საქართველოს ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა ორსულებზე იზოგება
დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მხრივ საქართველო რეგიონის აუტსაიდერია. კერძოდ, ჩვენთან მშობიარე ქალებს 600 ლარს აძლევენ, სომხეთში 2 700 ლარს, რუსეთში კი დაახლოებით 7 308 ლარს უხდიან. რაც შეეხება მეზობელ აზერბაიჯანს, იქ მშობიარე ქალს დეკრეტული შვებულება ერთი წლის განმავლობაში ეკუთვნის, ანაზღაურებას კი ხელფასის ოდენობის მიხედვით იღებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს აზერბაიჯანში საშუალო ხელფასი დაახლოებით 705 ლარია, გამოდის, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მშობიარე ქალებს მთლიანად 8 462 ლარით აფინანსებს.
როგორც ამ მაჩვენებლიდან ჩანს, ქართველი დედები რეგიონში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან, მეტიც, ისინი იძულებულები არიან, რომ სამსახურის შენარჩუნების გამო ჩვილი მთელი დღის განმავლობაში დატოვონ.
მოკლედ, ჯანდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს 231-ე ბრძანებულების მე-9 მუხლის თანახმად, მშობიარეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო 477 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე. მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის პერიოდში ანაზღაურებადია 140 კალენდარული დღე.
ამავე ბრძანებულების თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. რაც შეეხება საშვებულებო თანხის ოდენობას, მართალია, კანონით გათვალისწინებული არ არის, თუმცა მთავრობის დადგენილებით ის თვეში 150 ლარს (სულ 600 ლარი) შეადგენს.
არადა, მანამდე მშობიარეს დეკრეტული შვებულება ერთი წლის განმავლობაში ეკუთვნოდა და შესაბამისად, ანაზღაურებასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იღებდა. რაც შეეხება შვებულების თანხას, ის მშობიარე ქალის ხელფასის ანალოგიური იყო.
აღსანიშნავია, რომ "დეკრეტული შვებულების" ერთი წლიდან 4 თვემდე დაყვანამ საზოგადოების უკმაყოფილება ჯერ კიდევ მაშინ გამოიწვია, როდესაც შრომის კოდექსში აღნიშნული ცვლილება შევიდა. მაშინაც და დღესაც, როგორც ორსული ქალები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები აღნიშნულ პროექტს მიუღებელს უწოდებენ და აცხადებენ, რომ "ვადის ასე შემცირება საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებას ხელს ვერ შეუწყობდა".
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, სიტუაცია ასეთია: მაგალითად, აზერბაიჯანში დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა არის 140-180 დღე, ანაზღაურებას კი დედა მთელი ერთი წლის განმავლობაში იღებს. დეკრეტული შვებულების თანხა კი ხელფასის მიხედვით განისაზღვრება. დღეის მონაცემებით, აზერბაიჯანში საშუალო ხელფასი არის 397 მანათი, ანუ დაახლოებით 705 ლარი, ანუ გამოდის, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მშობიარე ქალებს მთლიანად 8 462 ლარით აფინანსებს.
სომხეთშიც დეკრეტული შვებულების პერიოდი 140-180 დღეა, დეკრეტული შვებულების თანხა კი მთლიანად 675 ათას დრამს, დაახლოებით 2 700 ლარს შეადგენს.
დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა 140-180 დღეა რუსეთშიც, რაც შეეხება ანაზღაურებას, იქ ორსულ ქალებს მთავრობა მთლიანად 36 543 რუბლს, დაახლოებით 1 828 ლარს აძლევს.
დეკრეტული შვებულებების ხანგრძლივობისა და ანაზღაურებების გაზრდას უკვე წლებია ითხოვს ოპოზიციაც. ქდმ-ს წევრის მაგდა ანიკაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა 126 დღიდან 180-მდე უნდა გაიზარდოს, შვებულების თანხა კი 600-დან 1000 ლარამდე.
"უკვე სამი წელია, რაც ცვლილებების პროექტი დარეგისტრირებული გვაქვს, მაგრამ ინიციატივას მსვლელობა დღემდე არ მიეცა. პროცედურას საპარლამენტო უმრავლესობა სრულიად შეგნებულად აფერხებდა. კანონპროექტი მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, გია არსენიშვილის თავმჯდომარეობის დროს განიხილა. მან დადებითი დასკვნა დაწერა. მაგრამ, წამყვანი - იურიდიულ საკითხთა და ჯანდაცვის კომიტეტები ამ კანონპროექტის მოსმენას აჭინაურებდნენ. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური ნება არის გადამწყვეტი და არა პროცედურული საკითხი", - ამბობს მაგდა ანიკაშვილი.
ის, რომ საქართველოში მშობიარე ქალს მთავრობა სათანადო ყურადღებას არ უთმობს, დემოგრაფი ანზორ თოთაძეც აღნიშნავს, მისი თქმით, აზერბაიჯანში და სომხეთში ორსული ქალის მშობიარობას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს.
"ზუსტად არ ვიცი, რა ხდება რუსეთში, ის კი ვიცი, რომ აზერბაიჯანში ორსულობის დაწყების დღიდან მშობიარობის დღემდე ყველა მანიპულაცია ორსულისთვის უფასოა და მას სახელწმიფო ანაზღაურებს. დედა ფულს მშობიარობის შემდეგაც იღებს და თანაც, არც ისე ცოტას. სომხეთში, როდესაც ორსული ქალი სამშობიაროში შეჰყავთ, სახელმწიფო მას 350 დოლარს აძლევს, საიდანაც 60% მიდის მედპერსონალის დაფინანსებაზე, დანარჩენი 40% კი იმ აუცილებელ ნივთებზე, რაც დედა-შვილს სჭირდებათ.
ჩვენთან კი ძალიან ცუდი სიტუაციაა, ორსულ ქალს, თუ არ არის სოციალურად დაუცველი, სახელმწიფო არაფერს არ უნაზღაურებს. ეს კი რა თქმა უნდა, პირველ რიგში დემოგრაფიულ მდგომარეობაზე აისახება. ამიტომაცაა, რომ საქართველოში ძალიან იშვიათად შევხვდებით ისეთ ოჯახებს, რომელთაც 3,4 და მეტი შვილი ჰყავთ, ძირითადად 1 და 2 შვილიანი ოჯახები სჭარბობენ. თუ დეკრეტული შვებულებების ხანგრძლივობა და ანაზღაურება არ გაიზარდა, არ დაფინანსდა სამედიცინო მომსახურება, შობადობა უფრო შემცირდება და დემოგრაფიული მდგომარეობაც დამძიმდება", - განუცხადა "ბიზნეს რეზონანსს" ანზორ თოთაძემ.
ელზა წიკლაური
გაზეთი ”რეზონანსი”
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/59718-saq...l#ixzz24pOUGRfd