გაზეთი "საქართველო და მსოფლიო", 12-18 სექტემბერი, გვედრი 14-15
http://www.geworld.ge/admin/pdfFiles/PDF_File_66.pdf „საქართველოს ისტორიის“ ოთხტომეულის გამოცემა ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება ღირსშესანიშნავ მოვლენად აღიქვას, მაგრამ ამ გამოცემაშიც შეიმჩნევა ხარვეზები. უპირველეს ყოვლისა, მასში არ არის შეტანილი ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო წრეებში გაზიარებული უახლესი სამეცნიერო კვლევები და აღმოჩენები, რომლებითაც გამდიდრდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. ცნობილია, რომ ქართულმა ეთნოსმა ღირსეული წვლილი შეიტანა დამწერლობის განვითარებაში, მაგრამ ამ ოთხტომეულში ისევ ძველი კონცეფციაა წარმოდგენილი. ასევე ამ გამოცემაში სათანადო დონეზე არაა შეფასებული კოლხურ-იბერიული ცივილიზაცია.
ამ მხრივ კოლხურ-იბერიული ეთნოკულტურის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ "აია-კოლხეთს" აქვს გარკვეული შენიშვნები, რომლებიც არაერთხელ წარმოადგინა სამეცნიერო კონფერენციებზე და დადებითად იქნა აღქმული ფორუმების მონაწილეთა მიერ. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოსაზრებები გავაცნოთ ფართო საზოგადოებას. მოვუწოდებთ მკითხველს, მონაწილეობა მიიღოთ ამ დისკუსიაში, რომლის მიზანიც ჩვენი ერის ისტორიის ღირსეულად წარმოჩენაა.
დისკუსიას ვიწყებთ ცნობილი მეცნიერისა და სახელოვანი მამულიშვილის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რამინ რამიშვილის წერილით. სამწუხაროდ, ავტორი ვერ მოესწრო მისი ზოგიერთი მოსაზრების გამოქვეყნებას. მის სახელს უკავშირდება ფუნდამენტური მნიშვნელობის არქეოლოგიური აღმოჩენა - „დავათის სტელა“.
† რამინ რამიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
„ზოგიერთი მოსაზრება საქართველოს ისტორიის ოთხტომეულთან დაკავშირებით“
„საქართველოს ისტორიის“ ოთხტომეულის ავტორები: აკად. გ. მელიქიშვილი, აკად. ა. აფაქიძე, აკად. მ. ლორთქიფანიძე (მთავარი რედაქტორი), აკად. ო. ჯაფარიძე, აკად. დ. მუსხელიშვილი, აკად. რ. მეტრეველი, პროფ. ა. დაუშვილი, პროფ. მ. ნათმელაძე და სხვ.
სარედაქციო კოლეგიის განმარტებით, ოთხტომეული წარმოადგენს სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომს. ის, რომ საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის გასაგები ენით დაწერილი საქართველოს ისტორიის გამოცემა დაიგეგმა, მისასალმებელია, მაგრამ ოთხტომეულს როგორც ეს შესავალშია განცხადებული, მეცნიერული კვლევა-ძიების მიზნები გააჩნია. ამის თვალნათლივი მაგალითია I ტომის VI თავი (ავტორი აკად. დ. მუსხელიშვილი), სადაც მეცნიერული სიღრმითაა წარმოდგენილი და დასაბუთებული ქართველური ტომების და ქართველი ერის ეთნიკური წარმომავლობის საკითხები.
საყურადღებოა ოთხტომეულის IV წიგნიც, სადაც ახლებურადაა განხილული საქართველოში რუსეთის იმპერიის 200 წლოვანი ბატონობის ისტორია და დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლის საკითხები.
მიუხედავად არაერთი ნაკლისა, მაგალითად, არ არის მითითებული პირველწყაროები, სუსტადაა გაშუქებული 80-90-იანი წლების მოვლენები, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას როლი ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში და სხვა. მრავალტომეულის IV წიგნი მაინც შეიძლება ჩაითვალოს სიახლედ ჩვენს ისტორიოგრაფიაში.
ამგვარი მეცნიერული გამოცემის თავალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს საქართველოს ისტორიის მრავალტომეული, რომელიც აკად. გ მელიქიშვილის ხელმძღვანელობით და თანაავტორობით გამოიცა საკმაოდ დიდი ხნის წინ. მაგრამ ამ მრავალტომეულის გამოცემის შემდეგ დიდი დრო გავიდა, წყაროთმცოდნეობითი ბაზა ამასობაში შეივსო უამრავი ახალი მასალით, განსაკუთრებით არქეოლოგიური კველევის გზით. გამოქვეყნდა არაერთი სიახლის შემცველი ცალკეული ნაშრომი, მკვეთრად შეიცვალა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება და ბუნებრივია, რომ ამას უნდა მოყოლოდა სიახლეები ცალკეული ისტორიული საკითხების კვლევაში, რაც, სამწუხაროდ, ოთხტომეულში ნაკლებად არის ასახული. მაგრამ არა მარტო ახალი მონაცემები, არამედ ძველი ნაშრომების შედეგებიც არ არის ასახული და სათანადოდ გამოყენებული. მაგ., აკად. ივ. ჯავახიშვილის, პ. ინგოროყვას, კ. წერეთლისა და სხვათა ნაშრომები, განსაკუთრებით რამაზ პატარიძის ბრწყინვალე გამოკვლევა „ქართული ასომთავრული“, რომელიც არავითარ ეჭვს არ ტოვებს ქართული ანბანის და დამწერლობის ქრისტიანულ ხანაზე გაცილებით ადრე არსებობის შესახებ. ყურადღების მიღმაა დარჩენილი მათემატიკოსების ნ. კანდელაკისა და გ. ცერცვაძის ფუნდამენტალური ნაშრომი „ქართული ასომთავრული ანბანის კრიპტოანალიზი“. გარდა ამისა, სრულიად უსამართლოდ არის განხილული და შეფასებული ნეკრესის ნაქალარაქარზე აღმოჩენილი მასალები. წინაქრისტიანული ხანის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომელთა კვლევას აკად. ლ. ჭილაშვილმა საგანგებო მონოგრაფია მუძღვნა და რომლის შესახებ არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული (რ. პატარიძე, ნ. კანდელაკი, გ. ცერცვაძე, გ. ნარსიძე, ნ. გაფრინდაშვილი, რ. გვეტაძე და სხვ.). დასანანია, რომ II ტომის XIII თავში ნეკრესის აღმოჩენებთან დაკავშირებით მხოლოდ სქოლიოშია საუბარი, ისიც სამსტრიქონიან ტექსტში. აკად. ლ. ჭილაშვილი, გამოცდილი საველე მუშაკი და ძალზედ ფრთხილი მკვლევარი, როდესაც გვთავაზობს მის მიერ ხანგრძლივი შრომით მოპოვებული ძეგლების თარიღს, ვფიქრობთ, მას მეტი ანგარიში უნდა გაეწიოს და ესა თუ ის მკვლევარი არ უნდა მოექცეს XIX საუკუნის იდეოლოგთა და თანამედროვე „მედროვე“ მკვლევართა გავლენის ქვეშ. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ნეკრესში აღმოჩენილ ეპიტაფიურ წარწერებს, რომლებიც საფლავის ლოდებზეა ამოკვეთილი, არ ესაჭიროება არქეოლოგიური კვლევით მიღებული დათარიღება. საკმარისია აკად. ლ. ჭილაშვილის წიგნში დაინტერესებულმა მკითხველმა დაკვირვებით წაიკითხოს იქ გამოქვეყნებული წარწერები, რომ დარწმუნდეს მათ წინაქრისტიანულ წარმომავლობაში. როგორც ცნობილია, ქრისტიანული ხანის საფლავის ლოდზე ამოკვეთილი წარწერები (ეპიტაფიები), როგორც წესი, იწერებოდა გარკვეული სქემით, სადაც ხაზგასმული იყო დაკრძალულის ქრისტიანული მრწამსი. ნეკრესის არცერთი ეპიტაფია არ არის შედგენილი ამ სქემით. ამავე დროს აკად. ლ. ჭილაშვილმა ნეკრესის წარწერათა შესწავლის საფუძველზე გადაათარიღა რუსთავში აღმოჩენილი წარწერები და ისინიც მან მიიჩნია ნეკრესის წარწერების თანადროულად, რითაც უფრო გაიზარდა წინაქრისტიანული ხანის წარწერებიანი ძეგლების რიცხვი.
მთა და ბარის საზღვარზე აღმოცენებული ნეკრესის არქეოლოგიური კვლევა, სამწუხაროდ, ლ. ჭილაშვილის გარდაცვალების შემდეგ საგრძნობლად შენელდა. არადა არქეოლოგიურ სამუშაოთა გაფართოების შემთხვევაში ნეკრესის ნაქალაქარზე კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი აღმოჩენებია მოსალოდნელი.
ორიოდე სიტყვა კოლხური და კობანური არქეოლოგიური კულტურების ურთიერთმიმართების შესახებ. XIX საუკუნეში ჩრდილო ოსეთის სოფ. კობანში განხორციელებული არქეოლოგიური აღმოჩენების და ჩრდილო კავკასიის ჩრდილო ფერდობების საკმაოდ დიდ მონაკვეთზე მსგავსი მასალების გამოვლენის შედეგად, უცხოურ ლიტერატურაში ეს ახალი მონაპოვარი შევიდა როგორც „Кобанская культура“, ხოლო ქართულ ენაზე კი ეს სახელწოდება გაჟღერდა როგორც „ყობანის კულტურა“. ამ ქართულ ტერმინთან დაკავშირებით, ჩვენ უფრო სწორად მიგვაჩნია აკად. შ. ამირანაშვილის თვალსაზრისი, რომელიც „ყობან“-ის მაგივრად გვთავაზობს ტერმინს „კობან“-ის და შესაბამისად „კობანის კულტურას“ (იხ. მისი „ქართული ხელოვნების ისტორია“). აღსანიშნავია, რომ ერთი სოფელი კობანი მდებარეობს სტეფანწმინდის რაიონში, სადაც გვარად კობაიძეები ცხოვრობენ.
XX საუკუნის მეორე ნახევარში, კოლხეთის მიწა-წყალზე განხორციელებული კვლევა-ძიების შედეგად, დაგროვდა კობანურის მსგავსი დიდძალი არქეოლოგიური მონაპოვარი, რომელთა შესწავლის შედეგად, შედარებით გვიან ნაშრომებში, მას კოლხურ-კობანური კულტურა ეწოდა. მაგრამ იმის გამო, რომ განსხვავებით კობანური წრის მასალებისა, კოლხეთში და მისი გავლენის სფეროში მყოფ მხარეებში (იგულისხმება „ზენა სოფელი“ ანუ თანამედროვე შიდა ქართლი, სამხრეთ კავკასიის დასავლეთი ნაწილი, მდინარე არაქსის შუა დინება და ამ მდინარის სათავეები) ხშირია ტიპიური კოლხურ-კობანური ნივთების ყალიბთა აღმოჩენის შემთხვევები, აგრეთვე ლითონის მომპოვებელ მაღაროთა არა ერთი კერისა და სახელოსნოთა ნაშთების აღმოჩენის ფაქტები. კოლხეთსა და სამხრეთ კავკასიის ზოგიერთ მხარეში აღმოჩენილია უამრავი ე.წ. „მელითონეთა განძები“. სრულიად ბუნებრივად გამოითქვა თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ „კოლხურ-კობანური კულტურის“ პირველსამშობლო კოლხეთია და რომ ე.წ. კობანური კულტურა წარმოადგენს კოლხური კულტურის განშტოებას, რომელიც გვიანი ბრინჯაოს ხანის ფინალურ საფეხურზე გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაშიც. არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ გამოავლინა ის გზებიც, რომელთა მეშვეობითაც კოლხური კულტურა, ხშირად კოლხურ ეთნიკურ ნაკადთან ერთად, ვრცელდებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში. ამათგან გამორჩეული ჩანს ზემო რაჭაში, მდინარე რიონის სათავეში მდებარე გზა, სადაც არქეოლოგიურ ძიებას ხელმძღვანელობდა პროფ. გ. გობეჯიშვილი და მდ. ლიახვის ხეობის სათავეებში მდებარე გადასასვლელი, რომლის სიახლოვეს, კავაკსიონი სამხრეთ ნაწილში, სოფ. თლიაში, პროფ. ბ. ტეხოვმა შეისწავლა ამ გზაზე მდებარე სამაროვანი, სადაც გამოვლენილია ტიპიური კოლხური კულტურის კუთვნილი უმდიდრესი მასალები. ის ზოგიერთი თავისებურება, რაც შეიმჩნევა კობანური წრის ნივთიერ მასალებში, წარმოქმნილი უნდა იყოს ამ კულტურის მატარებელთა ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლის შემდეგ, სადაც მათ დახვდათ სუბტროპიკულ ზონასთან შედარებით გაცილებით მკაცრი გეოკლიმატური გარემო და განსხვავებული მეურნეობრივი ყოფა. საყურადღებოა, რომ ჩრდ. ოსეთის ტერიტორიაზე და მიმდებარე მხარეებში შემჩნეულია დასავლურ-ქართული ტოპონიმებიც (იხ. ცაგაევას წიგნი „ჩრდილოეთ ოსეთის ტოპონიმიკა“). ამიტომაც სრულიად მიუღებელია ის დებულება, რომელიც გაჟღერებულია მრავალტომეულის პირველ წიგნში, თითქოს კოლხური და კობანური მონაპოვარი განეკუთვნება ერთი მეორისგან განსხვავებულ ორ სხვადასხვა კულტურას.
არ იქნებოდა ურიგო, რომ I ტომის საილუსტრაციო ნაწილში ჩართული ყოფილიყო „ცისიაგორაზე“, „დედოფლის მინდორზე“, ნეკრესში, არმაზციხესა და სხვა ადგილებში გამოვლენილ მონუმენტურ ნაგებობათა და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობათა გეგმები და მათი ნაშთების სურათი, სადაც თვალნათლივ ჩანს თუ რა მაღალ დონეზე იყო სამშენებლო ხელოვნება ჩვენში, ქრისტიანული რელიგიისა და ქრისიტიანული ხუროთმოძღვრების გავრცელებამდე.
ასევე არ იქნებოდა ურიგო რომ ადრე შუასაუკუნეთა ხანის დამდეგის და ჩვენში ქრისტიანული რელიგიის გავრცელების საწყისი საფეხურების ამბების განხილვისას, ოთხტომეულში უფრო სრულად ყოფილიყო განხილული ისეთი დიდი მოღვაწისა და მოაზროვნის ბიოგრაფია, როგორიც იყო უფლისწული ბაკური. რომელიც პროფ. გ. აბრამიშვილის მიერ, სავსებით სამართლიანად, მიჩნეულია ქართული ქრისტიანული იკონოგრაფიის მესაძირკვლედ. იგი იყო IV საუკუნის მეორე ნახევარში იმ დროის ცნობილი მოაზროვნისა და მოღვაწის, ლიბანიოსის ფილოსოფიური სკოლის მიმდევარი და V საუკუნის დასაწყისის პირველ ნახევარში საქართველოში მისი იდეების მქადაგებელი. ლიბანიოსის სკოლაში მას მოღვაწეობა უხდებოდა ისეთი მოაზროვნეების გვერდით, როგორებიც იყვნენ იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, იულიანე განდგომილი, გრიგოლ ნაზიანზელი და სხვები. როგორც ვარაუდობენ (მაგ., პროფ. გ. აბრამიშვილი) და ჩვენი ღრმა რწმენითაც IV საუკუნის მეორე ნახევარში ბაკურ უფლისწულს („ფრიად სარწმუნო ბაკურის“) აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ბოლნისის ტაძრის იკონოგრაფიული პროგრამის შემუშავებაში, სადაც პირველად ჩნდება ე.წ. ძლევის ჯვარი, რომელიც ქართველ ხელოვნებათმცოდნეთა ნაშრომებში ხშირად მოიხსენიება როგორც „ბოლნური ჯვარი“. ასეთივე დიდ მოღვაწესა და ფილოსოფიურად მოაზროვნე პიროვნებას წარმოადგენდა საქვეყნოდ ცნობილი პეტრე იბერი, რომლის ცხოვრების და მოღვაწეობის კვლევას დიდი ამაგი დასდო აკად. შ. ნუცუბიძემ და რომლის შესახებაც წერენ ევროპელი მკვლევარებიც. ოთხტომეულის II ტომში კი სრულიად აღმაშფოთებელია ის აგდებული დამოკიდებულება, რაც გამოხატულია პეტრე იბერის მიმართ. ალბათ არც ერთი რუსი ან სომეხი ნაციონალისტი არ იკადრებდა იმას, რაც ამ უდიდესი ქართველი მოაზროვნის შესახებაა გამოთქმული.
შენიშვნები გვაქვს ტექსტში ჩართული რუკების მიმართაც. მაგ., I ტომის პირველსავე რუკაზე, რომლის სათაურია „საქართველო ძვ.წ. VI-III საუკუნეებში“ არ არის აღნიშნული სასპერთა სახელი და ნაჩვენები არ არის მათი განსახლების არეალი. ეს მაშინ, როდესაც კოლხას სამეფოს ჩრდილოეთ ნამადების მიერ აოხრების შემდეგ სპერიდან გამოსულმა ტომმა - სასპერებმა უდიდესი როლი შეასრულა ურარტელთა დამპყრობთა საყრდენი პუნქტების მოსაშლელად, დანარჩენი ქართველური ტომების გართიანების საქმეში და სამხრეთ კავკასიაში წინაპირობა შექმნა ქართული სახელმწიფოს წარმოსაქმნელად.
ოთხტომეულის პირველ წიგნებში კვლავ გრძელდება დაუმსახურებელი უნდობლობა ქართული ისტორიული წყაროებისადმი. რასაც საფუძველი შეგნებულად ჩაეყარა XIX საუკუნეში. მაგალითად, II ტომის 288-ე გვერდზე ხელაღებითაა უარყოფილი ეროვნული ცნობა ქართული დამწერლობის შემოღების შესახებ, რაც არაპირდაპირ წყალს ასხამს ანტიქართულად მოაზროვნე მკვლევართა წისქვილზე.
სხვა საკითხებთან დაკავშირებით სიტყვას აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ ავღნიშნავ, რომ დიდი ხანია სხვა დიდი თუ მცირე ზომის ნაშრომებში არ შემხვედრია ამდენი „ალბათ“, „მგონი“, „თითქოს“ და სხვა სათუო შინაარსის გამომხატველი სიტყვები, რომელიც მომარჯვებულია I, II ტომებში. და ბოლოს, დასანანია, რომ საჯარო განხილვაში (იგულისმხება, 9 ივლისის სატელევიზიო გადაცემა) მხოლოდ ცნობილ მეცნიერსა და არაერთი წიგნის ავტორს, აკად. დ. მუსხელიშვილს მარტო უხდებოდა სხვების მაგივრად მთელ რიგ საკითხებზე პასუხების გაცემა. როგორც სჩანს, დანარჩენი ავტორები თავს არიდებენ „საჯარო“ კამათს.
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალში მსგავსი არასწორი შეფასებები თავიდან იქნება აცილებული.
This post has been edited by Lamacy on 13 Sep 2012, 12:43