http://www.tribuna.ge/index.php?option=com...d=9104&Itemid=1„დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს 2008 წლის სიტუაციას. ნატოს მიერ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიაა,“- განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას.
მისი თქმით, ეს სამიტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის ნატოს გაფართოების სამიტი, მაგრამ ეს არის სამიტი, რომელმაც უნდა დააფიქსიროს საქართველოს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის კუთხით.
„სიტუაცია ჩვენთვის წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ძალიან ჰგავს 2008 წელს. მაშინაც იყო ნატოს სამიტი, მაშინაც იყო არჩევნები ამერიკაში, რუსეთში და საქართველოში. მაშინ ნატომ ყოყმანი აჩვენა და რითიც დამთავრდა 2008 წელი ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ ჩვენთვის წელს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია დაფიქსირდეს, რომ ნატოში გვაქვს პროგრესი,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ძალები საქართველოდან გარბიან ბრიუსელში და სხვადასხვა დედაქალაქებში და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნატომ არ დააფიქსიროს საქართველოს პროგრესი და პირიქით, თქვას, რომ საქართველოში არის სიტუაციის გაუარესება.
„თქვენ ნახეთ, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა ის, რასაც ნატოს ყველა წევრი ამბობს ბოლო ხანებში ძალიან დამაჯერებლად, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს ინტეგრაციის საკითხში. ბუნებრივია, ზოგიერთი ცინიკოსი დასვამს შეკითხვას, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით ჰორიზონტს ჰორიზონტი უფრო შორს ხომ არ მიდისო? მინდა, ერთი რაღაც გავითვალისწინოთ: ჩვენ რა თქმა უნდა მოგვიწევს ბევრი მოთმინება სანამ ნატოს სრულფასოვანი წევრები გავხდებით, მაგრამ დღეს ნატოში ინტეგრაციის პროცესი არის ძალიან დიდი შემაკავებელი ყველანაირი აგრესიული გეგმებისა ჩვენს მიმართ. ეს არის დღეს საქართველოს უსაფრთხოების ფაქტორი,“- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის პროგრესი როგორც ქვეყანაში გატარებული რეფორმების, ასევე ავღანეთში მებრძოლი ქართველი ბიჭების დამსახურებაა.
„ისინი ამ ბრძოლით საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნვეყოფენ და იმას, რომ საქართველოში ვერავინ ვერ გაიმეოროს 2008 წლის სცენარი, ვერც წელს და ვერც ვერასდროს,“- განაცხადა პრეზიდენტმა.