იურა მეცოდება ისევე როგროც სანდროს მამა , უბრალოდ როგორც მშობლები ორივე მყავს ბევრჯერ ნანახი

ეს კვირის პალიტრის ერთი ძველი სტატიაა კორტების ამბავზე
ბოლო დროს საქართველოში ჩატარებული ანტიკრიმინალური ოპერაციები მეტად საშიშ სახეს იძენს. სამწუხაროდ, თითქმის ყველა სპეცოპერაცია მსხვერპლით სრულდება. “ვარდების რევოლუციის” მესამე წლისთავზე სპეცოპერაციათა “ანგარიშზე” 24 სავარაუდო დამნაშავე და 19 პოლიციელია ლიკვიდირებული, რაც ოთხმილიონიანი ქვეყნისთვის მეტისმეტად ბევრია. ბოლოდროინდელმა ანტიკრიმინალურმა “წარმატებულმა” სპეცოპერაციებმა ბევრი უპასუხო კითხვა დაბადა. რა არის ეს - პოლიტიკური ტენდენცია, რომელიც კრიმინალური სამყაროს დაშინებას ისახავს მიზნად, არაპროფესიონალიზმი თუ “ზედმეტის” მცოდნე არასასურველ მოწმეთა მიზანმიმართული განადგურება? ამ კითხვებზე პასუხი საზოგადოებას, ჯერჯერობით, არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველები ამტკიცებენ, უამრავ დანაშაულში ეჭვმიტანილი ბანდა გავანადგურეთო, 2 მაისს, ჩოგბურთის კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაცია განსჯის საგანი კიდევ დიდხანს დარჩება.
ამჯერად ორი კაცი დაიღუპა - ალექსანდრე ხუბულოვი და ზურაბ ვაზაგაშვილი. მესამე, 21 წლის ბუბა ბუთურიძე კი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. ხელისუფლება კრიმინალების ლიკვიდაციითა და ჩაუდენელი დანაშაულის წინასწარ აღკვეთით იწონებს თავს და ის კი ავიწყდება, რომ ჩვენმა სახელმწიფომ დამნაშავეთა დახვრეტაზე 15 წლის წინ თქვა უარი. ჯერ კიდევ 15 წლის წინ ქვეყანამ გამოხატა ნება, რომ დამნაშავისთვის ადგილი ციხეში უნდა მიეჩინა და არა საიქიოში. სამართალდამცველთა ვერსიის თანახმად, ალექსანდრე ხუბულოვი, ზურაბ ვაზაგაშვილი და ბუბა ბუთურიძე საყაჩაღოდ მიდიოდნენ. სამართალდამცველებმა ეს ფარული სატელეფონო მოსმენებით დაადგინეს. პოლიციელთა განმარტებით, იმ დღეს ჯგუფს უთვალთვალებდნენ. მოთვალთვალე “კუდი” საყაჩაღოდ მიმავალმა ბოროტმოქმედებმა შენიშნეს და ცეცხლი გახსნეს. როგორც სამართალდამცველები ირწმუნებიან, პირველად ავტომობილის უკანა სავარძლიდან ისროლეს, უკანა სავარძელზე კი ბუბა ბუთურიძე იჯდა. გასროლის შემდეგ პოლიცია იძულებული გახდა, ხალხმრავალ ადგილას, პირდაპირ ქალაქის შუაგულში გაეხსნა ცეცხლი. სამართალდამცველების ინფორმაციით, ჯგუფი ეჭვმიტანილი იყო რამდენიმე კვირის წინ პავლოვის ქუჩაზე ერთ-ერთი სავალუტო პუნქტის ძარცვა-ყაჩაღობაში (მიუხედავად სამართალდამცველთა მტკიცებისა, სავალუტო პუნქტის მეპატრონე დაზუსტებით ვერ ამბობს, ყაჩაღები ეს პირები იყვნენ თუ არა. - ავტ.).
რა საეჭვო გარემოებები იკვეთება ამ კონკრეტულ შემთხვევაში. კერძოდ, 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფი რამდენიმე კვირის წინ გამსახურდიას პროსპექტზე მდებარე სავალუტო ჯიხურის ძარცვა-ყაჩაღობაში იყო ეჭვმიტანილი. თუ ეს მართლაც ასე იყო, რატომ არ დააკავა ისინი პოლიციამ? როგორც წესი, კარგად დაგეგმილი სპეცოპერაციისას დამნაშავე მოთვალთვალე სამართალდამცველს ვერ ამჩნევს. ასეც რომ ყოფილიყო, სპეცოპერაციის მსვლელობისას ეს დეტალი, როგორც წესი, გათვალისწინებულია. ამიტომ გაშიფრული მოთვალთვალე ტოვებს სპეცოპერაციას და მას სათადარიგო ძალები ენაცვლებიან. გარდა ამისა, თვალთვალი, როგორც წესი, სპეცდანიშნულების რაზმის თანხლებით არ მიმდინარეობს. და მთავარი კითხვა, რომელიც პროფესიონალებს გაუჩნდათ - თუკი პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჯგუფი კონკრეტულ მისამართზე კონკრეტული ოჯახის დასაყაჩაღებლად მიდიოდა, რატომ არ აცალეს დანაშაულის ადგილზე მისვლა, რატომ არ დააკავეს დანაშაულის ფაქტზე და რა საჭირო იყო ავტოავარიით ისედაც დარეტიანებული “ბოროტმოქმედების” ჩაცხრილვა? როგორც პროფესიონალები ამბობენ, მრავალ დანაშაულში ეჭვმიტანილ დამნაშავეთა დაკავება ოპერატიული თვალსაზრისით გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე ლიკვიდაცია.
ვინ არიან ალექსანდრე ხუბულოვი და ზურაბ ვაზაგაშვილი.
დოსიე: ალექსანდრე ხუბულოვი. დაბადებული 1980 წლის 19 სექტემბერს. ორჯერ ნასამართლევი. პირველად იგი 1997 წელს გაასამართლეს იარაღით თავდასხმისათვის და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ალექსანდრე ხუბულოვს სასჯელი ბოლომდე არ მოუხდია. იგი 1999 წელს შეიწყალეს(!). იმავე წელს ხუბულოვმა კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა. ამჯერად ის ყაჩაღობის მუხლით გაასამართლეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა არც ეს სასჯელი მოუხდია ბოლომდე, იგი ისევ შეიწყალეს - 2003 წლის 7 აგვისტოს, 2 წლითა და 8 თვით ადრე, პირობით გაათავისუფლეს ქსნის კოლონიიდან.
ზურაბ ვაზაგაშვილზე ოფიციალური კრიმინალური დოსიე არ არსებობს. იგი არც ნასამართლევი ყოფილა, თუმცა პაპუაშვილების ოჯახი მას შვილის, ბექა პაპუაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს. ოჯახის წევრების მტკიცებით, ბექა პაპუაშვილის მკვლელობა რესტორან “ვილა-ძარაში” მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
უშანგი კელენჯერიძე (ბექა პაპუაშვილის ბიძა): “2002 წლის 23 ნოემბერს ბექას რესტორან “ვილა-ძარაში” ზურაბ ვაზაგაშვილთან ჩხუბი მოუხდა. ბექას მოკვლას ვაზაგაშვილი იმ დღესვე აპირებდა, გულში დანის ჩარტყმა უნდოდა, მაგრამ ბექამ დანა ხელით დაიჭირა და იმ დღეს სიკვდილს გადაურჩა. პირიქით, ვაზაგაშვილი დუნდულში დაჭრეს. ორი დღის შემდეგ, 25 ნოემბერს, ბექა თავის სახლთან მოკლეს. მკვლელი სადარბაზოსთან ელოდა. მკვლელობამდე შვიდი წუთით ადრე, ბექას სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ვაზაგაშვილს დაურეკეს და იცით, ვისი ტელეფონიდან იყო ზარი? - იმ ქალისა, რომელიც 23 ნოემბერს ვაზაგაშვილს რესტორან “ვილა-ძარაში” ახლდა. გარდა ამისა, მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე დარჩა ვაზაგაშვილის ავტომანქანაც. ერთი სიტყვით, სამხილები საკმარისზე მეტი იყო. ვაზაგაშვილი დააპატიმრეს კიდეც, მაგრამ ელენე თევდორაძის შუამდგომლობით მალევე გაათავისუფლეს(!). ბექას იმ დღეს ორმა ესროლა. ერთს TT ჰქონდა, მეორეს - მაკაროვი. ბექა ორივე სისტემის იარაღიდან ნასროლი ტყვიით არის მკვდარი. ბექა თავისი ფეხით ავიდა სახლში და დაჭრილი ბებიამისს ჩაუვარდა ხელებში. გამოძიება დაიწყო. ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო ნაწილის მაშინდელმა უფროსმა ლაერტ დუღაშვილმა საქმე ისეთ გამოუცდელ გამომძიებელს ჩააბარა, რომ მან მომხდარს ვერც თავი გაუგო და ვერც ბოლო. მერე გამომძიებელ ფირცხალავას გადასცეს, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა - გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ ფელიქს ძიმისტარაშვილმა საქმე “ჩაფარცხა”. ის ვაზაგაშვილის მეზობელი იყო - ძიმისტარაშვილის შვილი და ზურაბ ვაზაგაშვილი მეგობრები იყვნენ... ვაზაგაშვილის დაჭრა რესტორან “ვილა-ძარაში” სპეციალურად დაიფარა და საავადმყოფოს შეტყობინებაც გააყალბეს. ამის მერეც არ გამოიძიეს საქმე ობიექტურად. სამი წლის განმავლობაში ვის არ მივმართეთ, მაგრამ ამაოდ.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა უტყუარი ფაქტები, ეჭვმიტანილი ვაზაგაშვილი ორ-სამ დღეში გაათავისუფლეს და როგორც საგამოძიებო მასალებშია მითითებული, მისი უდანაშაულობა თურმე ელენე თევდორაძის შუამდგომლობით “გამაგრებულა”. ეს აბსურდია, სამართალდამცველებსა და შსს-ს ჩინოვნიკების ჩარევის გარეშე ამ საქმეს ელენე თევდორაძის შუამდგომლობა ვერ უშველიდა. მკვლელობა უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოხდა და იმას, ვინც ასე აშკარად ისვრის, ცხადია, გავლენიანი მფარველიც ეგულება.
ვაზაგაშვილის ლიკვიდაციით ჩვენს ოჯახს არაფერი მომატებია. პირიქით, სამართალდამცველებს რომ მაშინ თავიანთი მოვალეობა პირნათლად შეესრულებინათ, დღეს ის ცოცხალი იქნებოდა. ამ ხნის განმავლობაში რას აკეთებდა გამოძიება?”
რაც შეეხება ბუბა ბუთურიძეს, ის წარსულში კრიმინალურ საქმიანობაში შემჩნეული არ ყოფილა. ბუთურიძეს თბილისის სისხლის სამართლის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, იარაღის ტარებისა და ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით. ბუთურიძე უკვე გადაყვანილია ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ელენე თევდორაძე: - სამწუხაროდ, არც ვაზაგაშვილისა და არც პაპუაშვილის გვარები არ მახსენდება. როცა ჩემთან ადვოკატი მოდის, არგუმენტები მოაქვს და ამბობს, რომ ადგილი აქვს უსამართლობას, ასეთ შემთხვევაში პროკურატურაში ვაგზავნი თხოვნა-შუამდგომლობას, რომელსაც ან ითვალისწინებენ, ან არა. კონკრეტულ შემთხვევაში, ე. ი. პაპუაშვილის მკვლელობის პერიოდში აღარ ვიყავი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მე უკვე ოპოზიციაში ვიყავი და როგორ ფიქრობთ, ჩემს შუამდგომლობას გაითვალისწინებდნენ? შესაძლოა, ჩემი შუამდგომლობის საფუძველზე დამნაშავე უკანონოდ გაათავისუფლეს კიდეც, მაშინ პასუხი იმ სამართალდამცველებმა აგონ, რომელთაც ეს ჩაიდინეს.
- თქვენ წლების განმავლობაში იყავით შეწყალების კომისიის წევრი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხუბულოვი მეორე მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგაც შეიწყალეს, რაც დებულებით აკრძალული იყო.
- 1995 წლის შემდეგ სულ შეწყალების კომისიის წევრი ვიყავი. თუ პირი მეორედ ნასამართლევი იყო, ჩვენი კომისია მის შეწყალებაზე თავს იკავებდა, მაგრამ პარალელურად ამ საკითხებზე მუშაობდა რუსუდან ბერიძე, რომელიც ცალკე, ჩვენს გარეშე ადგენდა სიას, შეჰქონდა პრეზიდენტ შევარდნაძესთან და აწერინებდა კიდეც ხელს. სხვათა შორის, ბოლო აქტით 300-მდე პატიმარი შეიწყალეს, მათ შორის, რეციდივისტებიც და მკვლელებიც. არავინ ამბობს, რომ ლიკვიდირებულები ბოროტმოქმედები არ იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი პირდაპირ ქუჩაში დახოცო. ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფომ კრიმინალთა ლიკვიდირების პოლიტიკა აირჩია, მაგრამ ეს ტენდენცია რომ აშკარად გამოიკვეთა, ფაქტია.
ჩაიდინა პირმა დანაშაული? ის აუცილებლად უნდა აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. არავინ ამბობს, რომ პოლიციამ ექსტრემალურ სიტუაციაში არ უნდა გამოიყენოს იარაღი, მაგრამ ეს უნდა იყოს უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული. კონკრეტულ საქმეშიც ბევრი კითხვის ნიშანია. თუ პოლიციელებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ჯგუფმა ლომბარდი თუ მაღაზია დააყაჩაღა, რატომ არ გამოიძახა ისინი პოლიციამ დაკითხვაზე მაინც? ვფიქრობ, პოლიციამ საგანგებოდ აცალა მათ ახალი დანაშაულის მომზადება, რათა მერე შოუ მოეწყო. რა საჭირო იყო სროლის გაგრძელება მას შემდეგ, რაც ავტომანქანა ბოძს დაეჯახა, ხომ შეიძლებოდა სამივეს აყვანა? ამბობენ, ჯგუფი უამრავ დანაშაულში იყო ეჭვმიტანილიო. თუ სამივეს დააპატიმრებდნენ, ხომ უამრავი საქმე გაიხსნებოდა? ეტყობა, ზოგიერთი პირის დაპატიმრება ვიღაცებს ხელს არ აძლევს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ კიდევ მუშაობს ის ხალხი და საკმაოდ მაღალ თანამდებობებზეც, რომელთაც ბევრ რამეში აქვთ ხელები გასვრილი და როგორ ფიქრობთ, აწყობთ მოწმეები?
მაქვს ინფორმაცია, რომ მავანმა და მავანმა იცის სპეცოპერაციისას ჩაცხრილული ადამიანების თავიდან მოცილების ნამდვილი მიზეზი.
შესაძლოა, ელენე თევდორაძის ეჭვი სულაც არ არის საფუძველს მოკლებული. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს სწორედ ისეთი დამნაშავენი არიან ლიკვიდირებულნი, რომლებიც წარსულში მაღალჩინოსან პოლიციელებთან ურთიერთობასა და მეგობრობაში იყვნენ შემჩნეულნი. ცხადია, თავის დროზე მფარველები არც ხუბულოვს აკლდა და არც ვაზაგაშვილს, მაგრამ ეს არ ამართლებს არასწორად დაგეგმილ სპეცოპერაციას... ჯერჯერობით კი, მთავარ კითხვაზე - რას ემსახურება ეჭვმიტანილთა ხოცვა-ჟლეტა? - პასუხი უცნობია.
P.S. პარლამენტის იურიდიული კომიტეტი კანონპროექტზე მუშაობს. ზუსტად უნდა განისაზღვროს, რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს იარაღის გამოყენება, მაგრამ საეჭვოა, ამან უკვე პოლიტიკად ქცეული დამნაშავეთა ლიკვიდაცია შეაჩეროს... კანონში ხომ ისიც განსაზღვრულია, რომ ლიკვიდაცია უკიდურესი აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული. სამწუხაროდ, პოლიციელები დღეს კანონის მოთხოვნებს არ ითვალისწინებენ და საინტერესოა, რა საჭიროა ახალი კანონი, თუკი ძველსაც არავინ ასრულებს?
"კვირის პალიტრა", 19 (584)
8 - 14 მაისი
This post has been edited by sexi-bicola on 9 Jul 2012, 02:41
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █