გაზეთი თავისუფლება 74 გვ 3-4
იხ.
რით წაადგები სამშობლოს (ნაწ. II) ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს მ უ დ მ ი ვ ი კ ო ნ ს ტ ი ტ უ ც ი ა
მიიღო საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს
და
1992 წლის 21 თებერვალს ერთხმად განმეორებით მიიღო საქართველოს ეროვნულმა კონგრესმა
თ ა ვ ი 1
ზოგადი დებულებები.
მუხლი 1.
საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო. მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.
მუხლი 2.
საქართველოს დედა ქალაქი არის ტფილისი.
მუხლი 3.
საქართველოს სახელმწიფოებრივი ენა არის ქართული ენა.
მუხლი 4.
საქართველოს რესპუბლიკის დროშა არის – შვინდის ფერი ალამი შავი და თეთრი ზოლითა.
მუხლი 5.
ყოველ კანონსა და სავალდებულო დადგენილებას მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, უკეთუ გამოცხადებულია სათანადო წესით.
მუხლი 6.
სახელმწიფო ტერიტორიის გაცემა, დანაწილება და გაყიდვა შეუძლებელია. სახელმწიფო ტერიტორიის გაფართოება ან სადავო საზღვრების შესწორება შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობითის წესით.
მუხლი 7.
ადმინისტრაციული დაყოფა და თვითმართველ ერთეულთა საზღვრების დაწესება და შეცვლა სწარმოებს მხოლოდ კანონმდებლობითის წესით.
მუხლი 8.
კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. არ შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს კანონი, დეკრეტი, ბრძანება ან განკარგულება, რომელიც კონსტიტუციის დებულებათა და მათი დედა აზრის წინააღმდეგია. კონსტიტუციის შესრულება და მისი პრინციპების განხორციელება კანონმდებლობასა და მართვაგამგეობაში სახელმწიფოს ყოველი ხელისუფლების მოვალეობას შეადგენს.
მუხლი 9.
კონსტიტუციის მიღებამდე გამოცემული და გამოქვეყნებული კანონი და დეკრეტი ძალაში რჩება, უკეთუ კონსტიტუციასა და მის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.
მუხლი 10.
ეს კონსტიტუცია ძალაშია მუდმივ და შეუწყვეტლივ, იმ შემთხვევის გარდა, რომელიც ამავე კონსტიტუციას აქვს გათვალისწინებული.
მუხლი 11.
დამტკიცებისა და მიღების შემდეგ კონსტიტუციას აქვეყნებს დამფუძნებელი კრება თავის წევრთა ხელმოწერით.
თ ა ვ ი 2.
მოქალაქეობა
მუხლი 12.
საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება წარმოშობით, ქორწინებით და ნატურალიზაციით.
მუხლი 13.
საქართველოს მოქალაქეს არ შეუძლია იყოს იმავე დროს სხვა სახელმწიფოს მოქალაქედ.
მუხლი 14.
საქართველოს მოქალაქეს შეუძლია უარი განაცხადოს საქართველოს მოქალაქეობაზე მხოლოდ თავის სახელმწიფოებრივ მოვალეობის შესრულების შემდეგ.
მუხლი 15.
მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის პირობებს დაწვრილებით კანონი განსაზღვრავს.
თ ა ვ ი 3.
მოქალაქის უფლებანი
მუხლი 16.
მოქალაქენი კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი არიან.
მუხლი 17.
წოდებრივი განსხვავება არ არსებობს.
მუხლი 18.
ხარისხის მინიჭება გარდა აკადემიურისა აკრძალულია.
ორდენი გაუქმებულია.
საომარ მოქმედების დროს თავის გამოჩენისათვის შეიძლება მიეცეს წარჩინების ნიშანი.
მუხლი 19.
სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.
მუხლი 20.
არ შეიძლება დასჯილ იქნეს ვინმე სხვაფრივ, თუ არ სასამართლოს წესით;
გამონაკლისია კანონით განსაზღვრული დისციპლინარული წესი.
მუხლი 21.
ყოველი მოქალაქე გასამართლებულ უნდა იქნეს საერთო წესით.
მუხლი 22.
პიროვნება ხელშეუხებელია; არ შეიძლება შეპყრობილ ან სხვაფრივ თავისუფლებას მოკლებულ და პირადად გაჩხრეკილ იქნეს ვინმე, თუ არ სასამართლოს ან საგამომძიებლო ორგანოს დასაბუთებული ბრძანების ძალით.
მუხლი 23.
ადმინისტრაციას შეუძლია თავისი უფლებით შეიპყროს ვინმე შემდეგ შემთხვევაში:
ა) როცა ბოროტმოქმედს ზედ დანაშაულის ადგილას მიასწრებს;
ბ) როცა დანაშაულის ადგილას დაზარალებული, ან დამსწრე ვინმე ბოროტმომქმედს ხელს დაადებს;
გ) როცა მას, ვიზედაც ეჭვია მიტანილი, რაიმე გასამტყუნებელი ნივთი აღმოაჩნდება, ან როცა მის ტანზე, ან მის ბინაზე დანაშაულის აშკარა ნიშანი და კვალი აღმოჩნდება.
მუხლი 24.
დამნაშავის დაკავება შეუძლია კერძო პირსაც; თუ დანაშაულის ადგილას მიასწრებს და ამასთანავე ადმინისტრაციის მისვლამდის მისი მიმალვა მოსალოდნელია.
მუხლი 25.
როგორც სასამართლოს ორგანოთა, ისე ადმინისტრა
ციის ბრძანებით შეპყრობილი, 24 საათის განმავლობაში უახლოეს სასამართლოში უნდა იქნესწარდგენილი; თუ სასამართლო ისეა დაშორებული, რომ 24 საათში დამნაშავის წარდგენა შეუძლებელია, ეს ვადა განგრძობილ უნდა იქნეს ადგილობრივ გარემოების მიხედვით, მხოლოდ არა უმეტეს 48 საათისა.
მუხლი 26.
სასამართლო ვალდებულია წარდგენილ პირს დაუყოვნე-ბლივ, ყოველშემთხვევაში არა უგვიანეს 24 საათისა, დაჰკითხოს; ხოლო შემდეგ წერილობითი ბრძანება გასცეს ან მისი შეპყრობის განგრძობისა, ან დაუყოვნებლივ განთავისუფლებისათვის.
მუხლი 27.
სასამართლოს სათანადო ორგანოები ვალდებულნი არიან, უკეთუ რაიმე გზით და საშვალებით ემცნოთ, რომ ვინმე ზემოაღნიშნულ წესთა დარღვევითააშეპყრობილი, დაუყოვნებლივ გამოიძიონ საქმე და წერილობითი ბრძანება გასცენ ან მისი განთავისუფლებისა ან შეპყრობის განგრძობისა.
მუხლი 28.
ყოველი მოქალაქის ბინა შეუვალია: მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით შეიძლება მისი გაჩხრეკა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მუხლი 29.
კერძო მიწერ–მოწერა ხელშეუხებელია; მისი ამოხმა და გადასინჯვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით.
მუხლი 30.
ყოველი მოქალაქე მიმოსვლასა და ბინადრობის არჩევაში სრულიად თავისუფალია; ამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება.
მუხლი 31.
ყოველი მოქალაქე სინდისის სრული თავისუფლებით სარგებლობს. მოქალაქის დევნა და მის პოლიტიკურ თუ სამოქალაქო უფლებათა შეზღუდვა სარწმუნოების ან რწმენის გამო არ შეიძლება. ყველას შეუძლია აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც სურს, ან სარწმუნოება გამოიცვალოს, ან და არც ერთ კულტს არ ეკუთვნოდეს.
სარწმუნოებისა და რწმენის მომიზეზებით მოქალაქეობრივი და პოლიტიკური მოვალეობის ასრულებაზე უარის თქმა არავის შეუძლია, გარდა იმ შემთხვევის, რომელიც ცალკე კანონით იქნება განსაზღვრული. სარწმუნოებრივი ხასიათის აქტებს არავითარი გავლენა არა აქვს მოქალაქეობრივ უფლებასა და მდგომარეობაზე.
მუხლი 32.
ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს სიტყვით, ბეჭდვით ან სხვა რამ ღონისძიებით თავისი აზრები გამოსთქვას და გაავრცელოს მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად. ყოველი დანაშაულისათვის, რომელსაც იგი ასეთ შემთხვევაში ჩაიდენს, პასუხს აგებს მხოლოდ სასამართლოს წინაშე.
მუხლი 33.
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ მთავრობის ნებადაურთველად შეიკრიბნენ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ
მუხლი 34.
თუ კრებამ დანაშაულის ხასიათი მიიღო, ადმინისტრაციას შეუძლია დახუროს იგი.
მუხლი 35.
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს უფლება აქვთ მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად დააარსონ საპროფესიო და სხვა ყოველგვარი კავშირი, თუ მისი მიზანი კანონით არ არის აკრძალული; კავშირის გაუქმება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით შეიძლება.
მუხლი 36.
გონებრივი, სავაჭრო და სამეურნეოსამრეწველო პროფესიის თავისუფალი განვითარება უზრუნველყოფილია რესპუბლიკის კანონებით.
მუხლი 37.
პირადი და კოლექტიური პეტიციის უფლება უზრუნველყოფილია.
მუხლი 38.
მუშათა გაფიცვა თავისუფალია.
მუხლი 39.
ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკურ ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით.
მუხლი 40.
ქორწინება ემყარება უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას;
ქორწინების ფორმასა და წესებს კანონი განსაზღვრავს.
ქორწინების გარეშე და ქორწინებაში შობილი უფლებითა და მოვალეობით თანასწორნი არიან. დედას უფლება აქვს იძიოს და დაამტკიცოს, ვინ არის მამა მის მიერ ქორწინების გარეშე შობილისა; აგრეთვე ქორწინების გარეშე შობილს უფლება აქვს იძიოს თავისი მამა.
მუხლი 41.
პოლოტიკური დევნილი, რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოხიზნული, სხვა სახელმწიფოს არ გადაეცემა.
მუხლი 42.
მოქალაქის უფლებათა დარღვევისათვის, როგორც თანამდებობის, ისე კერძო პირი მიეცემა პასუხისგებაში სისხლის სამართლის კანონების თანახმად
მუხლი 43.
ამბოხებისა ან ომის დროს, პარლამენტს უფლება აქვს დროებით შეაჩეროს მთელს რესპუბლიკაში, ან რომელსამე მის ნაწილში იმ უფლებათა გარანტია, რომელიც აღნიშნულია შემდეგ მუხლებში: 19, 22, 25, 26, 27, 28, 29, 30, 32, 33, და 38, ომის დროს კი 21 მუხლში აღნიშნული გარანტიაც იმ პირობით, რომ სამხედრო სამართალში მიცემა შესაძლებელია მხოლოდ მომქმედი ჯარის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე.
თუ პარლამენტი შეკრებილი არ არის, მთავრობას შეუძლია თავის პასუხისმგებლობით შეაჩეროს ზემოაღნიშნულ გარანტიათა მოქმედება, მხოლოდ დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს პარლამენტი და თავის დაგენილება წარუდგინოს.
მუხლი 44.
დიდი ეპიდემიის დროს მთავრობას უფლება აქვს შეაჩეროს დროებით მე–22, 25, 26 და 30 მუხლებში აღნიშნულ უფლებათა გარანტია, რამდენადაც ამას ეპიდემიასთან ბრძოლა მოითხოვს.
მუხლი 45.
კონსტიტუციაში ჩამოთვლილი გარანტია და უფლება არ უარყოფს სხვა გარანტიასა და უფლებას, რომელიც იქ არ არის მოხსენებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მიერ აღიარებული პრინციპებისაგან.
თ ა ვ ი 4 .
პარლამენტი
მუხლი 46.
საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო არის „საქართველოს პარლამენტი“, რომელიც შესდგება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული წესისამებრ არჩეულ დეპუტატებისაგან. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს სქესის განურჩევლად ყოველ სრულუფლებიან მოქალაქეს, რომელსაც ოცი წელი შესრულებია. პარლამენტი აირჩევა სამი წლის ვადით.
მუხლი 47.
პარლამენტის არჩევნების წესს განსაზღვრავს ცალკე კანონი.
მუხლი 48.
პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ აზრისა და შეხედულებისათვის, რომელსაც გამოსთქვამს თავის მოვალეობის ასრულების დროს. პარლამენტის წევრის პიროვნება ხელშეუხებელია; არ შეიძლება შეპყრობილ ან სამართალში მიცემულ იქნეს იგი, ვიდრე პარლამენტის წევრად ითვლება, თუ თვით პარლამენტმა ამის ნება არ დართო, გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როცა დანაშაულის ჩადენაზე მიასწრებენ. ეს შემთხვევა
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს; შეპყრობილი ან სამართალში მიცემული პარლამენტის წევრი განთავისუფლებული უნდა იქნეს, თუ პარლამენტი ამას მოითხოვს.
მუხლი 49.
პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტების გამო, რომელიც მას გაანდვეს, როგორც დეპუტატს, ეს უფლება არ ეკარგება მაშინაც, როცა დეპუტატად აღარ ითვლება.
მუხლი 50.
პარლამენტის წევრებს მიეცემათ კანონით განსაზღვრული გასამრჯელო.
მუხლი 51.
პარლამენტის წევრობისა, მოხელეობისა და პროფესიის შეუთავსებლობის საკითხს განსაზღვრავს კანონი.
მუხლი 52.
ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს, პარლამენტი ამ კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს ერის ხელმწიფებას.
მუხლი 53.
პარლამენტი გამოსცემს კანონსა, დეკრეტსა და დადგენილებას; მათი გამოქვეყნების წესი ცალკე კანონით იქნება განსაზღვრული.
მუხლი 54.
პარლამენტის უფლებაა:
ა) კანონმდებლობა;
ბ) უმაღლესი გამგებლობა რესპუბლიკის ჯარისა და საზოგადოდ ყოველი შეიარაღებული ძალისა;
გ) ომის გამოცხადება;
დ) დამტკიცება საზავო, სავაჭრო და ამგვარ ხელშეკრულობისა უცხო სახელმწიფოებთან;
ე) ამნისტია;
ვ) ბიუჯეტის დამტკიცება;
ზ) საშინაო და საგარეო სესხის აღება;
ც) თანამდებობის პირთა არჩევა, კონსტიტუციით ან კანონით მისდა მიკუთვნებული, და
თ) საერთო კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლებისა.
მუხლი 55.
პარლამენტის სხდომა საჯაროა; მაგრამ პარლამენტს შეუძლია განსაკუთრებული დადგენილებით თავის სხდომა, ან ნაწილი სხდომისა ფარულად გამოაცხადოს.
მუხლი 56.
პარლამენტი თვითონ გაარჩევს თავის წევრთა არჩევნების კანონიერებას და გადასწყვეტს ყოველსავე დავას ამ საგანზე.
მუხლი 57.
პარლამენტი ყოველ საკითხს სწყვეტს ხმის მარტივი უმრავლესობით, თუ რეგლამენტით ან კანონით სხვა წესი არ არის მიღებული
მუხლი 58.
პარლამენტის გახსნა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ დეპუტატთა საერთო რიცხვის ნახევარზე მეტი გამოცხადდა.
მუხლი 59.
პარლამენტის წევრთ უფლება აქვთ მთავრობის მიმართ შეკითხვის შეტანისა და კითხვის მიცემისა. წესი შეკითხვის შეტანისა და კითხვის მიცემისა განისაზღვრება კანონით ან რეგლამენტით.
მუხლი 60.
პარლამენტი თვითონ განსაზღვრავს რეგლამენტს და თავის მოქმედების წესს.
მუხლი 61.
პარლამენტი იკრიბება ყოველწლივ ნოემბრის პირველ კვირა დღეს. ახალი პარლამენტის არჩევნები ინიშნება შემოდგომაზე, ერთსა და იმავე დროს მთელს რესპუბლიკაში, იმ ვარაუდით, რომ ახლად არჩეული დეპუტატები დაესწრნენ პარლამენტის გახსნას.
მუხლი 62.
პარლამენტის მუშაობის დროებით შეწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით.
როცა პარლამენტის მუშაობა შეწყვეტილია, მისი მოწვევის უფლება განსაკუთრებულ შემთხვევისათვის აქვს მთავრობას, ან პარლამენტის პრეზიდიუმს.
პარლამენტის შეკრება სავალდებულოა, თუ ამას დეპუტატთა ერთი მეოთხედი მოითხოვს.
მუხლი 63.
ინიციატივის უფლება ეკუთვნის:
ა) პარლამენტის ყოველ წევრს, და
ბ) 5. 000 ამომრჩეველს.
მუხლი 64.
თუ ოცდაათი ათასმა ამომრჩეველმა წერილობით მოითხოვა, პარლამენტი ვალდებულია ახლად მიღებული კანონი სარეფერენდუმოთ ხახლს წარუდგინოს. რეფერენდუმის წესს განსაზღვრავს კანონი.
მუხლი 65.
პარლამენტი ყოველწლივ ირჩევს პრეზიდიუმს.
თ ა ვ ი 5.
აღმასრულებელი ხელისუფლება
მუხლი 66.
უმაღლესი მართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის რესპუბლიკის მთავრობას.
მუხლი 67.
მთავრობას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს პარლამენტი ერთი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედი ზედ მხოლოდ ორჯერ.
მუხლი 68.
მთავრობის დანარჩენ წევრებს – მინისტრებს იწვევს მთავრობის თავმჯდომარე რესპუბლიკის იმ მოქალაქეთაგან, რომელთაც პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ.
მუხლი 69.
მთავრობის წევრს არ შეუძლია იმავე დროს რაიმე სხვა თანამდებობა ეჭიროს, ან რომელსამე პროფესიას მისდევდეს; შეუძლია იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრი და ადგილობრივი თვითმმართველობის ხმოსანი.
მუხლი 70.
მთავრობის თავმჯდომარეს ენიჭება რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობა; იგი ნიშნავს ელჩებს სხვა სახელმწიფოებში და უცხოეთის ელჩები წარმოიგზავნებიან მასთან.
განსაკუთრებულ გარემოებაში, უკეთუ მთავრობის დადგენილების გამოტანა დაბრკოლებულია თავმჯდომარეს შეუძლია გამოიწვიოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალა, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოხსენდეს პარლამენტს.
თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებასა და განკარგულებას კანონის აღსრულებისათვის, მაგრამ უფლება არა აქვს კანონის მოქმედება შეაჩეროს, ან მისი შესრულება დააბრკოლოს.
მთავრობის თავმჯდომარეს უფლება აქვს თავის განკარგულებით დანიშნოს რევიზია მართველობის ამა თუ იმ დარგისა, ადგილის ან მოვლენისა კანონში აღნიშნულ წესისამებრ.
თავმჯდომარეს არა აქვს არავითარი განსაკუთრებული უფლება იმის გარდა, რაც ამ კონსტიტუციით არის მისდა მიკუთვნებული.
მუხლი 71.
მთავრობის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს მის მოვალეობას მთავრობაში.
მუხლი 72.
მთავრობის საერთო უფლება და მოვალეობაა:
ა) რესპუბლიკის საქმეთა უმაღლესი მართვა–გამგეობა, თანახმად კანონისა;
ბ) თვალყურის დევნა და აღსრულება კონსტიტუციისა და კანონებისა;
გ) წარდგენა პარლამენტის წინაშე თავის კანონპროექტისა, აგრეთვე დასკვნისა იმ კანონპროექტის შესახებ, რომელიც პარლამენტისა ან ხალხის ინიციატივით არის შემოსული;
დ) დაცვა რესპუბლიკის საგარეო ინტერესებისა;
ე) უზრუნველყოფა რესპუბლიკისა გარეშე განსაცდელისაგან და დაცვა მისი დამოუკიდებლობისა;
ვ) ზრუნვა შინაური წესიერებისა და უშიშროების დაცვისათვის:
მოულოდნელ შემთხვევაში, თუ საჭიროებამ მოითხოვა მთავრობას უფლება აქვს თავის დადგენილებით გამოიყვანოს შეიარაღებული ძალა ვადით არა უმეტეს 21 დღისა. უკეთუ მეტის ვადით დასჭირდა, პარლამენტიდან უნდა მიიღოს ნებართვა;
ზ) განაგოს ფინანსები, სჭრას ფული თანახმად კანონისა, და ყოველ წლივ წარუდგინოს პარლამენტს შემოსავალ–გასავლის სავარაუდო აღრიცხვა ბიუჯეტი;
ც) ანგარიში აძლიოს პარლამენტს თავის მოქმედებისა და წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგინოს მოხსენება საქართველოს შინაგან და საგარეო მდგომარეობის შესახებ; წარუდგინოს აგრეთვე განსაკუთრებული მოხსენება. უკეთუ პარლამენტმა მოითხოვა, და
თ) შეასრულოს ყოველივე, რაც კანონს ან პარლამენტს მისთვის დაუვალებია.
მუხლი 73.
რესპუბლიკის დანარჩენ საქმეთა მართვა–გამგეობა განაწილებულია მთავრობის წევრთა შორის. თვითოეული მათგანი დამოუკიდებლად და პარლამენტის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობით განაგებს მისთვის მინდობილ უწყებას და უნდა გადადგეს, როცა პარლამენტის პირდაპირი დადგენილებით დაჰკარგავს მის ნდობას.
მინისტრს უფლება აქვს პარლამენტში ხმის მიცემისა მხოლოდ მაშინ, როცა დეპუტატად ირიცხება. მთავრობის თავმჯდომარე პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე საერთო პოლიტიკისათვის, ვალდებულია დაემორჩილოს პარლამენტის დადგენილებას და აასრულოს იგი და ამის მიხედვით, თუ საჭიროა გამოსცვალოს ცალკე მინისტრი ან გარდაქმნას მთელი კაბინეტი.
მუხლი 74.
მთავრობის ყოველ წევრს უფლება აქვს პარლამენტისა და მისი კომისიის სხდომას დაესწროს. თუ მინისტრმა მოითხოვა, პარლამენტი და მისი კომისია ვალდებულია მოუსმინოს, თავის მხრით პარლამენტისა და კომისიის მოთხოვნით მინისტრიც ვალდებულია სხდომაზე გამოცხადდეს და ახსნა–განმარტება მისცეს.
მუხლი 75.
კონსტიტუციის დარღვევისათვის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები პასუხისმგებელი არიან სასამართლოს წინაშე. მათი პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ პარლამენტს. მათი გასამართლება საერთო წესით სწარმოებს.
თავი 6.
სასამართლო
მუხლი 76.
საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე არსებობს ერთი უმაღლესი სასამართლო – სენატი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი. სენატი მოვალეა:
ა) თვალყური ადევნოს კანონის დაცვას, და
ბ) განაგოს სასამართლო ნაწილი, როგორც საკასაციო სასამართლომ.
მუხლი 77.
სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა საწამოებლად არსებობს მუდმივი სასამართლოები.
სასამართლოს ორგანიზაცია, იურისდიქცია და კომპეტენცია
განისაზღვრება კანონით.
მუხლი 78.
სასამართლო დამოუკიდებელია და მხოლოდ კანონს ემორჩილება. მართლმსაჯულება სწარმოებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით.
მუხლი 79.
სასამართლოს არც ერთი განაჩენი არ შეიძლება გაუქმებულ, შეცვლილ, ან შეჩერებულ იქნეს კანონმდებელი, აღმასრულებელი ან ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ.
მუხლი 80.
სასამართლოს სხდომა საჯაროა; მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს ზნეობისა და საზოგადო მშვიდობიანობის დაცვის ინტერესი, სხდომა შეიძლება კარდახურულ იქნეს თვით სასამართლოს დადგენილებით.
მუხლი 81.
მძიმე სისხლის სამართლისა, და აგრეთვე, პოლიტიკურის და ბეჭდვითი დანაშაულისათვის არსებობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.
მუხლი 82.
მოსამართლე აირჩევა ვადით. არჩევის წესი და პირობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსაჯული, კანონით განისაზღვრება.
მუხლი 83.
არ შეიძლება სასამართლოს წევრის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა მისი სურვილის წინააღმდეგ, გარეშე სასამართლოს დადგენილებისა. თანამდებობიდან მისი დროებით გადაყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცასასამართლოში ან გამოძიებაში არის მიცემული. სრულიად დათხოვნა კი შეიძლება სასამართლოს განაჩენის ძალით.
თავი 7.
სახელმწიფო ფინანსები
მუხლი 84.
არცერთი სახელმწიფო გადასახადი არ შეიძლება დაწესებულ ან აკრეფილ იქნეს, თუ წინასწარ პარლამენტის მიერ არ იქნა დადასტურებული.
შენიშვნა: ადგილობრივი თვითმმართველობის გადასახადთა დაწესების უფლებას ცალკე კანონი განსაზღვრავს.
მუხლი 85.
სახელმწიფო გადასახადისაგან ვერავინ განთავისუფლდება, თუ არ კანონის ძალით.
მუხლი 86.
თუ არ კანონის ძალით არავითარი პენსია, ჯილდო და საზოგადოთ ხარჯი არ შეიძლება გაღებულ იქნეს სახელმწიფო ხაზინიდან.
მუხლი 87.
პარლამენტის ნებადაურთველად არ შეიძლება აღებულ იქნეს სახელმწიფო სესხი და ან რაიმე ფინანსური ვალდებულება.
მუხლი 88.
სახელმწიფოს ყოველი შემოსავალ–გასავალი ბიუჯეტში უნდა იქნეს აღნიშნული. ბიუჯეტი ყოველწლივ უნდა წარედგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
მუხლი 89.
თუ ბიუჯეტის დამტკიცება პარლამენტმა ვერ მოასწრო საანგარიშო წლის დამდეგამდე, მთავრობას უფლება ეძლევა სახელმწიფო ხარჯები ახალი ბიუჯეტის დამტკიცებამდე წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით დაჰფაროს პარლამენტის ნებართვით.
მუხლი 90.
ხარჯის გადატანა ბიუჯეტის ერთი პარაგრაფიდან მეორეში არ შეიძლება პარლამენტის ნებადაურთველად.
თავი 8.
სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 91.
სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის სისწორით ასრულება;
ბ) სახელმწიფოს ყოველნაირი შემოსავალი და გასავალი;
გ) მთავრობის და სხვა და სხვა უწყების ხარჯთაღრიცხვა და ანგარიში, და
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსები კანონის თანახმად.
მუხლი 92.
სახელმწიფო კონტროლიორს ირჩევს პარლამენტი. იგი არ ითვლება მინისტრთა კაბინეტის წევრად, მაგრამ აღჭურვილია მინისტრის უფლებით და პასუხის მგებელია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. იგი ყოველწლიურად ანგარიშსუდგენს პარლამენტს.
მუხლი 93.
კონტროლის ორგანიზაცია და მოქმედების წესი განსაზღვრულია კანონით.
თავი 9.
სახელმწიფო თავდაცვა
მუხლი 94.
ყოველი მოქალაქე რესპუბლიკისა ვალდებულია პირადად მოიხადოს სამხედრო ბეგარა კანონის თანახმად.
მუხლი 95.
სამხედრო ძალთა დანიშნულება არის დაცვა რესპუბლიკისა და მისი ტერიტორიისა.
მუხლი 96.
სამხედრო ბეგარის ვადა და სამხედრო ძალთა ყოველი მოწყობის წესი განისაზღვრება კანონით.
მუხლი 97.
სამხედრო ბეგარის მოსახდელად გასაწვევ ახალგაზრდათა რაოდენობას ყოველწლივ პარლამენტი ამტკიცებს.
თავი 10.
ადგილობრივი თვითმმართველობა
მუხლი 98.
ადგილობრივი თვითმმათველობა არის ამავე დროს ორგანო ადგილობრივი მართველობისა და განაგებს ადგილობრივ გამგეობის კულტურულ განმანათლებელდა სამეურნეო საქმეებს თავის ტერიტორიის ფარგლებში.
მუხლი 99.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაცია, უფლება–მოვალეობა და მართვა–გამგეობის წესი განისაზღვრება კანონით.
მუხლი 100.
ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს გამოსცეს სავალდებულო დადგენილება თანახმად კანონისა.
მუხლი 101.
ადგილობრივი თვითმმართველობა ირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო წესით.
მუხლი 102.
ადგილობრივ თვითმმართველობის დადგენილება და განკარგულება შეიძლება გაუქმებულ იქნეს მხოლოდ სასამართლოს წესით.
მუხლი 103.
მთავრობის ცენტრალურ ორგანოებს უფლება აქვთ შეარჩიონ ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილება და განკარგულება, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ხოლო ვალდებულნი არიან საქმე დაუყოვნებლივ სასამართლოს გადასცენ.
წესი და პირობა შეჩერებისა განისაზღვრება კანონით.
მუხლი 104.
ადგილობრივი თვითმმართველობა მართვა–გამგეობის საქმეში ემორჩილება მთვარობის ცენტრალურ ორგანოებს.
მუხლი 105.
იმ საგნებს, რომლის შესახებაც ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილება დამტკიცებულ უნდა იქნეს ცენტრალურ ხელისუფლების მიერ, განსაზღვრავს კანონი.
მუხლი 106.
ადგილობრივ თვითმმართველობას ენიჭება საბიუჯეტო უფლება, ცალკე კანონით განსაზღვრული.
თავი 11.
ავტონომიური მმართველობა
მუხლი 107.
საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას ზაქათალის ოლქი, ენიჭებათ ადგილობრივ ავტონომიური მმართველობა.
მუხლი 108.
წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმართველობათა დებულებანი შემუშავებელ იქნება ცალკე კანონით.
თავი 12.
სწავლა–განათლება და სკოლა
მუხლი 109.
ხელოვნება, მეცნიერება და მათი სწავლება თავისუფალია: სახელმწიფოს მოვალეობაა მფარველობა გაუწიოს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.
მუხლი 110.
პირველდაწყებითი სწავლა საყოველთაო, უსასყიდლო და სავალდებულოა.
საზოგადო სკოლების სისტემა ერთს ორგანულ მთლიანობას წარმოადგენს, სადაც პირველდაწყებითი სკოლა საფუძველია საშუალო და უმაღლესი სკოლისა. სწავლა–განათლება ყველა საფეხურის სკოლებში საეროა.
მუხლი 111.
სახელმწიფო მიზნად ისახავს: პირველდაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ–დასახური და სასწავლო ნივთები უფასოდ მიეცეს. ამ მიზნით განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობანი თავის შემოსავლის ერთ ნაწილს გადასდებენ ყოველ წლიურად.
მუხლი 112.
კერძო თაოსნობით დაარსებული სკოლა ემორჩილება საერთო სასკოლო კანონს.
თავი 13.
სოციალ–ეკონომიკური უფლებანი
მუხლი 113.
რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეული არსებობისათვის.
მუხლი 114.
საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა ან კერძო ინიციატივის შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოებრივი და კულტურული საჭიროებისათვის ცალკე კანონში განსაზღვრული წესით. ჩამორთმეულ ქონებაში მიეცემა სათანადო საფასური თუ კანონში სხვა გვარად არ არის განსაზღვრული.
მუხლი 115.
რესპუბლიკას აქვს საკუთარი სააღებ–მიმცემო და სამრეწველო მეურნეობა, რომლის გაფართოება და ერთი მთლიანი საზოგადოებრივი მეურნეობის შექმნა მისი მთავარი მიზანია. რესპუბლიკა ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოთა ასეთსა
This post has been edited by mtavrishvili on 16 Sep 2012, 23:02
მიმაგრებული სურათი