Nnino
მადლობა, რომ დაინტერესდით წერილით. გაზეთში ფრაგმენტები დაიბეჭდა. გთავაზობთ სრულ ვერსიას(რა თქმა უნდა, ამ სიცხეში თუ არ დაგეზარებათ ამის წაკითხვა

ღია წერილი მიხეილ სააკაშვილს
ძველ რომში ტრადიცია ჰქონდათ, – როცა ბრძოლას მოიგებდნენ,
ცხენზე ამხედრებული იმპერატორი რომის ქუჩებს
შემოივლიდა და მოქალაქეებს ესალმებოდა. ამ დროს აჟიტირებული
ხალხის მასის შეკავება ლეგიონერებს უწევდათ. ერთ-ერთი
მსგავსი ცერემონიის დროს, პატარა ბიჭუნა დაუძვრა
წესრიგის დამცველთა ჯაჭვს და იმპერატორისკენ გაიქცა.
ლეგიონერმა ბავშვი დაიჭირა და უსაყვედურა: `სად მირბიხარ,
არ შეიძლება, ის ხომ იმპერატორია~. ბიჭმა უპასუხა:
`იგი შენთვის არის იმპერატორი, ჩემთვის კი მამაა~.
მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი ჩემთვის მხოლოდ პრეზიდენტი არაა, იგი ჩემი
ბავშვობის ნაწილი, ჩემი კლასელია. სწორედ ამიტომ, ნიშნის
მოგებით ან სიძულვილით კი არა, სიყვარულით და ტკივილით
ვწერ ამ წერილს.
მახსოვს, მეშვიდე კლასში რომ გადავედით ახალი მოსწავლე
შემოგვემატა. თავიდან მხოლოდ იმით გამოირჩეოდა, რომ
ყველაზე მაღალი იყო და ყველაზე დიდ ჩანთას ატარებდა.
რამდენიმე დღეში ნათელი გახდა, რომ იგი ჭკვიანი და განათლებული
ბავშვი იყო. ერთი შეხედვით მოუწესრიგებელი,
მუდამ ამოჩაჩული თეთრი პერანგით, ბოლომდე მოჭმული
ყელსახვევით და თმებაჩეჩილი, არ ტოვებდა ფრიადოსანი
მოსწავლის შთაბეჭდილებას.
`შატალოზე~ ძირითადად გაკვეთილის
არცოდნის ან დავალების არქონის შემთხვევაში მივდიოდით.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ყველაფერი
იცოდა, ჩვენთან ერთად დადიოდა `შატალოზე~. არც ექსკურსიებს
აკლდებოდა. უყვარდა ფეხბურთის და ფრენბურთის
თამაში.
მერვე კლასში, დაბადების დღეზე მთელი კლასი დაგვპატიჟა.
მაშინ რამდენიმეს თავისი შედგენილი ალბომი გვაჩვენა.
იმ ალბომიდან მახსოვს ფოტო, რომელშიც ბრეჟნევი ვიღაც
კაცს ტუჩებში კოცნიდა. ქვევით კი სასაცილო კომენტარი ახლდა. ეხლა შეიძლება არავის გაუკვირდეს,
მაგრამ 80-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა სკოლის მოსწავლის
მხრიდან, ეს ძალიან თამამი კრიტიკა იყო.
1984 წელს ქ. თბილისის გ. ტაბიძის სახელობის #51 საშუალო
სკოლა მხოლოდ ორმა მოსწავლემ დაამთავრა ოქროს
მედალზე. ლალი ჩხიკვაძემ და მიხეილ სააკაშვილმა. ყველამ ვიცოდით,
რომ ჩვენი კლასელი დიპლომატობაზე ოცნებობდა
და ამ მიზნისთვის, თუნდაც საბჭოთა განათლების ოქროს
მედალი აუცილებელი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ
კლასელების გარკვეული ნაწილი ერთმანეთთან დავნათესავდით.
ზოგი მეჯვარეებად გავყევით ერთმანეთს, მერე
შვილები მოვუნათლეთ და დღემდე ძალზედ მჭიდრო ურთიერთობა
გვაქვს. იგი კი დაგვშორდა. სკოლის შემდეგ, უმაღლესი
კიევში დაამთავრა, მერე ჯარმა მოუწია, შემდეგ სწავლა საფრანგეთსა
და ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელა.
მისი წარმატებებით ვამაყობდით.
მახსოვს, ე.წ. `მხედრიონის~ პერიოდში დენი, გაზი, საჭმელი,
სითბო და სიყვარული რომ გაქრა და საქართველო წყვდიადმა
მოიცვა, როგორ ველოდებოდი მისი ხმის გაგონებას
რადიოდან. `ამერიკის ხმაში~ ხშირად იწვევდნენ სტუმრად.
დენი არ იყო და მახსოვს ერთხელ უკანასკნელი ორმოცდაათი
თეთრით პურის ნაცვლად რადიოს ელემენტები ვიყიდე. ვისაც
ოთხმოცდაათიანი წლები ახსოვს, ის გამიგებს.
გავიდა დრო, მიშა საქართველოში დაბრუნდა მეუღლესთან
და შვილთან ერთად. მალე პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად
ჩაერთო. წარმატებები წარმატებებს ცვლიდა. ერთ
დღესაც ჩემი კლასელი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია სრულიად
საქართველოს მოსახლეობამ. მახსოვს, 2003 წლის 21
დეკემბერს, მის დაბადების დღეზე, როგორი ბედნიერები და
ამაყები ვიყავით. უკვე ცხადი იყო, რომ იგი პრეზიდენტი
გახდებოდა. კლასელები შევიკრიბეთ, დავლოცეთ და ბედნიერება
ვუსურვეთ მასაც და ჩვენს ქვეყანასაც.
ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იგი უყვარდა
ყველას. ქუჩაში ხალხი კოცნიდა და ლოცულობდნენ მისთვის.
ეს იყო უიმედობის, სასოწარკვეთის და მომავლის შიშის
დასასრული. გაჩნდა იმედი. ქართველმა ხალხმა არჩევანი
გააკეთა – `ჩვენ ვართ ევროპელები და გვინდა მათთან კავშირი
და თანამშრომლობა~.
ამ საერთო ეიფორიის ფონზე, ეჭვი არ მასვენებდა.
ჩანაწერი ჩემი დღიურიდან: ` ძნელი სათქმელია, რამდენად აქვს ერს გაცნობიერებული
თავისი არჩევანი. ევროპელობა
სიკეთესთან ერთად დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაცაა.
კარგ ცხოვრებას კატორღული შრომა ქმნის. გაუძლებს
ძველი ტიკი ახალ ღვინოს?! რიტუალებამდე დაყვანილი
რწმენით მოვატყუებთ უფალს?! არის მზად მართლმადიდებელი
ქვეყანა, მიიღოს კათოლიკური და პროტესტანტული
ცხოვრების წესი? `ევროპელობა~ არ აპატიეს ქართველებმა
საბას და სვეტიცხოვლის ეზოში წვერით ათრიეს...
დრო ყველაფერს გვიჩვენებს!~ (2004 წ. თებერვალი)
თითქმის ყველა სფეროში დაიწყო რეფორმები. გამოჩნდნენ
ახალი სახეები. ბრძოლა გამოუცხადეს `ქურდულ~ მენტალიტეტს,
რომელმაც ლამის წალეკა მთელი ქვეყანა. აღდგა
წესრიგი.
გადიოდა დრო, ბევრი რამ შეიცვალა.
ახალი მთავრობა და ხელისუფლება მოვიდა საქართველოს
სახელმწიფოს სათავეში. გვაქვს ულამაზესი დროშა და ჰიმნი.
გამიჩნდა იმედი, რომ ბოლოსდაბოლოს დადგა პატიოსანი,
შრომისმოყვარე და გონიერი ადამიანების დრო.
საუბედუროდ, ძალიან მალე აღმოვაჩინე, რომ თუ კი ვინმე
კორუმპირებულს, უჭკუოს და არაფრის მაქნისს ვიცნობდი,
ყველა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გამხდარიყო.
წარმოშობით საქართველოს ერთ – ერთი ულამაზესი კუთხიდან
ვარ. იქ ერთი ძველისძველი ხის სახლი გვაქვს. ბავშვობაში
რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი და ზღაპარივით მახსოვდა
იქაურობა. 1999 წელს მომიწია ჩასვლამ. გაღატაკებული,
დამშეული და იუმორ დაკარგული გურულების ნახვამ
გული მომიკლა. ერთხელ, რაიონული ცენტრიდან სოფელში
ავტობუსით ვბრუნდებოდი. ჩემს უკან, სკამზე, ქალები ისხდნენ.
ვიღაცის სიძეს ჭორავდნენ: `აბა იგია პროფესორი, დახეული
აცვია და შიმშილით კლავს ოჯახს. პროფესორი ვასიკიეა,
სახლი წამოჭიმა, მანქანებს იცვლის და ფულში ბანაობს;
ა, კაციო~ – დაუსვა დიაგნოზი.
უბედურება ის იყო, რომ ასე მარტო ისინი არ ფიქრობდნენ.
ამ გაუბედურებულ მხარეში, სადაც უმრავლესობის
საკვები ტყემალი და მჭადი იყო მხოლოდ, ორი ახალი სახლი
(უფრო სასახლე) იყო აშენებული. ერთი რაიონის გამგებლის
და მეორე რაიონის `ქურდის~ აღმოჩნდა, რომელიც განსაკუთრებული
პატივით მოიხსენიეს: `ნენა, ეგ რომ არ იყოს,
გაიძარცვებოდა ჩვენი მხარეო~ (ნეტა, რაღა იყო გასაძარცვი?).
მაშინ ვინატრე – ამ მხარესაც გადმოხედე უფალო. ვინმე
ღვთისნიერი კაცი გამოგზავნე და გადაარჩინე ეს ხალხი-მეთქი.
საქმე ის იყო, რომ ის ორი-სამი კაცი მთელ რაიონს თავის
ჭკუაზე ატარებდა და აქტიურად უჭერდნენ
მხარს შევარდნაძეს. მათი კეთილდღეობა ხომ იმ უნიათო
მთავრობაზე იყო დამოკიდებული. სწორედ მაშინ გავიგე,
შვიდი-რვა წლის ბიჭი როგორ იქადნიდა – `რომ გავიზრდები
ქურდი გამოვალო~.
2004 წლის ზაფხულში, ვერსად რომ ვერ მოვახერხე ბავშვის
წაყვანა დასასვენებლად, ისევ ჩემს ძველ სახლს მივაშურე.
შოკიც სწორედ მაშინ მელოდა. სოფელს შუქიც ჰქონდა,
ავტობუსიც დაენიშნათ, მაგრამ ის `ტიპები~, ვინც რაიონს
წლების მანძილზე ბატონობდა, პარლამენტარი და `ბიზნესმენი~
გამხდარიყვნენ. უკვე ნაციონალური მოძრაობის აპოლოგეტებად
ქცეულიყვნენ და ისევ ისინი მართავდნენ რაიონს.
ჩანაწერი ჩემი დღიურიდან: `ყველაზე საშიში ცხვრის ქურქით
მოსილი მგელია. დრო მოვა და ეს ხალხი დაღუპავს მიშას~.
(2004 წ. აგვისტო)
2004 წელს კლასელებმა სკოლის დამთავრების ოცი წლისთავი
აღვნიშნეთ. ყველანი ბედნიერები ვართ და სიამაყით
ველოდებით ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს, ჩვენს კლასელს.
ზოგს სჯერა, რომ მოხვალ, ზოგს არა; გელოდება ჩვენი კლასის
დამრიგებელი – დარეჯან გოგოხიაც. ვიგონებთ სკოლაში
გატარებულ წლებს. მხოლოდ ერთმა კლასელმა მადლენამ
მოიყვანა შვილი... ულამაზესი ქალიშვილი – `ძალიან უნდა,
ახლოს ნახოს და გაიცნოს მიშა და უარი ვერ ვუთხარიო~.
ჩვენი შვილების თაობის კუმირი ხარ და მიხარია, რომ მათ
ჰყავთ ადამიანი, თანამედროვე, ვისითაც შეუძლიათ იამაყონ
და არა ჩვენსავით, წარსულიდან რომ გამოვუხმობდით
წინაპრებს მისაბაძად.
საღამო დასასრულისკენ მიდის. რესტორანი უნდა დავტოვოთ.
შენ კი არ გამოჩნდი. ყველას გული დაწყდა – `არ სცალია
და რა ქნას~ – გამართლებთ, როგორც შეგვიძლია.
მახსოვს მადლენას ქალიშვილის გაწბილებული და ნაწყენი
სახე. თექვსმეტი წლისაა, მაგრამ მაინც ბავშვია. გული
დაწყდა, რომ ვერ მოიწონებს მეგობრებთან თავს პრეზიდენტის
პირადი ნაცნობობით.
2005 წლის შემოდგომაზე ელდამ გადაუარა მთელ კლასს.
მადლენას ერთად – ერთი შვილი, ულამაზესი ანა, ავარიაში
დაიღუპა....
რამდენი ოცნება, რამდენი სურვილი დარჩა ანას აუხდენელი,
მაგრამ ერთ-ერთი შენი გაცნობის სურვილიც იყო.
იცი, რას ვფიქრობ? დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს,
ერთი დღით ამ ბავშვის გაბედნიერება, იქნებ ეს დღე
ყველა ჩადენილ ცოდვას ჩამოგბანდა?!
უკვე ორი წელი გავიდა, რაც პრეზიდენტი ხარ. სამწუხაროდ
ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ის ადამიანები,
ვინც იმედებს ამყარებდნენ შენზე მტრად მოგკიდებოდნენ.
არადა, ქვეყანა აშკარად შენების გზაზეა. მართალია, ჩემს
ოჯახს ბევრი არაფერი დატყობია – ორი პენსიონერი მშობელი,
ინვალიდი და, ორი მცირეწლოვანი შვილი, მე და ჩემი
მეუღლე, უმძიმესი ფიზიკური შრომით ვახერხებთ არსებობას.
ზაფხულისთვის ცოტაოდენი თანხა ვისესხე და გადავწყვიტე
ბავშვები ორი კვირით ქალაქის სიცხისთვის გამერიდებინა.
განახლებულ ბორჯომს მივაშურეთ. ყოფილ სასტუმრო `მთის
ხეობაში~ ლტოლვილები ოთახებს იაფად აქირავებდნენ და
იქ დავსახლდით. საღამოს, ჩემი ბავშვობის უსაყვარლეს
ბორჯომის პარკში გავისეირნეთ. ვიცოდი, რომ უზარმაზარი
თანხები დაიხარჯა პარკის კეთილმოწყობაში. ბევრი რამე
შეეცვალათ. ბავშვებმაც გული იჯერეს სასრიალოებით და
კარუსელებით.
ჩვენს ნაქირავებ ბინაში ბედნიერები და კმაყოფილები
დავბრუნდით. კიდევ ერთხელ გული მეტკინა – `ნუთუ, ეს
ხალხი ვერ ხედავს ამდენ სიახლეს?!~
როდესაც დიასახლისს ჩემი აზრი გავუზიარე, მან თვალცრემლიანმა
მიამბო, თუ როგორ გადახტა მათი სასტუმროს
აივნიდან ოცდაორი წლის გოგონა იმის გამო, რომ ვეღარ
გაუძლო შიმშილისგან ატირებული შვილის ყურებას.
`კი მაგრამ, თქვენ სად იყავით, ნუთუ მეზობლებმა ვერ გაუწიეთ
დახმარება?~ - დამახჩო ცრემლმა.
`ყველანი მაგ დღეში ვართო~, მიპასუხა და გავიდა.
ვისაც შიმშილი და განსაკუთრებით შვილის შიმშილი არ
გამოუცდია, ის ალბათ ვერ გაიგებს. მე კი, ის დრო გამახსენდა,
უკანასკნელ თეთრებს რადიოს ელემენტებში რომ ვიხდიდი,
შენთვის რომ მომესმინა. მე ხომ იმ ელემენტებთან ერთად
მომავლის იმედს ვყიდულობდი.
ის ორი კვირა ბორჯომში ვერ ვიტყვი რომ დავისვენე. ყველაფერი
მაღიზიანებდა. ბორჯომ – პარკში დაგებულმა ფილაქანმა
და ახალმა ანტრაქციონებმა ჩემს თვალშიც დაკარგეს
ფასი...
ჩანაწერი ჩემი დღიურიდან: `რახან ღმერთმა ეს ტვირთი
გარგუნა, უნდა ზიდო კიდეც ბოლომდე. გახსოვს ილია? - `იესომ
ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო. მწყურვალი ვიყავ, არ
მასვითო, მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო, შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო,
სნეული ვიყავ, არ მომიარეთო.
როცა მეტყვიანო: უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო?
მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არგაკითხული,
– მე ვიყავიო~.
2006 წელია. 15 აგვისტოს დავბრუნდი სოფლიდან. ბავშვების
დასვენების სხვა ალტერნატივა არ მაქვს. ყველაფერი თანხებთან
არის დაკავშირებული. მე სკოლაში ჭადრაკის მასწავლებლად ვმუშაობ,
ჩემი ხელფასი ას ოცდაათ ლარს შეადგენს. ჩემი მეუღლე
ისევ ფიზიკურად შრომობს, რომ ჩვენმა ოჯახმა იარსებოს.
ხშირი ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ რაღაც საქმის გამო
ჩვენს კლასელს – ეკას ვურეკავ. ტელეფონზე მისი თერთმეტი
წლის ქალიშვილი ნინო მპასუხობს.
_ უკვე ჩამოხვედით? – ვეკითხები და პასუხი: – არსად არ
წავსულვართ! შემდეგ, ეკამ ამიხსნა – რა ვქნა, ვერ მოვახერხე
სადმე წამეყვანა, მაგის საშუალება არ მაქვსო. მეორე
დღეს ვესტუმრე. საუბრისას შევიტყვე, რომ თურმე
ეკა და მისი შვილი, დედამისის პენსიით არსებობდნენ (ნუნუ
დეიდა 2009 წლის აპრილში დავკრძალეთ).
იცი? ეკას ნინო,
შენი ედუჩი და ჩემი გიორგი ტოლები არიან. საუბრისას ისიც
აღმოვაჩინეთ, რომ თურმე, ჩვენს შვილებს ზღვა ჯერ არ
ენახათ. ამაზე მანამდე არც დავფიქრებულვარ. მათ ასაკში
ხომ ჩვენ ზღვა მობეზრებული გვქონდა?! თურმე მსგავს
პირობებში არიან ჩვენი ირმა, ინგა... სამსახურის შოვნა მათთვისაც
პრობლემაა.
გახსოვს, როგორ სწავლობდნენ ისინი სკოლაში? ვიცი, გახსოვს!..
ჩემს ოთხი წლის ნინუცას ვერის ბაღში ვასეირნებდი და
ჭადრაკის სასახლეშიც შევიარე. არ ვიცი, გახსოვს თუ არა,
მაგრამ წლების მანძილზე ჭადრაკზე დავდიოდი, ეს ჩემი მეორე
სახლი იყო. სასახლის ყველა კუთხე – კუნჭული ჩემთვის ნაცნობი
და ახლობელია დღესაც. ქართველ ქალთა ჭადრაკზე ლეგენდები დადიოდა.
დღესაც, არაჩვეულებრივი ახალი თაობა იზრდება, რომლებიც
კიდევ ასახელებენ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ მათ უწევთ
სიარული იმ შენობაში, რომელიც სასახლეს კი არა, უფრო
მიტოვებულ შენობას გავს, რომელსაც სხვადასხვა შინაარსის
დაწესებულებები შეკედლებიან.
ნუთუ იმ ქვეყანაში, სადაც რიგით მოხელეებს და ჩინოვნიკებს,
ჭადრაკის სასახლეზე დიდი სახლები აქვთ აშენებული,
ვერ მოიძებნა თანხა, რომ გარემონტდეს ქართული ჭადრაკის
ნავსაყუდელი?
ხელისუფლებაში რომ მოხვედი, ვფიქრობდი, რომ დამთავრდა
ის დრო, როდესაც ღირსეულ ადამიანებს არ სცემდნენ
პატივს, რომ შოთა ინწკირველის და თემურ ლომაიასნაირი
ადამიანები შიმშილით აღარ მოკვდებოდნენ (პირდაპირი
მნიშვნელობით).
რარიგ ძნელია, ტელევიზიით უყურებდე ატირებულ კაცს,
რომელიც მთავრობას თხოვს, ნუ წამართმევთ ნაჩუქარ ბინას
და ქუჩაში ნუ დამტოვებთო. საშინელებაა, როდესაც ადამიანის
დამსახურებები აღარავის ახსოვს: პირველი ქართველი
გროსმაისტერი კაცი, წლების მანძილზე ნანა ალექსანდრიას
მწვრთნელი და მრავალი ქართველი მოჭადრაკის აღმზრდელი
და ქომაგი, ბუხუტი გურგენიძე არ უნდა ტიროდეს ტელეეკრანიდან!!
მაშინ ძალიან შემებრალა ჩემი ქვეყანა. ზუსტად ვიცოდი, ეს
ცრემლი ძვირად დაუჯდებოდა საქართველოს.
ღმერთმა აცხონოს და გვაპატიონ შოთა ინწკირველის,
თემურ ლომაიას, მიშა ბლაგიძის, გურამ მაჭავარიანის,
ოთარ თურქესტანიშვილის, ბუხუტი გურგენიძის და სხვა
დამსახურებული ქართველი მწვრთნელების სულებმა, ვისაც
ვერ მივაგეთ სათანადო პატივი, ვერც მოჭადრაკეებმა და
ვერც ერმა.
გახსოვს იესოს შეგონება? – `როგორც გინდათ, რომ თქვენ
მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისე მოექეცით მათ” (მათე
7.12; ლუკა 6.31).
ისევ სკეპტიციზმი და უკმაყოფილებაა საზოგადოებაში.
ბევრი
პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა. ხალხი საჯაროდ
უცხადებს უნდობლობას მთავრობას. მათ ალბათ საკუთარ
თავზე იწვნიეს უსამართლობის სიმწარე.
2007 წლის მარტში განათლების სამინისტრომ სკოლის დირექტორობის
მსურველთათვის კონკურსი გამოაცხადა და
გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო. რვა წელია სხვადასხვა
სკოლაში ვასწავლი, მაქვს გარკვეული გამოცდილება და უამრავი
იდეა. საკუთარ თავს მაინც დავუმტკიცებ,
რომ ჯერ კიდევ ფორმაში ვარ. მაინტერესებს, ჩემთვის
უცხო, ტესტურ გამოცდას ჩავაბარებ თუ არა. ბევრმა მითხრა,
რომ ტყუილად ვწვალობ და ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი.
მაინც მივიღე მონაწილეობა. ტესტები ჩავაბარე,
პირველი ტური ადვილად დავძლიე. მეორე ტური
გასაუბრებაა. ეხლა უკვე მეც მეპარება ეჭვი – ასე `უპატრონოს~, ვინ მომისმენს?! ხდება საოცრება,
გასაუბრებაც წარმატებით გავიარე.
ლოტოტრონით რუსულენოვანი 98-ე სკოლა შემხვდა.
სკოლის დირექტორი ვერ გავხდი, ჩემმა კონკურენტმა გაცნობისთანავე “გამარკვია”, ჩემი ახლობელი განათლების სამინისტროში მუშაობს და იმედი ნუ გექნებაო.
იმავე წლის აგვისტოში ქალაქის მერიამ გამოაცხადა
კონკურსი საბავშვო ბაგა – ბაღების დირექტორობისათვის.
წინა კონკურსის შედეგებით გათამამებულმა, გადავწყვიტე
მონაწილეობის მიღება.
პირველ ტურში, ტესტურ გამოცდაში საკმარისზე მეტი ქულა
დავაგროვე და მეორეშიც გავედი. გასაუბრება მერიამ
ჩაატარა. პროცედურას მაშინდელი მერის მოადგილე გიორგი
მელაძე ხელმძღვანელობდა. გასაუბრების შემდეგ, დარწმუნებული
ვიყავი, რომ პრობლემა არ უნდა მქონოდა.
შოკი ის კი არ იყო, რომ არასაკმარისი ქულები მეწერა და
დირექტორი ვერ გავხდი. საქმე ის იყო, რომ ქართულში, ოცქულიან
შეფასებაში თორმეტი ქულა დაეწერათ.
შენ როგორ გახსოვს, ვიყავი ოდესმე ენაბლუ ან ენაბრგვილი
ან ქართულ მეტყველებაში ორიანი მეკუთვნოდა? შემდეგ
ისიც აღმოვაჩინე, რომ ბაღების დირექტორობის “უნარი,”
მერიის თანამშრომლების დეიდაშვილებს, რძლებს, დედებს და
ახლობლებს ჰქონიათ მხოლოდ. ამ სამარცხვინო გამოცდებმა
მეც დამარწმუნა, რომ `უპატრონო~ ვერაფერს მიაღწევს.
მაშინ ბევრმა მითხრა ნიშნის მოგებით: -
`ესეც შენი მიშა~...
სამწუხაროდ, ყველაფერი, რაც ცუდი კეთდება შენ მოგეწერება
და პასუხსაც მხოლოდ შენ მოგთხოვონ, თორემ, გიორგი
მელაძე დღეს პარლამენტის წევრია.
ჩვენ ის თაობა ვართ ფერეიდნელ `გურჯებს~, ტაო – კლარჯეთს
და საინგილოს რომ მივტიროდით. მცირე მიწიანი, მცირერიცხოვანი
ერისთვის მიწის ყოველი გოჯი და ქართველის
სისხლის წვეთი შეუფასებელია.
მაშინ რას წარმოვიდგენდით, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო
საომარი და სადაო გაგვიხდებოდა. ბევრი ღირსეული მამულიშვილი
ჩაწვა სამარეში. მეპატიოს, უფალო, მათი სულების
წინაშე, მაგრამ დღესაც მჯერა, რომ ქართველს არ უნდა აეღო
მაშინ იარაღი. იმდენი შერეული ოჯახებია საქართველოში,
რომ ეს ძმათა შორის სისხლისღვრა იყო სხვა, მესამე ძალის
მიერ ინსპირირებული, სადაც ორივე მხარე მახეში გაბმულები
აღმოვჩნდით.
საუბედუროდ, ვერც შენ აცდი პროვოკაციას.
იცი, რამ მატკინა გული? `მიუხედავად დაძაბულობისა, თბილისში
პანიკა არ იყო და მაღაზიებიდან მარაგიც კი არავინ
აიღოო~ – რომ თქვი. ნუთუ არ იცი, რომ აგვისტოს ხვატში
თბილისში ის ხალხი ვიყავით დარჩენილები, ვისაც მარაგის
გაკეთების საშუალებაც არ გვქონდა. შეძლებული ადამიანები
ამ დროს საზღვარგარეთ ისვენებდნენ, ან უარეს შემთხვევაში
წითელ ხიდზე იდგნენ რიგში.
აგვისტოში, მომხდარით გაოგნებულს, ვიცი არ მქონდა ადეკვატური
შეფასების უნარი, მაგრამ, როდესაც ტელევიზიით ვიგებდი,
როგორ აფეთქებდნენ რუსები შვიდ მილიონად ღირებულ
იახტას, საბრძოლო ინვენტარს, რომელიც ქვეყანას მილიონები
დაუჯდა, როგორ გადაწვეს და გაძარცვეს ყველაფერი,
რაზეც ხელი მიუწვდათ – ეს ფული, რომ ხალხს მოხმარებოდა,
იქნებ ოსები და აფხაზები თავისი ფეხით გამოქცეულიყვნენ
ჩვენსკენ... იქნებ, ბორჯომში, იმ ლტოლვილი, ორი წლის
ბავშვის დედას თავი არ მოეკლა; იქნებ ბუხუტი გურგენიძის,
თაბუკაშვილის ქუჩის დანგრეული სახლის მცხოვრებლების,
შვილმოკლული დედების ცრემლის სიმწარის გამო დავისაჯეთ?!
`ყოველი, რომელიც არსებობს, ღვთისაგან არს~ – თუ ამის
გვჯერა, მაშინ იქნებ ღირს დაფიქრებად, რომ არასწორი
ცხოვრების და აზროვნების გამო, სასჯელი უფალმა მოგვივლინა,
– რუსი კი მხოლოდ იარაღი იყო მის ხელში.
კაცობრიობის ყველაზე დიდი რეფორმატორი იესო ნაზარეველია
– ქრისტე! ქრისტიანობა იწყება მონანიებით და
მთავრდება აღდგომით, იწყება მოყვასის სიყვარულით და
მთავრდება მტრის სიყვარულით.
ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ხსნის მხოლოდ ერთი გზა არსებობს
– მონანიება!
იქნებ არ არის ყველაფერი დაკარგული?!
მინდა, მჯეროდეს...
2008 წ. ოქტომბერი
2012 წლის ივლისია.
თითქმის ყოველ დღე მოდიან ნაციონალი აგიტატორები დაახლოებით ამგვარი შეკითხვებით:
_სარგებლობთ ჯანმრთელობის დაზღვევით?
_დიახ.
_კმაყოფილი ხართ ექიმის მომსახურებით?
_დიახ.
_კმაყოფილი ხართ წამლებზე ფასების შეღავათით?
_დიახ.
_აძლევთ ხმას ნაციონალურ მოძრაობას?
_არა!
უკვირთ. აგიტატორები ძირითადად ჩემი უბნელები და მეზობლები არიან. იციან, რომ კლასელი ხარ და შენი მხარდამჭერი ვიყავი. იმათ რა ავუხსნა, შენ კი გეტყვი...
არა _ იმიტომ, რომ ჩემი ხელფასი 165 ლარია და აქედან 75 ლარს ჯანმრთელობის დაზღვევაში ვიხდი. ვიხდი იმიტომ, რომ მოულოდნელი ავადმყოფობის გამო, ჩემი ერთი ახლობელივით სახლის გაყიდვა არ დამჭირდეს.
არა _ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი კლასელი ჩემსავით და კიდევ უარეს დღეშია და ერთხელაც არ დაინტერესებულხარ ჩვენი ბედით. როგორ დაგიჯერო, რომ სრულიად უცხო ადამიანების ბედი გაწუხებს?!
არა _ იმიტომ, რომ ჩემს დას, მეორე ჯგუფის ინვალიდს, რომელიც ოცდაათი წელია სახლიდან ვერ გადის, 80 ლარიანი პენსია ათი ლარით შეუმცირეთ, ამას დაარქვით დაზღვევა, რომელსაც იგი ვერასოდეს გამოიყენებს, რადგან მხოლოდ იმ შემთხვევაში არის სამედიცინო მომსახურება უფასო თუ პოლოკლინიკაში თვითონ მივა. Eეს რომ შეეძლოს, მაშინ ხომ ინვალიდიც არ იქნებოდა?!
არა _ იმიტომ, რომ ცაგერში შეურაცხყოფილი და ღირსება აყრილი ქალი _ მე ვიყავი. და ეს არ არის ერთი შემთხვევა, ეს იქცა ტენდენციად და შენს ხელქვეითებს ჰგონიათ, რაც უფრო დაუნდობლები იქნებიან, მით მეტად მოგაწონებენ თავს. სწორედ ამგვარი ხელქვეითების წყალობით ხდება შენი სახელის შებღალვა და მათ გამო მოგიწია ბოდიშის მოხდამაც, მაგრამ, როდესაც უდანაშაულო ხარ, ბოდიშის მოსმენა კიდევ უფრო შეურაცხმყოფელია.
არა _ იმიტომ, რომ სხვებისგან განსხვავებით, ისევ მინდა საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს (სწორედ ამის გამო გიჭერდი მხარს), შენ კი ბოლშევიკურ _ ინტერნაციონალური აზროვნება ბოლშევიკურ _ ნაციონალური აზროვნებით ჩაანაცვლე. ამას არავითარი საერთო ევროპულ და ზოგადად დასავლურ მსოფლმხედველობასთან არ აქვს. შენც, სხვა ქართველ პოლიტიკოსთა მსგავსად პიარისთვის იყენებ ეკლესიას და იმის ნაცვლად, რომ ხდებოდეს დაფინანსება სწორი ქრისტიანული განათლების, მსოფლიო მნიშვნელობის თეოლოგთა წიგნების თარგმნა, რომელთა უდიდესი დამსახურების შედეგია ევროპის თუ ამერიკის მსოფლხედვის ჩამოყალიბება და პოლიტიკური თუ მატერიალური კეთილდღეობა, ისევ მღვდლებს ამარაგებ ჯიპებით. კერპებით, რიტუალებით და დაბნელებული მრევლით კი დიდი - დიდი ერთმორწმუნე რუსეთმა შეგვიკედლოს, ისიც დამცირებული და დამადლებული სტატუსით.
არა _ იმიტომ, რომ დევიზი _ “მეტი სარგებელი ხალხს” რომ შეასრულო, სულ ცოტა ეს ხალხი უნდა გიყვარდეს და მათში მხოლოდ საარჩევნო ხმას არ უნდა ხედავდე.
რახან უკანასკნელად მეძლევა შანსი შენთან ურთიერთობის, მინდა ჩემი ოცნება გაგანდო.
საქართველო პატარა ქვეყანაა. ოთხი მილიონი ადამიანი, ზოგიერთი ქვეყნის ქალაქის ერთ ქუჩაზე ცხოვრობს. Aამ ხალხმა სიყვარულით მიგიღო და ჩაგიხუტა 2004 წელს. Mმას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. საზოგადოება ბანაკებად არის დაყოფილი და დიდი დოზით გაჩნდა სიძულვილი. სიძულვილის განეიტრალება მხოლოდ სიყვარულს შეუძლია. ამისთვის კი საჭიროა გულწრფელი მონანიება. წარუმატებლობის სხვებზე გადაბრალება კი არა, არამედ სინანული. სინანული არა ილია მეორის ან კალისტრატეს, არამედ იესო ქრისტეს და ქვეყნის წინაშე.
ვინც რა უნდა თქვას და ახლაც მჯერა, რომ შენი წონის პოლიტიკოსი და ივანიშვილის წონის მეურნე თუ გაერთიანდნენ ხალხის სამსახურში, ყველაფერი სასიკეთოდ შემობრუნდება.
ეს ისე, დღეს მოდურია და მეც ვიოცნებე..
მაია უნგიაძე
This post has been edited by miy-var-xar on 15 Aug 2012, 17:16