პროკურატურის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები "ელიტა ბურჯის" ტერიტორიაზე არსებულ საწყობში "გლობალ ტვ"-ის ანტენების დაყადაღებას ახორციელებენ
17:10 21.06.2012
პროკურატურის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები “ელიტა ბურჯის” ტერიტორიაზე არსებულ საწყობში “გლობალ ტვ”-ის ანტენების დაყადაღებას ახორციელებენ.
ამის შესახებ "პირWელს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მისი ინფორმაციით, პროკურატურის და პოლიციის თანამშრომლები სასამართლოს განჩინების საფუძველზე “ელიტა ბურჯის” გარკვეული ქონების დაყადაღებას ახორციელებენ.
თავის მხრივ, “გლობალ ტვ”-ის ადვოკატის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, “ელიტა ბურჯში” პოლიციის შესვლა იმ ფაქტს უკავშირდება, რომ “გლობალ ტვ”-ის “ელიტა ბურჯის” ტერიტორიაზე საწყობი აქვს ნაქირავები, რომელშიც “გლობალ ტვ”-ის ანტენებია განთავსებული.
“სასამართლომ გამოსცა განჩინება “გლობალ ტვ”-ის ანტენების დაყადაღების შესახებ. ეს ანტენები აღნიშნულ საწყობშია განთავსებული და მისი დაყადაღების მზინით, პოლიცია “ელიტა ბურჯის” ტერიტორიაზეა შესული”, - განაცხადა ბარამიძემ.
რაც შეეხება “გლობალ ტვ”-ის, ამ დროისთვის მის ტერიტორიაზე პოლიცია არ იმყოფება, თუმცა ბარამიძე მათ მისვლას არ გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების შესახებ შუამდგომლობით მიმართა.
,,2012 წლის 20 ივნისს კონტროლის პალატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით) გამოძიება დაიწყო. „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისადმი" საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა კვლავ გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. შესაბამისად, არსებობს საკმარისი საფუძველი გამოძიება დაიწყოს. ამასთან, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს და გამოძიების დასრულებამდე სასამართლოს შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს. აღნიშნული მიზნად ისახავს შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას”, - ნათქვამია განცხადებაში.
http://www.pirweli.com.ge/?menuid=11&id=9216