ვატო ყიფიანის შურისძიება
Monday, 28 March 2011 00:00 ერეკლე სტურუა
გასულ კვირას მოსკოვში ცნობილი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ვახტანგ (ვატო) ყიფიანი დააკავეს. ოფიციალურად მას ბრალად ედება ადამიანის გატაცება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. რა უძღოდა წინ „კანონიერი ქურდის“ აყვანას? ამ საკითხზე „პრაიმტაიმმა“ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის დაზუსტება მოახერხა. როგორც სანდო წყარო გვიყვება, დაკავებამდე ორი კვირით ადრე, ვატო ყიფიანი მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს... მას სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. კრიმინალური ავტორიტეტი სასტიკად იყო ნაცემი. ჩვენი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება ერთ-ერთ ქურდულ „სხადნიაკზე“ მოხდა. წყარო ყვება, რომ ყიფიანი მოსკოვში დაახლოებით ერთი თვის წინ ჩავიდა ე.წ. „ობშიაკიდან“ საკუთარი წილის მისაღებად. თუმცა იქ მყოფმა ავტორიტეტებმა მას ფულზე უარი უთხრეს – არაფერი გეკუთვნისო. შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში გადაზრდილა, რაც ყიფიანისა და მისი მეგობრის გალახვით დასრულდა. ნაცემი ვატო ყიფიანი მე-2 სართულის ფანჯრიდან გადააგდესო. მოგვიანებით კი კლინიკაში თითქმის უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს.
ამბობენ, რომ ცემა-ტყეპაში განსაკუთრებით აქტიურობდა აწ გარდაცვლილი ოთარ კვანტრიშვილის დისშვილი, სერგი არაბული... ამიტომაც რა გასაკვირია, რომ საავადმყოფოდან გამოწერილმა ვატო ყიფიანმა შურისძიება სწორედ სერგი არაბულისგან დაიწყო. მოკლედ, 18 მარტს ყიფიანმა კვანტრიშვილის დისშვილი სასტუმრო „მარიოტ გრანდ ოტელში“ მიიტყუა და იარაღის გამოყენებით მისი კუთვნილი თანხის ამოღებას შეეცადა. საუბარია 780 ათას რუბლზე (დაახლოებით 50 ათასი ლარი). თანხა შესაძლოა, კიდეც ამოეღო, მაგრამ სწორედ ამ დროს მოსკოვის მილიციაში გამოცხადდა ადამიანი, რომელმაც სამართალდამცველებს მეგობრის, სერგი არაბულის გაუჩინარების შესახებ აუწყა. სწორედ მისი შეტყობინების საფუძველზე მოხდა სასტუმროში სპეცოპერაციის ჩატარება და ვატო ყიფიანის აყვანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ყიფიანი არა გატაცებულის მეგობარმა, არამედ ბიძაშვილმა, ოთარ კვანტრიშვილის ვაჟმა, გიორგი კვანტრიშვილმა „ჩაუშვა“. ქართულ მედიასთან საუბრისას თავად გიორგი კვანტრიშვილმა დაადასტურა, რომ სერგი არაბულსა და ვატო ყიფიანს შორის მართლაც არსებობდა უთანხმოება, თუმცა სხვა დეტალების დაზუსტებისგან მან თავი შეიკავა.
გიორგი კვანტრიშვილი:
– განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მათ ჰქონდათ უთანხმოება, რაღაც ვერ გაიყვეს, თუმცა გატაცებას ადგილი არ ჰქონია.
მოხდება თუ არა ვახტანგ ყიფიანის საქართველოში ექსტრადირება? ამ საკითხზე იუსტიციის სამინისტროში კომენტარის გაკეთება ჯერჯერობით უჭირთ, გამომდინარე რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური და სხვა სახის ურთიერთობების არარსებობიდან. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რამდენიმე დღის წინ სწორედ რუსეთიდან მოხდა გაიოზ ზვიადაძის, იგივე „ქუთაისკის“ ექსტრადირება, არაა გამორიცხული, ყიფიანიც სწორედ თბილისის გზას გამოუყენონ. სხვათა შორის, ყიფიანი გაიოზ ქუთაისკის მეგობრად მიიჩნევა. ქუთაისკი რუსეთში დაახლოებით ერთი წლის წინათ დააკავეს. საქართველოში მას დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი 10-წლიანი პატიმრობა. აგვისტოს ომის შემდეგ ქუთაისკი იყო პირველი, ვისი ექსტრადიციაც რუსეთიდან საქართველოში განხორციელდა.
მოსკოვის სასამართლოში ყიფიანის საქმის არსებითი განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება. პარალელურად მისი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მას ქართველმა სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. ყიფიანის საქმეში ბრალდებული პირების ნაწილს კი გასულ კვირას უკვე მიუსაჯეს პატიმრობა. მათ შორისაა ცნობილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე, რომელიც, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საპატიმროში 6 წელს გაატარებს.
„პრაიმტაიმი“ ვატო ყიფიანის ადვოკატს, მარიკა ფხალაძეს დაუკავშირდა.
– ქალბატონო მარიკა, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, კონკრეტულად რა ბრალდებით დააკავეს ვატო ყიფიანი მოსკოვში?
– მე ვიცი მისი ახლობლებისგან, რომ მეგობრებს შორის მოხდა გაუგებრობა, მცირე კონფლიქტი, რომელიც უახლოეს დღეებში გაირკვევა. რეალურად არანაირი დანაშაულის ჩადენას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
– ჩვენი ინფორმაციით, დაკავებამდე ის საავადმყოფოში მოხვდა...
– ვერ გეტყვით, დაკავებული რომ იყო, ესეც არ ვიცოდით. ჩვენ თბილისის სასამართლოში გავიგეთ ეს ამბავი, სადაც მისი პროცესი მიმდინარეობდა, გიორგი დემეტრაძესთან ერთად. როგორც იცით, მას ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით საქართველოში დაუსწრებლად ასამართლებენ. რადგან მოსკოვში მოხდა დაკავება, საქართველოში ვახტანგ ყიფიანის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. ჩვენ სწორედ ამ დროს გავიგეთ პროკურატურის წარმომადგენლებისგან, რომ თურმე იქ 18 მარტს დაუკავებიათ. დავუკავშირდი მის ახლობლებს, ვესაუბრე ძმას, რომელმაც მითხრა, რომ არის მეგობრებს შორის კონფლიქტი, რომელიც მალე გაირკვევაო.
– თუმცა ოფიციალურად სხვა ბრალდება აქვს წაყენებული. ადამიანის გატაცებაში ედება ბრალი...
– ეს მე გავიგე ტელევიზიით. მისმა ძმამ მითხრა, რომ ეს არის აბსურდული ბრალდება და მსგავსი არაფერი მომხდარა.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყიფიანს მოსკოვში ქურდულ „სხადნიაკზე“ ქართველ ავტორიტეტებთან შეკამათება მოუხდა... მე-2 სართულიდან გადმოაგდესო...
– თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ვესაუბრე ვატოს დედას, ქალბატონ მანანას, რომელმაც მითხრა, რომ ეს სრული აბსურდია, მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, აქ არ გავჩერდებოდი და მეც ახლა იქ ვიქნებოდიო.
http://www.ptpress.ge/index.php?option=com...minali&Itemid=4