალი ძალ-ღონეს რ ვიშურებთ, რომ როგორმე ამ პატიოსან ოჯახს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ, მაგრამ…’’
პ.ს. თვალცრემლიანი დავემშვიდობე მანანას … გარეთ სუსხი და წეროვანისთვის კარგად ნაცნობი ქარიანი ამინდი ხომ მოსვენებას გიკარგავს ადამიანს! მივყვებით მოხრეშილ გზას მე, მანანა და პლედშემოხვეული პატარა ლილიტა , რომელსაც თავი გულსაკლავად დაედო დედიკოს მხარზე… იმედიანი თვალებით მიმაცილებს და ბოლოჯერ მთხოვს მანანა, მის ნათქვამს არაფერი მოვაკლო…
|