The Washington Post - თბილისმა დიდი ხანია სააკაშვილს ზურგი აქცია
10:53 30-09-2012
ამერიკული გამოცემა The Washington Post კოალიცია "ქართული ოცნების" გუშინდელ აქციას სტატიას უძღვნის და თბილისს ოპოზიციურ ქალაქად მოიხსენიებს.
როგორც გამოცემის სტატიაშია ნათქვამი, საქართველოს დედაქალაქში დაახლოებით 100 000 ოპოზიციური მხარდამჭერი გამოვიდა, რათა ეჩვენებინა ძალა იმ საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მომავლისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა მას შემდეგ, რაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ.
სტატიის ავტორის შეფასებით, საქართველოს დედაქალაქმა დიდი ხანია სააკაშვილს ზურგი აქცია, თბილისის მაცხოვრებლები შეწუხებულნი არიან იმით, რასაც თავად ავტორიტარულ მმართველობას უწოდებენ და ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ პარლამენტს, სასამართლოსა და პროკურატურას სააკაშვილი აკონტროლებს.
"ორშაბათის არჩევნებზე პრეზიდენტი წნეხის ქვეშ იქნება, რათა დაამტკიცოს მისი ერთგულება დემოკრატიისადმი და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს. სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ახლა პარლამენტში დაახლოებით 80 ადგილი აქვს, "ქართულ ოცნებას" უპირისპირდება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. ივანიშვილი მილიარდერია და მან თავისი ქონება რუსეთში შეიძინა. დამკვირვებელთა უმეტესობას მიაჩნია, რომ განსხვავება ძალიან მცირეა, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ უპირატესობა მაინც მმართველ პარტიას აქვს. შაბათს, როდესაც ყველა ასაკის ადამიანი თავისუფლების მოედნისკენ, ივანიშვილის საარჩევნო შეკრებაზე მიემართებოდა, ოპტიმიტური განწყობილება სუფევდა. ბევრს "ქართული ოცნების" თეთრი, ლურჯი ან შავი მაისური ეცვა", - ნათქვამია The Washington Post-ის სტატიაში.
სტატიის ქართულ ვერსიას foreignpress ავრცელებს.
http://www1.interpressnews.ge/ge/politika/...urgi-aqcia.html