სიცრუე....... წაიკითხე დღევანდელი "ვერსია"
გიორგი თარგამაძე: ,,სრული იდიოტი უნდა ვიყო, ვინმე დავარწმუნო, რომ ხელისუფლებას არ შევუთანხმდი _ პირიქით!''
ორშაბათი, 09 აპრილი 2012 17:33
ქრისტიან-დემოკრატებმა ბიძინა ივანიშვილისთვის ყველანაირი პოლიტიკური აქტივობის უფლების მინიჭების ინიციატივა პარლამენტში უკვე ოფიციალურად წარადგინეს. ამ საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, ივანიშვილს პარტიის დაფუძნება-დაფინანსების უფლებაც აქვს, საარჩევნო სიის პირველნომრობისაც და პრემიერ-მინისტრობისაც. დეპუტატების რეაქცია კი არაერთგვაროვანი აღმოჩნდა: დავით ბაქრაძე ინიციატივას მიესალმა, არჩევნები უფრო კონკურენტული იქნებაო. კმაყოფილი ჩანდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილიც, ივანიშვილის მოქალაქეობაზე პოლიტიკური სპეკულაციები დასრულდებაო. უკმაყოფილო მარტო თავად ივანიშვილი და მისი საპარლამენტო მხარდამჭერები დარჩნენ _ ჯონდი ბაღათურია გიორგი თარგამაძეს ინიციატივის უკან გატანას ურჩევდა, გიორგი ცაგარეიშვილი შფოთავდა, ამ საკონსტიტუციო ცვლილებაში უთანასწორობის პრინციპს ვხედავო, ბიძინა ივანიშვილმა კი თარგამაძეს სულ ნაციონალების ადვოკატი ეძახა. შედეგი ერთია _ კომისია საკითხს რეგიონებში გაიტანს, 5 მაისამდე სახალხო მსჯელობის საგნად აქცევს და 5 მაისიდან ორ კვირაში კანონსაც დაამტკიცებს. ვინ ვის გაურიგდა, ვინ რა ქულები ჩაიწერა და ვინ რატომ დარჩა უკმაყოფილო _ ,,ვერსიისთვის'' სიტუაციას ,,მშვიდობის ფლაგმანი'' გიორგი თარგამაძე ხსნის:
_ თუ ვინმეს ჰგონია, ამას ბიძინა ივანიშვილისთვის ვაკეთებ, ძალიან შემცდარა. ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ ბატონი ბიძინა ლეგიტიმურად მონაწილეობდეს პოლიტიკურ პროცესში და არ ექმნებოდეს ხელოვნური ბარიერი სააკაშვილისგან. ჩვენი აზრი ჯერ კიდევ სექტემბერში დავაფიქსირეთ და დამოკიდებულება მას მერე არ შეგვიცვლია. ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ადამიანური, პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით ეკუთვნის და მას ამ უფლებისთვის ბრძოლაში ყოველთვის მხარს დავუჭერთ. 2 თვეა ამაზე ვფიქრობთ _ ოღონდ, როგორ ვუშველოთ ბიძინას კი არა, როგორ ვუშველოთ საარჩევნო პროცესის სწორად განვითარებას.
_ რაც ივანიშვილი გამოჩნდა, მას მერე თქვენი პარტიის მიერ ბარიერის გადალახვა-არგადალახვის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და უფრო პრაგმატულად ამიხსენით, რატომ ეხმარებით მთავარ კონკურენტს?
_ ვფიქრობდით, ეს საქმე ისე როგორ გაგვეკეთებინა, რომ ჩვენ წინადადებაზე ხელისუფლებას უარი ვერ ეთქვა, რადგან მათი ხმების გარეშე ინიციატივას პარლამენტში, უბრალოდ, ვერ გავიტანდით. როგორ გაგვეთვალისწინებინა ისიც, რომ სააკაშვილი ვირზეა შემჯდარი და იქიდან არ ჩამოდის. რამდენიც უნდა იძახო, ჰალვა, ჰალვაო, პირში მაინც არ გატკბილდება, ფაქტია, ეკუთვნის ამ კაცს მოქალაქეობაო-ძახილითაც, არ აძლევდნენ, ხომ, ამიტომ ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ისეთი წინაპირობა მოვხსნა, რაც ახალ სამოქალაქო დაძაბულობას, პროცესის რადიკალიზაციასა და ესკალაციას გამოიწვევს. ამას გარდა, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას, მოწონს თუ არა ის, როგორც პოლიტიკოსი. ასე რომ, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ხალხს რა აწუხებს და რას ითხოვენ ამომრჩევლები. ისიც ფაქტია, რომ ჩვენ ინიციატივაზე ვეღარც ხელისუფლება ამბობს უარს. ჩემი მთავარი ამოცანა იყო, ივანიშვილს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის პრობლემა მოხსნოდა. დიახ, მე კარგი საქმე გავაკეთე! ჰოდა, ხელისუფლების ინტერესი სად დავიჭირე და რა ფორმით გამოვიყენე, ეს უკვე ჩემი საქმეა. ჩვენ გამოსავლის არა მხოლოდ მძებნელი, არამედ მპოვნელი პარტიაც ვართ და ესეც ამის კონკრეტული მაგალითია.
_ ხელისუფლებამ მოიგო ის, რომ ჩიხიდან გამოიყვანეთ. ივანიშვილმა მოიგო ის, რომ პოლიტიკური პროცესის სრულფასოვანი მონაწილე გახდება. რა მოიგო გიორგი თარგამაძემ?
_ ის, რომ წაგებული არავინ დარჩენილა და ივანიშვილთან ერთად მოიგო მთელმა ქვეყანამ. სწორედ ესაა ჩემი პრაგმატიზმი. ხალხი, ვინც ხმას მაძლევს, ან მომავალში მომცემს, იმ ნაწილს განეკუთვნება, ვისაც ტალახსა და ნაგავში ამოსვრილი ლიდერები კი არა, მოწესრიგებული მმართველები სჭირდება. ისეთი, ვინც მის პრობლემეზე ფიქრობს და არა ერთმანეთის ცხვირ-პირის დასისხლიანებაზე. ჩვენმა წინადადებამ კი შედეგი გამოიღო და უკმაყოფილო არავინ დარჩა.
_ უკმაყოფილო რჩება ბიძინა ივანიშვილი და აცხადებს: ,,ხელისუფლების ადვოკატმა და დანამატმა გიორგი თარგამაძემ ამ განცხადებით კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე. ის არის ნაციონალური მოძრაობის ჩვეულებრივი წევრი''...
_ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ დამფუძნებელ-დამფინანსებელ ივანიშვილს მსურს შევახსენო: თუ ჩემი ,,ადვოკატობით''Yმის დაქირავებულ და პოლიტიკურ ადვოკატებზე უკეთესი რამის მოფიქრება შემიძლია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მის მიერ კადრების შერჩევისას გამოვლენილი ტრაბახი არცთუ საფუძვლიანია.
_ მეც შეგახსენებთ, რომ გიწოდებენ ივანიშვილის ადვოკატებსა და საპარლამენტო სპიკერებს, რადგან სულ იმ საქმეს აკეთებთ და რატომ?
_ იმიტომ, რომ მისი მომხრეები ხშირად საერთოდ ხმას არ იღებენ იქ, სადაც ხმაა ამოსაღები. რაც შეეხება ამ ეპითეტებს _ ივანიშვილი უკმაყოფილო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მის ამოცანას საარჩევნო პროცესში მონაწილეობა კი არა, ამ თემაზე თვეების მანძილზე საუბარი წარმოადგენდა. მის პატარა სატელიტუკა პარტიებზეც იგივეს თქმა შემიძლია _ წესით, კმაყოფილები უნდა იყვნენ, თუ სურდათ, ლიდერის გვარი არა მარტო ოფისების აბრაზე, არამედ საარჩევნო სიის პირველნომრადაც ეხილათ. მეორე საკითხია, ეს უნდოდათ, თუ არა. თუ არა _ ე.ი. მათი ივანიშვილთან დაკავშირებული საჯარო და რეალური სურვილები ერთმანეთისგან განსხვავდება. ახლა მისმა მხარდამჭერებმა შეაფასონ, რატომ არ უნდა სიამოვნებდეს ივანიშვილის კოალიციაში შემავალ პარტიებს ბატონი ბიძინას არჩევნებში მონაწილეობა.
_ ამ არჩევნებში ნაციონალების დამარცხება თუ გინდათ, რატომ არ მიეცით სააკაშვილს უკან დახევისა და მარცხის გაფორმების საშუალება, როგორც ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა?
_ კაცო, ეს თემა ჯონდიმ და ივანიშვილის სხვა პოლიტიკურმა ადვოკატებმა როგორც უნდათ, ისე გამოიყენონ სათავისოდ, ამაში ხელს ხომ არ ვუშლი?!
_ სავარაუდოდ, ივანიშვილის გეგმებს შეუშალეთ ხელი, წაართვით თემა, რითაც პოლიტიკურ დივიდენდებს იწერდა და ახლა ვერავის დააჯერებთ, რომ ეს ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო.
_ და თქვენ გგონიათ, ვცდილობ, ვინმე დავარწმუნო, რომ ეს არაა ხელისუფლებასთან შეთანხმებული? ხომ სრული იდიოტი უნდა ვიყო?! პირიქით, იმას ვამტკიცებ, რომ მოვახერხე ისეთიUდრო, ფორმა და შინაარსი მომეძებნა ჩემი ინიციატივისთვის და ისე გამომეყენებინა საშინაო-საგარეო ფაქტორები, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებისთვის მიმეღწია. ასეთები ვართ ქრისტიან-დემოკრატები!
_ რაკი ასეთები ხართ, პარალელურად, ივანიშვილთანაც ხომ არ საუბრობდით ამ თემაზე?
_ ივანიშვილის კოალიციის ცალკეულ წარმომადგენლებთან მაქვს ადამიანური ურთიერთობები, რომელთაც ივანიშვილთან ურთიერთობის მიხედვით არ ვავითარებ. ვის მეტი აქვს საერთო ერთმანეთთან, მათ და მე, თუ მათ და ივანიშვილს, ეს მომავალში გამოჩნდება. თუმცა ჩემ ინიციატივაზე მათთან არ მისაუბრია. ვიცი ივანიშვილის ეჭვიანობის ამბები, არ მინდოდა, მისი დღევანდელი პარტნიორებისთვის პრობლემები შემექმნა. თან ივანიშვილს არათუ შეუძლია მოქალაქეობის თემაზე ბრძოლის გაგრძელება, არამედ ვალდებულიცაა. ბატონმა ივანიშვილმა უკვე მერამდენედ მისცა თავს უფლება, ასეთი შეფასებები გამოეყენებინა ჩვენი მისამართით. ახლა სუბიექტურად ვაზროვნებ და შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს, ივანიშვილს იარლიყების მიწებებასა და ეჭვიანობაში შევეჯიბრო _ 6 თვეა, თვალს ვადევნებ და ამ უნარებში ისეთი ნიჭი გამოავლინა, წინასწარ ვიცი, დავმარცხდები.
_ კომისიის სხდომაზე ჯონდი ბაღათურია გეხვეწებოდათ, თქვენი შეთავაზება უკან გაიტანეთო. ამას როგორღა ხსნით?
_ ამ პოლიტიკურ ძალებს თავადაც ვერ გაუგიათ, ზოგადად, რა უნდათ პოლიტიკაში. მინიმუმ, არ იციან, რა სურთ და თუ იციან, ისეთი არათანმიმდევრული და არასწორი ტაქტიკით მოქმედებენ, არათუ მოწინააღმდეგეებს, თავიანთ მხარდამჭერებსაც აბნევენ. ჩვენი შეთავაზება სამოქალაქო რეესტრის საბოლოო გადაწყვეტილებას საგანგებოდ დავამთხვიეთ. თან სააკაშვილი ხომ ჩემპიონია ამ ,,აბა გაბედოს'' ბრძოლებში. აბა გაბედოსო, მოვისმინეთ და აგერ, გაბედა ამ კაცმა, მერე დაველოდეთ რას იტყოდა ივანიშვილი და თავის მუქარას როგორ აასრულებდა. ისიც ვისმინეთ _ რა ნებიერად შემობრძანდა გაზაფხული და რა ნებიერად ვითარდებიან ისინი, ჰოდა ჩვენც ნებიერად წარვადგინეთ საკონსტიტუციო წინადადება, რადგან მარტო ივანიშვილის ნებივრობის იმედად ვერ ვიქნებით! ასე ნებიერად დავითანხმეთ მმართველი უმრავლესობა, ასევე ნებიერად გავალთ რეგიონებში და მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას! ახლა ცალკეული პოლიტიკოსები როგორ ეცდებიან, თავიანთი მუდმივად წაგებული მდგომარეობის გამართლებას, მაპატიეთ, ეს ჩემი პრობლემა არაა _ ამაზე თავადვე იფიქრონ, იზრუნონ და ჩამოიბანონ სახე!
ნინო კომახიძე
http://versia.ge/index.php/component/conte...9-14-33-54.html