
ზღვის პროდუქტების მშვენება შავი და წითელი ხიზილალაა. როგორ ფასოვდება იგი და რა შემოწმებებს გადის დაფასოებამდე, თითქმის ყველასთვის უცნობია.
თევზის ქვირითის, იგივე ხიზილალის დაფასოებაზე და მის შემდეგ რეალიზებაზე მზარეულ ლადო ჩიგოგიძეს ვესაუბრეთ.
– როგორი ხიზილალა არსებობს?
– თევზის ქვირითი ანუ ხიზილალა შეგვიძლია რამდენიმე კლასიფიკაციად დავყოთ. არსებობს: წითელი, სტაფილოსფერი და შავი ხიზილალა. მათი ფერთა სხვაობა თევზზეა დამოკიდებული. ხიზილალის შემდეგი მომზადება და გემო თევზს უკავშირდება.
– რომელი ხიზილალაა ყველაზე უფრო გემრიელი?
– ძალიან გემრიელია შავი ხიზილალა. ის მართლაც, რომ დელიკატესია. მისი გამოყენება მხოლოდ ბიზნეს–კლასში ხდება. ძალიან ძვირი ღირს და ფასიც შესაფერისი აქვს. ჩვენთვის ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი კი სტაფილოსფერი, ოდნავ წითელში გადაწყვეტილი ხიზილალა, დაფასოებული სუპერმარკეტებში შეგიძლიათ შეიძინოთ. თუმცა აუცილებლად უნდა იკითხოთ მისი შენახვის ვადაც.
– როგორ მიირთმევენ მას თქვენი სტუმრები?
– ანუ რა სახით მიგვაქვს ის სტუმრებთან? ძალიან ლამაზად გაფორმებული და გალამაზებული. ხიზილალა შამპანურთან მისართმევი დელიკატესია. მას ჩვენი სტუმრები შამპანურთან ერთად მიირთმევენ. პატარა ოვალურ თეფშზე დააყარეთ, დაფასოებული ხიზილალა და თეფშის ერთ კუთხეში დააგროვეთ. დაჭერით რომელიმე მაღალი ხარისხის კარაქი ალყა–ალყა და დაყრილ ხიზილალას გვერდით დაუდეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ლიმონი, უფრო მეტი ეფექტისთვის, ასევე სასიამოვნო გემოს სძენს მისი მჟავე წვენი. აუცილებლად შავ პურთან ერთად უნდა მიირთვათ.
– შეიცავს თუ არა ვიტამინებს?
– ხიზილალა დიდი რაოდენობით შეიცავს უ ვიტამინს. უ ვიტამინს კი ორსულთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის კი დიდი რაოდენობითაა როგორც კარაქში, ასევე ხიზილალაში. თუ თქვენთვის ხელმისაწვდომი შავი ხიზილალა იქნება, მიირთვით, რადგან მისი ერთხელ მირთმევა იგივეა, რაც ერთი კვირის მანძილზე მიირთვათ წითელი ხიზილა. ასე რომ, შავი ხიზილალა უფრო გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე წითელი.
– რამდენად მაღალია მასზე მოთხოვნა?
– მოთხოვნა ხიზილალაზე ყოველთვის იყო და იქნება. უგემრიელესი დელიკატესია, ასაკის მიუხედავად, ყველა ადამიანს მოსწონს, ასე, რომ ვერ ვიტყვი, რომ მასზე მოთხოვნა მცირეა, შეგიძლიათ მისგან სალათებიც კი მოამზადოთ და თქვენი სტუმრების მოწონება დაიმსახუროთ.
– როგორ მოვამზადოთ ხიზილალისგან სალათი?
– შავი ხიზილალა დაგვჭირდება. რამდენიმე ერთი და იგივე ზომის პამიდორი კარგად გარეცხეთ. ამოჭერით ისე, რომ კანი და კანზე მოთავსებული სქელი ფენა დარჩეს, ანუ ვაცლით გულს და ვტენით შავ ხიზილალას, ვალაგებთ დიდ თეფშზე, მანამდე კარგად გარეცხეთ სალათის ფურცლები და დაალაგეთ თეფშზე. შავი ხიზილალით დატენილი პამიდორი დაალაგეთ თეფშზე და მოასხით მაიონეზი, ისე, რომ ლამაზი გამოვიდეს, შეგიძლიათ მიითვათ შავ პურთან ერთად, რადგან შავი პური ზღვის პროდუქტებს ძალიან უხდება.
– რომელი ზღვის პროდუქტია ყველაზე გემრიელი?
– არსებობს სხვადასხვა ზღვის პროდუქტები: სხვადასხვა თევზები, მოლუსკი, რვაფეხა და ა.შ.
სადილი ზღვის პროდუქტებისგან
მასალა: 2–3ცალი მოზრდილი ზომის ხორციანი თევზი, საერთო ჯამი შეგიძლიათ შეადგენდეს 1 კგ. "შრიმპები", კრევეტები 200 გრ. კალმარები 200 გრ. რვაფეხა 200 გრ და მოლუსკები. ზღვის პროდუქტების რაოდენობა შეიძლება იცვლებოდეს თქვენი გემოვნების მიხედვით. რაც შეეხება სოუსს: 2 ც ლიმონი, 100 გრ კარაქი, 100 მლ თეთრი მშრალი ღვინო, მარილი, ზეითუნის ზეთი, რეჰანი, ან ბაზილიკის რამოდენიმე ფოთოლი. მომზადების დრო კი 15 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.
მომზადების წესი: გარეცხეთ თევზი და გაარჩიეთ იგი. კარგი იქნება თუ სულ გააცლით ფხას და ძვლებს. გარეცხეთ და გაარჩიეთ დანარჩენი პროდუქციაც, კალმარები და რვაფეხა დაჭერით ლუკმის სიდიდის ნაჭრებად. თუნუქის ფურცლიან ტაფაზე მოასხით ზეთი დააწყვეთ მარილმოყრილი თევზის ნაჭრები კანით ქვემოთ. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, როცა კანი დაიბრაწება, 3–5 წუთში, დაამატეთ სხვა პროდუქტები. რვაფეხა წინასწარ უნდა მომზადდეს. წინასწარ უნდა მოხარშოთ, ეს დამოკიდებულია რვაფეხას კანზე, იგი აუცილებლად მარილიან წყალში უნდა მოიხარშოს, როგორც წესი 15–20 სანტიმეტრიან საცეცებს მოხარშვა 10–15 წუთი სჭირდება. პროდქუტები თანაბრად გაანაწილეთ თუნუქის ფურცლიან ქვაბზე და მოასხით წინასწარ გამდნარი კარაქი, ლიმნის წვენი და ღვინოს ნარევი, შეაბრუნეთ ღუმელში და 3–4 წუთის შემდეგ გამოიღეთ. მეტი ხანი არ გააჩეროთ, იგი თავის გემოს დაკარგავს, მოაყარეთ რეჰანი, ძალიან უხდება კარტოფილის პიურე, ეს კი უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
– ამგვარ საკვებზე მოთხოვნა დიდია?
– ზოგს ამ ყველაფერზე ალერგიაც კი აქვს. მისი მირთმევა ძვირი სიამოვნებაა, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ზღვის პროდუქტები ძვირი ღირს.