უფასო არა ის კიდე რა
"დელტა კომმი" უფასო ინტერნეტის პროექტში 14 მილიონს ჩადებს
commersant.ge
დედაქალაქის მერიის „უსადენო და უფასო ინტერნეტის“ პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ამის შესახებ მერიის აუქციონში გამარჯვებული კომპანიის „დელტა–კომმის“ კომერციულმა დირექტორმა დავით ხუბულურმა commersant.ge–ს განუცხადა.
მისი თქმით, პროექტის ღირებულება 14 მილიონი დოლარს გადააჭარბებს, რასაც აუქციონში გამარჯვებული კომპანია აფინანსებს. პროექტის სრულყოფილად ამოქმედების შემდეგ კომპანიის ყოველთვიური საოპერაციო ხარჯი კი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი იქნება.
როგორც „დელტა კომმის“ კომერციული დირექტორი ჩვენთან საუბარში აცხადებს, უფასო ინტერნეტით სარგებლობა დედაქალაქის ყველა უბანში, საგზაო მაგისტრალებზე, მოედნებსა და სკვერებში, ასევე მეტროპოლიტენის სადგურებსა და ვაგონებში იქნება შესაძლებელი. კომპანია WiFi–ს სპეციალური ხელსაწყო „აქსეს პოინტით” გაავრცელებს, აქსესპოინტიდან ინტერნეტის ჯამური გავრცელების მაქსიმალური სიჩქარე კი 120 მეგაბიტი იქნება. თითოეული აქსესპოინტის დაფარვის ზონა 300-დან -500 მეტრამდე დიამეტრის წრეა.
ერთი ადამიანი 1–4 მეგა ბიტი სიჩქარით სარგებლობას შეძლებს. სულ ქალაქის მაშტაბით დაგეგმილია 2500-ზე მეტი აქსესპოინტის განთავსება.
დავით ხუბულურის განმარტებით, თითოეული აქსესპოინტიდან ინტერნეტით სარგებლობა, 4 მეგა ბიტი შეერთებით, ერთდროულად 30 ადამიანს შეეძლება. პირობითად, 31-ე ადამიანის დამატების შემთხვევაში კი სისტემა "პირველ" მომხმარებელს ავტომატურად გათიშავს.
შეგახსნებთ: ამჟამად უფასო, უსადენო ინტერნეტით სარგებლობა განახლებულ დავით აღმაშენებლის, რუსთაველის გამზირზე, რიყეზე, ვაკის პარკში, თავისუფლების მოედანზე, გლდანსა და ვარკეთილშია შესაძლებელი. WiFi სისტემით თბილისის სრულად აღჭურვა კი 2012 წლის ბოლოს დასრულდება.
„დელტა–კომმი“ დედაქალქის მერიამ აღნიშნული პროექტისთვის კონკურსით წესით აარჩია, კონკურსში მონაწილეობა სხვა კომპანიებს არ მიუღიათ. კომპანიაში არ აზუსტებენ, კომერციული თვალსაზრისით, რატომ გახდა მათთვის საინტერესო პროექტში მონაწილეობა.