http://www.commersant.ge/?id=12721არჩევნების შემდეგ საწვავი უმნიშვნელოდ გაიაფდა
ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ ნავთობპროდუქტების ფასი საშუალოდ 5 თეთრით შემცირდა
რადიო „თავისუფლების“ (radiotavisupleba.ge) მასალები, ავტორი კახა მჭედლიძე
ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საავტომობილო საწვავის გაიაფებას მოელოდა. ასეთი მოლოდინი აწ უკვე მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების წინასაარჩევნო განცხადებებმა განაპირობა. კოალიცია ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საწვავი მართლაც გაიაფდა, მაგრამ არა იმ მოცულობით, როგორსაც მოელოდნენ.
საქართველოში ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ ნავთობპროდუქტების ფასი საშუალოდ 5 თეთრით შემცირდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი - ის, ვინც აქტიურად მოიხმარს საავტომობილო საწვავს, უფრო მეტ გაიაფებას მოელოდა, თუმცა ნაწილი მაინც კმაყოფილია.მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც კოალიცია ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებები ირწმუნა, საწვავის ფასის უფრო მეტად გაიაფებას ელოდა. ჯერ კიდევ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრმა, ახლა კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ საწვავის კომპანიების უმრავლესობა მონოპოლისტურ საქმიანობას ეწევა:
”რეალურად დღეს 1 ლიტრის ფასზე ზემოგება შეადგენს 35-40 თეთრს. რეალურად დღეს თქვენ რომ 20 ლიტრი საწვავი შეიძინოთ, იხდით 10 ლარით მეტს”.
ლევან იზორიამ ეს განცხადება მიმდინარე წლის დასაწყისში გააკეთა. მან ასევე საწვავის იმპორტიორ კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებასა და მონოპოლიურ მდგომარეობაზეც ისაუბრა. მმართველი პოლიტიკური ძალა სწორედ მსგავს მდგომარეობას ასახელებს ნავთობპროდუქტების სიძვირის მთავარ მიზეზად. ასეთი ვითარების მიუღებლობაზე ისაუბრა ბიზნესმენებთან ორიოდე კვირის წინ გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.
„ძალიან ბევრი არარეალური ფასია დღეს, ამაზე მე არ გავჩერდები, მაგრამ თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ვისაც შეგიძლიათ, ახლავე იზრუნეთ, ახლავე იზრუნეთ, სანამ მოგაკითხავენ, რომ ის მოგონილი ფასები... კეთილი ინებეთ და მოიყვანეთ ჭკუაზე და მოიყვანეთ ნორმაში, რომ მომავალში არ დაგვჭირდეს ამაზე, ვთქვათ, მითითებები და ზედმეტად ვინმეს უხერხულ სიტუაციაში ჩადგომა არ მოუწიოს,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ განცხადებებიდან ორიოდე დღის შემდეგ საწვავის ერთ-ერთმა მსხვილმა რეალიზატორმა კომპანია ”ვისოლმა” ბენზინის ფასი საშუალოდ 8 თეთრით შეამცირა. რამდენიმედღიანი ინტერვალის შემდეგ შედარებით მცირე მოცულობით გაიაფდა სხვა კომპანიების საწვავიც, ხოლო „ვისოლის“ ფასი კვლავ გაიზარდა და დაახლოებით კონკურენტების მაჩვენებელს გაუტოლდა.
ასეთი პროცესები ბიზნესზე ზემოქმედებად შეაფასა ”თავისუფალი უნივერსიტეტის” ხელმძღვანელმა კახა ბენდუქიძემ ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში ჟურნალისტებთან გამართული დისკუსიისას.
კახა ბენდუქიძის და კიდევ სხვა ექსპერტების არგუმენტებს ოპონენტები სომხეთში არსებულ რეალობას უპირისპირებენ - სომხეთში ნავთობპროდუქტები საქართველოდან შედის, ხოლო საწვავის ფასი საშუალოდ 15 თეთრით ნაკლებია, ვიდრე საქართველოში. ამის განმარტებას ”ნავთობის იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ცდილობს:
”იქ საგადასახადო კანონმდებლობა არის სხვაგვარი. ანუ დაბეგვრა აქციზის და დამატებული ღირებულების არის მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე ჩვენთან და ეს განაპირობებს იმას, რომ ფასი დაბალია”.
ვანო მთვრალაშვილი და ამ სფეროს სხვა ექსპეტები საქართველოში არსებული საწვავის ფასის სხვა განმაპირობებელ ფაქტორებზეც საუბრობენ. ეს არის მზარდი მოთხოვნა, რაც ეკონომიკის ზრდის ტემპის შესაბამისია და ასევე ოპერატორი კომპანიების ინვესტიციების მოცულობა, რომლებიც მათ ინფრასტრუქტურისა თუ მომსახურების გაუმჯობესებაში გასწიეს. ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის კლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი საგრძნობლად შემცირდება.