ახალი პოზიციისთვის საყურადღებო პრობლემატიკაზეა საუბარი:
პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, ახალი საკონსტიტუციო მოდელი არ ამოქმედდება და შესაძლოა, 2013 წლის გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს
10:28 11.07.2012
გასული წლის ბოლოდან დაწყებული და საკმაოდ დინამიურად განვითარებული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პროცესები ახლახანს საქართველოს მთავრობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გაამძაფრა. სხვადასხვა შეფასებები გაკეთდა, რომლებიც როგორც წესი, 2013 წელს და ახალი საკონსტიტუციო უფლებამოსილებების მქონე მომავალი პრემიერის თემატიკას არ სცდება, საუბრობენ კონსტიტუციაზე, საპარლამენტო არჩევნებზე თუ რომელი პოლიტიკური ძალა მოიპოვებს ურავლესობას. სამწუხაროდ, ამ მსჯელობისას ყურადღების მიღმა რჩება და საზოგადოებას არ აქვს პასუხი, თუ რა იქნება არჩევნების შემდგომ, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ახლადარჩეულმა პარლამენტმა, როგორ წარიმართება საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების ურთიერთობა და პოლიტიკური პროცესი და რაც მთავარია, როგორი იქნება 2018 წლის რეალობა.
ექსპერტები თუ პოლიტიკოსები სხვადასხვა სცენარებს განიხილავენ და გვთავაზობენ საკუთარ დასკვნებს, თუმცა არავინ მსჯელობს და განიხილავს რომ შემოდგომაზე, ოქტომბერში გარდა საპარლამენტო არჩევნებისა, უნდა ჩატარდეს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. საზოგადოებას არ მოუსმენია მსჯელობა იმ შესაძლებლობაზე, რომ არ ამოქმედდეს ახალი საკონსტიტიუციო ცვლილებები, საქართველომ დღეს არსებული მოდელით გააგრძელოს ცხოვრება და არც პრემიერს ჰქონდეს გაზრდილი უფლებამოსილებები.
პოლიტიკური პროცესის განვითარებაზე მსჯელობისას ყურადღებიდან რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება არ უნდა გამოგვრჩეს, ესენია:
1) შემოდგომაზე ახლადარჩეულმა პარლამენტმა უნდა იმსჯელოს 2013 წლის ბიუჯეტზე, რომელსაც მას მოქმედი პრეზიდენტის თანხმობით დღევანდელი მთავრობა წარუდგენს;
2) საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი საკმაოდ ახალგაზრდაა იმისათვის, რომ დაასრულოს პოლიტიკური კარიერა, ანდა თანახმა იყოს პოლიტიკურ პროცესებში ფორმალური ძალაუფლების გარეშე დარჩენაზე. ამასთან, იგი 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურას ვეღარ წამოაყენებს;
3) ახალი საკონსტიტუციო მოდელი, პრემიერის გაზრდილი უფლებამოსილებებით შეიძლება, 2013 წლიდან ამოქმედდეს.
სანამ ამ 3 საკითხზე და პოლიტიკური პროცესის განვითარებაზე ვიმსჯელებთ, უნდა შევთანხმდეთ, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ქართული საზოგადოებისთვის, პირველ რიგში კი, მოქმედი პრეზიდენტისთვის და საპარლამენტო უმრავლესობისთვის, დიდი გამოცდა იქნება და მომავალს განაპირობებს.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე არჩევნების შემდგომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც ახლადარჩეულმა პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტია. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახალი საკონსტიტუციო უფლებამოსილების მქონე მთავრობა ჯერ არ გვეყოლება, მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების დღევანდელისაგან განსხვავებული კონფიგურაციისა პრემიერი და მთავრობა იქნება იგივე რაც დღეს არის და ახლადარჩეულ პარლამენტს სწორედ დღევანდელი პრემიერი წარუდგენს 2013 სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს.
დღეს წინასაარჩევნო რეჟიმში მყოფი არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი არ ამბობს რა პოზიცია ექნება სწორედ და პირველ რიგში, 2013 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. ლოგიკური, ბუნებრივი და გასაგები უნდა იყოს, რომ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს ამ დოკუმენტს; მხარდაჭერის შემთხვევაში, მისი პოლიტიკური დისკრედიტაცია არცთუ ძნელად პროგნოზირებადია. მაგრამ თუკი ოპოზიცია პარლამენტში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი და არ დაუჭერს მხარს ბიუჯეტის კანონს, მაშინ ეს დოკუმენტი განწირულია და ეს შესაძლოა, ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დასაწყისად იქცეს.
კონსტიტუციის მიხედვით პარლამენტის არჩევიდან პირველი 6 თვის, აგრეთვე საპრეზიდენტო ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში, პარლამენტის დათხოვნა დაუშვებელია. რჩება 2 საშუალება: პრემიერმა ბიუჯეტის კანონთან დაკავშირებით მთავრობისადმი ნდობის საკითხი დასვას ან პრეზიდენტმა მთავრობა ამის გარეშე დაითხოვოს. არსებითად ორივეს შედეგი მთავრობის გადაყენებაა. მომავალი წლის ბიუჯეტზე 31 დეკემბრამდე თუ ვერ იქნა მიღწეული კომპრომისი, მაშინ პრეზიდენტს მოუწევს მთავრობის შეცვლაზე ზრუნვა. თუმცა საზოგადოება გამწვავებულ და საკანონმდებლო ორგანოში გადანაცვლებულ დაპირისპირებასთან ერთად მიიღებს იმას, რომ 2013 წლის ბიუჯეტის კანონი არ ექნება და სახელმწიფო ფინანსების ხარჯვას გააგრძელებს ბიუჯეტის კანონის გარეშე, პრეზიდენტის დეკრეტით და ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებების შესაბამისად, საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული ე.წ. წინა წლის ხარჯების 1/12-ის პრინციპით.
ხანგრძლივ ზამთარში გამწვავებული სახელისუფლებო პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ბიუჯეტის გარეშე ცხოვრება საზოგადოებისთვის არცთუ სასურველი სცენარი უნდა იყოს, სცენარი, რომლის შედეგების პარლამენტში წარმოდგენილი უმრავლესობის დისკრედიტაციისთვის გამოყენება დიდ სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდეს.
მთავრობის გადაყენება, პრემიერისა და ახალი მთავრობის წარდგენა (რომელიც შესაძლებელია არსებითად იგივე შემადგენლობის იყოს), საპარლამენტო პროცედურები და პრემიერის კანდიდატურის ჩაგდება, ხელახალი შერჩევა, ხელახალი საპარლამენტო პროცედურები – კრიზისის განმუხტვის გარეშე ეს ყველაფრი მუდმივად მეორდება: წრეზე ტრიალებს; სხვა საშუალებას კონსტიტუციის 51-ე პრიმა, მე-80 და 93-ე მუხლები არ იძლევა. ამ მართლაცდა კარუსელის ტრიალი სრულად შესაძლებელია უპრობლემოდ გაგრძელდეს 6 თვე და რაც მხოლოდ აძლიერებს ნეგატიურ დამოკიდებულებას პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების მიმართ. გაზაფხულის ბოლოს, მაისის დასაწყისში სულ რამდენიმე დღით კი პრეზიდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაითხოვოს უკვე იმიჯშერყეული პარლამენტი, დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და შეეცადოს ახალ პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი იყოს მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანებები, რადგანაც სწორედ ახლადარჩეულ პარლამენტს უნდა წარუდგინოს დასადასტურებლად მისი დეკრეტი, რომლითაც დაამტკიცა ბიუჯეტი.
სწორედ აქ უნდა გავიხსენოთ, თუ როდის და რა პირობებში ამოქმედდება ახალი საკონსტიტუციო მოდელი. საკონსტიტუციო შესწორებაში ასეთი ჩანაწერი გვაქვს: ცვლილებები ამოქმედდეს 2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. თუკი დავაკვირდებით აქ ერთდროულად რამდენიმე და ყველა პირობა უნდა არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი საკონსტიტუციო მოდელი არ ამოქმედდება და გვექნება დღეს არსებული მოდელი. სწორედ ეს ჩანაწერია ის მძლავრი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებითაც საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, როგორც საკუთარი, ასევე ქვეყნის მომავლის გეზის განსაზღვრა. მას შეუძლია, მოითხოვოს და მიიღოს გარანტიები და მექანიზმები, პირველ რიგში, მმართველი ელიტისაგან. მექანიზმები, რომელიც მას პოლიტიკური კარიერის გაგრძელების საშუალებასაც მისცემს, ფორმალურ ძალაუფლებასაც შეუნარჩუნებს და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასაც განაპირობებს.
საქართველოს პრეზიდენტს 2013 წლის ოქტომბრის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადადგომით შეუძლია, ხაზი გადაუსვას ახალ საკონსტიტუციო მოდელს და ამისთვის ყველაზე უკეთესი დრო სწორედ 2013 წლის მაისის დასაწისი იქნება, როცა მას არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით კონსტიტუცია საშუალებას მისცემს დაითხოვოს ოქტომბერში არჩეული პარლამენტი. ამით პრეზიდენტს ეძლევა საშუალება პოლიტიკური კალენდრის კორექცია მოახდინოს და აქვს შანსი, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთად დანიშვნით მიიღოს მისთვის სასარგებლო გრძელვადიანი შედეგი. დიდ კამათს არ უნდა იწვევდეს ის გარემოებაც, რომ საზოგადოებასაც და არასახელისუფლო პოლიტიკურ პარტიებსაც გაუჭირდებათ არჩევნებიდან მეექვსე თვის თავზე ახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისათვის მობილიზება.
აქ ბუნებრივად დაისმის კითხვა: პრეზიდენტის გადადგომისა და პარლამენტის დათხოვნის შემდგომ სად შეიძლება, იყოს ადგილი პოლიტიკური კარიერის გაგრძელებისათვის? თუკი მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ გადადგომის შემთხვევაში ახალი საკონსტიტუციო მოდელი ვერ ამოქმედდება და ვერც გაზრდილი უფლებებით აღჭურვილი პრემიერი გვეყოლება და ამასთან საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას კონსტიტუცია ზღუდავს - რჩება პარლამენტის თავმჯდომარეობა ან პრემიერობა. დღეს მოქმედი საკონსტიტუციო მოდელით პრემიერის პოსტისაგან განსხვავებით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი არ არის რაიმე მნიშვნელოვანი და რეალური ძალაუფლების მატარებელი. ამის გათვალისწინებით კი, რჩება ალბათობა, რომ არჩევანი პრემიერის პოსტის სასარგებლოდ შეიძლება, გაკეთდეს. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში პრეზიდენტი მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად შეძლებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე მისვლას, მისი პრემიერობის პერიოდში კი შესაძლოა, პრეზიდენტობის კანდიდატი დღევანდელი პრემიერი იყოს. ეს სტრატეგიული მიზანი იკვეთება სულ ახლახანს განხორციელებული გადაადგილებებით საქართველოს მთავრობაში. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პარლამენტის დათხოვნისა და პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობას პრემიერი შეასრულებს. ამასთან, მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი მთავრობაში ტოვებს 3 თანამდებობის პირს, რომლებსაც პრემიერი - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვერ შეეხება, ესენი არიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სწორედ ამ სამმა თანამდებობის პირმა, პრემიერ-პრეზიდენტთან ერთად უნდა უზრუნველყოს რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. სწორედ ამ ფიგურებს ძალუძთ თანხმობის შემთხვევაში პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულად განვითარების უზრუნველყოფაც და მმართველი პოლიტიკური ელიტისათვის მისაღები შედეგების მიღწევაც.
თუკი ამ ყველაფრის ალბათობა მაღალია, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ მმართველი ელიტისათვის სტრატეგიული მიზანი არის არსებულის დიდი დანაკარგების გარეშე შენარჩუნება და 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, ხოლო პოლიტიკური ოპონენტების სტრატეგიული მიზანი, რაც შეიძლება, აღვიქვათ მათი საჯარო განცხადებებიდან, მხოლოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში უპირატესობის მოპოვებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება მოისმენდა თუნდაც გაკვრით მინიშნებას რას აპირებენ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლისას, საბიუჯეტო განხილვებისას. ოპოზიციური სუბიექტებისაგან განსხვავებით, მმართველ პარტიას ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის წარდგენით უკვე გაცხადებული აქვს თუნდაც მომავალი წლის საბიუჯეტო მიმართულებები.
თუკი დააკვირდებით ეს არის მოვლენათა განვითარების საკმაოდ სარისკო სცენარი. სარისკო იმ მხრივ, რომ პრეზიდენტს და პოლიტიკურ ელიტას მოუწევს ბეწვის ხიდზე გავლა, დემოკრატიის ფარგლებში დარჩენა და პოლიტიკური პროცესების ისე წარმართვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას არ ჰქონდეს მიზეზი ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანისათვის. სწორედ ამიტომ აზრს მოკლებული არ არის, რომ პრეზიდენტი და პრემიერი უზრუნველყოფენ პარლამენტის საშემოდგომო არჩევნების კანონის ფარგლებში ჩატარებას; მათ პრემიერის წარდგენისას საჯაროდ განაცხადეს კიდეც, რომ სამთავრობო ცვლილებები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, არჩევნებს რომელიც მმართველი პარტიისთვის არის მხოლოდ ერთი ეტაპი სტრატეგიული მიზნის მიღწევის გზაზე.
მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება, ეკონომიკური ფონი, კანონისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი შემცირებული ნდობის ხარისხი არის ის შედეგი, რომელსაც საბოლოო ჯამში საზოგადოება მიიღებს. სწორედ ამიტომ, როგორც არასდროს, საზოგადოებას მოუწევს პასუხისმგებლობის გაცნობიერება და გონივრული გადაწყვეტილების მიღება, ხოლო პოლიტიკურ სუბიექტებს საზოგადოებისთვის საკუთარი პოზიციების უფრო მკაფიოდ წარდგენა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ბიუჯეტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ვის დაუჭერენ მხარს დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების წევრობის, საკონსტიტუციო თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად, ვის მოიაზრებენ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის თუ სახელმწიფო აუდიტის გენერალური აუდიტორის კანდიდატებად, იუსტიციის საბჭოს წევრობისა თუ ელჩობის კანდიდატებად. სწორედ ამ პირობებში ექნება საზოგადოებას საშუალება, მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება, აიღოს პასუხისმგებლობა და პოლიტიკური პროცესის განმსაზღვრელი თუ წარმმართველი გახდეს თვითონ.
ლევან ალაფიშვილი; იურისტი
http://www.pirweli.com.ge/?menuid=12&id=10649
Wenn die Menschheit noch einmal von vorne anfinge, wäre die Wissenschaft nach einer bestimmten Zeit auf demselben Stand wie heute?
"res publica res populi est"
"Nur wer die Arbeit kennt, weiss, was ich meide"----Goehte