მე ახალი თემის გახსნა როგორ ხდება არ ვიცი ამიტომ
ვინც თემის გახსნა იცის იქნებ გახსნას ახალი თემა ამ საკითხზე.
ჯიმი ჯალიაშვილი: ვფიქრობ, კიდევ ერთი რევოლუცია არ აგვცდება
10/07/12 18:30
“ვარდების რევოლუცია” საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპი, რომელმაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, უსაფრთხოებისა და სოციალურ პრობლემათა გადაჭრის დიდი შანსი გააჩინა! მაგრამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ! რატომ? მოდით, გავარკვიოთ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები, რამ განაპირობა დღევანდელი ხელისუფლების კრახი და იქნებ აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემაც შევძლოთ! ამის დასადგენად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ვიცოდეთ, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი. აღნიშნული მოვლენის შესახებ ვესაუბრეთ ამ ამბების უშუალო მონაწილესა და “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთ დამგეგმავს, უშიშროების საბჭოს იმდროინდელ თანამშრომელს — ექპერტს უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგს, პროფესორ ჯიმი ჯალიაშვილს!
— ბატონო ჯიმი, როგორ ხდება ამგვარი რევოლუციები და ხელისუფლების სათავეში მოსვლა?
— საქართველოში პოლიტიკური სპექტრი ძალზე ჩამორჩენილია! ჩვენში არავინ იცის, ხელისუფლებიდან როგორ უნდა წავიდეს, ან ხელისუფლებაში როგორ მოვიდეს. შევარდნაძეს კარგად ესმოდა, რომ უნდა წასულიყო და ასეც ერჩივნა! ყველაფერი იმგვარად უნდა მომხდარიყო, რომ სამასხრო არ გამხდარიყო. სააკაშვილი კარგი მსახიობი უფროა და ბრწყინვალედ ფლობს პიარის ხელოვნებას!
— როგორც უკვე ვიცით,თქვენ შევარდნაძის მხრიდან ბრძანდებოდით მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც სააკაშვილის წარმომადგენელთან თანხმდებოდა რევოლუციის სცენარი.
— დიახ! ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ სააკაშვილის დაბადების დღეს შევარდნაძე ხელისუფლებაში უკვე აღარ უნდა ყოფილიყო!
შევარდნაძემ მითხრა, პარლამენტის პირველივე სხდომაზე ყველაფერი დამთავრდებაო და 6-გვერდიანი სიტყვის დაწერა მთხოვა! ხაზს ვუსვამ, ზუსტად 6 გვერდიანის! ეს სცენარის ნაწილი იყო და გეტყვით რატომ: ყველაფერი განისაზღვრა ისე, ეტყობა სააკაშვილიც წინასწარ ნავარჯიშევი გახლდათ და ისეთი ტემპით მიდიოდა, რომ ეს 6-გვერდიანი სიტყვა პრეზიდენტს დაესრულებინა! ამას პოლიტიკოსისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს! ასე რომ, მშევარდნაძემ ის ექვსგვერდიანი სიტყვა ზუსტად დაასრულა და დაცვამაც გაიყვანა!
— დაცვაც საქმის კურსში იყო?
— რასაკვირველია! სააკაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზისკენ, ფაქტობრივად, გაატარეს. გზადაგზა კარებსაც უხსნიდნენ.
— როდის დაიწყო ამგვარი მოლაპარაკებები, არჩევნებამდე?
— დიახ, არჩევნებამდე! ყველაფერი ისედაც ნათელი გახლდათ. შევარდნაძე კორუფციას არ ებრძოდა და საერთაშორისო არენაზე აქ არსებული გაყინული ვითარება მოსწყინდათ, შეწყდა ფინანსური მხარდაჭერაც, რამაც ყველანაირად ხელი შეუწყო სცენარის ამგვარ განვითარებას.
— პირველად ვისგან წამოვიდა ამგვარი გარიგების ინიციტივა?
— მე ეს არ ვიცი! არჩევნებამდე დაახლოებით სამი თვით ადრე, ჩემი ფანჯრიდან ვუყურებდი, ყოველდღე, დილის 10 საათზე, როგორ მიმდინარეობდა თათბირი შევარდნაძესთან და ვხედავდი იქიდან გამოსულ სააკაშვილს!
— თუ შეიძლება დააზუსტეთ, არჩევნებამდე რამდენი ხნით ადრე გაიმართა მოლაპარაკებები, როდესაც უკვე თქვენც მონაწილეობდით, რომ რევოლუცია დადგმული სცენარით უნდა მომხდარიყო?
— ერთი თვით ადრე! რასაკვირველია, როდესაც ხალხს არ მისცემ ღირსეული ცხოვრების საშუალებას, გაღიზიანდება და დაგიპირისპირდება! ყველაფერი მაინც იქიდან დაიწყო, როდესაც თბილისში ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზე გასულმა ლეიბორისტებმა, კერძოდ, შალვა ნათელაშვილმა, სააკაშვილს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დაუთმო! დღემდე არავის განუმარტავს, რატომ მოხდა ასე. რომ ვაკვირდები, ნათელაშვილი სააკაშვილის მოსამსახურეა. რა თქმა უნდა, სააკაშვილი მადლობას უხდის, მაგრამ საჯაროდ ხომ ვერ მოეფერება? ხოლო ნათელაშვილი პოულობს ისეთ საკითხებს, სადაც სააკაშვილი მარტო არ არის და მასთან ერთად სხვასაც აკრიტიკებს!
— ალბათ, სააკაშვილის დავალებითაც?
— ზუსტადაც! ნათელაშვილს არასოდეს შეეხებიან, ხელს ახლებენ მხოლოდ იმას, ვინც რეალურად ცდილობს თავისი ამოცანების გადაჭრას!
— სააკაშვილის მხრიდან ვინ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში?
— დღეს ხელისუფლებაში მყოფი მაღალი რანგის პოლიტიკოსები! თავად შევარდნაძეს, როგორც იტყვიან, ჩემოდნები ჩალაგებული ჰქონდა. პრესაშიც შესაბამისი პუბლიკაციები იწერებოდა!
— შევარდნაძეს ხომ შეეძლო პირდაპირ გადამდგარიყო, ან არჩევნები არ გაეყალბებინა?
— შიდა ქაოსი იყო და სახალხო ქაოსამდე ასე უნდა მომხდარიყო. ესაა რამდენიმე კაცის გაკეთებული საქმე! ყველაფერი წინასწარ გათვლილი და შეთანხმებული გახლდათ: ვის იარაღი უნდა აეჟღარუნებინა, ვის რა ეთქვა, რა გაეკეთებინა ან არ გაეკეთებინა, ყოველივე საათობრივად გაიწერა!..
მხოლოდ ბათუმი და აღორძინების კოალიცია დარჩა, რომელიც ვერ მიხვდა, თუ რა ხდებოდა თბილისში! ეს პირველი შემთხვევა არაა მსოფლიო ისტორიაში: უარესის თავიდან აცილების მიზნით, დაიგეგმა რევოლუცია! სხვათა შორის, შს მინისტრი, კობა ნარჩემაშვილიც საქმის კურსში იყო.
— მაშ, რატომ დაიჭირა?
— ჯერ ერთი, სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა, მათ შორის დაპირისპირება მანამდეც არსებობდა. გარდა ამისა, ყველასთვის ხომ უნდა ეჩვენებინათ, რომ რევოლუცია რეალურია და არა დადგმული სპექტაკლი! ამის დასადასტურებელსაც გეტყვით. როდესაც მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, ითქვა: ყველანი აქ ვართ, მათ შორის პროკურატურაც, თუკი ჩვენ გვსურს ხელისუფლების შენარჩუნება, არსებობს იურიდიული საფუძველი, რომ მომიტინგეები ავკრიბოთო. საუბარი იყო სააკაშვილის აყვანაზეც და ესეც სცენარის ნაწილი იქნებოდა. საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტს უნდა მიეღო. შევარდნაძეს არაფერი უთქვამს! ამით ყველას მიანიშნა, რომ წასვლის დრო მოვიდა! სააკაშვილი ექადნებოდა ნარჩემაშვილს და ტყვედაც აიყვანა. ასე მოხდა რამდენიმე სხვა შემთხვევაში! მინდა გითხრათ, რომ კობა ძალიან კარგი ახალგაზრდაა.
უნდა ითქვას, რომ მსგავს სიტუაციებში სააკაშვილს ძალისმიერი მოქმედებისგან თავი არ შეუკავებია! იმ დროს დაბეჩავებულ თბილისსა და საქართველოს ის პირობები არ ჰქონდა, რომელიც შემდეგ სააკაშვილმა შექმნა, მაგრამ ეს უკვე მეორე უკიდურესობაა, მხოლოდ ძალოვნების გაძლიერებით დემოკრატია არ განვითარდება!
— შევარდნაძისგან, ალბათ, შესაბამის ინსტრუქტაჟსაც იღებდით. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, კერძოდ, ვისთან იჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან და კონკრეტულად რაზე შეთანხმდით?
— გააჩნია, რა საკითხებში. ბევრი რამეა, რასაც საფლავში ჩავიტან. მხოლოდ ერთს გეტყვით. კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, როდესაც ხალხმა ჯაჭვი შეკრა. შუაღამე იყო, მეგობარმა დამიძახა. თუ გახსოვთ, იმ დროს კახელები ჩამოვიდნენ თბილისში. ბევრი ჩემზე გაცილებით უკეთესი სპეციალისტი ბრძანდებოდა იქ, რომელთა გონიერებამაც სისხლისღვრისგან გვიხსნა!
საერთოდ, მე უნდა ვყოფილიყავი მარტო! ხელისუფალთა მიერ მოლაპარაკების მაგიდის დატოვების შემდეგ მე მეორე კარიდან შევდიოდი. შევარდნაძე თითქოს გვერდით არ მიყენებდა, მე ცალკე ვიყავი, მაგრამ არ ვყოფილვარ მოვლენებისგან გარიყული. ამავე დროს, რაღაცები ჩემი საქმე არ იყო, თუმცა ვგრძნობდი, რომ უნდა მემუშავა და ჩემი მოვალეობა შემესრულებინა! ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რატომ ხდებოდა ასე, ნამდვილად არ ვიცი!
ვიმეორებ, იქ ჩემზე უკეთესი სპეციალისტები იყვნენ, სერიოზული კრიზისები და პრობლემები ჩემზე გონიერმა ადამიანებმა აიცილეს თავიდან რევოლუციამდეც და რევოლუციის პერიოდშიც! ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე, საკაშვილმა უკვე აგრესიული ტონი გამოავლინა და დაიწყო შესაბამისი მოქმედება!
— მანამდე, შევარდნაძე არ გრძნობდა ხელისუფლების დაკარგვის საფრთხეს თუ თავიდანვე ამგვარ სცენარს ვარაუდობდა, მან ხომ ერთხელ ვაკის ამომრჩეველს სააკაშვილი წარუდგინა არა როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, არამედ როგორც მომავალი პრეზიდენტი?
— მე არა მგონია, რომ თქვენ დაზუსტება შეძლოთ, თუ როდის მივიღეთ ამგვარი გადაწყვეტილება! ერთს კი გეტყვით: ამაზე მარტივი რევოლუცია ჯერ არ მომხდარა!
— თქვენი აზრით, “ვარდების რევოლუცია” პროგრესული მოვლენა იყო?
— ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, მანქანებს აღარ იპარავენ, აღარ ბანდიტობენ, შენობები გალამაზდა, ახალიც ბევრი აშენდა, გზებიც გაკეთდა და ბევრი სხვა რამ... ვინ თქვა, რომ კარგი პოლიცია არ გვყავს? თუმცა მე ასე არ მიმაჩნია. მართალია, ბევრი ისეთი საშუალებები აქვთ, ჩემნაირ ადამიანს რომ მიეშველოს, მაგრამ ეს ხომ დემოკრატია არ არის! ესაა ცვლილებები, გაძლიერება, განახლება! დამისახელეთ, თუნდაც ერთი დემოკრატიულის მაგვარი ინსტიტუტი რომ ჩამოყალიბებულიყოს! ვერ დამისახელებთ! ამაზე ლაპარაკიც არ არის! რას უძახის დემოკრატიას? ვგიჟდები, ისეთ რამეებს ამბობს!
სააკაშვილს სათანადოდ არ ესმის პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ მგონია, რომ ბევრ რამეს შეგნებულად აკეთებს!
უბედურება ისაა, ვგონებ, რომ კიდევ ერთი რევოლუცია არ აგვცდება. რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესიის საფრთხეც რეალურია. ამბობენ, საქართველოს და ქართველ ხალხს არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის კულტურა არ გააჩნიაო. არადა, საქმე სულ სხვაგვარადაა. შესაბამისი კულტურაც გვაქვს და მოთმინებაც!
— როგორ ფიქრობთ, ვარდების რევოლუციის წინა პერიოდის მსგავსი სიტუაციაა დღესაც?
— დიახ, თუმცა გაცილებით უარესი ვითარებაა!
— როგორია ჩვენი პერსპექტივა საერთაშორისო არენაზე?
— ამჟამად, ნული! დიპლომატი პირდაპირ ერთ უხერხულ სიტყვასაც არ გეტყვის. თავად უნდა მიხვდე ყველაფერს. ესაა მთელი მათი პრეზიდენტობა და დიპლომატობა!
— დღესაც იგივე სცენარია მოსალოდნელი?
— ასე რომ იყოს, არაფერი გვიშავს! ყველაფერია მოსალოდნელი. ჩემი თქმის გარეშეც ნათელია, რომ ხელისუფლება პატიოსანი არჩევნებით ბრძოლას არ აპირებს!
ძალიან დიდი ძალები დაეჯახა ერთმანეთს. სამწუხაროდ, საქართველოში არჩევნების წაგება პოლიტიკიდან წასვლას, საბოლოო დამარცხებას ნიშნავს! ასე ცივილიზებულ ქვეყნებში არ ხდება! ჩვენ კი სახეზე გვაქვს ბრძოლა ყველანაირი საშუალებით!
ესაუბრა
ხვიჩა ჯოჯუა
http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-26...html?lang=ka-GE This post has been edited by mushket on 12 Jul 2012, 01:25
შევამჩნიე, რომ აბორტის მხარდამჭერები - ეს ის ხალხია, რომელმაც უკვე მოასწრო დაბადება. - რონალდ რეიგანი.
“არასოდეს დაუბრუნდე იმ ადგილებს, სადაც ცუდათ იგრძენი თავი…”
“არასოდეს სთხოვო მას, ვინც ერთხელ უკვე უარი გითხრა…”
“არასოდეს დაიახლოვო ის, ვინც ერთხელ უკვე გიღალატა…”