წყალდიდობას მეშვიდე საპყრობილის პატიმრებიც ემსხვერპლნენ?!"ოფიციალური ინფორმაციით, წყალდიდობას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსხვერპლი უფრო მეტია და ისინი პატიმრები არიან. ამ მოარული ხმების თანახმად, მეშვიდე საპყრობილეში, სადაც სასჯელს იხდიან ე.წ. კანონიერი ქურდები, წყალდიდობის დროს სარდაფში დიდი რაოდენობით წყალი ჩავიდა - სარდაფი პირობითად ითქმის, თორემ ამ ადგილს კარცერს ეძახიან და ნულ სართულზეა განლაგებული. მას შემდეგ, რაც მეშვიდე საპყრობილეში, იმავე ღამეს ხათუნა კალმახელიძე მივიდა და შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამხედროებიც, ეჭვი უფრო გაღრმავდა. ითქვა, რომ ნულ სართულზე, კარცერში მყოფი (ანუ დასჯილი) პატიმრების დიდი ნაწილი წყალში დაიხრჩო", - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით წყალდიდობას მეშვიდე საპყრობილის პატიმრებიც ემსხვერპლნენ?!
"საპირისპირო ინფორმაცია გაავრცელა უკვე კვირას დილით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ: "საფრთხის თავიდან აცილების, საზოგადოების, თანამშრომელთა და მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა სრული მობილიზაცია მოახდინა. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა სტაბილურია და სრულ კონტროლს ექვემდებარება". ცნობისთვის, წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია ორთაჭალაში მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (ყოფილ შსს სამინისტროს) შენობაც, სადაც ცენტრალური აპარატია განთავსებული. "ქრონიკის" გარდა. ამ ინფორმაციას ფლობენ სხვა ადამიანებიც, წყაროც სხვადასხვაა: "გულუას მოედანზე წყალმა ჩამოიტანა კრწანისის ხელოვნური ტბის კატერიც კი, ეს ტბა მთლიანად გადმოვიდა, გზად წამოიღო ყველაფერი და დაეშვა გულუას მოედნისკენ. ჩნდება კითხვები: რა ბედი ეწია მინუს სართულზე მყოფ პატიმრებს, როცა შენობის ეზოში მაშველები ნავებით დაცურავდნენ. თუ პატიმრებს კარი გაუღეს, მაშინ რატომ არ გამოცხადდდა ძებნა და თუ არ გაუღეს?!" - ეს კითხვა კი ბიძინა ივანიშვილის სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"უფლებადამცველმა ლალი აფციაურმა "ქრონიკასთან" საუბარში განაცხადა: "ეს ინფორმაცია მეც მითხრეს, თუმცა დღეს, კვირას, ვერანაირად ვერ შევძლებ გადამოწმებას. ორშაბათს შევეცდები გავარკვიო, რა მოხდა სინამდვილეში". და ბოლოს, კორექტირებისთვის - პატიმრებისთვის საკნის კარის გაღება არ ნიშნავს "პაბეგს", მათი ამოყვანა შეიძლებოდა. აქვე დავამატებ, რომ ინფორმაციის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადამოწმებას აზრი არ ჰქონდა - იქ არც ზარებს პასუხობენ და არც ამგვარ კითხვებს", - წერს სტატიის ავტორი.
"ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად, ორთაჭალიში, გულუას მოედანზე ხელოვნური წყალსატევის მიმდებარე ტერიტორია ჩამოიშალა. მოსახლეობის ინფორმაციით, ხელოვნური ტბიდან უზარმაზარი ნაკადი გადმოვიდა, რომელმაც მიმდებარე ტერიტორია დატბორა. წაქცეულია ხეები, დანგრეულია გზა. კალაპოტი, საიდანაც წყლის უზარმაზარი ნაკადი გადმოვიდა, ტალახით ამოვსებულია. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ხელოვნური ტბის შექმნის დროს ხევი ორ ნაწილად გაყვეს - ნაწილი გვირაბში გაუშვეს, ნაწილი კი ტბაში. ერთბაშად მოვარდნილმა წყალმა და ჩამოტანილმა ნაგავმა გვირაბში შესასვლელი ჩახერგა და ხევის მთელი ნაკადი ხელოვნურ ტბას მიაწყდა. თვითმხილველების მონათხრობით, წყლის სიმაღლე 3 მეტრს აღწევდა. დაიტბორა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობებიც. გავრცელდა ჭორი, რომ თითქოს იზოლატორში პატიმრები დაიღუპნენ. ამ ინფორმაციას ხათუნა კალმახელიძის უწყებაში არ ადასტურებენ", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით თბილისში სტიქიას 5 ადამიანი ემსხვერპლა / რამ გამოიწვია ტრაგედია - სანიაღვრე სისტემის არარსებობამ, თუ უკანონო ნაგებობებმა.
"გიგი უგულავას განცხადებით კი სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს კრწანისში დატბორვა ყოფილ სამთავრობო რეზიდენციაში არსებულმა ხელოვნურმა ტბამ გამოიწვია. ხელისუფლების წარმომადგენლები ტბის არსებობას უარყოფდნენ - ეს ინფორმაცია გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნინო ჩხობაძემ დაადასტურა: "კრწანისის თავზე არის ე.წ. სადრენაჟო ტბა. გარდა იმისა, რომ მწყობრში უნდა იყოს კოლექტორები, აუცილებელია მუდმივად იწმინდებოდეს ხევები, რადგან იქ დიდი ხეები იზრდება და წვიმის დროს ადიდებულ წყალს ვეღარ ატარებს, ამიტომ წყალი გროვდება და ან გარეთ გადმოდის, ან ერთიანად მოვარდება. მსგავსი ამ ადგილზე 60-იან წლებშიც იყო, როცა წყალი ორთაჭალის აბანოებამდე ჩავიდა და ამას მსხვერპლიც მოჰყვა", - აცხადებს ნინო ჩხობაძე "ნეტგაზეთთან" საუბარში. დაახლოებით ასეთი ტრაგედია დატრიალდა შარშან სურამში, მოვარდნილმა წყალმა მაშინაც რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა. მოსახლეობა მაშინაც ხელოვნურ ტბას ახსენებდა - მოგვიანებით გაირკვა, რომ მთის თავზე ჩინელებს თევზის მოსაშენებლად 2 ხელოვნური ტბა ჰქოდათ გაკეთებული, წვიმების შედეგად ეს ტბები გაივსო და მოსახლეობა სერიოზულად აზარალა. ხელისუფლებას იმ ტბების არსებობა დღემდე არ უღიარებია და ყველაფერი მაშინაც უხვ ნალექს დააბრალეს", - აღნიშნავს გამოცემა.
"თბილისში შაბათის ღამის ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნის შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ორთაჭალაშია. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი, თუმცა თვითმხილველები ეჭვობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა მეტია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით თბილისი ტრაგიკული წყალდიდობის შემდეგ / "წყალდიდობა ღამის 10 საათზე დაიწყო, მაგრამ სამაშველო სამსახურის მუშაობას მხოლოდ და მხოლოდ ღამის 2 საათზე შეუდგა".
"შინდისიდან მომავალმა ხევმა თან ჩამოიტანა უზარმაზარი ხეები, რითაც ის გვირაბი ჩახერგა, რომელიც სამთავრობო რეზიდენციასთან არსებულ ტბასთან მდებარეობს. შედეგად, ხევმა ტბასთან არსებული ხიდის თავზე გადაიარა, პირველი სართულის ჯებირები მთლიანად მოანგრია და ტბაში გადავიდა, საიდანაც წყალმა გადმოხეთქა და ირგვლივ რაც შეხვდა, ყველაფერი გადაატრიალა", - ამბობს "რაზონანსთან" საუბარში ორთაჭალელი ალბერტ თოდუა. "ნიაღვარი მოულოდნელად წამოვიდა, თან ჭაობის სუნი ჰქონდა, სახლებიდან გავრბოდით - წყალი სახლებში ფანჯრებიდან შემოდიოდა" - დასძენს ორთაჭალის მცხოვრები ნათელა ჭავჭანიძე. "ეს წყალდიდობა ღამის 10 საათზე დაიწყო და სანამ კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწია, კაციშვილი მომკითხავი არ იყო, სამაშველო სამსახურებმა მუშაობა ღამის 2 საათზე დაიწყეს", - აცხადებს შუახნის ქალბატონი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა... თბილისი მერის განცხადებით კი იქ, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა და ადამიანები დაიღუპნენ, "პრაქტიკულად ყველა ნაგებობა უკანონო იყო", - აღნიშნავს გამოცემა.
http://geo.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...2-14052012.htmlრა ხდება? იქ მართლა იყვნენ პატიმრები?
"ორთაჭალაში სასჯელაღსრულების სამინისტროს კუთვნილი ნაგებობების დემონტაჟი მიმდინარეობს"
http://geo.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...mdinareobs.html