ბატონო კახა
თქვენს 2012 წლის 5 ივლისის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ აღნიშნული საკითხი რეგულირდება სსკ–ის 32–ე მუხლით, რომლის თანახმად:
მუხლი 32. საქველმოქმედო ორგანიზაცია
1. საქველმოქმედო ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.
2. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი ენიჭება ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად, რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საქველმოქმედო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს.
3. დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ემსახურება ორგანიზაციის ძირითად მიზნებს, არ ცვლის მის საქველმოქმედო ხასიათს.
4. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას, გაუქმებასა და ჩამორთმევას შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარდგინებით ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
5. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება ხდება ორგანიზაციის წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებაში უნდა მიეთითოს ორგანიზაციის:
ა) სახელწოდება;
ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
გ) ძირითადი მიზნები;
დ) ბოლო წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;
ე) ხელმძღვანელი ორგანოს და ფილიალების მისამართები.
6. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ორგანიზაციის წესდების ასლი;
ბ) სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
გ) ბოლო წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (პროექტების, მომსახურების) აღწერას;
დ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).
7. განცხადების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსი 1 თვის ვადაში იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, სტატუსი მინიჭებულად ჩაითვლება. სტატუსი ენიჭება უვადოდ. სტატუსი ძალაში შედის მინიჭებისთანავე.
8. ორგანიზაციას, რომელსაც მიენიჭა სტატუსი, გადაეცემა სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა. მასში აღინიშნება:
ა) ორგანიზაციის სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
ბ) სტატუსი;
გ) ხელმძღვანელი ორგანოს მისამართი;
დ) სტატუსის მინიჭების თარიღი და ნომერი;
ე) ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი.
9. სტატუსის მიღებასთან ერთად ორგანიზაციას ეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე უნდა წარუდგინოს:
ა) ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (მათ შორის, ეკონომიკურის) აღწერას;
ბ) ფინანსური ანგარიში მიღებული შემოსავლების შესახებ, წყაროებისა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებით;
გ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).
10. ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში) უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
11. დაუშვებელია საქველმოქმედო ორგანიზაციის მოგებისა და აქტივების განაწილება ორგანიზაციის წევრებს, დამფუძნებლებს, გამგეობისა და კურატორიუმის წევრებს შორის. საქველმოქმედო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდეგ მისი ქონება უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილებით გადაეცემა მსგავსი მიზნების მქონე საქველმოქმედო ორგანიზაციას, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
12. საქველმოქმედო ორგანიზაციას სტატუსი უუქმდება:
ა) ორგანიზაციის ინიციატივით;
ბ) მისი ჩამორთმევის შემთხვევაში.
13. საქველმოქმედო ორგანიზაციას სტატუსი ჩამოერთმევა, თუ:
ა) დაარღვია ამ კოდექსის მოთხოვნები;
ბ) გაუუქმდა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაცია.
14. ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო სტატუსის ჩამორთმევის შემთხვევაში საქველმოქმედო ორგანიზაცია ვალდებულია დააბრუნოს სტატუსიდან გამომდინარე საგადასახადო შეღავათებით მიღებული სარგებლის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული მოთხოვნების დარღვევასთან.
15. საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ წარდგინების მომზადებამდე საქველმოქმედო ორგანიზაციას უგზავნის შეტყობინებას და განუსაზღვრავს დამატებით, ერთთვიან ვადას ამ კოდექსის მოთხოვნების შესასრულებლად.
16. საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელსაც ჩამოერთვა სტატუსი, უფლება აქვს, მისი აღდგენის თაობაზე განცხადება შეიტანოს სტატუსის ჩამორთმევის მიზეზის აღმოფხვრიდან არა უადრეს 1 წლისა.
17. შემოსავლების სამსახური აწარმოებს საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრს. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ორგანიზაციის სახელწოდება;
ბ) ხელმძღვანელი ორგანოს, ფილიალებისა და წარმომადგენლობების მისამართები;
გ) ძირითადი მიზნები;
დ) სტატუსის მინიჭების თარიღი და ნომერი;
ე) მმართველობის უმაღლესი ორგანოს ყველა წევრის ვინაობა და მისამართები.
18. საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში შეტანილი ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებულია ცვლილებისთანავე წერილობით აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ამ ცვლილების შესახებ.
19. საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
გისურვებთ წარმატებებს
შემოსავლების სამსახური
ყურადღება: ვებ-გვერდის მეშვეობით გამოგზავნილი წერილი ატარებს საინფორმაციო ხასიათს, შესაბამისად მასზე გაცემული პასუხი ვერ იქნება იურიდიული ძალის მატარებელი
******************
მოკლედ, ერთი თვალით რასაც გადავხედე, იურიდიულ პირად დარეგისტრირება არ უნდა იყოს პრობლემა, უბრალოდ რეგისტრაციიდან ერთი წლის ვადაში უნდა აღვრიცხოთ ყველაფერი, მერე აუდიტის დასკვნა დაგვჭირდება ფინანსების მოძრაობაზე და ამის შემდეგ მოგვენიჭება საქველმოქმედო ფონდის სტატუსი
ცოტა ხანში კიდე დაწვრილებით გადავხედავ, მანამდე თქვენც არ დაიზაროთ
This post has been edited by Mad Dog Gambino on 6 Jul 2012, 09:39