http://www.kvirispalitra.ge/politic/16937-...-unda-iyos.html- ვიდრე "აზარტული თამაშების შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენაზე გაიტანდით, თანაგუნდელებთან კონსულტაციები არ გაიარეთ?
- კი, როგორ არა, მე ვიცოდი, რომ პრემიერ-მინისტრი ამ კანონპროექტის წინააღმდეგი იყო. ამიტომ შევხვდი და ავუხსენი, რომ თამაშების აკრძალვას რადიკალურად არ ვითხოვდი და მხოლოდ რეკლამის აკრძალვაზე მქონდა საუბარი. საბოლოოდ მან მითხრა, რომ მე არ ჩავერევი, თუ გინდათ ეს კანონპროექტი მიიღეთო. მთავრობის წევრებთან მთელი ერთი თვის განმავლობაში მქონდა კონსულტაციები. ამიტომაც იყო, რომ პირველი მოსმენიდან მეორე მოსმენამდე ერთი თვე გავიდა. ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, თავის გარშემო მიმოიხედოს და თუ აზარტული თამაშებით გაუბედურებულ ოჯახს ვერ აღმოაჩენს, მაშინ ხელებს ავწევ.
- პრემიერმა ან "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებმა რა საბაბით არ დაუჭირეს მხარი ამ კანონპროექტს?
- ისინი ამბობენ, რომ ეს ბიზნესია და ბიზნესისთვის ხელისშეშლა არ სურთ. მე ეს მიზეზი არგუმენტად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ აზარტული თამაშების ბიზნესი ჩვეულებრივი საქმე არ არის, ეს არის ადამიანის სისხლზე, ცრემლებზე და უბედურებაზე დამყარებული ბიზნესი. კაზინოსა თუ ინტერნეტკაზინოს მოგება ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების წაგებას. მართლა არ მესმის, რა საჭიროა ბიზნესი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს წაგებაში ამყოფებს?