ხარონი
VIVA GEORGIA

       
ჯგუფი: Moderators
წერილები: 27948
წევრი No.: 62485
რეგისტრ.: 27-May 08
|
#32486834 · 9 Aug 2012, 15:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან საინტერესო ანალიზია
საქართველომ 2008 წლის აგვისტოში პრევენციული თავდაცვის ოპერაცია დაიწყო, რისი სრული უფლებაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით ჰქონდა 11:37 08-08-2012 2008 აგვისტოს ომის შესახებ მიღებული რეზოლუციების ინვენტარიზაციასა და ომის მიზეზებზე, ამ ომის საერთაშორისო თანამეგობრობის სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებზე საუბარს "ინტერპრესნიუსი" საერთაშორისო სამართლის ცნობილ ქართველ დოქტორთან, თსუ-ს პროფესორ ლევან ალექსიძესთან ერთად შეეცადა.
- ბატონო ლევან, ოთხი წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან. ევროსაბჭოს, ევროკავშირის, ნატო-ს არაერთი მოთხოვნისა და შესაბამისი რეზოლუციების მიღების მიუხედავად, რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას თავისი ჯარების საქართველოდან, ანუ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გაყვანის შესახებ. ვინაიდან აგვისტოს მოვლენების მორიგი წლისთავია, უპრიანი იქნებოდა ომის შემდგომ არსებულ ვითარებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული რეზოლუციების ერთგვარი ინვენტარიზაცია გაგვეკეთებინა. . . - რუსეთის მიერ საქართველოსთან აგრესიული ომის პერიოდში და შემდგომ დასავლეთის რეაქცია იყო ძალიან მკაცრი. დასავლეთი იმთავითვე მიხვდა, რომ თავის დროზე ვერ გაუწია საქართველოს სათანადო დახმარება, მათ არ სჯეროდათ, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებდა. საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთს არაერთხელ მიმართა თხოვნით დახმარებისათვის, თუმცა ამაოდ. რუსეთმა ზუსტად გათვალა ეს სიტუაცია და დაიწყო ინტერვენცია მოულოდნელობის ფაქტორზე დაყრდნობით. საგულისხმოა, რომ ეს დამოკიდებულება აისახა იმ რეზოლუციებში, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის მეორე დღესვე იყო მიღებული. ამ რეზოლუციების ენა გახლდათ ძალიან მკაცრი, გაცილებით მკაცრი, ვიდრე რომელიმე სხვა, რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე. 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბრიდან დაწყებული ევროპის საბჭო, ევროკავშირი, ნატო კატეგორიულად მოითხოვდნენ რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებას და ოკუპაციის შეწყვეტას. მაგალითისათვის საკმარისია, დავასახელოთ რამდენიმე რეზოლუცია: ევროპის საბჭოს 2 ოქტომბრის 1633-ე რეზოლუცია, ევროკავშირის 2010 წლის 16 ნოემბრის რეზოლუცია, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ანალოგიური შინაარსის რეზოლუცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის რეზოლუცია, რომელიც ევროპის პარლამენტმა 2011 წლის 17 ნოემბერს მიიღო. ამ რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ 2008 წელს რუსეთმა მოახდინა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. იმავე რეზოლუციით, ევროკავშირმა რუსეთისგან კიდევ ერთხელ მოითხოვა ამ რეგიონებიდან როგორც ჯარების გაყვანა, ისე ამავე რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება. აგვისტოს ომზე ოცამდე რეზოლუცია აქვს მიღებული საერთაშორისო ორგანიზაციებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ორგანიზაციებმა არც აგვისტოს ომამდე, არც მის შემდეგ ჩატარებული არც ერთი არჩევნები აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში არ ცნეს ლეგიტიმურად. 2012 წლის 9 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ აგვისტოს ომზე მიიღო ჩვენთვის ყოველ მხრივ მომგებიანი რეზოლუცია. ამ რეზოლუციის მიღება რუსეთის პოზიციის გამო ასტანაში გამართულ ეუთო-ს სამიტზე ვერ მოხერხდა, რადგან შესაბამისი რეზოლუციის მიღების შესაძლებლობის გამო რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა სამიტი ვადაზე ადრე დატოვა. ამით კი კონსენსუსით ეუთო-ს ფარგლებში რეზოლუციის მიღების შესაძლებლობა აღმოიფხვრა. სამაგიეროდ, საქართველოს დიპლომატიის გამარჯვებად უნდა მივიჩნიოთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს და მოითხოვს მისგან 2012 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესრულებას. ჩვენთვის საინტერესოა 2012 წლის მაისში ჩიკაგოში ჩატარებული ნატო-ს სამიტზე მიღებული სახელმწიფოს მეთაურთა ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც ასევე დაფიქსირდა მოთხოვნა, მოსკოვმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან საკუთარი სამხედრო ძალები გაიყვანოს და უარი თქვას ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე. სხვათა შორის, ყველა ამ რეზოლუციებში საუბარია იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველოში აქვს ადგილი დემოკრატიის განვითარების კუთხით. მაგრამ, ეს არ არის საკმარისი და დასავლეთში დიდ იმედებს ამყარებენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. მაგრამ ყველა ამ რეზოლუციაში ხაზგასმით არის საუბარი საქართველოში გატარებულ რეფორმებზე. ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში გატარებული რეფორმების გამო გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯილდოებს ღებულობს, ძალზე მნიშვნელოვანია, ეს ორგანიზაციები უბრალოდ ჯილდოებს არ არიგებენ. მე ვერც ზოგიერთის იმ პოზიციას ვიზიარებ, რომლებიც აცხადებენ, თითქოს არ არის საჭირო მუდმივად იმის ყიჟინი, რომ რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული. ის, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საკმაოდ ნათლად და ცხადად არის დაფიქსირებული არსებული ვითარება, ანუ ის, რომ რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული, სწორედაც, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის მიზანმიმართული და დაჟინებული დიპლომატიის შედეგია. სწორედაც რომ დიპლომატიური ყიჟინის დამსახურებაა ისიც, რომ აგვისტოს ომის შედეგები ამ სტრუქტურების მუდმივი ყურადღების ცენტრშია. - ამერიკის, ევროპული სტრუქტურებისა და ნატო-ს რეზოლუციები ძალიან კარგია, მაგრამ, ესიც ფაქტია, რომ ამ საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს პრაქტიკულად არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია, უშიშროების საბჭოში რუსეთის ვეტო-ს უფლების გამო. მართალია, აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების შესახებ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუციები მიიღო, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ამ რეზოლუციებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ და მათ შესრულებასაც რუსეთი არ აპირებს. - ამ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა მოვიხმო. ცნობილია, რომ უშიშროების საბჭომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ვერანაირი რეზოლუცია ვერ მიიღო რუსეთის პოზიციის გამო. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა, გავეცნოთ უშიშროების საბჭოს 2008 წლის 28 აგვისტოს სხდომის მასალებს. იმხანად უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან, რუსეთის გარდა, ყველა სახელმწიფომ დაგმო რუსეთის შეიარაღებული ინტერვენცია საქართველოში. მაგრამ, რუსეთის ვეტოს გამო სათანადო რეზოლუცია არც კი გატანილა კენჭისყრაზე. პრაქტიკულად, უშიშროების საბჭო ამგვარ შემთხვევებში ხშირად უუნაროა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ამ საკითხებთან მიმართებაში ძირითადი აქცენტი აქვს გადატანილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეასა და ევროსტრუქტურებზე. თუ ისევ საქართველოსთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭო დამოკიდებულებას დავუბრუნდებით, უშიშროების საბჭო ყოველწლიურად იღებს რეზოლუციებს, რომლებშიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას ისევ და ისევ ხაზს უსვამს. ეს რეზოლუციები იმითაც არის საინტერესო, რომ ყველას შეახსენებენ ეუთო-ს ბუდაპეშტის (1994), ლისაბონისა (1996) და სტამბოლის (1999) რეზოლუციებს, სადაც აფხაზეთში ქართველთა წინააღმდეგ განხორციელებულ ეთნოწმენდაზეა საუბარი. უდავოა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი საგარეო პოლიტიკის წარმატებაა. - რა გავლენა იქონია ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნამ აგვისტოს ომის სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებაზე? - ტალიავინის კომისიის დასკვნაზე ბევრი საუბრობს, მაგრამ სამწუხაროდ, საკმაოდ არაკვალიფიციურად. ბევრი ამტკიცებს, თითქოსდა ტალიავინის კომისიის დასკვნის თანახმად "ჩვენ დავიწყეთ ომი". დასკვნაში კი წერია – "ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანება 7 აგვისტოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასცა". მაგრამ, იგივე ტალიავინი აღნიშნავს, რომ ეს გახლდათ კულმინაცია იმ პროვოკაციებისა და დაძაბულობისა, რომლებსაც ცხინვალის რეგიონში ჰქონდა ადგილი ქართული სოფლების ცეცხლის სამიზნედ ქცევის გამო. ამ დასკვნაში არსად არის საუბარი იმაზე, რომ საქართველო აგრესორია. ეს მარტივად გასაგებია: საქართველოს არც ერთი მოქმედება არ გამცდარა საქართველოს სუვერენული ტერიტორიის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. აგრესიის ჩადენა კი საკუთარ ტერიტორიაზე ისევე შეიძლება, როგორც საკუთარ ოჯახში შეჭრა. ამ დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ საქართველომ გადამეტებული ძალა გამოიყენა. იყო თუ არა გადამეტებული ძალა გამოყენებული, ეს ყველაზე უკეთ საქართველომ იცის. როდესაც რუსეთის სამხედრო ძალა საქართველოში როკის გვირაბით შეუჩერებლად მოედინებოდა, ხოლო რეგიონი უკვე სავსე იყო შეიარაღებული ბანდებით, ქართული მხარე იძულებული იყო, სამხედრო ძალას ძალით დაპირისპირებოდა. ტალიავინის კომისია ამბობს შემდეგს - ადგილი არ ჰქონია საქართველოში მასობრივ შემოსევას, მაგრამ ვინ განსაზღვრა, თუ რა არის "მასობრივი შემოსევა"? სხვათაშორის, იქვე ნათქვამია, რომ მთელი ცხინვალის რეგიონი გაჯერებული იყო ბოევიკებით - სამხრეთელი და ჩრდილოეთ ოსების შეიარაღებული პირებით, ჯავაში მყოფი ტანკებით. და იგივე კომისია არ უარყოფს, რომ შესაძლოა, მომავალში აღმოჩენილი იყოს დამატებითი მტკიცებულებანი რუსეთის ჯარების მასობრივი შემოსევის შესახებ. ბევრისგან განსხვავებით, ტალიავინის კომისიის სამივე ტომი ყურადღებით მაქვს წაკითხული. ყოველი ათი ფურცლიდან 8 ფურცელში იმაზეა საუბარი, რომ რუსეთმა დაარღვია ჰუმანიტარული სამართალი, არაფერი გააკეთა ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად, რუსეთმა იმ ტიპის სამხედრო იარაღი გამოიყენა, რომლის გამოყენების უფლება არ ჰქონდა, რომ რუსეთს არ ჰქონდა უფლება, დახმარება აღმოეჩინა ოსი სეპარატისტებისათვის, ვინაიდან სამხრეთელი ოსებს ცალკე დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ჰქონდათ. როდესაც ტალიავინის კომისიის დასკვნაზე საუბრობენ, სამწუხაროა, რომ ამ დასკვნიდან ყველა იმას მოიხმობს ხოლმე, რაც მას იმ მომენტში სჭირდება ან აწყობს. ასეთ ხერხს ხშირად მიმართავს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - ტალიავინი არსად ამბობს, რომ საქართველო აგრესორია. ჩვენ კი ვამბობთ - დიახ, საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედებები, მაგრამ ქართული მხარე იძულებული იყო, სწორედ ასე ემოქმედა, ვინაიდან მას ჰქონდა უფლება, დაეცვა თავისი მოქალაქეები და არ მიეცა საშუალება აგრესორისთვის, თავისი სამხედრო ძალები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განელაგებინა. ჩვენ დავიწყეთ იერიში იმიტომ, რომ გარდუვალი იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოსევა. საქართველომ 2008 წლის აგვისტოში პრევენციული თავდაცვის ოპერაცია დაიწყო – შეეცადა, გადაეტანა სამხედრო მოქმედებები რაც შეიძლება შორს ცხინვალს იქეთ, რათა მოეგო დრო თბილისისკენ მოძრავი ურდოების წინააღმდეგ სათანადო თავდაცვითი ზომების მისაღებად. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს ამის უფლება ჰქონდა. ამას ვამბობ არა მხოლოდ მე, არამედ საერთაშორისო სამართლის სხვა ექსპერტებიც. კერძოდ, მსოფლიოში ცნობილი იტალიელი პროფესორი ანტონიო კასსესე იმთავითვე გამოეხმაურა რუსეთის აგრესიას და 1 სექტემბერს გაზეთ "გარდიანის" ინტერნეტ ვერსიაში გამოაქვეყნა წერილი სათაურით "მგელი, რომელმაც შეჭამა საქართველო". ამ სტატიაში კასსესემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს 2008 წლის აგვისტოში არც ერთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა არ დაურღვევია. ხელისუფლებას ასე რომ არ ემოქმედა, თავად რუსი ექსპერტების შეფასებითაც, ყველა გათვლით რუსეთის ჯარი 9-10 აგვისტოს უკვე თბილისში უნდა ყოფილიყო. სწორედ საქართველოს ჯარმა და იმ ორასმა თავდადებულმა ყმაწვილმა, რომლებიც გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე, შეძლეს, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რამდენიმე დღით მაინც შეეჩერებინათ რუსეთის ჯარის ურდოების ელვისებური იერიში. რადგან ამ თემას შევეხეთ, არ შემიძლია არ გავიხსენო იგივე პაატა ზაქარეიშვილის ერთი გამონათქვამი - პუტინს რომ სამხრეთელი ოსები არ დაეცვა, ამას მათი რუსეთიდან გაუცხოება მოჰყვებოდა და ოსები რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში ისეთივე პრობლემებს შეუქმნიდნენ, როგორსაც მას სულ ცოტა ხნის წინ ჩეჩნები უქმნიდნენ. პუტინი იძულებული იყო და ვალდებულიც, თავისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ჩარეულიყო საქართველოს საქმეებშიო. მკრეხელობა ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი ტიპის მკრეხელობას რუსებიც კი თავს არიდებენ და არ კადრულობენ. ზაქარეიშვილს ავიწყდება, რომ იგივე მედვედევი და პუტინი დაუფარავად აცხადებენ, რომ არ დაეწყოთ შეიარაღებული ინტერვენცია საქართველოში, ნატო-ს ჯარები რუსეთის საზღვრებთან იქნებოდნენ. საკმაოდ კარგად ვიცნობ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეხედულებებს სხვადასხვა საკითხებზე. ჩემი აზრით, ზაქარეიშვილი "ქართულ ოცნებასთან" შეუღლებამდე ელაქუცებოდა და ელოლიავებოდა სეპარატისტებს და დღეს აშკარად პუტინის მეხოტბეც გახდა. მინდა, ხაზი გავუსვა ერთ მეტად მნიშვნელოვან ფაქტორს: საქართველოს ხელისუფლება განასხვავებდა და განასხვავებს სეპარატიზმის ლიდერებს აფხაზი და ოსი ხალხისაგან. სეპარატისტები რუსეთის ძლიერი მხარდაჭერით ცდილობენ, მიაჯაჭვონ ჩვენი რეგიონები რუსეთს და არ ითვალისწინებენ იმას, რომ, საბოლოო ჯამში, ეს აფხაზი და ოსი ხალხისათვის ეროვნული ტრაგედიით დამთავრდება, რის ნიშნებსაც ჩვენ დღეს უკვე ვხედავთ _ რუსეთის ჯარების პოლიგონად ქცეულ ტერიტორიებზე გაშმაფებული რუსიფიკაცია, მოსახლეობის ინტერესების სრული იგნორირება ხდება, რამაც არ შეიძლება არ გამოიწვიოს ამ ხალხის მხრიდან მასობრივი საპროტესტო ტალღის აგორება. ჩვენ გვმართებს, გავაგრძელოთ ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ვუწევთ სეპარატისტული რეგიონებიდან გადმოსულ ადამიანებს, რომლებსაც ესაჭიროებათ სამედიცინო თუ სხვა სახის დახმარება, ვეძიოთ ამ რეგიონების სტატუსის განსაზღვრის ოპტიმალური გზები, მაგრამ ეს არ გამორიცხავს სეპარატისტებზე და რუსეთზე ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებას. - თქვენი აზრით, რა იყო 2008 წლის ქართულ-რუსული ომის მიზეზი? - რუსული სამხედრო მანქანა საქართველოს იმის გამო დაუპირისპირდა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ორიენტირებული ევროპაზე. ჩვენი ფასეულობები რომ ჭეშმარიტად ევროპულია, ამაზე 1918-1921 წლების საქართველოს კონსტიტუციაც მეტყველებს. საქართველომ ნატო-ს სტრუქტურებში ღრმად ინტეგრირება იმის გამო გადაწყვიტა, რომ 90-იან წლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს უბედურებების უკან სწორედ რუსეთი იდგა. ჩვენ ვხედავთ, თუ რას უკეთებს მოსკოვი მოლდოვას დნესტრისპირეთთან დაკავშირებით, რას უკეთებს კრემლი ბელორუსსა და უკრაინას. რუსეთის ნეოიმპერიალისტურ რეჟიმს არ ძალულს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება. საქართველოს რუსეთისთვის არ დაუწესებია ეკონომიკური ბლოკადა. 1921 წელს საქართველო დასავლეთმა იმით დაღუპა, რომ საქართველო "ერთა ლიგაში" არ მიიღო და საქართველოსა და კავკასიის სამივე ქვეყნის საკითხი რუსეთის საშინაო საქმედ ჩათვალეს. 2008 წელსაც წაუყრუეს და არ სჯეროდათ, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომს დაიწყებდა. ერთი დეტალი: ყველას, ვინც დღეს უკიჟინებს საქართველოს რუსეთის პროვოკაციაში ჩათრევას, მინდა შევახსენო, რომ მოსკოვი საქართველოს დამონების პოლიტიკას ჯერ კიდევ 1921 წლიდან აწარემოებს. მან ხელოვნურად შექმნა ავტომოიური ერთეულები საქართველოს ტერიტორიაზე, ანუ ნელი მოქმედების ნაღმები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში უნდა აფეთქებულიყო, რაც მოხდა კიდევაც. ჩემი ღრმა რწმენით, დასავლეთი დღეს ნანობს, რომ წინდაუხედავად იმოქმედა. მისთვის დღეს საქართველო აშკარად მსხვერპლია დასავლეთის ამ ტრაგიკული წინდაუხედავობისა. საქართველო ოდნად დამნაშავეც რომ ყოფილიყო, მას არავინ მისცემდა არც იმ უმნიშვნელოვანეს ფინანსურ დახმარებას, რომელიც ომის დასრულებისთანავე როგორც ევროპის კავშირმა, ისე ამერიკამ მისცა, არც იმ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რასაც ყველანი ვხედავთ. იმედია, ეს იქნება ყველასთვის გაფრთხილება. დღევანდელ სამყაროში აგრესიული სეპარატიზმისა და მისი მხარდამჭერთა მიმართ ტოლერანტობა მხოლოდ ტრაგიკული ამბების მომასწავებელია. - ვითარებაში, როცა მოსკოვი უარს აცხადებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანაზე და ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აქვს აღიარებული. თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემათა სამართლებრივი თვალსაზრისით მოგვარებისათვის? - მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ - ჩვენ ახლა დიპლომატიური თვალსაზრისით საერთაშორისო დონეზე მივაღწიეთ ისეთ "სამართლებრივ ბალიშს", რომელიც ჩვენ კომფორტულად ყოფნის საშუალებას გვაძლევს. კოსოვო კი აღიარა 70-ზე მეტმა ქვეყანამ, მაგრამ იგი არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არ არის წარმოდგენილი. ევროკავშირის შეიარაღებული ქვედანაყოფები იქ არიან და კოსოვოელ ალბანელებს პრობლემები აქვთ კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ სერბებთან და კოსოვოში ძალიან მძიმე ვითარებაა შექმნილი. თუ მხედველობაში არ მივიღებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სუპერ ჯუჯა სახელმწიფოებისა და ორი ლათინულ ამერიკული ქვეყნის მიერ, მათ დამოუკიდებლობას არავინ ცნობს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ დსთ-ს არც ერთ ქვეყანას მათი დამოუკიდებლობა არ უღიარებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შექმნა ისეთი მორალურ-პოლიტიკური და სამართლებრივი კლიმატი, რომ რუსეთის მცდელობების მიუხედავად ვერც ერთი სახელმწიფო ვერ ბედავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ასე იმიტომ კი არ ხდება, რომ ჩვენ ლამაზი თვალები გვაქვს, არამედ ეს შედეგია ჩვენი სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის, იმის, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა.
კობა ბენდელიანი "ინტერპრესნიუსი"
|