ლიბერტარიანული ექსპერიმენტი ანუ ილიას დროშით ილიას წინააღმდეგ “სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან:
მამული, ენა და სარწმუნოება.
თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით,
რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?!”
ილია ჭავჭავაძეილია, მიშა, ლიბერტი…“ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ილია ჭავჭავაძე იყო პირველი ქართველი ლიბერტარიანელი,”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2009 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას.
ილია ლიბერტარიანელობის შესახებ მანამდე მართლაც არაფერი იყო ცნობილი, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ საიდუმლოს მფლობელმა “ცოტამ”, გადაწყვიტა, რომ მოვიდა მისი გამჟღავნების დრო.
2009 წლის 6 ოქტომბრამდე ნაციონალური მოძრაობის ბევრი წევრი, ალბათ, ზოგადად პრეზიდენტის იდეოლოგიის მიმდევრად მიაჩნევდა თავს და, შეიძლება, გაკვირვებულიც კი დარჩა, როცა შეიტყო, რომ, თურმე, ლიბერტარიანელი ყოფილა, ისევე როგორც – პრეზიდენტი და ილია ჭავჭავაძე.
ვინაიდან სახელისუფლო პარტიის ლიდერი ლიბერტარიანელია, ხოლო ილია ჭავჭავაძე – საქართველოში ლიბერტარიანიზმის ფუძემდებელი, რასაკვირველია ნაციონალური მოძრაობის წევრობა იმთავითვე ლიბერტარიანელობას ნიშნავს, რადგან არავინ მოინდომებს, რომ გაემიჯნოს ილია ჭავჭავაძეს და, მით უმეტეს – პრეზიდენტს! შეიქმნა ახალი ტრიადა – ილია, მიშა, ლიბერტი…
ანუ ერთიანი ნაციონალური თავისი შინაარსით ლიბერტარიანულ მოძრაობას წარმოადგენს.
ილია ჭავჭავაძის ლიბერტარიანელად შერაცხვით ლიბერტარიანიზმი, ფაქტობრივადაც და ოფიციალურადაც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მოსახლეობის პროგრესული ნაწილის იდეოლოგიად გამოცხადდა და დამტკიცდა.
გამოდის რომ, “მამული, ენა, სარწმუნოება” – ლიბერტარიანული მოწოდება ყოფილა, ხოლო ლიბერტარიანიზმის უარყოფა, ფაქტობრივად, ილიას უარყოფას ნიშნავს!
აქედან გამომდინარე, ყველა პოლიტიურ დისკუსიაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ, რა არის ლიბერტარიანიზმი, რომელიც, თურმე, ჩვენი ეროვნული იდეოლოგია ყოფილა.
ლიბერტარიანული იდეალილიბერტარიანიზმი ზოგჯერ მაღალი ხარისხის ლიბერალიზმი ჰგონიათ, თუმცა, ეს ორი სხვადასხვა და ბევრ საკითხში ურთიერთგამომრიცხავი მოვლენაა.
ლიბერტარიანიზმი წარმოადგენს ფილოსოფიურ–პოლიტიკურ მოძღვრებას, რომლის საბოლოო მიზანია სახელმწიფოს ფუნქციების უკიდურესად შემცირება და გაუქმება.
ქართულში “ლიბერტის” ზუსტი შესატყვისი არ არსებობს და იგი ითარგმნება როგორც “თავისუფლება”, თუმცა, ლიბერტი და თავისუფლება სხვადასხვა ცნებებია. სანამ ზუსტი შესატყვისი მოიძებნება ან “ლიბერტის” შინაარსი უთარგმნელადაც გასაგები გახდება, ალბათ, უმჯობესი იქნება, რომ ლიბერტი ითარგმნოს როგორც ლიბერტი–თავისუფლება, რათა განსხვავდეს ჩვეულებრივი თავისუფლებისგან.
ლიბერტარიანიზმის მიხედვით ადამიანი არის საკუთარი თავის და საკუთრების აბსოლუტური ბატონ–პატრონი და განმკარგავი; საკუთრება დაცულია აბსოლუტური უფლებით და არავის არანაირი მიზეზით არა აქვს მისი ხელყოფის უფლება.
საკუთარ სამფლობელოში ინდივიდს სრული უფლება აქვს, იცხოვროს საკუთარი ნებისამებრ – თქვას, რაც მოესურვება, გააკეთოს, რაც მოესურვება, საკუთარ სხეულს და ქონებას მოეპყროს, როგორც მოესურვება.
ინდივიდს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე მორალური ან სხვა სახის ვალდებულება, გარდა მის მიერვე კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებებისა.
საკუთარ სივრცეში ნებადართულია ყველაფერი და, ერთადერთი, რაც ადამიანს ეკრძალება, არის სხვისი უფლებების და სხვისი საკუთრების ხელყოფა.
ლიბერტარიანელებს მიაჩნიათ, რომ სწორედ აბსოლუტური ლიბერტი–თავისუფლების დაცვით უნდა გადაწყდეს ყველა პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ ინდივიდებს შორის წამოჭრილი პრობლემა.
ლიბერტარიანულ იდეალს წარმოადგენს სამფლობელოებად დანაწილებული და რეესტრში გატარებული მთელი დედამიწა, სადაც საზოგადოებრივ საკუთრებაში არსებული თეთრი ლაქები აღარ იარსებებს და ყველაფერი ინდივიდების აბსოლუტურ საკუთრებაში იქნება – ქუჩა, გზა, მიწა, წყალი, ტყე, მთა, მდინარე, ზღვა, ოკეანე და ასე შემდეგ. ყველაფერ ამას, ისევე როგორც თავის სამფლობელოში არსებულ ფლორას და ფაუნას ადამიანი გამოიყენებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, ყველაფერი ყიდვა–გაყიდვის ობიექტს წარმოადგენს, გარდა სინდისის, მორალის და ეთიკური ნორმებისა, რომელთა მსგავს კატეგორიებსაც ლიბერტარიანიზმი არ იცნობს.
სრული პრივატიზაციის შემდგომ სახელმწიფოები გაუქმდება და დედამიწის მართვა გადავა მისი მფლობელი ბანკებისა და კორპორაციების ხელში, ვინაიდან, საწარმოს მფლობელებმა უნდა განსაზღვრონ მენეჯმენტი და არა დაქირავებულმა თანამშრომლებმა.
ლიბერტარიანელთა შეხედულებით, დედამიწის მესაკუთრეები გაცილებით უფრო ეფექტურ, სამართლიან და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ვიდრე მთელი მოსახლეობის მონაწილეობით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებები, რომლებიც გართულები არიან პოპულიზმით და, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ბეჯითი უმცირესობის გაყვლეფით ცდილობენ მუქთახორა უმრავლესობის სურვილების დაკმაყოფილებას
ლიბერტარიანიზმი სწორედ მმართველობის არსებული მანკიერი სისტემის გაუქმებას ისახავს მიზნად, რათა დედამიწის მართვის და მენეჯმენტის სადავეები ხელთ ეპყრას “გონიერ უმცირესობას”, რომელთა საკუთრებაც საიმედოდ იქნება დაცული “უგუნური უმრავლესობისგან”.
სახელმწიფოების გაუქმებასთან ერთად აღარ იქნება ომები და, შესაბამისად, საჭირო აღარ იქნება შეიარაღებული ძალები. წესრიგს დაიცავს მესაკუთრეთა მიერ დაქირავებული კერძო პოლიცია.
ყველა ადამიანისათვის ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას, ისევე, როგორც უფასო სწავლას, სოციალურად დაუცველთა დახმარებასა და ა.შ. ლიბერტარიანელები თავისუფლების ხელყოფად და ადამიანის ღირსების შელახვად მიიჩნევენ.
ყველა ადამიანმა თავად უნდა მიხედოს საკუთარ თავს. გაუქმდება გადასახადები და შესაბამისად სოციალური დაცვის ყველანაირი ფორმები, რაც, სინამდვილეში, მესაკუთრეთა ძარცვას ნიშნავს.
არ იარსებებს ერთიანი განათლების სისტემა, ყველა გადაიხდის ფულს და ისწავლის იმას, რასაც მოისურვებს.
კერძო სექტორებად დაყოფილ და მორალური კატეგორიებისგან გათავისუფლებულ დედამიწაზე აღარ იარსებებს საზოგადოება და საზოგადოებრივი აზრი, იქნებიან მხოლოდ ინდივიდები, რომელთა შორის ურთიერთობებიც კონტრაქტებით დარეგულირდება.
ლიბერტარიანულ სივრცეში აღარ იქნებიან უმუშევრები და შემწეობაზე დამოკიდებული ეგრეთ წოდებული ზედმეტი ადამიანები, ვინაიდან ნებისმიერ ტერიტორიაზე ყოფნა შეეძლება მხოლოდ მფლობელს, მომსახურე პერსონალს და ტერიტორიის დამქირავებელს. აქედან გამომდინარე, მთელი ქვეყნის სრული პრივატიზაციის პროცესი თავისთავად გულისხმობს ამ ტერიტორიებიდან ზედმეტი ადამიანებისგან გაყვანასაც.
რასაკვირველია, გაჩნდება შეკითხვა, სად წავლენ ის ადამიანები, რომელთაც არც საკუთარი ტერიტორია აღმოაჩნდებათ და არც ვინმე დაიქირავებს?!
ლიბერტარიანელები მტკიცედ დგანან იმ აზრზე, რომ ყველა ინდივიდი თავისუფალია და შეუძლია, სადაც მოისურვებს, იქ წავიდეს, ოღონდ, მთავარია, სხვის ტერიტორიაზე არ აღმოჩნდეს. თუმცა, ლიბერტარიანიანულ სივრცეში არასხვისი ტერიტორია აღარ იარსებებს.
ლიბერტარიანიზმის მთავარი მიზანი არის ის, რომ ყოველგვარი პასუხისმგებლობებისგან და მორალური კატეგორიებისგან თავისუფალმა ინდივიდმა საკუთარი ლიბერტი–თავისუფლების რეალიზება მოახერხოს.
აქედან გამომდინარე, ლიბერტარიანულ სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში მოდის ისეთი ცნებები, როგორიცაა მამული და სამშობლოს სიყვარული, რაც ადამიანებს შთააგონებს, რომ, თითქოს არსებობს ტერიტორია, რომელიც კოლექტიურად ეკუთვნის საზოგადოებას, რომელიც საერთო ისტორიის, ენის, კულტურის, ცნობიერების და კიდევ სხვა შეძენილი ნიშნების გამო თავს ერად მოიაზრებს.
მოწოდება მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვისკენ ნიშნავს ერის სუბსტანციის განმტკიცებას, რაც ეწინააღმდეგება ლიბერტარიანიზმის პრინციპებს, რადგან ერი, ისევე როგორც ნებისმიერი საზოგადოებრივი გაერთიანება, მისი წევრებისგან მოითხოვს გარკვეული მორალური და იურიდიულ პასუხისმგებლობების გათვალისწინებას, რაც ინდივიდის ლიბერტი–თავისუფლებას ზღუდავს.
ლიბერტარიანიზმმა არ იცის რა არის სამშობლო, უფრო მეტიც, მისთვის თავად ამ ცნების არსებობა სხვისი უფლებების დარღვევის საფრთხეს შეიცავს, ვინაიდან სამშობლოს სიყვარული პიროვნებამ შეიძლება დაუკავშიროს რომელიმე მდინარეს, მთას, ტყეს, ანუ სხვა ინდივიდის რეესტრში გატარებულ საკუთრებას. სხვისი საკუთრების სიყვარული კი მისი ხელყოფის წინაპირობას წარმოადგენს.
ლიბერტარიანულ სივრცეში ინდივიდებს შორის ურთიერთობები დარეგულირდება მხოლოდ კონტრაქტებით, რომლის შინაარსი და ხასიათი მთლიანად დამოკიდებული იქნება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებაზე.
რაც დღეს არსებულ პოლიტიკურ სისტემებში მონობის, ტრეფიკინგის, დამამიმცირებელი მოპყრობის გამოვლინებად მიაჩნევა, ლიბერტარიანელების შეხედულებით სრულიად დასაშვებია, თუ ეს ნებაყოფილობით დადებული კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარეობს. ვინაიდან ლიბერტარიანიზმი გულისხმობს საკუთარი სხეულის განკარგვის აბსოლუტურ თავისუფლებას, ადამიანისთვის საკუთარი თავის მონად გაყიდვის აკრძალვა, მისი თავისუფლების შეზღუდვა იქნებოდა, რასაც ლიბერტარიანელებისთვის მიუღებელია.
ლიბერტარიანელები მხარს უჭერენ პორნოგრაფიის, პროსტიტუციის, ნარკოტიკების მოხმარების და წარმოების, ქორწინების ტიპების და
ინდივიდთა თანაცხოვრების ფორმების სრულ თავისუფლებას. მათთვის მიუღებელია, რომ სახელმწიფო კანონის ძალით ამკვიდრებდეს და იცავდეს ვინმეს (თუნდაც საზოგადოების დიდი ნაწილის) შეხედულებებს ზნეობის შესახებ. არავის აქვს უფლება, სხვას თავს მოახვიოს საკუთარი შეხედულებები მორალურისა და ამორალურის შესახებ, ეს თავად ინდივიდმა უნდა გადაწყვიტოს ყოველგვარი ძალადობის გარეშე.
ლიბერტარიანელისთვის არ არსებობს წარსულისადმი ვალდებულება და – მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა, არსებობს მხოლოდ აწმყოში არსებული მისი პირადი ინტერესები და, რასაკვირველია, მისთვის არ არსებობს ღმერთი, რადგან იგი საკუთარ თავს აღმერთებს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც.
ლიბერტარიანული სამოთხეფულიან ლიბერტარიანელებს მაგრად გაუმართლათ, რადგან მილიარდერი პიტერ ტილი წყნარი ოკეანის ნეიტრალურ წყლებში ლიბერტარიანულად ცხოვრების მოყვარულებისთვის ხელოვნური კუნძულების მშენებლობას იწყებს.
ეს ის პიტერ ტილი გახლავთ, რომელმაც მოიგონა ელექტრონული გადახდის სისტემა PayPal–ი და პირველი დაფინანსება გაიღო ფეისბუკის შესაქმნელად.
გეგმის მიხედვით პირველი კუნძული 2019 წლისთვის დასრულდება, ხოლო 2050 წელს ამგვარ კუნძულებზე ათ მილიონამდე ადამიანი იცხოვრებს.
ეს პროექტი წარმოადგენს პოლიტიკურ ექსპერიმენტს, რომლის მიზანსაც ლიბერტარიანულად მოწყობილ დედამიწის მიკრომოდელზე დაკვირვება წარმოადგენს.
ლიბერტარიანელები ცხოვრებაში გამოცდიან საკუთარ უტოპიურ მოძღვრებას და დაარსებენ იმგვარ საცხოვრებელ სივრცეს, სადაც არ იმოქმედებს აქამდე არსებული ზნეობრივ–ეთიკურ ნორმები და კანონები.
ლიბერტი–კუნძულებზე არ იარსებებს გადასახადები, არანაირი რეგულაციები, სოციალური დაცვის პროგრამები, პენსია, დაზღვევა და ერთიანი განათლების სისტემა; არ იქნება განსაზღვრული მინიმალური ხელფასი, დაშვებული იქნება იარაღის ტარება, ნარკოტიკები, პროსტიტუცია, თანაცხოვრების ნებისმიერი ფორმები და ასე შემდეგ…
კუნძული მთლიანად დანაწილებული იქნება მფლობელებს შორის, თუმცა, იქნება სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორიებიც პერსონალისთვის, რომლის მოვალეობაც იქნება კუნძულის მოვლა, დაცვა და ექსპერიმენტში მონაწილეთა მომსახურება–გართობა.
ფულიან ლიბერტარიანელებს გაუმართლათ იმიტომ, რომ ხელოვნურ კუნძულზე ლიბერტარიანულ ექსპერიმენტში საკუთარი ნებით მიიღებენ მონაწილეობას, დაისვენებენ და გაერთობიან.
საქართველოს მოსახლეობას კი ნაკლებად გაუმართლა, რადგან თავისი ნების საწინააღმდეგოდ მონაწილეობს საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ლიბერტარიანულ ექსპერიმენტში, თანაც, ერთ ნაწილს მხოლოდ მომსახურე პერსონალის როლი ერგო, ხოლო მეორე ნაწილი საერთოდ ზედმეტი აღმოჩნდა.
ლიბერტარტარიანელები ამერიკაში ///////////////////////////
http://opinion.ge/?p=12902 ძალიან საინტერესო სტატიაა, ნუ დაგეზარებათ, გახსენით ლინკი და წაიკითხეთ
თქვენ როგორ ფიქრობთ, მართლაც რა არის ლიბერტარიანიზმი და თვლით თუ არა, რომ იგი ჩვენი ეროვნული იდეოლოგიაა?
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?