საქალაქო სასამართლომ "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს 2 383 097 ლარი დააკისრა
11:47 27-06-2012
თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პოლიტიკურ პარტიებს 2 383 097 ლარის ჯარიმა დააკისრა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" იურისტმა, ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა, მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე კონტროლის პალატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
"ქართული ოცნების" ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და 48 საათის ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
კონტროლის პალატამ "ქართულ ოცნებაში" შემავალი პოლიტიკური სუბიექტები სამართალდამრღვევებად ცნო და ადმინისტრაციული საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.
როგორც კონტროლის პალატის 25 ივნისის განცხადებაშია ნათქვამი, შპს "მენეჯმენტ სერვისმა" საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476 614,51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია "ქართული ოცნების" საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება", კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები – "რესპუბლიკური პარტია", "ეროვნული ფორუმი", "ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები", "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "კონსერვატიული პარტია" და "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს".
მაკონტროლებელი უწყების ინფორმაციით, შპს "მენეჯმენტ სერვისის" მიერ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული უსასყიდლო მომსახურება სასამართლომ უკანონო შემოწირულობად ცნო.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 27-ე პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ შემოწირულების მიღებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია, თანხა 5 დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, პარტიას კი დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა. რადგან საქართველოს კონტროლის პალატის მიზანია დარღვევების პრევენცია და არა სანქციების გამოყენება, უკანონო შემოწირულობის მიმღებ პოლიტიკურ პარტიებს წერილობით მიეცათ წინადადება პროპორციულობის პრინციპის დაცვით, უკანონო შემოწირულება შემომწირველისთვის დაებრუნებინათ. თუმცა, ზემოთ აღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიებმა უარი განაცხადეს ორგანული კანონის და სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე", - ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.
აღნიშნულის საფუძველზე, მონიტორინგის სამსახური აცხადებს, რომ სახეზეა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მეორე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა. ორგანული კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატამ ყველა ზემოთ აღნიშნული პოლიტიკური პარტია სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...i-daakisra.htmlპ.ს. ისაუბრეთ წესების დაცით
This post has been edited by ხარონი on 27 Jun 2012, 12:38