სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პროგრამული პრიორიტეტების პროექტი (2012-2013 წლისათვის)
მიღებულია სამეურვეო საბჭოს მიერ 2012 წლის 9 ივლისს
ზოგადი დებულებები
საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონით შექმნილი სამაუწყებლო ინსტიტუციაა, რომლის ვალდებულებაა გადასცეს სამოქალაქო აქტივობის, სოციალური სოლიდარობის და სხვა სამოქალაქო ღირებულებების, კულტურისა და განათლების ხელშემწყობი, პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, მრავალფეროვანი პროგრამები საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მაუწყებელი მოქმედებს საჯარო დაფინანსებით, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად და ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16, მე-20, 21-ე, 30-ე, 33-ე და 55(1) მუხლებიდან გამომდინარე მისთვის მინიჭებული უფლაბამოსილებებისა და ვალდებულებების საფუძველზე საზოგადოებას საჯარო განხილვისათვის წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტების პროექტს.
2009-2010 წლებში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიწყო ახალი პროგრამული პროდუქტების სპეციალიზებულ სამაუწყებლო არხებზე განთავსება. შესაბამისად, სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს პროგრამულ და საბიუჯეტო პრიორიტეტებს ახალი რეალობის გათვალისწინებით. პროგრამული და საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრისას სამეურვეო საბჭო ხელმძღვანელობს ამ სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილებით და საქართველოს კანონმდებლობით. პრიორიტეტები წარმოდგენილია სამაუწყებლო არხების მიხედვით და მაუწყებელს ავალდებულებს დაიცვას გაზომვადი ხარისხობრივი და რაოდენობრივი კრიტერიუმები (პროგრამულ ნაწილში დროითი მასშტაბები, ხოლო საბიუჯეტო ნაწილში დაფინანსების წყაროები და ფინანსირების პარამეტრები).
პროგრამული პრიორიტეტების დროითი მასშტაბებით წარმოდგენა გულისხმობს საეთერო დროის ამ დოკუმენტით განსაზღვრულ განაწილებას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, შემეცნებით-საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამებს შორის არხების მიხედვით. პროგრამული პრიორიტეტები განისაზღვრება იმ არხებისა და პროექტებისათვის, რომელთა საყოფაცხოვრებო ანტენებით მიღების საშუალება არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე:
1. ,,პირველი არხი“,
2. ,,მეორე არხი“,
3. ,,რადიო-1“ ,
4. ,,საქართველოს ენებზე მაუწყებლობა“
ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრისას სამეურვეო საბჭო ხელმძღვანელობს იმ მოსაზრებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის სახელმწიფო სუბსიდიის ნაწილი მთლიანად უნდა მოხმარდეს პრიორიტეტებით ზემოთ განსაზღვრული არხებისა და პროექტების, ასევე, მაუწყებლის ტექნიკური ბაზისა (მათ შორის მაუწყებლის ვიდეო-აუდიო არქივის) და ადმინისტრირების ფინანსურ უზრუნველყოფას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოებული დროებითი ან გრძელვადიანი პროდუქტები და პროექტები, რომელთა საყოფაცხოვრებო ანტენებით მიღების საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს, ან მათი მიღება შეზღუდულია (მაგ; ,,პირველი კავკასიური არხი“, ,,რადიო-2“, IP ტელევიზია და სხვა) უნდა იქმნებოდეს მხოლოდ ორგანიზაციის ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების ნაწილის ხარჯზე. საკუთარი შემოსავლებიდან მიღებული სახსრებით მაუწყებელმა შესაძლებელია დამატებით დააფინანსოს პრიორიტეტებით განსაზღვრული არხები და პროექტები, გააუმჯობესოს ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადმინისტრირება (უფრო დაწვრილებით, იხ. სარეკომენდაციო ნაწილი).
,,1 არხი“
პირველი სატელევიზიო არხი მაუწყებლობს საერთო მაუწყებლობის პრინციპით: წარმოდგენილია საზოგადოებრივ-პოლიტიკური (ახალი ამბების ჩათვლით), შემეცნებით-საგანმანათლებლო და გასართობი მიმართულებები. პროგრამები ვრცელდება მაუწყებლის საკუთარი გადამცემების მეშვეობით და მოიცავს საქრთველოს მოსახლეობის 85%-ს. არხი ტრანსლირდება ინტერნეტით. საეთერო დრო არის არანაკლებ 18 საათი დღეღამეში. საერთო მაუწყებლობის პრინციპიდან გამომდინარე არხისათვის აუცილებელია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და 55 (1) მუხლებით განსაზღვრული უკლებლივ ყველა შინაარსობრივი ვალდებულება (იხ. დანართი 1).
1. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულება
ზოგადი პრიორიტეტი:
· საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებისათვის განკუთვნილი საეთერო დრო გაიზარდოს არანაკლებ 33%-მდე. მათ შორის ახალი ამბებისათვის (საქართველოს ენებზე ახალი ამბების ჩათვლით) არანაკლებ 25%.
რეკომენდაცია :
· რეგულარული საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუები და პროექტები ხორციელდებოდეს ყოველდღიურად, სასურველია ერთსა და იმავე საეთერო ზოლში. შეიქმნას სპეციალური პროექტი ჟურნალისტური გამოძიების ფორმატში, სიხშირით არანაკლებ 24 გადაცემა წელიწადში.
· გაიზარდოს საინფორმაციო გამოშვებების სიხშირე, შემცირდეს ცალკე აღებული გამოშვების ქრონომეტრაჟი (ეუთოს მედიამონიტორინგის მისიის რეკომენდაცია).
· განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ინფორმაციაზე რეგიონებიდან: გაძლიერდეს რეგიონული ბიუროების მუშაობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებსა და ,,თოქშოუებში” გაიზარდოს რეგიონებზე, რეგიონების წარმომადგენელთა მონაწილეობით და რეგიონებიდან გადმოცემული გადაცემებისა და სიუჟეტების ხვედრითი წილი;
1.1. ახალი ამბები (საეთერო დრო არანაკლებ 25%)
· სიუჟეტები, რომლებშიც აქცენტირებულია საქართველოში პიროვნების და საკუთრების ხელშეუხებლობის, გამოხატვისა და სინდისის თავისუფლების მიმართულებით არსებული პრობლემები;
· ხელისუფლებაზე საზოგადოებრივი მონიტორინგი შინაარსის მატარებელი
პუბლიცისტური - საგამოძიებო სიუჟეტები;
· საქართველოს რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების სრულყოფილად ასახვა
· სიუჟეტები პესიონრების, უნარშეზღუდული ადამიანების, უმუშევრებისა და საზოგადოების სხვა დაუცველი ფენების პრობლემების შესახებ;
· საინფორმაციო პროგრამებში მკაფიოდ გაშუქდეს ევროკავშირისა და რეგიონში მიმდინარე პროცესები, NATO-სა და ევროსტრუქტურების საქმიანობა;
· საქართველოში არსებული სხვადსხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების ცხოვრებისა და ყოფის, მათი ეთნოკულტურული ტრადიციების ამსახველი სიუჟეტები;
· საინფორმაციო მაუწყებლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს.
1.2. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და პროექტები (საეთერო დრო არანაკლებ 8%)
· პროგრამები, რომლებშიც აქცენტირებულია საქართველოში პიროვნების და საკუთრების ხელშეუხებლობის, გამოხატვისა და სინდისის თავისუფლების მიმართულებით არსებული პრობლემები;
· პროგრამები პენსიონრების, უნარშეზღუდული ადამიანების, უმუშევრებისა და საზოგადოების სხვა დაუცველი ფენების პრობლემების შესახებ;
· ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის რეფორმების არსის ამსახველი პროგრამები. შემეცნებითი და პუბლიცისტური პროგრამები საბაზრო ეკონომიკის საფუძვლების შესახებ;
· განხორციელდეს ინტერმედიული პროექტი (ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და პრესის საშუალებების გამოყენებით), რომელშიც რეგულარულად გაშუქდება საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივი საბჭოების საქმიანობა.
· საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში მკაფიოდ გაშუქდეს ევროკავშირის ახალი სამეზობლო პოლიტიკა, NATO-სა და ევროსტრუქტურების საქმიანობა;
· საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების ცხოვრებისა და ყოფის, მათი ეთნოკულტურული ტრადიციების ამსახველი პროგრამები;
· მეზობელი და პარტნიორი სახელმწიფოების საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ამსახველი პროგრამები.
ეს პირველი ნაწილი
* * *
LAZIKA-DIDGORIშეკაცო დაწერე რამე რომ გავაგრძელო, პროგრამული პრიორიტეტები, კიდევ ბევრია