http://www.commersant.ge/index.php?id=12951ნავთობის ბაზრის ყოფილი მოთამაშე კარტელური გარიგებების ფაქტებზე საუბრობს
"სენტა": ქართულ ბაზარზე ჩვენი დაბრუნება საწვავის გაიაფებას გამოიწვევს
commersant.ge
commersant.ge–სთვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ “სენტა პეტროლიუმი” ნავთობის ქართულ ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს.
,,გალფ ჯორჯია'', რომელიც ამერიკული ,,შევრონის’’ შვილობილი კომპანიის დაფუძნებულია, ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა და მისი სახელი თავიდანვე თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს დაუკავშირდა.
„სენტა პეტროლიუმი” აუცილებლად დაუბრუნდება თავის საქმიანობას ახლო მომავალში, პირველ რიგში ნავთობპროდუქტების საბითუმო ბაზარზე და შემდგომ საცალო ბაზარზეც, რაც აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირებას,“ – განუცხადა commersant.ge–ს „სენტას“ გენერალურმა დირექტორმა ზაალ იაკობიძემ.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში პრაქტიკულად შეჩერებული იყო “სენტა პეტროლიუმის” ბიზნეს–საქმიანობა. რაც შეეხება მოლოდინებს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, იაკობიძე ამბობს, რომ ბიზნეს გარემოს რეალურ გაუმჯობესებას, ძველი ოლიგოპოლიური და მონოპოლიური ვითარების აღმოფხვრასა და კონკურენტუნარიანი ბაზრის ჩამოყალიბებას ელოდება. ასევე, მისი თქმით, გაუმჯობესდება მოქმედი საგადასახადო კოდექსი, რომელიც გახდება უფრო ლიბერალური და რაც მთავარია ერთმნიშვნელოვანი.
„გაუმჯობესდება და რეალურად საინტერესო გახდება საინვესტიციო გარემო, რაც აუცილებლად გამოიწვევს ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში. ყოველივე ზემოაღნიშნული საფუძველია იმისა, რომ შემცირდეს ხელოვნურად გაზრდილი ფასები, ხოლო ადამიანთა შემოსავლები გაიზარდოს და საქრთველოს მოსახლეობის ცხოვრების დონე ამაღლდეს,“ – აცხადებს „სენტას“ ხელმძღვანელი. მისივე თქმით, არსებობს უამრავი ფაქტი, რომელიც ნავთობის ბაზარზე კარტელური შეთანხმებების არსებობას და ბიზნესზე სერიოზულ ზეწოლას ადასტურებს.
„ამის შესახებ ჩვენ ვამზადებთ სარჩელს და ოფიციალურად მივმართავთ პროკურატურას,“ – აცხადებს იაკობიძე, თუმცა სარჩელის დეტალებზე არ საუბრობს.