დიმიტრი შაშკინის განმარტებით, პედაგოგებთან შეხვედრა პარტიულ ხასიათს ატარებდა
16:12 20.04.2012
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის განმარტებით, პედაგოგებთან შეხვედრა პარტიულ ხასიათს ატარებდა.
ამის შესახებ შაშკინმა რესტორან "ლაზურის" დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"მე ვარ "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი და ეს იყო პარტიული შეხვედრა პედაგოგებთან. მათთან სასაუბრო და განსახილველი მართლაც ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს", - განაცხადა შაშკინმა.
განათლების მინისტრთან ერთად რესტორანი მისმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემაც დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში შეხვედრაზე შეკრებილ პედაგოგებს თბილისის მერი გიგი უგულავა სიტყვით მიმართავს.
დარბაზში მასთან ერთად რუსუდან კერვალიშვილი რჩება.
* * *
გოკა გაბაშვილი: "მერაბიშვილმა პედაგოგებთან შეხვედრაში მონაწილეობა როგორც "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა გამოკვეთილმა და გამორჩეულმა ლიდერმა მიიღო"
16:43 20.04.2012
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელის გოკა გაბაშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა "როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა გამოკვეთილმა და გამორჩეულმა ლიდერმა მიიღო".
ამასთან, გაბაშვილი ვერავითარ პრობლემასა და კანონდარღვევას ვერ ხედავს, თუკი ასეთი ტიპის შეხვედრები რესტორნებში მოეწყობა.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებს ხვდებიან. რესტორანი დიდი დარბაზია და აუცილებელი არ არის იქ მაინცდამაინც სურფა იყოს გაშლილი. პარტია კონტროლის პალატაში ყოველთვიურ ანგარიშს წარადგენს, მასში ასახულია ყველა ხარჯში, მათ შორის დარბაზების დაქირავების. ის, თუ რომელ დარბაზს დავიქირავებთ და ჩვენს ამომრჩევლებსა და მომხრეებს რომელი ლიდერები შეხვდებიან, ეს "ნაციონალური მოძრაობის" გადასაწყვეტია და კანონთან მიმართებაში არანაირი პრობლემა არ არის. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ის პედაგოგებს იმის გამო შეხვდა, რომ არის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი გამოკვეთილი და გამორჩეული ლიდერი, ისევე როგორც გიგი უგულავა და დიმიტრი შაშკინი" - აცხადებს გოკა გაბაშვილი.
"პირWელის" კითხვის საპასუხოდ, "რამდენად მოსალოდნელია მხარდამჭერებთან რესტორანში შეხვედრის გამართვა სხვა პოლიტიკური ჯგუფებისათვის კანონსაწინააღმდეგო ქმედებად იქცეს?", დეპუტატმა ცალსახად განაცხადა, რომ "თუკი გაწეულ ხარჯს ლეგალურად და ნორმალურად ასახავენ და კონტროლის პალატაში წარადგენენ, ამომრჩეველს სადაც უნდათ იქ შეხვდნენ".
სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მიერ პედაგოგებთან კიდევ ერთი შეხვედრა დღეს ვარკეთილში, რესტორან "ლაზურში" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თბილისის მერ გიგი უგულავასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რუსუდან კერვალიშვილთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინსა და მის მოადგილე კოკა სეფერთელაძესთან ერთად შსს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მიიღო.
ნათია ინაური
მიმაგრებული სურათი