druncha
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21069
წევრი No.: 36653
რეგისტრ.: 16-June 07
|
#31109565 · 10 May 2012, 19:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს სტატია ვიპოვე 2001 წლიდან
პანკისი - სახელმწიფოებრივი ცნობიერების რღვევის ზონა
როგორ თანამშრომლობდა კახეთის რეგიონის პოლიციის უფროსი თამაზ თამაზაშვილი კრიმინალ ვეფხია მარგოშვილთან ქართველ სამართალდამცავებს მარგოშვილის ცოცხლად აყვანა და გასამართლება ხელს არ აძლევთ, რადგან ამ უკანასკნელმა საკმაოდ ბევრი რამ იცის თავად სამართალდამცავების უკანონო ქმედებების შესახებ.
ლუკა რამაზაშვილის რაზმი ხელისუფლების ინსტრუქტაჟით მოქმედებს.
შეიარაღებული რაზმის ჩამოყალიბებამდე ბ-ნ რამაზაშვილს სამდღიანი აუდიენცია ჰქონდა ქ-ნ მედეა მეზვრიშვილთან.
იარსებებს პანკისის პრობლემა - იარსებებს შემოსავალი პანკისის კრიმინალური ბიზნესიდან
საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა თავის დროზე აბსოლუტურად მისაღები აღმოჩნდა პანკისის ხეობის ქისტი მოსახლეობისთვის. ამ იდეას მხურვალედ დაუჭირეს მხარი ადგილობრივი ინტელიგენციის, უხუცესთა საბჭოს დღემდე მოქმედი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა. შეიძლება, თამამად ითქვას: საქართველოს ქისტი ეროვნების მოქალაქეები მზად იყვნენ, აქტიური მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში. სეპარატისტული, ანტისახელმწიფოებრივი ცნობიერების ნიშნები პანკისის ხეობის ქისტი ეროვნების მოსახლეობაში ნამდვილად არ შეინიშნებოდა.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას თავად არ აღმოაჩნდა სახელმწიფოებრივი ცნობიერების არანაირი ნიშანი. მას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, რომ აბსოლუტურად კანონმორჩილი, არა სეპარატისტულად განწყობილი საკუთარი მოქალაქეებისთვის შეექმნა ყველა პირობა, რომ მათ საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად ეგრძნოთ თავი და არა ყველასგან უყურადღებოდ მიტოვებულ, გარიყულ, მეორეხარისხოვან ადამიანებად - ისევე, როგორც პანკისის ხეობის ქართველი თუ ოსი ეროვნების მოქალაქეებს.
მამუკა არეშიძე, წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, კავკასიის ხალხთან ურთიერთობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ასე ხსნის პანკისში მიმდინარე მოვლენების მიზეზებს:
"საბჭოთა კავშირის დაშლამდე პანკისის მოსახლეობის დასაქმების პრობლემა გადაჭრილი იყო. მოსახლეობის ნაწილი სოფლის მეურნეობაში იყო დასაქმებული, ნაწილი კი იმ დროისათვის რეგიონში არსებულ სხვადასხვა საწარმოში. შემდეგ წლებში, როცა ეს საწარმოები გაჩერდა და გაუქმდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელი დარჩა. პანკისელთა ერთადერთ საარსებო წყაროდ მიწა იქცა. სხვათა შორის, ადგილობრივი ხელისუფლების, განსაკუთრებით კი სამართალდამცავი ორგანოების, წარმომადგენლები გლეხებს მიწაზე ნორმალური მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ, ავიწროებდნენ, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ართმევდნენ. პარლამენტს არაერთხელ მომართეს საჩივრებით პანკისელმა უხუცესებმა, ინტელიგენციამ. პარლამენტში მრავალჯერ დავაყენე საკითხი პანკისის ხეობის მოსახლეობის უკიდურესი სოციალური მდგომარეობის გამოსასწორებლად ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ ამ მოწოდებას სერიოზულად არავინ გამოხმაურებია. გამოეხმაურნენ მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მინისტრები. მათი ვიზიტები პანკისში, რა თქმა უნდა, რაღაცას სასიკეთოდ ცვლიდა რეგიონში, მაგრამ პანკისს სჭირდებოდა უფრო სერიოზული, სახელმწიფოებრივი მიდგომა. მე და რევაზ ადამიამ არაერთხელ დავაყენეთ საკითხი იმის შესახებ, რომ საჭირო იყო გლობალური სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომელიც პანკისის ხეობის პრობლემების გადაჭრისკენ იქნებოდა მიმართული. არც ამ საკითხით დაინტერესებულა ვინმე. რაც შემდეგ წლებში მოხდა პანკისში, რა თქმა უნდა, ამაში ხელისუფლებასაც მიუძღვის ლომის წილი. ხელისუფლებისგან უპატრონოდ მიტოვებულ ხეობას დაეპატრონნენ ის ადამიანები, რომელთათვისაც სახელმწიფო მხოლოდ მეწველი ძროხაა. მათ, ამ მხრივ, პანკისის ხეობა სარფიანი შემოსავლის წყაროდ მიაჩნიათ და სასწრაფოდ დაიწყეს ამ რეგიონის "ათვისება".
მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა სახელმწიფოებრივი ცნობიერება, პოლიტიკური ალღო და გამჭრიახობა იმისთვის, რომ კეთილგანწყობილ ქისტ მოსახლეობას მისდამი ნდობა არ დაკარგვოდა და, ბედის ანაბარა მიტოვებული, ელემენტარული საარსებო საშუალების მოსაპოვებლად უკანონობის გზას არ დასდგომოდა. საქართველოს ხელისუფლებამ ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილ პანკისელებს თავად განუსაზღვრა ერთადერთი არჩევანი: კრიმინალური საქმიანობით საარსებო საშუალების მოპოვება. ამგვარ ბიზნესს, რომელიც თავდაპირველად რამდენიმე პანკისელის კერძო ინიციატივას წარმოადგენდა, შემდეგ თავად ხელისუფლებამ აუნთო მწვანე შუქი; თავადვე შეუწყო ხელი ცალკეული უკანონო ქმედებების მკაცრად ორგანიზებულ, სისტემური ხასიათის დანაშაულებრივ ბიზნესად ჩამოყალიბებას, რაც ქმნის სრულიად ლოგიკური ეჭვის საფუძველს: პანკისის პრობლემა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების არასახელმწიფოებრივი ცნობიერების, არარსებული რეგიონული პოლიტიკის შედეგია, არამედ, უპირველესად, იმის შედეგი, რომ თავად ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი სერიოზულად არის დაინტერესებული პანკისის პრობლემის არსებობით - მარტივი და ბანალური მიზეზის გამო: იარსებებს პანკისის პრობლემა, იარსებებს შემოსავალი პანკისის კრიმინალური ბიზნესიდან. სხვაგვარად შეუძლებელია, აიხსნას ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობა, რომელსაც ის სრულიად აშკარად და საჯაროდ იჩენდა თითოეული კრიმინალური შემთხვევის მიმართ.
მოვლენები კი ასე ვითარდებოდა
1996 წლის იანვარში პანკისის ხეობაში პირველი გასროლა მოხდა: სოფელ დუისში ავტომატით დაცხრილეს თბილისიდან მომავალი მსუბუქი ავტომანქანა. მძიმედ დაიჭრა ავტომანქანის ორი მგზავრი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ავტომანქანა წითელი ჯვრის საზოგადოებას ეკუთვნოდა, ხოლო მგზავრები ამავე საზოგადოების ქართველი წარმომადგენლები იყვნენ. პოლიციამ დაადგინა ერთ-ერთი დამნაშავის ვინაობა: ეს იყო ქისტი ეროვნების ქავთარაშვილი, რომელიც ახმეტის რაიონის პოლიციას მომხდარ ფაქტამდე რამდენჯერმე დაკავებული ჰყავდა კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების გამო, მაგრამ ყველასთვის უცნობი მიზეზებით ყოველი დაკავების შემდეგ ათავისუფლებდა. წითელი ჯვრის საზოგადოების ავტომანქანის დაყაჩაღების ფაქტიდან რამდენიმე თვის შემდეგ პოლიციამ მის მიერ უკვე რამდენჯერმე "შეწყალებული" ქავთარაშვილის აყვანის ოპერაცია დაგეგმა. აყვანა, პოლიციის გეგმით, პანკისში, დაბალგორაზე, უნდა მომხდარიყო. პოლიციელთა ჯგუფი დაბალგორის ტერიტორიას რამდენიმე დღის განმავლობაში ზვერავდა ქართველებით დასახლებული ყვარელწყლიდან.
დამნაშავეების აყვანის დღეს დაბალგორაზე სისხლი დაიღვარა. პოლიციელთა სროლებს შეეწირა არა მხოლოდ ეჭვმიტანილი ქავთარაშვილის, არამედ სრულიად უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლის, ქისტი ეროვნების მარგოშვილის, სიცოცხლე.
კითხვები: რატომ ვერ მოახერხა პოლიციამ ამ ოპერაციის ჩატარება უსისხლოდ? რატომ გამოუტანა ეჭვმიტანილ ქავთარაშვილს ადგილზე ლიკვიდაციის განაჩენი? რატომ ხელყო უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე? რატომ ვერ გაითვალისწინა, რომ, მთის ადათის თანახმად (რომელიც პანკისის ხეობაში დღემდე მოქმედებს), სისხლისღვრას აუცილებლად მოჰყვებოდა შურისძიება, აქედან გამომდინარე კი, დაძაბულობის კერის წარმოქმნა პანკისის ხეობაში? რა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა. პოლიციის არაპროფესიონალიზმსა და დაბალ პოლიტიკურ შეგნებას (უფრო ზუსტად კი, ამგვარი შეგნების არარსებობას) შედეგები, მართლაც, მოჰყვა: დაბალგორის ოპერაციის შემდეგ სოფელ საკობიანოში საკუთარი ცოლ-შვილის თვალწინ სხვადასხვა მხრიდან გახსნილი ავტომატების ჯერით დაცხრილეს პოლიციელი გია ღუბიანური. იმავე დღეს ქისტების შეიარაღებულმა ჯგუფმა დამაშინებელი სროლა აუტეხა სოფელ ყვარელწყალს, დაარბია პოლიციელებისთვის დახმარების აღმოჩენაში ეჭვმიტანილი რამდენიმე მშვიდობიანი მოსახლის კარ-მიდამო.
იმის მიუხედავად, რომ დასახელებულ უკანონო ქმედებებში მონაწილეთა ვინაობა ქისტებისთვისაც და ქართველებისთვისაც ცნობილი იყო, პოლიციამ მათი დაკავება "ვერ შეძლო". კრიმინალებს დანაშაულისთვის პასუხი არავინ მოსთხოვა. მოვლენები კი ასე განვითარდა: უგზო-უკვლოდ დაიკარგა სოფელ დედისფერულის მკვიდრი სამი ქართველი: ხვთისო ჯველაური, რაფიელ ქეშიკაშვილი და ზალიკო ალხანიშვილი. სოფლის მოსახლეობამ რამდენიმე დღის შემდეგ მიაგნო მდინარე ალაზანში ხვთისო ჯველაურისა და ზალიკო ალხანიშვილის გვამებს. 60 დღის შემდეგ ალაზანმა გამორიყა რაფიელ ქეშიკაშვილის სხეულიც. გარდაცვლილს თავი, ხელები და ფეხები ჰქონდა მოკვეთილი. სოფელ დედისფერულის მკვიდრთა მტკიცებით, რაფიელ ქეშიკაშვილი დაბალგორაზე მოკლულ ქისტს შესწირეს - მის საფლავს დააკლეს.
პოლიციას არც ამ შემთხვევაში გამოუმჟღავნებია განსაკუთრებული აქტიურობა დამნაშავეთა აღმოჩენის და მათი დაკავების მიზნით. პოლიციელთა დანაშაულებრივი უმოქმედობის შედეგი კი უკვე სახეზე იყო: ქისტი კრიმინალების იარაღი აბსოლუტურად დაუცველი დანარჩენი მოსახლეობისკენ (ქართველებისა და პანკისელი ოსებისკენ) იყო მიმართული; კრიმინალებს მოქმედების სრული თავისუფლება ჰქონდათ მიცემული.
სიტუაციაში უკეთ გასარკვევად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქისტი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა 1996 წლისთვის ახალი დაბრუნებული იყო ჩეჩნეთის პირველი ომიდან. პანკისში მათ ჩამოჰყვათ უამრავი იარაღი და, რაც მთავარია, გამარჯვებული გმირების განწყობილება, გამარჯვების ეიფორია. იმ პერიოდში პანკისელი ქისტები მღეროდნენ საბრძოლო სიმღერებს, ხოტბას ასხამდნენ ომის გმირებს და თამამად აჟღარუნებდნენ იარაღს. სრულიად ბუნებრივი იყო ისიც, რომ შეიარაღებულთაგან ბევრი ახალ ნიშას ეძებდა და ასეთ ნიშად, უპირველესად, კრიმინალური ბიზნესი ესახებოდა.
საქართველოს ხელისუფლება დუმდა. ქვეყნის ტერიტორიის ერთ კონკრეტულ ნაწილში ნაომარი ქისტების მიერ შემოტანილი იარაღის საშიშ დაგროვებაზე რეაქციას არ ამჟღავნებდა. იმავე პერიოდში აიდგა ფეხი პანკისის ხეობაში ახალმა, შავმა, მაგრამ სარფიანმა ბიზნესმა - ნარკოტიკების შემოტანამ და რეალიზაციამ. იმ პერიოდში ნარკოტიკები სრულიად თავისუფლად აღწევდა პანკისის ხეობაში. პოლიცია ამჯერადაც ტრადიციულად დუმდა. ნარკოტიკების რეალიზატორთა დაკავების ფაქტები იმ პერიოდში ადგილობრივ პოლიციაში თითქმის არ დაფიქსირებულა. გამავრცელებლებს დაახლოებით ასეთი შეფარდებით აკავებდნენ - 40 ცნობილი რეალიზატორიდან დაახლოებით - ერთს ან ორს. სხვათა შორის, დღეს ნარკობარონად წოდებული ზოგიერთი ქისტი იმ პერიოდში ამ საქმიანობისგან საკმაოდ შორს იდგა. მაგალითად, შოთა ჭიჭიაშვილი პანკისური ნარკობიზნესის საწყის ეტაპზე ერთ-ერთი სპეცდანიშნულების რაზმის სამხედრო მოსამსახურე იყო და ნარკობარონად ჩამოყალიბებამდე გასავლელ გზაზე პირველი ნაბიჯებიც არ ჰქონდა გადადგმული.
პოლიცია - ნარკომაფიის შეფი
საქართველოში დღემდე ძალიან პოპულარულია პანკისური ნარკობიზნესის თემაზე შექმნილი რამდენიმე მითი:
ერთ-ერთის თანახმად, ნარკოტიკები შემოდიოდა და დღემდე შემოდის რუსეთის ტერიტორიიდან. ეს მითი ქართული პოლიციის მუდმივი ალიბია.
გოჩა სისაური, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიასა და ნარკობიზნესთან ბრძოლის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ასეთ კომენტარს უკეთებს ამ ვერსიას:
"ჩვენ ნარკოტიკების რეალიზატორებს ვაკავებთ მხოლოდ იმის შემდეგ, როცა ისინი საზღვარს გადმოკვეთენ და ქვეყნის შიგნით განაგრძობენ გადაადგილებას. საზღვრის ტერიტორიაზე უფლებამოსილების განხორციელება კანონით გვეკრძალება. საზღვარზე ნარკოტიკების გადმოტანის გამო პასუხი უნდა მოეთხოვოთ სასაზღვრო ჯარის, საბაჟო დეპარტამენტის და უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლებს. ნარკოტიკი კონტრაბანდაა და კონტრაბანდასთან ბრძოლა მათი მოვალეობაა".
რამდენიმე არგუმენტი იმ მითის საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმადაც, ნარკოტიკები პანკისის ხეობაში რუსეთიდან, კერძოდ, ჩეჩნეთიდან, შემოაქვთ:
საერთოდ, ჩეჩნეთი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მიიჩნეოდა ნარკოტიკების დამამზადებელ ერთ-ერთ სერიოზულ პუნქტად. ქალაქ გროზნოში, ტიმირიაზევის N 46-ში, გროზნოს დანგრევამდე ფუნქციონირებდა ჰეროინის დამამზადებელი საწარმო, რომელიც ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში იყო განთავსებული. მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩეჩნურ ნარკოტიკს გასაღების საკმაოდ დიდი ბაზარი ჰქონდა თავად რუსეთის ტერიტორიაზე (მაგალითად, სტავროპოლის მხარე, ძირითადად, ჩეჩნური წამლით მარაგდებოდა). ჩეჩნური ნარკომაფიისთვის საქართველო არავითარი ინტერესის საგანს არ წარმოადგენდა. რამდენიმე "ჩეკი" წამლის გადმოტანით ძნელად გადასალახ მთიან სასაზღვრო ზოლზე თავს არავინ შეიწუხებდა, მით უმეტეს, ზამთარში, როცა ამ მთების გადმოლახვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ასე რომ, ჩეჩნური წამლის, უკონტროლო საზღვრის და უფლებებშეზღუდული პოლიციის ისტორიები სინამდვილეს არ შეეფერება. სინამდვილეში, ნარკოტიკები პანკისის ხეობაში შედის არა ჩრდილოეთიდან, არამედ სამხრეთიდან. და ეს არის არა ჩეჩნური, არამედ შუააზიური და ავღანური ნარკოტიკები, რომლებიც აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიების გადაკვეთით აღწევს პანკისის ხეობამდე. ხოლო რატომ ვერ აკონტროლებს ქართული პოლიცია თელავს და ახმეტას, საიდანაც ნარკოტიკები პანკისის ხეობას მიეწოდება, ხოლო შემდეგ იქაური "ბარიგების" ხელით დღისით, მზისით, ყოველგვარი შიშის, სირცხვილის, მორიდების გარეშე ისევ თელავსა და ახმეტაში, პირდაპირ ბაზრებისა და "ბუტკების" დახლებიდან იყიდება, ამაზე პასუხი ქართულ პოლიციას არ გააჩნია. პრინციპში, ამ კითხვას მას არც არავინ უსვამს.
მეორე ვერსიის თანახმად, პანკისელი ქისტები გენოციდს უწყობენ ამ ხეობის მკვიდრ ქართველ მოსახლეობას. ასეთ ფრაზებს ხშირად გაიგონებთ თვით პოლიტიკოსთაგან (რომლებიც (იგულისხმება, რომ) მაღალი პოლიტიკური შეგნებითაც უნდა გამოირჩეოდნენ). სინამდვილეში, გენოციდს აწყობენ არა პანკისელი ქისტები, არამედ პანკისური ნარკომაფიის წარმომადგენლები, რომელთა შორის ქართველებიც მრავლად არიან. ნარკომაფიას კი ეროვნება არ გააჩნია ისევე, როგორც ამ მაფიის მსხვერპლს. არა გვგონია, ნარკოტიკების გამსაღებლები წამალს ეროვნული ნიშნის მიხედვით ყიდდნენ. არა გვგონია, ქისტი "ბარიგისათვის" სულ ერთი არ იყოს, ვის მიჰყიდის წამალს - ქართველს, ქისტს, ოსს თუ, სულაც, სომეხს. ასე რომ, თეთრი სიკვდილი მხოლოდ ქართველების განადგურებას არ ემსახურება. ნარკობიზნესის წარმომადგენლებიც მხოლოდ ქისტები არ არიან. და თუ გენოციდზე საუბარი მართლაც გვსურს, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გენოციდში თანამონაწილეობის ბრალდება ქართულ პოლიციასაც ეხება, როგორც ნარკობიზნესის ხელშემწყობს.
პოლიცია, რომელიც ნარკობიზნესის საწყის ეტაპზე დუმილში აღებულ გასამრჯელოს სჯერდებოდა, მოგვიანებით ნარკობიზნესის სადავეების ხელში ჩაგდებას შეეცადა. სწორედ, ამგვარად აღიქვა მთელმა პანკისის ხეობამ მისი მცდელობა, რომ სოფელ ყვარელწყალში პოლიციის დუისის ქვეგანყოფილება გაეხსნა, რათა თავად ეკონტროლებინა ნარკოტიკების მოძრაობა პანკისის ხეობაში. ბუნებრივია, ნარკობიზნესის სადავეების პოლიციისთვის დათმობა ადგილობრივებმა არ ისურვეს. პოლიციის მცდელობას ქისტების მღელვარება მოჰყვა. ხუთი კვირის განმავლობაში მთელი დუისი ფეხზე იდგა. შეიარაღებული, თავზე ლენტებწაკრული ქისტი ახალგაზრდები ყვარელწყალში იკრიბებოდნენ, მიტინგებს მართავდნენ. მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი ახმეტაში დააკავეს. 300-მა ქისტმა იმავე დღეს თავები გადაიპარსა, ლენტები წაიკრა, ალაზანში შევიდა და დაიფიცა, რომ გამარჯვებამდე იბრძოლებდა.
დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, ხანდაზმულების წინადადებით, დიალოგით უნდა მომხდარიყო. დიალოგი ახმეტაში უნდა შემდგარიყო კახეთის რწმუნებულის და ქისტური და ქართული მხარეების მონაწილეობით. რწმუნებულმა ქართულ მხარესთან შეხვედრა არ ისურვა. შეხვდა მხოლოდ ქისტებს. რა გადაწყდა რწმუნებულის, ქისტების შეხვედრისას, ქართული მხარისათვის არავის უცნობებია. მეორე დღეს კი ქისტებმა დაცხრილეს პოლიციის ახალი ქვეგანყოფილებისთვის გამოყოფილი შენობა; მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ გამარჯვებას.
იმავე პერიოდში დაიწყეს პანკისში ავტომანქანების გატაცება - ძირითადად, ნარკოტიკებში გაცვლის მიზნით. ხდებოდა სერიოზული და ნაკლებად სერიოზული შეტაკებები ადგილობრივ კრიმინალებს შორის - გავლენის სფეროების გადანაწილების მიზნით. იყო ადამიანის გატაცების რამდენიმე შემთხვევაც - მაგრამ არა გამოსასყიდის მისაღებად, არამედ მევალისგან ვალის მიღებისთვის.
პოლიციის თანამონაწილეობა ადამიანებით ვაჭრობის ბიზნესში
ადამიანის გატაცების პირველი ყველაზე გახმაურებული და სერიოზული შემთხვევა 1998 წელს დაფიქსირდა. გატაცებული ზაალიშვილი ჩეჩნეთიდან დააბრუნეს. მაგრამ მისი გამტაცებლები იყვნენ არა ჩეჩნები, არამედ ქისტები. ზაალიშვილი ჩეჩნებს ქისტებმა გადასცეს. გახმაურდა მხოლოდ გატაცებულ ზაალიშვილის ჩეჩნეთიდან დაბრუნების ფაქტი. ვისი საშუალებით მოხვდა იგი ჩეჩნეთში, ამაზე არავის არაფერი უთქვამს. ქისტ კრიმინალებს ჩადენილი დანაშაული შერჩათ.
დღეს ყველამ კარგად იცის, რომ ადამიანების, მანქანებისა და საქონლის გატაცება, ნარკოტიკების გასაღება პანკისის ხეობაში უკვე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებული, სისტემური ხასიათის დანაშაულებებია. თითოეულს თავისი "პატრონი" და ორგანიზატორი ჰყავს. თუ ადრე, სანამ თითოეულ ამ დანაშაულს სისტემური სახე მიეცემოდა, ყველაფერი ქაოტურად, ზოგჯერ სპონტანურად ხდებოდა, დღეს კრიმინალებს ყველაფერი ზუსტად გათვლილი და გათვალისწინებული აქვთ. ბუნებრივია, ისინი საქმის ასე აწყობას ვერანაირად ვერ მოახერხებდნენ ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურების მონაწილეობის გარეშე. გამორიცხული არ არის, რომ პანკისურ კრიმინალურ სამყაროს მფარველები ხელისუფლების სხვა სტრუქტურებშიც ჰყავს. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ გვიპასუხონ ადგილობრივი რეგიონული თუ რაიონული სტრუქტურების წარმომადგენლებმა: რატომ დუმდნენ, რატომ არ ებრძოდნენ კრიმინალებს, სანამ ისინი ცოტანი იყვნენ; რატომ არ ტეხდნენ განგაშს, როცა ჩეჩნეთიდან ჩამოსულ ყოფილ მეომრებს ხეობაში დიდი რაოდენობით იარაღი შემოჰქონდათ; რატომ სრულდებოდა კრიმინალებთან პოლიციის დაპირისპირება ყოველთვის მათთან გარიგებით; რატომ და როგორ მოხდა ჩვეულებრივი, რიგითი, ნაკლებად საშიში კრიმინალების ნარკობარონებად და ავტორიტეტებად ჩამოყალიბება.
დღეს ქართველი პოლიტიკოსები, კახეთის რეგიონის სახელმწიფო მოხელეები, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ქ-ნ ელენე თევდორაძეს ადანაშაულებენ ვეფხია მარგოშვილის ავტორიტეტად აღიარებაში. მთელი საქართველო უყურებდა კადრებს, რომლებიც ასახავდნენ, თუ როგორ შეურაცხყოფდნენ სახელმწიფო მოხელეები: ქალაქ ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქრო ქინქლაძე და შინაგანი ჯარის სარდალი გია შერვაშიძე დეპუტატ თევდორაძეს სოფელ ლალისყურში, როგორ ემუქრებოდნენ და როგორ მოუწოდებდნენ, სასწრაფოდ დაეტოვებინა იქაურობა.
სინამდვილეში, ვეფხია მარგოშვილი არა მხოლოდ ავტორიტეტად, არამედ ნარკობარონადაც, სწორედ, იმ ხელისუფლებამ აქცია, რომლის წარმომადგენლებიც ასე აღაშფოთა პანკისისკენ მოსახლეობასთან შესახვედრად (და არა მარგოშვილთან შესახვედრად) მიმავალი დეპუტატის გამოჩენამ.
მარგოშვილმა ნარკობარონად ჩამოყალიბებამდე ასეთი გზა გაიარა: დოსიე:
იყო ჩვეულებრივი, რიგითი კრიმინალი. კონკრეტული დანაშაულისთვის (ყაჩაღობისთვის) დააპატიმრეს და გაასამართლეს. სასჯელს იხდიდა გეგუთის კოლონიაში, საიდანაც გაიქცა. იბრძოდა ჩეჩნეთში, დუდაევის ჯარში. შემდეგ ჩეჩნურ კრიმინალურ სამყაროსთან უთანხმოების გამო დაბრუნდა სამშობლოში, პანკისში, სოფელ ომალოში, მშობლიურ სახლში. ის არც ტყეში დამალულა და არც მიუვალ მთებში. იყო ძებნილი, როგორც კოლონიიდან გაქცეული პატიმარი. ჩვენ ვეკითხებით ბ-ნ თამაზ თამაზაშვილს, კახეთის რეგიონის პოლიციის უფროსს: რატომ არ დააპატიმრა პოლიციამ მარგოშვილი, რომელიც არ იმალებოდა, თავისუფლად დადიოდა არა მხოლოდ პანკისის ხეობაში, არამედ ახმეტასა და თელავში? ბ-ნი თამაზაშვილი დღეს აცხადებს: ჩემთვის მარგოშვილი ავტორიტეტი არც არის და არც არასდროს ყოფილა! ჩვენ ისევ ვეკითხებით ბ-ნ თამაზაშვილს: თუ მისი ნათქვამი სიმართლეს შეეფერება, თუ ქართული პოლიცია კრიმინალებთან ურთიერთობას არ კადრულობს, რატომ მიადგა კარზე თამაზაშვილი, სწორედ, მარგოშვილს, როცა პანკისის ხეობიდან წითელი ჯვრის თანამშრომელი ქალბატონები გაიტაცეს? რატომ მიიღო მისი დახმარება დიდი სიხარულით და მარგოშვილს და მის მეგობარ ჭიჭიაშვილს (რომელიც გატაცების ორგანიზატორად მიიჩნეოდა), ანუ ორ კრიმინალს, რატომ უბოძა თავისუფლება? კონკრეტულად, მარგოშვილს, რომელიც ძებნილი იყო, ხონის რაიონის სასამართლომ ძებნა მოუხსნა და აღმკვეთ ღონისძიებად შეუფარდა ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილის ჩამორთმევა (სხვათა შორის, მარგოშვილს ასეთი ხელწერილი არ დაუწერია). ერთხელ გამოყენებულ მარგოშვილს პოლიციამ მაინც არ "დაუვიწყა" კრიმინალური წარსული და 2001 წლის 23 მარტს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მაგრამ არა წარსულში ჩადენილ დანაშაულებათა გამო, არამედ ახალი დანაშაულის გამო: მარგოშვილი ეჭვმიტანილია ქ-ნ ლია მაისურაძის გატაცებაში. პანკისის ხეობაში ყველამ კარგად იცის, რომ ქ-ნი მაისურაძე, უკვე ცხრა თვეა, მართლაც, მარგოშვილის ოჯახში ცხოვრობს. მარგოშვილის მტკიცებით, მან ლია მაისურაძე გამოსასყიდი თანხის მიღების მიზნით კი არ გაიტაცა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქ-ნის ოჯახის წევრს მარგოშვილის ვალი აქვს. როგორც კი ვალს გაისტუმრებს, ქ-ნი ლია ოჯახს დაუბრუნდება. მარგოშვილი იმასაც აცხადებს, რომ ქ-ნ ლიას მის სახლში ყოფნა, მართალია, ოჯახს ზედმეტ ტვირთად აწვება, მაგრამ მისი გაშვება არ სურს, რადგან პოლიცია აიძულებს, რომ ჩვენებაში ჩაწეროს, თითქოს მარგოშვილმა იგი მოიტაცა. მოკლედ, მარგოშვილი ამ ეტაპზე ეჭვმიტანილია. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. იგი ძებნილია. როგორც ამბობენ, ძებნილის პირობაზე, საკმაოდ თავისუფლად გადაადგილდება. ახმეტაშიც ჩამოდის. ქისტი უხუცესების მიერ ჩატარებულ ყრილობაზე ის იმ პოლიციელებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც ოფიციალურად, ეძებდნენ მას. მაგრამ არც ამჯერად დააკავეს.
და ბოლოს: ჩვენი ინფორმაციით, იმ მოლაპარაკებაში, რომელსაც შედეგად გატაცებულ მამუკა არაბულისა და 80 წლის მოხუცის დაბრუნება მოჰყვა, ბ-ნი მარგოშვილიც მონაწილეობდა. სხვათა შორის, იმისთვის, რომ მას მოლაპარაკებაში მიეღო მონაწილეობა, თავად თამაზაშვილი ეახლა, თანაც ორჯერ, რადგან პირველი ვიზიტისას თამაზაშვილმა უარი მიიღო; მეორე ვიზიტი შედეგიანი აღმოჩნდა, რადგან თამაზაშვილს ისეთი ავტორიტეტები ახლდნენ, რომელთაც მარგოშვილმა უარი ვერ უთხრა. ვფიქრობთ, დასახელებული ფაქტები მოწმობენ არა მარტო იმას, რომ მარგოშვილი ადგილობრივ ხელისუფალთათვის არა მხოლოდ ავტორიტეტია, არამედ იმასაც, რომ მარგოშვილი მათ შექმნეს და აქციეს უკონტროლო და დაუმორჩილებელ კრიმინალად, რომელსაც დღეს ხალხის სახელით ებრძვიან. თუ სატელევიზიო ეთერში ერთი ქისტი ქალბატონის გამოსვლის პათოსს გავითვალისწინებთ (იგი ხალხის სახელით მოითხოვდა მარგოშვილის დასჯას), მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდება. სამართალდამცავები ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. საუბარია იმაზე, რომ მარგოშვილს ჩეჩნურ მხარეს გადასცემენ და ის დასჯის. რატომ არ სურთ მარგოშვილის დაკავება, კანონის შესაბამისად, მისი გასამართლება ქართველ სამართალდამცავებს, გაუგებარია. როგორც ჩანს, ქართველ სამართალდამცავებს მარგოშვილის ცოცხლად აყვანა და გასამართლება ხელს არ აძლევთ, რადგან ამ უკანასკნელმა საკმაოდ ბევრი რამ იცის თავად სამართალდამცავების უკანონო ქმედებების შესახებ. ქართველ სამართალდამცავებს მარგოშვილის ლიკვიდაცია აძლევთ ხელს. შესაძლოა, მას, დუმილის საფასურად, მისცენ შანსი, ჩეჩნეთის ხელისუფლებას ჩაბარდეს და მისგან მიიღოს სასჯელი - სავარაუდოდ, უფრო მსუბუქი, ვიდრე ადგილზე ლიკვიდაციაა. ფაქტია, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი უუნარობით, რომ სწორი პოლიტიკა გაეტარებინა ისეთ სპეციფიკურ რეგიონში, როგორიც პანკისის ხეობაა, ფაქტობრივად, კრიმინალური სამყაროს მარადიული მძევლობა მიუსაჯა პანკისის მოსახლეობას: ქისტებს, ქართველებს, ოსებს, ანუ საკუთარ მოქალაქეებს. ამაში თანაბრად დამნაშავენი არიან ცენტრალური ხელისუფლებაც და მისი ადგილობრივი ორგანოებიც, რომლებიც, წესით, ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას უნდა ახორციელებდნენ. ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი შესანიშნავი საშუალება ეძლევათ, წლების განმავლობაში უმოქმედო და ურეაქციო მაყურებლის პოზაში გაიყინონ და მშვიდად ადევნონ თვალი, როგორ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ეცლება პანკისის ხეობა საქართველოს ხელისუფლებას ხელიდან; როგორ მატულობს პანკისური ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი; როგორ იზრდება ნარკოტიკების მომხმარებელ მცირეწლოვანთა (მათ შორის, გოგონების) რაოდენობა, როგორ მკვიდრდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ცნობიერებაში სიტყვა "პანკისი", როგორც ადგილი სადაც მხოლოდ კრიმინალები დათარეშობენ და შიშის ზარს სცემენ ყველას, ვინც იქ გავლას გაბედავს; როგორ ყალიბდება პანკისში ჩეჩნეთიდან ლტოლვილი მოსახლეობისგან მტრის ხატი მაშინ, როცა ლტოლვილთა ძირითად მასას მშვიდობიანი მოსახლეობა წარმოადგენს, ხოლო "ბოევიკები" იქ თუ მართლაც არიან, მათ ყველაზე ნაკლებად აძლევთ ხელს რეგიონში დაძაბულობა და არეულობის მიზეზად მათი დასახელება. სხვათა შორის, ჩვენი ინფორმაციით, ლტოლვილ ჩეჩნებს ლომის წილი მიუძღვით გატაცებული არაბულისა და 80 წლის მოხუცის დაბრუნებაში სწორედ, მათი მოთხოვნით დააბრუნეს ქისტმა კრიმინალებმა გატაცებულები და არა იმის გამო, რომ მათ პრეზიდენტის მოწოდება მიიტანეს გულთან ახლოს. საერთოდ, ლტოლვილების თემით სპეკულირება, პანკისში დატრიალებული ყველა უბედურების მიზეზად მათი დასახელება, როგორც ჩანს, მართლაც, კარგი გამოსავალია საქართველოს ხელისუფლებისთვის - როცა თავად ვერ მართავ რეგიონს, რა თქმა უნდა, გიჩნდება სურვილი, სხვას გადააბრალო საკუთარი უუნარობა. ასეთი "სხვები" კი ამ შემთხვევაში, ლტოლვილი ჩეჩნები არიან.
ჩეჩნების თემა აქტუალურია დღესაც. როდესაც კახეთში იქმნება ე.წ. სახალხო რაზმი, რომელიც კრიმინალების თარეშის აღკვეთას მოითხოვს, საქართველოს პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას: დროა, ჩეჩენი ლტოლვილები დაუბრუნდნენ სამშობლოს. დეპუტატი შამილაძე ოპერატიულად იტაცებს ამ ინიციატივას და დემაგოგიურად ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ ლტოლვილებს სამშობლოში საფრთხე არ ელით, ამიტომ, თუ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მისცემს ლტოლვილების უსაფრთხოების გარანტიას, ისინი უნდა დაბრუნდნენ. ბ-ნი შამილაძე არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ჩეჩენი ლტოლვილების ძირითადი ნაწილი ითუმ-ყალეს რაიონის მკვიდრია. იმ რაიონისა, რომელიც დღეს მიწასთან არის გასწორებული. მაშ, სად უნდა დაბრუნდნენ ლტოლვილები?
შამილაძე არაფერს ამბობს იმის შესახებაც, რომ ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთმა ახალი რეპრესიები დაიწყო ჩეჩნეთში დაბრუნებული მშვიდობიანი ჩეჩენი მოსახლეობის წინააღმდეგ: ვედენოსა და შალის რაიონებში ინგუშეთიდან დაბრუნებული ჩეჩნები ისევ ინგუშეთში გარბიან, რათა რუსეთის დამსჯელ ოპერაციებს როგორმე გაასწრონ. ასეთ ვითარებაში საქართველოდან ჩეჩენი ლტოლვილების დაბრუნება, პირდაპირ თუ ვიტყვით, დანაშაულია, რადგან რუსებისთვის მათი გადაცემა გარდაუვალი სიკვდილისთვის მათ გაწირვას ნიშნავს. ასეთი საქციელი კი არც ერთი ცივილიზებული ქვეყნის ხელისუფლებას არ ეპატიება. მათ შორის, არც საქართველოს ხელისუფლებას - თუ, რა თქმა უნდა, ცივილიზებულობის პრეტენზია მასაც აქვს.
მოკლედ, დღეს საქართველოს ხელისუფლება საუბრობს ყველაფე
--------------------
ჩვენ, ყველანი, გამოკვლევებულები ვართ! ელენიკო დათო კირკიტაძემ დაცვის ბიჭს ბოდიში მოუხადა. არის თუ არა ეს კულტურული რევოლუცია - saak... ეს საბოტაჟი რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ?!
|