ოლიტიკა
17:02 / 04-04-2012
არჩილ კბილაშვილი სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს
ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" პირველი კომენტარი გაკეთდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლემა, არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მოქმედი კანონმდებლობა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას სწორედ იმ პირობებში ითვალისიწინებს, როცა პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
"როგორც იურისტმა შემიძლია, 100 %-ით განვაცხადო, რომ ეს არის უკანონო გადაწყვეტილება. აღნიშნულის დასტურად შემიძლია მიგითითოთ პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის # 34 ბრძანებულება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღების წესს შეეხება. ამ დებულებას თან ერთვის განცხადების ფორმის დანართი, რომლითაც მიემართება საქართველოს პრეზიდენტს. დანართის 11-ე პუნქტში არის ასეთი შინაარსის ჩანაწერი: "ჩემი თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში თანახმა ვარ, უარი განვაცხადო ამა და ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე". ეს ნიშნავს, რომ პირი, რომელიც პრეზიდენტს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართავს, იმ მომენტისთვის რომელიღაც ქვეყნის მოქალაქეა", - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის გარდა არსებობს 1996 წელს მიღებული კონვენცია, რომელიც აპატრიდი პირების არსებობას კრძალავს.
"აპატრიდი ჰქვია პირს, რომელსაც მოქალაქეობა არ აქვს. ადამიანი თავისთავად ციდან არ ცვივა და ბუნებრივია, მას რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა აქვს. ასე რომ, თუ ხელისუფლების გადაწყვეტილებას სამართლებრივად შევხედავთ უკანონოა და ჩვენ მას სასამართლოში გავასაჩივრებთ, რაც შეეხება პოლიტიკურ რეაგირებას, ამის თაობაზე გადაწყვეტილება მოგვიანებით მიიღება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა.
ამასთან, კბილაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ივანიშვილის მოთხოვნაზე უარის თქმა.
"იუსტიციის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება არის შუალედური დასკვნა, რომელიც პრეზიდენტმა ან უნდა გაითვალისწინოს, ან არა. ვადა ხვალ იწურება და მხოლოდ იმის შემდეგ შეიძლება შეფასდეს უარის თქმად, თუკი ქვეყნის პირველი პირი მას დაეთანხმება", - აღნიშნა კბილაშვილმა.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრმა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით დასკვნა დღეს გაავრცელა. დასკვნის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს.
ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდათ. მოგვიანებით, სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება მხოლოდ ეკატერინა ხევდელიძის მიმართ გააუქმა. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღება მოითხოვა.
"ინტერპრესნიუსი"
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/politika/50913-archil...l#ixzz1r5D65EJQ