საია სამართალდამცავებს პოლიტიკური შეხედულებების გამო ძალადობის პრევენციისკენ მოუწოდებს
18:17 27-06-2012
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) გორის რაიონის სოფელ მერეთში გუშინ მომხდარი დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება და სამართალდამცავებს პოლიტიკური შეხედულებების გამო ძალადობის პრევენციისკენ მოუწოდებს.
როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე წარმოშობილი ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებით პოლიციის მხრიდან პასიურობა და საჯარო სამსახურის პოლიტიზაცია დაუშვებელია.
"მერეთში შეკრებილი ადამიანების ერთი ჯგუფი აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავდა სოფელში ამომრჩევლებთან შესახვედრად ჩასული კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერების, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას მიმართ. ბოლოს, მოქალაქეებს შორის უთანხმოება ხელჩართულ ჩხუბსა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა.
ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა საზღვრისპირა სოფლის გასწვრივ, სადაც მუდმივად პატრულირებენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, თუმცა პოლიციას არ გაუტარებია არავითარი ღონისძიება ძალადობის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებულია მშვიდობიანი შეკრების უფლება. სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას შეკრების თავისუფლება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "ექიმები სიცოცხლისათვის ავსტრიის წინააღმდეგ" მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: შეკრების მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ მათი შეხედულებების ღიად გამოხატვის შესაძლებლობა ოპონენტების მხრიდან ფიზიკური თავდასხმის შიშის გარეშე. სახელმწიფო არა მხოლოდ მაშინ არღვევს ადამიანის შეკრების უფლებას, როდესაც უშუალოდ ხელს უშლის დემონსტრაციის ჩატარებას, არამედ მაშინაც, როდესაც დემონსტრანტებსა და სხვა კერძო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ინარჩუნებს პასიურ პოზიციას და არაფერს აკეთებს იმ ძალადობის პრევენციისათვის, რაც შეუძლებელს ხდის მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას", - აცხადებენ საია-ში."ახალგაზრდა იურისტების" შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, პოლიციამ დაარღვია პოზიტიური ვალდებულება იმით, რომ არ ჩადგა დაპირისპირებულ მხარეთა შორის და მათ შორის ფიზიკური შეხება დაუშვა. საია-ს ყურადღება სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვამაც მიიპყრო.
"პოლიციამ დააკავა ოთხი პიროვნება: ლაშა ჭიღლაძე, ალექსანდრე ოდიშვილი, ალექსანდრე კიკოლაშვილი და დავით ბზიშვილი. მათ მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საიას ადვოკატები გორის რაიონულ სასამართლოში იცავდნენ ალექსანდრე კიკოლაშვილისა და დავით ბზიშვილის ინტერესებს.
სასამართლოში ვიდეომასალის სახით წარდგენილი მტკიცებულებიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე კიკოლაშვილი არათუ ჩართული არ არის ძალადობის აქტებში, არამედ მას, წაქცეულ მდგომარეობაში მყოფს, თავდამსხმელები აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოწმეთა ნაწილს, რომლებმაც ჩვენება მისცეს საიას ადვოკატების დაცვის ქვეშ მყოფი პირების წინააღმდეგ, არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და, შესაბამისად, ვერ დგინდებოდა მათი ვინაობა და საქმესთან კავშირი. ამის მიუხედავად, გორის რაიონულმა სასამართლომ დავით ბზიშვილს და ალექსანდრე კიკოლაშვილს 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა", - ნათქვამია განცხადებაში.
საია განსაკუთრებით შეშფოთებულია აღნიშნულ "კონტრდემონსტრაციაში" საჯარო მოხელეების მონაწილეობით და მათი ქცევით. "საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, კონტრდემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღო ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ვასილ თევდორაშვილმა, ასევე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის სპეციალისტმა ლევან ბიძინაშვილმა, სამაშველო სამსახურის უფროსმა და რიგითმა თანამშრომელმა.
საჯარო მოხელეებმა უცენზურო გამონათქვამებით ასევე ჩაშალეს იმავე დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ სხვა აქტივობაც. საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, დირბში ქართული ოცნების წინააღმდეგ გამართულ შეკრებაში უშუალოდ მონაწილეობდა აღნიშნული სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ჰამლეტ დავრაშელიძე, ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვა თანამშრომლები. დაფიქსირდა მათი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის და ჟურნალისტების მიმართ ძალის გამოყენების იზოლირებული შემთხვევები. მართალია, საჯარო მოხელეს არ ეკრძალება არც პოლიტიკური პარტიის წევრობა და არც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამოხატვა, თუმცა აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის "ზ" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურს გააჩნია უპარტიო ხასიათი. ამავე კანონის 61-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის. როგორც დირბის, ისე მერეთის ინციდენტს ადგილი ჰქონდა მაშინ, როცა საჯარო მოსამსახურეები დაკავებული უნდა ყოფილიყვნენ საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით. საჯარო სამსახურის არაპარტიული ხასიათიდან გამომდინარე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, საჯარო მოსამსახურეებს მართებთ, თავი შეიკავონ პოლიტიკური სიმპათიებისა და ანტიპათიების გამოხატვისაგან და, მით უმეტეს, სიტყვიერი და ფიზიკური იძულების გამოყენების გზით პოლიტიკოსის ამომრჩეველთან შეხვედრისათვის ხელის შეშლისაგან. დირბის და მერეთის ინციდენტის მონაწილე საჯარო მოხელეთა ქმედებები შეიცავს დისციპლინური გადაცდომის ნიშნებს, რის გამოც უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან, იმსჯელონ მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
საია გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგებლებს მოუწოდებს, შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა უზრუნველყონ და ამ პრინციპის დამრღვევი პირების მიმართ დისციპლინური ზომები გამოიყენონ.
"პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ უარი თქვას ძალადობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს, პოლიტიკური პარტიების ამომრჩევლებთან შეხვედრის მშვიდობიან და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვა და ძალადობის აქტებზე დროული რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, შსს-მ უზრუნველყოს იმ პოლიციელთა პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და აღკვეთოს ძალადობა", -აღნიშნულია განცხადებაში.
გორის რაიონის სოფელ მერეთში გუშინ ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას სტუმრობას დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელში ბიძინა ივანიშილი მივიდა და მისი მისამართით გაისმა შეძახილები, "წადი", "რუსეთის აგენტო" და ა.შ.
ნაცემია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ქალებიც. შეხლა-შემოხლის დროს წარმოქმნილ ჭყლეტაში მოყვნენ ჟურნალისტებიც.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არ გამოჩენილან.
სოფელი მერეთი გორის რაიონში საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარეობს. სოფლიდან დაახლოებით 200 მეტრში რუსული საგუშაგოა.
http://geo.interpressnews.ge/ge/samartali/...moutsodebs.html