ამომრჩველთა უმრავლესობა "Must Carry”–ის პრინციპით ვერ ისარგებლებს
“Must carry”–ის პრინციპის კანონით დამტკიცების არგუმენტი იყო ის, რომ საარჩევნოდ ამომრჩეველს მრავალგვარი ინფორმაციის თავისუფლად მიღების საშუალება ჰქონოდა. ციფრები აჩვენებს, რომ ქართველი ამომრჩევლების აბსოლუტურ უმრავლესობას საარჩევნოდ მხოლოდ ნაციონალური ტელეარხების - ”პირველი არხის”, ”რუსთავი 2”–ისა და ”იმედის” ყურების შესაძლებლობა ექნება.
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომიისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ საქართველოში ამჟამად 68 საკაბელო ოპერატორია, მათი აბონენტების საერთო რაოდენობა კი 201 ათას 136-ს შეადგენს. ამას ემატება ”გლობალ ტვ”–ის სატელიტური ანტენები, რომელთა რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 70 ათასს აღწევს. ასევე გასათვალისწინებელია თანამგზავრული მაუწყებლობის ოპერატორების - ”მაგთისატისა” და ”ბლექ სი სატის” მხოლოდ რამდენიმე ათასი აბონენტი. ”მაგთისატი” ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, ”ბლექ სი სატმა” კი გაყიდვები მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე(ბოლო მონაცემები) საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირებული იყო 3 მილიონ 580 ათას 447 ამომრჩეველი.
http://netgazeti.ge/GE/105/News/10597/