Civilian
Big Brother

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4592
წევრი No.: 111494
რეგისტრ.: 5-February 10
|
#31964908 · 4 Jul 2012, 01:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხუთშაბათი, 11 სექტემბერი, 2003 წელი
მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია || და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა
მის აღმატებულებას, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს
პარლამენტს, მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, ინტელიგენციას,
ახალგაზრდობას, სამღვდელოებას, სრულიად საქართველოს
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!
ჩვენო სულიერო ძმანო და დანო, თანამემამულენო, უდიდესი ისტორიული მოვლენის - რუის-ურბნისის კრების 900 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოგმართავთ იესო ქრისტეს უპირველესი მოციქულის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, იმ ეკლესიის სახელით, სადაც ჯერ კიდევ || საუკუნის დასაწყისში მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს დიდი ღვაწლითა და ნიშ-სასწაულებით აღსრულდა მოქცევა ჩვენი ერისა და ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად.
აღსანიშნავია, რომ საუკუნეთა მანძილზე მართლმადიდებლობას ჩვენში "ბიწი რაიმე" არ შეხებია და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მდგარი ივერიის ეკლესია მუდამ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან მისი წიაღიდან იღებდა სათავეს ზნეობრიობა და ერის კულტურა, მისი თვითმყოფადობა და თავისუფლებისკენ სწრაფვა, ანუ სახელმწიფოს ძლიერების განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორები.
მშვენივრად ბრძანებს წმიდა ილია მართალი: "ქრისტეს რჯული ქართველებისთვის მარტო სარწმუნოებითი აღსარება კი არ იყო, იგი, ამასთან ერთად, პოლიტიკური ქვითკირიც იყო საქართველოს მრავალი ნაწილების გასაერთიანებლად და შემოსაკრებად".
ამიტომაც იყო, რომ 900 წლის წინათ წმ. მეფე დავითმა აღმშენებლობის პროცესი ეკლესიის თანადგომითა და ერის სულიერ-ზნეობრივი გაჯანსაღებით დაიწყო. რუის-ურბნისის კრება იქცა იმ მტკიცე საძირკვლად, რომელსაც შემდეგ დაეშენა იმდროინდელ მსოფლიოში ყველასგან ანგარიშგასაწევი სახელმწიფოს ძლიერება.
საქართველოს ძლიერებასა და ერის ერთობას დღესაც საფუძვლად სულიერება და ზნეობრიობა უნდა დაედოს. ამასთან, აუცილებელია თვითმყოფადი ცნობიერებისა და კულტურის შენარჩუნება, რომელიც მთლიანად ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზეა დაფუძნებული. ამით დედა ეკლესია არ ქადაგებს კარჩაკეტილობას და ოდნავადაც არ აკნინებს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების მნიშვნელობას; პირიქით, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია როგორც აღმოსავლეთმა, ისე დასავლეთმა, ოღონდ ჩვენი კულტურა ევროპისა და აზიის ცივილიზაციების ჩვენეული აღქმაა და არა მექანიკური გამეორება მათი ნააზრევისა, ამიტომაცაა იგი ძვირფასი. ამიტომაც შევიტანეთ ჩვენ ჩვენი წვლილი მსოფლიოს კულტურულ საგანძურში.
ჩვენი ტრადიციისთვის ასევე მიუღებელია შეუწყნარებლობა და აგრესია უცხო ერებისა და აღმსარებლობის წარმომადგენლებისადმი. ისტორიულად საქართველოში არასდროს ყოფილა დევნა და შევიწროვება ეთნიკური და რელიგიური ნიშნით. ესაა მიზეზი იმისა, რომ აქ მცხოვრები სხვა ერისა და სარწმუნოების წარმომადგენლები სიყვარულით არიან განმსჭვალულნი ჩვენი მიწა-წყლისა და ხალხისადმი. ასე რომ, ქართველი ერისათვის უცხოა როგორც ფსევდოდემოკრატია, ასევე ფსევდოპატრიოტიზმი.
სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ბოლო დროს განვითარება იწყო არაჯანსაღმა მიმართულებებმა. ზოგიერთი ვერ აცნობიერებს, რომ, ერთის მხრივ, რელიგიური ექსტრემიზმი, ხოლო, მეორეს მხრივ, უკიდურესი ლიბერალიზმი აღრმავებს ხალხში ისედაც არსებულ დაპირისპირებას. ამ პროცესებს, რომლებიც შეიძლება უცხოეთიდან იმართება, ერთი-ორი სასულიერო პირიც აჰყვა და საერონიც აიყოლია. ყველას გასაგონად ვაცხადებთ, რომ ისინი სამეუფეო გზას არიან აცდენილნი და არასწორი ქმედებით თვითვე განაყენებენ თავის თავს ეკლესიისაგან. შევთხოვთ ღმერთს, მისცეს მათ გულწრფელი სინანული.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებელთა გაღიზიანების მთავარი მიზეზი გახლავთ არა სხვადასხვა რელიგიური ჯგუფებისა და სექტების არსებობა, არამედ მათი მხრიდან გამოვლენილი არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი. ვფიქრობთ, სახელმწიფომ დროულად უნდა მიიღოს რელიგიის შესახებ კანონი, რომ მოწესრიგდეს და აღმოიფხვრას ბოლო დროს გამოვლენილი არასწორი ტენდენციები.
ჩვენ ვაღიარებთ, რომ პრობლემები ეკლესიის წიაღშიცაა და ეს არც არის გასაკვირი. რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა თვალნათელი მაგალითია იმისა, თუ რა სერიოზული სიძნელეები არსებობდა ეკლესიაში და საზოგადოებაში მაშინაც, როდესაც ცოცხალი და უწყვეტი კავშირი იყო ასურელი მამებისა და გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებულ სასულიერო ცენტრებთან, სადაც ცნობილი მოსაგრენი მოღვაწეობდნენ.
ყველამ ვიცით, რომ 70-წლიანმა ათეისტურმა პერიოდმა ქვეყანას მძიმე დაღი დაასვა, მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით ჩვენი ერი კვლავ დაუბრუნდა ეკლესიურ ცხოვრებას და დღეს, მიუხედავად მრავალი პრობლემისა, დგას ჟამი სულიერი ფერისცვალებისა. ჩვენ მადლობას ვწირავთ ღმერთს იმისათვის, რაც მისი შეწევნითა და ხალხის თანადგომით დღემდე გაკეთდა.
საეკლესიო ცხოვრების განახლება რთული და წინააღმდეგობრივი პროცესია. ამ საქმეში სამღვდელოებასთან ერთად ხალხის მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მისაღებია, მაგრამ სამოქალაქო, ანუ ღია საზოგადოების წესების გამოყენება და დანერგვა ეკლესიაში ისევე არაბუნებრივია, როგორც საღვთო იერარქიული წყობის შეტანა დემოკრატიის სივრცეში.
არამართლმადიდებლურ ქრისტიანულ სამყაროში არის მაგალითები როგორც ეკლესიის აქტიური ჩარევისა სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე პირიქით - საერო პრინციპების დამკვიდრებისა ეკლესიაში. მართლმადიდებელი ეკლესია კი ყოველთვის ინარჩუნებდა ზომიერებას და განრიდებული იყო მსგავს უკიდურესობებს. დღესაც ჩვენ ამ პოზიციის დამცველნი ვართ; ჩვენთვის ამოსავალია წმ. წერილის სიტყვები: "ნუ მისდრკები მარჯულ, ნუცა მარცხულ, არამედ გზასა სამეუფოსა ვიდოდეთ" (2 სჯ. 5, 32, 17-11).
დღეს ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა ღირებულებათა გაუფასურება. ადამიანებს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს, არწმუნებენ, თითქოს სამშობლოს სიყვარული, უფროსისადმი პატივისცემა, პატიოსნად ცხოვრება, ენისა და სარწმუნოების დაცვა და სხვა, ჩვენი ხალხისათვის დამახასიათებელი, ტრადიციები მოძველდა. ამ აზრის დამკვიდრებას ხელს უწყობს ზოგიერთი სატელევიზიო პროგრამა, ჟურნალ-გაზეთი და სხვა საინფორმაციო საშუალებანი. ამასთან, ისინი თესენ შიშს ხვალინდელი დღისადმი და აღვიძებენ მდაბალ ინსტინქტებს. თანამედროვე ადამიანისათვის ყოველივე ნებადართული ხდება: მრუშობაც, აბორტიც, მკვლელობაც, თვითმკვლელობაც, ძალადობაც, მამათმავლობაც, ნარკომანიაც და სულიერი დეგრადაციის სხვა გამოვლინებები. პირველ რიგში, უნდა აიკრძალოს პორნოპროდუქციის ლეგალიზაცია და ყაჩაღობისა და ძალადობის მქონე ფილმების ჩვენება. მეტად სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ზნეობრივი გახრწნის პროცესს სკოლის ასაკიდანვე შეუწყონ ხელი და ამისთვის სახელმძღვანელოებიც კი შეიმუშავეს. ეკლესია ასეთი საკითხებისადმი გულგრილი ვერ დარჩება, რადგან სინამდვილეში ეს არის ტოტალური ქადაგება ურწმუნოებისა, მიწიერ საცდურთა საშუალებით ხალხის შეცდომაში შეყვანა და მათი სულების გაწირვა დაღუპვისათვის.
არ შეიძლება საზოგადოებამ ნება დართოს უზნეობის, უვიცობის, არაპროფესიონალიზმის და ანტიეროვნული ფასეულობების დამკვიდრებას. დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა კავშირი სკოლას, ოჯახსა და ეკლესიას შორის, რადგან პროცესები თუ ასე განვითარდა, საფრთხე, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს და სახელმწიფოს ემუქრება.
ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად უნდა იტვირთოს თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით კი, ინტელიგენციამ და ახალგაზრდობამ. ყველანი უნდა დავდგეთ ჩვენი სულიერი და ეროვნული ღირებულებების სადარაჯოზე. ჩვენმა ერთობამ მოგვაპოვებინა თავისუფლება და შეგვანარჩუნებინა ეროვნული ღირსება. ჩვენი მომავალიც ერთობაშია.
ბოლო დროს მეტად აქტუალური გახდა კორუფციასთან ბრძოლის საკითხი. რასაკვირველია, ეს ბრძოლა აუცილებელია, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ რეალური შედეგი მიღწეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების დახმარებით ხალხი შექმნის კონკურენტუნარიან პროდუქციას და აიმაღლებს შემოსავალს. ეს კი ბუნებრივად გულისხმობს ეროვნული ეკონომიკისათვის მტკიცე საფუძვლის ჩაყრას და ხალხის დასაქმების საშუალებათა შექმნას, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა ჩვენს ქვეყანაშივე ჰპოვონ თავისი ადგილი შრომის პროცესში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეროვნული ეკონომიკა ვერ შეიქმნება, თუ მოხდება სახელმწიფოს სტრატეგიული მნიშვნელობის უმთავრესი რესურსებისა და ობიექტების გასხვისება და კერძო სექტორში გადაცემა.
ნორმალური ანაზღაურებით სამუშაო ადგილების გამრავლება ბუნებრივად გამოიწვევს უცხოეთში სასწავლებლად და სამუშაოდ წასული ჩვენი მოქალაქეების დროულად უკან დაბრუნებას. არადა, ეს პრობლემა სერიოზულია. დიდხანს ფესვებს მოწყვეტილი ადამიანი ხომ ადვილად კარგავს ეროვნულ თვითშეგნებას, თავის მეობას და საზოგადო მასის უსახო ნაწილი ხდება. ეს საშიშროება ემუქრებათ საზღვარგარეთ უკვე წლობით მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ რამდენიმე თვის წინათ დასავლეთ ევროპაში სწორედ იმ მიზნით შეიქმნა საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ეპარქია, რომ ხელი შევუწყოთ, ერთის მხრივ, ჩვენი მოქალაქეების სულიერი კავშირის განმტკიცებას დედა ეკლესიასთან და სამშობლოსთან, ხოლო, მეორეს მხრივ, - მათ დაბრუნებას საქართველოში.
დღეს, როდესაც ჩვენს შორის მრავალი ადამიანი განიცდის სულიერ და მატერიალურ დიდ შეჭირვებას, ყოველ ჩვენგანს მართებს გამოიჩინოს განსაკუთრებული თანაგრძნობა და თანადგომა მათ მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა, ალბათ, გაცილებით მძიმე იქნებოდა, რომ ჩვენი ერი არ მისდევდეს მაცხოვრის მცნებას: "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი". ვიმედოვნებთ, თანალმობის ეს დიდი მადლი არასოდეს მოაკლდება ჩვენს ხალხს.
საერთო მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ბოლო დროს მრავალი ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან. ზოგმა სიცოცხლე გასწირა სამშობლოსათვის, ზოგიც გარდამავალი პერიოდის დაძაბულობას და სირთულეებს შეეწირა. გვინდა მივმართოთ მწუხარებით სავსე მათ მშობლებსა და ახლობლებს, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს გაქრობას. იცოდეთ, ისინი ცოცხალნი არიან და თქვენი ლოცვა და სიყვარული უდიდესი ნუგეშის მიმნიჭებელია მათი სულებისათვის. ამიტომაც ნუ მიეცემით უნუგეშობას, იცხოვრეთ რწმენით და ეცადეთ მათ სახელზე სიკეთის ქმნას.
ისევე, როგორც პიროვნების განსაცდელი, ერის განსაცდელიც ღვთისაგან მისი სულიერი ამაღლებისთვის ხდება. ჩვენ ყველანი ახლა ამ პროცესს გავდივართ და დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, იგი ზეცად აღმყვანებელ ჩვენს სულიერ კიბედ იქცევა. ის კი, ვინც გაურბის უფლისგან დაშვებულ ამ გამოცდას და იოლ გზას ეძებს, უარს ამბობს დიდების გვირგვინზე. ამიტომაც მოვლენებს სულიერი თვალით უნდა შევხედოთ და უფრო ღრმად გავაანალიზოთ ჩვენი ცხოვრება, რათა მართებული დასკვნები გამოვიტანოთ.
დიახ, დროა, თითოეული ჩვენგანი ღრმად ჩაუფიქრდეს თავის ყოფას, მიუკერძოებელი შეფასება მისცეს თავის ქმედებებს და ეძიოს გზა სრულყოფისაკენ. გამოსწორება ყველამ საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს. ნებისმიერი ადამიანი - საერო თუ სასულიერო პირი მხოლოდ ამ შემთხვევაში იგრძნობს ღმერთთან სიახლოვეს და ადვილად გაუმკლავდება მის გარშემო არსებულ მრავალ სიძნელეთ.
საგანგებოდ მივმართავთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყლის შვილებს, როგორც იქ დარჩენილთ, ისე დევნილებაში მყოფთ. ბოროტმა ძალამ დაარღვია ჩვენი ერთობა და მშვიდობა, მაგრამ ვიმედოვნებთ, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე კვლავ მოგვანიჭებს მშვიდობას და დაგვიბრუნებს ერთობას.
კარგად ვხედავთ, თუ რამდენად მძიმე იყო თქვენთვისაც და ჩვენთვისაც ერთმანეთისგან დაშორების წლები. სერიოზული შეცდომები ორივე მხრიდან იყო დაშვებული. და თუ დღეს გვსურს წინსვლა, უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს, უნდა შევრიგდეთ, ვიცხოვროთ და ვაშენოთ ერთად.
ეკლესია გმობს ტერორიზმს, მათ შორის, საერთაშორისო ტერორიზმს და მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგებას იმ მძიმე პროცესებში, რომლებიც დღეს მსოფლიოში ვითარდება. ჩვენი ერთად დგომა ჩვენი გადარჩენის საწინდარია.
ეკლესია სთავაზობს სახელმწიფოს თავის შესაძლებლობებს ჩვენს ყოფაში დღეს არსებული პრობლემების დასაძლევად, რადგან სახელმწიფოს თანადგომა მართლმადიდებელი ცხოვრების წესისათვის დამახასიათებელი მოვლენაა.
"საერო ხელისუფლება და სასულიერო უწყებანი ერთმანეთს ისევე ეკუთვნიან, როგორც ხორცი და სული, და სახელმწიფოს მოწყობისათვის ისევე აუცილებელნი არიან, როგორც ხორცი და სული ცოცხალი ადამიანისათვის. მათი კავშირი და თანხმობა სახელმწიფოს კეთილდღეობას განაპირობებს" (ეპანაგოგა, იმპერატორი იუსტინიანე).
ჩვენ გვესმის, თუ რამდენად ძნელია ერთი სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური სისტემიდან მეორეში გადასვლა, გვესმის ისიც, რომ აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებულ უარყოფით მოვლენებს გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ არის რიგი საკითხებისა, რომლებზეც ჩვენ ჩვენი პოზიცია გვაქვს და ამას საჯაროდაც ვამბობთ.
ასე რომ, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, შეფასება მივცეთ ქვეყანაში მიმდინარე იმ პროცესებს, რომლებსაც უშუალო შეხება აქვს ეკლესიასთან, ჩვენს მრევლთან და ეკლესიური ცხოვრების წესთან.
რაც შეეხება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ბუნებრივია, რომ მას თან ახლავს ვნებათაღელვა და დებატები, მაგრამ, სამწუხაროდ, შეინიშნება პოლიტიკური დაპირისპირების გადაზრდა არაეთიკურ და, ზოგ შემთხვევაში, ძალადობრივ გამოვლინებებში, რაც შეიძლება მეტად მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდეს ქვეყნისათვის.
მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად ამომრჩევლებს სამოქმედო პროგრამა გააცნონ და უფრო ხშირად ამის შესახებ ისაუბრონ, რომ ხალხს სწორი განსჯისა და არჩევანის საშუალება მიეცეს. ჩვენ, ასევე მოვუწოდებთ მოსახლეობას, აქტიურობა გამოიჩინოს არჩევნებისას და აუცილებლად დააფიქსიროს თავისი პოზიცია.
გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ, მართალია, ქვეყნის დემოკრატიული მოწყობა თავის თავში მრავალპარტიულობას და, გარკვეულწილად, ურთიერთდაპირისპირებას გულისხმობს, რაც ამ ტიპის სახელმწიფოსათვის ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ტერიტორიულად პატარა და, მით უმეტეს, განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ სივრცეში მყოფი სახელმწიფოსათვის აუცილებელი პირობაა ერის გამაერთიანებელი და შემაკავშირებელი ინსტიტუტის არსებობა. ჩვენი ხალხისთვის ერთ-ერთ ასეთ უმთავრეს ძალას, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ეკლესია წარმოადგენს. ამიტომაც იყო, რომ პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიულ წესზე გადასვლის შემდეგ საქართველოს საპატრიარქო მუდმივად აფიქსირებდა და აფიქსირებს ნეიტრალიტეტს ქვეყნის შიგნით არსებული ნებისმიერი პარტიისადმი.
ეკლესია სულის საცხოვნებელი ადგილია და იგი ყველა მართლმორწმუნეს თანაბრად ეკუთვნის. ტაძარი სახლია უფლისა, ხოლო "მიკერძოება უცხოა ღმრთისათვის" (რომ. 2.11). ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს და გაითავისოს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირი, ანდა პოლიტიკური ძალა, რომელიც შეეცდება წარმოაჩინოს ეკლესია რომელიმე პარტიის მხარდამჭერად, ნებსით თუ უნებლიეთ ეროვნული ინტერესების და ეკლესიის პოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამიტომაც სასულიერო პირებს წმ. სინოდის დადგენილებით აკრძალული აქვთ ამა თუ იმ პოლიტიკური ბლოკის, პარტიის წევრობა და მათი საჯაროდ მხარდაჭერა.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: საქართველოს ეკლესია მზად არის თანადგომა გაუწიოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებსა და ყველა იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, საერთოდ ყველას, ვინც ქვეყნის ეროვნულ-სარწმუნოებრივი ინტერესების დაცვით საქართველოსა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ წარმართავს თავიანთ საქმიანობას.
ქვეყნის აღორძინებისათვის, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რამდენად ღვთისმოსავია ხალხი, კარგად ჩანს დავით წინასწარმეტყველის სიტყვებიდანაც: "ნეტარ არს ერისა მის, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი" (ფსალ. 143, 15). სიყვარულით მოვუწოდებთ საქართველოს მკვიდრთ: "გულისხმა-ჰყოფდით, რა იგი არს ნება უფლისა" (ეფეს. 5,17). ჩვენის მხრივ შევთხოვთ უფალს, რომ ამ სულისკვეთებით განიმსჭვალოს სრულიად საქართველო, რათა ჩვენც ჩვენს დიდებულ წინაპართა მსგავსად ვთქვათ: "არ გეცრუვებით შენ სიწმინდით მშობელო ჩვენო წმიდაო კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაო! არც გიღალატებთ შენ, ჩვენო სიამაყევ, მართლმადიდებლობავ!" (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა).
ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!
|