ნაციონალების მიერ გაპიარებული ჯანდაცვის სისტემის კიდევ ერთი მსხვერპლის, 20 წლის ხათუნა ბერულავას გარდაცვალების ამბავი შოკისმომგვრელი და გამაოგნებელია. გოგონა სტაციონარში მატარებელში ხელის მოტეხის გამო მოხვდა, იქიდან კი რამდენიმე დღეში ოჯახში გარდაცვლილი გადაასვენეს. ხათუნას ცხედარი ახლაც სახლში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ასვენია. "ალია" სამძიმრის სათქმელად და სიტუაციის გასარკვევად ადგილზე მივიდა.
როგორც შვილმკვდარმა დედამ, ჯულიეტა ჯიქიამ გვითხრა, გამოსვენება შაბათს, სიონის ეკლესიიდან არის დაგეგმილი, თუმცა მანამდე თუ არ ეტყვიან სიმართლეს, რა გახდა მისი უჯანმრთელესი ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზი, მიცვალებულს მიწას არ მიაბარებს!
"მომიკლეს შვილი, დედა, უჯანმრთელესი გოგო, ხელის მოტეხის გამო მომიკლეს. ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც ჩემს შვილს ეს დამართა. ჩემი ოცი წლის გოგო... მითხარით, გამეცით პასუხი, დედა, რა მოხდა, რა გაუკეთეს ასეთი... როგორ გიშველო, შვილო, ჩემო ხათუნი, დედა. ძალიან უყვარდა საქართველო, აქ უნდოდა სულ და აქ მოგკლეს სწორედ დეე... სიცოცხლით სავსე ბავშვს მოუსპეთ სიცოცხლე, რატომ, რატომ?!" - დასტიროდა გაგიჟებული დედა შვილს და მის სიტყვებზე ყველა ქვითინებდა. ბოლოს, ქალბატონმა ჯულიეტამ ძალების მოკრება მაინც შეძლო და შვილის გარდაცვალების ამბავი დეტალურად მოგვიყვა.
ჯულიეტა ჯიქია, გარდაცვლილი გოგონას დედა:
- სოხუმელები ვართ, დედა, 1993 წელს დავტოვეთ იქაურობა და სვანეთის გზით ჩამოვედით თბილისში, მაგრამ აქ პირობები არ იყო და მოსკოვში გადავედით საცხოვრებლად. ხათუნა მაშინ 2 წლის იყო, ორი ბიჭი კი უფროსები არიან. ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. 2000 წელს ქმარი ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდამეცვალა 45 წლის ასაკში. ანდერძი ჰქონდა დატოვებული, თუ როდისმე რამე დამემართება საქართველოში დამასაფლავეთო და აქ ჩამოვასვენეთ. მერე ჩვენ ისევ მოსკოვში წავედით. უმამოდ, ობლად გავზარდე სამი შვილი, ფიზიკური შრომით. ახლაც მოსკოვში ვცხოვრობთ, შვილები სწავლობდნენ, ხათუნა მეოთხე კურსის სტუდენტი იყო მოსკოვის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. საქართველო ისე უყვარდა, არდადეგებზე აუცილებლად ორი თვე აქ იყო. ორმაგი მოქალაქეობა მიიღო წელს და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მთხოვა, ქობულეთში დასასვენებლად წავიდეთო და ორი კვირის წინ ჩამოვედით საქართველოში. ფეხები მაწუხებს და ამის გამო თვითმფრინავზე უარი ვთქვით, მატარებლით გადავწყვიტეთ მგზავრობა. თბილისი-მახინჯაურის ღამის მატარებელზე ავიღეთ ბილეთები და 25 ივლისს გავემგზავრეთ. ისე ჩქარა მიდიოდა, ისეთი ჯაყჯაყით, ცოცხალი ჩავიდოდით თუ არა, უკვე იმაზე დავიწყეთ ფიქრი.
ხათუნა საწოლის მეორე სართულზე ავიდა, მე ქვემოთ ვიყავი. საწოლს დაცვის რკინა ჰქონდა, მაგრამ მატარებელი რომ დაიჩახჩახებდა, რკინა ვარდებოდა. გვიანობამდე არ გვეძინა, გამთენიისას ჩაგვეძინა. დაახლოებით ხუთის ნახევარზე მატარებელი ისე საშინლად დაიძრა, ხათუნა გადმოვარდა და იატაკს დაენარცხა მძინარე. მარცხენა ხელს საშინლად იტკიებდა.
ფერი დაკარგა, წყალი დავასხით, საწოლზე დავაწვინეთ, კუპეში, ცხადია, სხვებიც იყვნენ. ქობულეთში სასწრაფო დაგვახვედრეს და კლინიკაში გადავიყვანეთ, მაგრამ იქ "გიბსი" არასწორად გაუკეთეს. დასასვენებელ სახლში ტრავმატოლოგი იყო და იმან გვითხრა, "გიბსი" არასწორად აქვს გაკეთებული, სასწრაფოდ ქუთაისში გადაიყვანეთო. ისეთი ტკივილები ჰქონდა, ცხარე ცრემლით ტიროდა. საავადმყოფოში ვუთხარი, ეცნობებინათ სათანადო ორგანოებისთვის, რაც მოხდა მატარებელში. ვაცნობებთო, შემპირდნენ, მაგრამ არ ვიცი, რა გააკეთეს. ერთი ვიცი, რომ არავინ მოსულა და არ უკითხავთ, რა მოგივიდათ, რა მოხდაო?! წამოვიყვანეთ ქუთაისის საავადმყოფოში. 26 ივლისს ტრავმატოლოგმა გასაუბრებაშიც ფული გადაგვახდევინა, მაგრამ გვითხრა, "გიბსი" არასწორად არის გაკეთებული, ამას უკვე ოპერაცია სჭირდება, დღეს ვერ გაგიკეთებთ, ხვალ ვნახოთ და ზეგ გავაკეთებო. ხელის მოტეხის გამო რომ შვილი მომიკვდებოდა, ამას როგორ წარმოვიდგენდი, შვილო ეს ტვინშიც ხომ არ გამივლიდა.
ხათუნა ამბობდა, ისეთი ტკივილი მაქვს, დღესაც ვერ მოვითმენო და თბილისში წამოვედით ტაქსით. ინგოროყვას საავადმყოფოში მოვიყვანეთ. მისაღებში ორი საათი უყურადღებოდ ვიჯექით, მერე ჩამოვიდა ტრავმატოლოგი და გვითხრა, დღეს იმდენი ხალხია, ვერც კი დაგაწვენთ, წაიყვანეთ სახლში და ხვალ მოიყვანეთ 10-11 საათზე ანალიზებზე და ზეგ ოპერაციას გავაკეთებთო. გული მისდიოდა, ისეთი ტკივილები ჰქონდა ჩემს შვილს და სახლში ასეთი გაგვატანეს. რა მექნა, შვილი ტკივილებით მეტანჯებოდა, ჩემმა სიძემ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს დაურეკა და მან გვირჩია, დიღომში ჟვანიას სახელობის კლინიკაში წაიყვანეთ ტრავმატოლოგ ლუხუმ ჭანტურიასთანო.
მივედით და მეორე დილით დაინიშნა ოპერაცია, ძვალი ძვალს იყო დაცილებული, დედა, და ასე ჰქონდა "გიბსი" დადებული. ხუთი დღე იწვა ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში. მითხრეს, ყველაფერი ხუთიანზეაო, მაგრამ ხათუნა მაინც ცუდად ხდებოდა. ფერი ეცვლებოდა და ტუჩები უშავდებოდა. ჭანტურია ამბობდა, ტვინს სისხლი არ მიეწოდება, ნარკოზის ბრალია, ყველაფერი ნორმაში ჩადგებაო. 39-მდე ასდიოდა სიცხე.
უნდა მომეხმაროთ, ჩემო ნელი, და ბოლომდე მიმაყვანინოთ ეს საქმე, უნდა დაისაჯონ, ვინც ჩემს შვილს ეს დამართა უყურადღებობითა და უვიცობით. ღვიძლისა და ელენთის მხარეს დაეწყო ხათუნას ტკივილები. არასდროს სტკიებია ღვიძლი და ელენთა. ისევ ექიმთან წავიყვანე უფრო დამძიმებული, სიარულის თავი არ ჰქონდა.
საერთო ანალიზი გაუკეთეს და სასწრაფოდ ბრმა ნაწლავის ოპერაციაა ჩასატარებელი, ის აძლევს შეტევასო. რა შუაში იყო ბრმა ნაწლავი, ვერ გავიგეთ, მაგრამ ექიმებს ვენდეთ. ექოსკოპია ჩემი მოთხოვნით გაუკეთეს, მაგრამ მუცელში ყველაფერი სუფთააო. ხათუნა ტიროდა, არ მინდა ეს ოპერაცია, ჯერ ხელი მომირჩეს და მერეო. ექიმს ეს რომ ვუთხარი, გაბრაზებულმა მითხრა, გზაზე მოგიკვდება, ბრმა ნაწლავი გაუსკდება, რამე რომ დაემართოს, ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი და თქვენი ბრალი იქნებაო. ხელი მომაწერინეს, - ოპერაცია ჩემი ნებართვით გაუკეთეთ-მეთქი. თურმე შვილის სიკვდილზე მომაწერინეს ხელი.
- ეს ოპერაციაც ჭანტურიამ გაუკეთა?
- არა, ავთო დგებუაძემ. რეანიმაციაში რომ გადმოიყვანეს მაინც ნარკოზში იყო, ვერ მელაპარაკებოდა. ბოლოს მითხრა, ნაკერები მტკივაო. ჯერ რინგერს უსხამდნენ, მერე ექთანმა ვენაში რაღაც გაუკეთა, - ანალგინი-დიმედროლი ტკივილებს დაუამებსო. მაინც წუხდა ხათუნა, - ისევ ისეთი ტკივილები მაქვს, როგორიც მქონდაო, სიცხეც კვლავ 39 ჰქონდა. ასე იცისო, ექიმები მამშვიდებდნენ. ოპერაციის მესამე დღეს ყვიროდა, ისეთი ტკივილები დაეწყო, მაგრამ უნდა ავაყენოთო და ძალით ატარეს ხათუნა. ეხვეწებოდათ, ფეხში ძალა მეცლება, რამე მიშველეთო. ექთანმა მითხრა, ახლა ისეთ ნემსს გავუკეთებ, ცუდად აღარ იქნებაო და ვენაში კიდევ რაღაც შეუყვანეს. ოცი წუთის შემდეგ დაიძინა. პერიოდულად აზრზე იყო, გრძნობდა ყველაფერს, რაღაც მომთხოვა კიდეც ორჯერ, მაგრამ იმავე წუთს ეძინებოდა. მეორე დილითაც ვეღარ გამოვაღვიძე, მხოლოდ ის მითხრა, მეძინება, ძალა არ მაქვს, აღარაფერი მემორჩილებაო.
სიცხე ისევ ჰქონდა. შუადღემდე ვეხვეწებოდი მედ-პერსონალს, ვინმე გამოიძახეთ, უშველეთ ჩემს შვილს-მეთქი. წყალს არ ასმევდნენ ამხელა სიცხიან ბავშვს, მაგრამ, როცა დაალევინეს, წყალიც ამოაღებინა. მერე უკვე ვეღარ მცნობდა და გაშტერებული გვიყურებდა ყველას, რეაგირება აღარ ჰქონდა. მერე ხელებისა და ფეხების საშინელი მოძრაობა დაეწყო, ყველაფერს იპუტავდა. ვყვიროდი, ვინმე მოიყვანეთ, უშველეთ-მეთქი. წაიყვანეს კომპიუტერის გადასაღებად და აბსოლუტურად ყველაფერი გამორიცხეს. ალბათ, მენინგიტი ემართებაო, ასე მკითხაობდნენ. ხათუნა ისეთ მდგომარეობაში იყო, ხელს რომ ვკიდებდით, კიოდა. ისევ ინგოროყვაში უნდა გადაიყვანოთ, იქ ბევრი აპარატიაო. "ამინაზინი" გაუკეთეს ჩემს გოგოს და ღამის ორ საათზე ნახევრად გათიშული გადავიყვანეთ. რეანიმაციაში შეაერთეს აპარატზე. გვითხრეს, ღვიძლის უკმარისობა აქვსო და მოწამლულია წამლებითო. მესამე დღეს ჩემი შვილი მკვდარი გამომატანეს სახლში და აგერ ხედავთ, როგორიც მიწევს. რუსეთის მოქალაქეც არის, დედა. არ მინდოდა წელს წამოყვანა, მაგრამ არაფრით არ ქნა, სიკვდილს თვითონ ჩახედა თვალებში. მისი ძმა საზღვარგარეთ წავიდა დასასვენებლად და ეუბნებოდა, წამოდი, ქობულეთში რა გინდაო. არ წავიდა, დედა. ორი დღეა, "იმედსა" და "რუსთავი 2"-ში ვრეკავ და არავინ ყურადღებას არ მაქცევს. თუ ყურადღებას არ მომაქცევენ, მეტი გზა არ მექნება, უნდა გამოვიძახო ისინი და ვთხოვო, დაიცვან რუსეთის მოქალაქის უფლებები საქართველოში. ესენი თუ ვერ დაგვიცავენ, დედა, იმათ დაგვიცვან.
მე დედა ვარ, შვილოოო, ერთადერთი ქალიშვილის დედა, ჩემი იმედი ეს იყო, შვილო, მაგრამ მომიკლეს ექიმების დაუდევრობით. დავაჭრევინე სულ ჩემი გოგო. მივეცი უფლება ამისაც, ექსპერტიზა ჩაეტარებინათ, ოღონდ სიმართლე გამეგო, მაგრამ ჯერ პასუხი არ არის. თუ რაღაც ჰქონდა სხვა, რატომ ვერ გაიგეს და ოპერაცია რატომ გაუკეთეს? თუ ანალიზი აჩვენებდა საწინააღმდეგოს, მაშინაც ხომ არ უნდა გაეკეთებინათ ეს ორი ოპერაცია. ყველა შემთხვევაში უჯანმრთელესი გოგო მოვიყვანე, მხოლოდ ხელის მოტეხილობა ჰქონდა და მკვდარი გამომატანეს. ჩემი მეორე შვილი მოჭიდავეა და რუსეთში ბავშვებს ასწავლის თავის სპორტდარბაზში. ხათუნაც დადიოდა იქ და ყოველ ექვს თვეში ერთხელ სამედიცინო გამოკვლევებს იტარებდა. ვერავინ დააბრალებს, რომ ავად იყო, თავიც არასდროს სტკენია და რატომ უნდა მოეკლათ ჩემი შვილი, დედა.
ველოდები ექსპერტიზას, შვილო, მანამდე არ დავასაფლავებ ჩემს შვილს. შაბათს გვაქვს დაკრძალვა, მაგრამ, თუ მანამდე არ მითხრეს, რა დამართეს, მკვდარს თუ გადამატარებენ მის კუბოს და ისე თუ დაასაფლავებენ, ძალით, სხვანაირად გამორიცხულია, დედა.
ნუ გამაწამებინებენ ჩემი შვილის სულს მაინც, დროულად მითხრან პასუხი, რა დაემართა. მე მოვაწერე მის ოპერაციას ხელი და არავის ვაპატიებ მის სიკვდილს, არავის. სულ დავაფლეთინე ბავშვი ექსპერტებს. ამხელა შეცდომა როგორ უნდა დაუშვან 20 წლის ბავშვთან? ბრმა ნაწლავი არაფერ შუაში იყო, დედა, ტყუილად გაუკეთეს ეს ოპერაცია. აქ სხვა რაღაც მოუხდათ, დიდი შეცდომა. ახლა სააკაშვილს ვუგზავნით წერილს და ალბათ, მოგვაქცევს ყურადღებას. სხვანაირად ქვეყანას შევყრი, მთელ მსოფლიოს გავაგებინებ, აქ უვიცი ექიმები ჯანმრთელ ადამიანებს რომ ხოცავენ. სხვა ჯანმრთელი ახალგაზრდებიც რომ არ შეეწირონ ამათ უვიცობას, ამიტომ გავაკეთებ ამას. ეს არ არის ისეთი კლინიკები, როგორ რეკლამებსაც უკეთებენ, ეს არ არის ჯანდაცვის დაწესებულებები, დედა, ეს სასაკლაოებია.
მზია ჯიქია, გარდაცვლილის დეიდა:
- სიმართლეს გეტყვით, რეკლამებს რომ უკეთებენ, რუსეთში ამბობდნენ, საქართველოში ისეთი კარგი კლინიკებია, ნეტავ ჩვენთან იყოს ასეთიო. ეს რეკლამები სიმართლე გვეგონა და ამიტომ ვენდეთ, თორემ პრობლემა არ გვქონდა, ორ საათში რუსეთში გადავიყვანდით ბავშვს და არ დავღუპავდით. გამოკვლევები არ ჰქონდათ ჩატარებული, მკლავი არ ჰქონდა მოშუშებული, 39 სიცხე ჰქონდა და მეორედ მისცეს ნარკოზი. ერთ კვირაში ორი ნარკოზი დიდი დატვირთვა იყო ამ პატარა გოგოსთვის. იმასაც ვეჭვობ, ანალგინ-დიმედროლის ნაცვლად სხვა რამ გაუკეთეს დიდი რაოდენობით, რაც არ შეიძლებოდა. ინგოროყვაშიც რა გაუკეთეს, არ ვიცით.
ფაქტი ერთია, მოგვიკლეს ბავშვი და ეს როგორ უნდა შევარჩინოთ?! რუსებსაც ჰგონიათ, რომ აქ მართლაც უკეთესი ყურადღება და თანამედროვე სტანდარტების კლინიკებია, ნატრობენ, ნეტავ, ჩვენ გვქონდეს ასეთი, საქართველოში რომ არისო, გვაჯობესო და აგერ როგორ აჯობეს, გამოჩნდა.
გიყვარდა ჩვენი ქვეყანა და გვეგონა, აქ უფრო სანდონი იყვნენ, თორემ 15 დღე აქ ხომ არ გავაჩერებდით?! გიჟებივით ვართ. სხვა ქვეყნის ადვოკატებს ჩამოვიყვანთ და სიმართლეს მაინც გავარკვევთ. გასულ წელს ბათუმში იყო და ჩემს რძალთან ერთად სააკაშვილთან ფოტოებიც გადაიღეს. თუ სამართალს ვერ ვიპოვით და გზას ვერ გავიკვლევთ, რუსეთიდან ჩამოვა ხალხი და ჩაიტანენ იქ ამბავს, ხელის მოტეხის გამო როგორ მოკლეს ჩემი ხათუნა.
რუსეთში ხათუნა საქართველოს დროშას გაიკრავდა გულზე და ისე დადიოდა. ვეუბნებოდით, ვინმემ თავში არაფერი არ ჩაგარტყას, ზოგს არ უყვარს საქართველოო. არავისი მეშინია, ისე მიყვარსო, გვეუბნებოდა. ასეთი ბავშვები ცოტანი არიან, ასეთი მებრძოლები და ასე მოკლეს. მიცვალებულის გაჩერება და მიწის მიუბარებლობა ხომ ცუდია და შეგვიწყვეთ ხელი, დაგვეხმარეთ, ეს ანგელოზი მიწას რომ მივაბაროთ და ახლა ასე არ გავაწამოთ მისი სული.
ექსპერტიზის პასუხი მოგვცენ, საქართველოში სიმართლემ უნდა იზეიმოს. მოსკოვში ამ მთავრობას ოპოზიციაც ჰყავს და მომხრეებიც, აქამდე ჩვენ სულ მომხრეები ვიყავით. ახლა იქ რომ ჩავიდეთ ასე, სულში ჩაგვაფურთხებენ, აი, თქვენი ხელისუფლება, ჩვენ მოსკოვში ვერ გამოვყოფთ თავს, ჩაგვქოლავენ. გვეტყვიან, აი, თქვენი სააკაშვილი და თქვენი სიმართლე, როგორი ბავშვი წაიყვანეთ და როგორი მოიყვანეთო. მოგვხედონ სასწრაფოდ ყველამ და გაგვაგებინონ სიმართლე. იქნებ ოპოზიცია სწორსაც ამბობს. თუ ვერ გაირკვევა სიმართლე, მაშინ ჩვენ ერთი ჯარი ხალხით შევუერთდებით მათ.
დროშებით დავდიოდით, დაჩოქილები ვიძახდით "მიშა, მიშაო" და ეს ბავშვი რომ არ დამამარხვინონ, მერე აღარავინ აღარ გვენდომება იქ. გვიშველეთ, დაგვეხმარეთ, თქვენ გენაცვალეთ, მიწას მიგვაბარებინეთ ეს 20 წლის ექიმებისგან ნაწამები ანგელოზი...
იხილეთ სიუჟეტი: რატომ გარდაიცვალა 20 წლის გოგონა 17 დღიანი მკურნალობის შემდეგ - ოჯახი გამოძიებას ითხოვს
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/59159-q20...l#ixzz23vkATb7lვაიმე გავგიჟდი ეს რა ისტორიაა, რა საშინელებაა

ცუდად ვარ