რა უნდა ივანიშვილს?
"ქართული ოცნების" გამარჯვებიდან 40 დღე სრულდება. დრო ძალიან ცოტაა, მაგრამ 40 მაინც საკრალური რიცხვია, ასე რომ რაღაც დასკვნების გაკეთების საშუალება უკვე გვაქვს.
თუმცა, სანამ იმის გარკვევას შევეცდებოდეთ, რა უნდა ახლა უკვე ხელისუფლებაში მოსულ ივანიშვილს, მისი პოლიტიკაში ყოფნის ერთი წელიც უნდა გავაანალიზოთ. ის რაც გვაქვს, ჯერ-ჯერობით არის ცოდნა მილიარდელის შესაძლებლობების შესახებ და ეს შესაძლებლობები სულაც არ გულისხმობს მხოლოდ ფინანსურ რესურსს.
პოლიტიკური ნაბიჯებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, გამოჩენის დღიდან ოცნების ლიდერს,როგორც პოლიტიკოსს, სერიოზული შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მისი განცხადებები თუ ქმედებები ზოგჯერ ღიმილის მომგვრელიც კი იყო - თუმცა, 18 სექტემბერს ამ ძნელადშემდგარი პოლიტიკოსის მიღმა, საშიშად ჭკვიანი, მიზანიმართული ადამიანის შეცნობა გახდა შესაძლებელი, რომელსაც თავისი მიზნის მისაღწევად ნებისმიერი მეთოდის გამოყენება შეეძლო.
მაშინ როდესაც ის ამბობდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდოდა პარლამენტში, სააკაშვილს საკუთარი დედაც კი არ მისცემდა ხმას, რომ ნაციონალური მოძრაობა ბარიერსაც კი ვერ გადალახავდა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ ჰქონდა, რომ ადამიანების ფსიქოლოგიის ცოდნა მისი ყველაზე დიდი გატაცება იყო - რაციონალურობის ფარგლებში მოაზროვნეები ამბობდნენ, რომ საქმე გვქონდა ექსცენტრულ მილიარდელთან. თუმცა, სექტემბერში ყველა მიხვდა, რომ ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ზუსტად იცოდა, რა გეგმით იმოქმედებდა და ისიც იცოდა, რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა საპატიმროების ცნობილ ვიდეო-კადრებს ადამიანების ფსიქიკაზე. ხოლო მის გეგმაში ძველ ხელისუფლებას რომ მცირედი ცვლილებები არ შეეტანა და ეს კადრები რომ არჩევნებამდე სამი დღით ადრე გამოექვეყნებინა, - პრეზიდენტის დედის ამბავი არ ვიცით, მაგრამ ციხის კადრებით შექმნილი საყოველთაო ფსიქოზის ფონზე, შესაძლოა,ნაციონალურ მოძრაობას მართლაც ვერ გადაელახა საარჩევნო ბარიერი. ამ გადმოსახედიდან, ივანიშვილის მიერ მერაბიშვილის აკვიატებული ქებაც ძალიან კარგად გათვლილ ნაბიჯს ჰგავს - სააკაშვილის ეჭვიანობის გაღრმავების ჯიუტ მცდელობას და თავის დაზღვევას, რომ ამ ეჭვიანობის გამო ბაჩო ახალია, ციხის ამბების მთავარი ანტი-გმირი და ხალხის რისხვის მთავარი სამიზნე, ყოველთვის დარჩებოდა პრეზიდენტის საყრდენ ფიგურად.
მაგრამ მიუხედავად პოლიტიკაში მისი ერთწლიანი ყოფნისა, მაინც გაუგებარია, რა უნდა ივანიშვილს; რის მიღწევას აპირებს; რა იყო მისი მთავარი მოტივაცია, როდესაც ხელისუფლებისთვის ბრძოლას იწყებდა; რას ნიშნავს მისი განცხადება, რომ წელიწადნახევარში წავა; რა ღირებულებები აქვს, რამდენად გუწრფელია მისი განცხადებები ნატო-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით და ა.შ.
თუმცა, ყველაზე მთავარ კითხვას - დაიწყებდა თუ არა ახალი პრემიერ-მინისტრი რევანშიზმს და პოლიტიკურ რეპრესიებს, უკვე გაეცა პასუხი.
თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ახალი ხელისუფლება ახალიას პირველი შესაძლებლობისთანავე დაიჭერდა. მაგრამ თითქმის ვერავინ იფიქრებდა იმასაც, რომ მისი დაჭერის საბაბი ასეთი, ცოტა არ იყოს, კომიკური იქნებოდა. და მას, უტრირებულად რომ ვთქვათ, ვაშლის ჭრისათვის დააპატიმრებდნენ.
თუ ახალაიას შემთხვევაში, მიუხედავად უსუსური ბრალდებისა, საპატიმრო სანქციას გაკვირვება არ გამოუწვევია, სრულიად მოულოდნელი იყო გენერალური შტაბის მოქმედი უფროსის დაჭერა. ასეთი რამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ჯერ არ ახსოვს - აქაც ბრალდება, ისევ უტრირებულად, ვაშლის ჭრაზე დასწრება და ყურის აწევაა.
ყურის აწევა, თავში დანის ტარის ჩარტყმა თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა ის ბრალდებებია, რომლის საფუძველზეც ნებისმიერი ოფიცერი შეიძლება დააკავონ - ვის ეპარება ეჭვი, რომ ჯარში ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა ერთხელ მაინც არავის მიუყენებია. ან ვის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ნებისმიერ სამსახურში შეიძლება 5 ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც იტყვის, რომ მას მისმა უფროსმა თავში წამოარტყა.
გენერალური შტაბის უფროსის ასეთი ბრალდებით დაჭერის შემთხვევაში, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი პოლიტიკური დევნაზე. იმაზე, რომ ეს დევნა, ფინანსური თუ სამართლებრივი, კონკრეტულად იმ უწყებების ან თანამდებობის პირების წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტს ექვემდებარება.
ამ დაჭერამ შეშფოთება ნატო-სთან ურთიერთობის კონტექსტშიც გამოიწვია - რამდენიმე დღეში საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტი უნდა ჩამოსულიყო, რომლისთვისაც პირველ სამხედროს, გენერალური შტაბის უკვე დაკავებულ უფროსს გიორგი კალანდაძეს უნდა ემასპინძლა. მაგრამ ეს ვიზიტი უკვე გადაიდო...
რა თქმა უნდა, ამ დაჭერებს პოზიტიური გამოხმაურებაც ჰქონდა - ბოლოსდაბოლოს, ციხის კადრების გავრცელების შემდეგ მთელი აგრესია ახალიას მიმართ აკუმულირდა და მისი დაპატიმრება არჩევნებამდელი ქუჩის გამოსვლების მთავარი მამოძრავებელი მოთხოვნა იყო - ისევე როგორც "სისტემის დანგრევა". იმ "სისტემის დანგრევა", რომელიც პოლიტიკურ დაკავებებს, არადამაჯერებელ მტკიცებულებებს, კონტროლირებად სასამართლოს თუ გაუმჭვირვალე და სასტიკ ციხეს ემყარებოდა.
ასე რომ, ვაშლის თლაზე და თავში წარტყმაზე დაპატიმრება თვით დემონიზირებული ახალაიასიც კი, ცხადია, რომ "სისტემის" კიდევ უფრო გამყარებაა. და თუ დღეს ვინმე ახალი ხელისუფლების ნაბიჯებს მიესალმება და მტკიცებულებებით გაუმაგრებელ ბრალდებებს ძველი ხელისუფლების იდენტური ქცევით ამართლებს (თუმცა ასეთი უსუსური ბრალდება ძველი ხელისუფლების პირობებში ძნელი მოსაძებნია) - კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ამ ნაბიჯით ისინი არა ქვეყნის განვითარებას, არა დემოკრატიას და არა სამართლიანობის აღდგენას, არამედ წმინდა წყლის პოლიტიკურ რევანშს უწყობენ ხელს, რაც ნიშნავს ამ "სისტემაში" ერთი ადამიანების მეორეთი ჩანაცვლების ხელშეწყობას. რაც საბოლოო ჯამში, ბუმერანგივით დაუბრუნდება ქვეყანას, შესაბამისად, ყველა იმ ადამიანს, რომელიც დეკლარირებულად თუ არადეკლარირებულად დემოკრატიას გულშემატკივრობდა.
წინა ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყნის მოდერნიზაციის მიმართულებით პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაზე შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია და ფაქტობრივად, გარღვევა მოახდინა ბევრ სფეროში - დემოკრატიაში სერიოზული პრობლემები ჰქონდა. უხეშად კონტროლირებადი სასამართლო და სატელევიზიო მედია მისი ყველაზე სუსტი რგოლი იყო. შესაბამისად, დღეს ღიმილის მომგვრელი შეიძლება იყოს იმის მოსმენა, როგორი შემართებით საუბრობს თავისუფალი მედიის არსებობის აუცილებლობაზე მედიის შეზღუდვაში დადანაშაულებული პრეზიდენტი. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ძველმა ხელისუფლებამ შეძლო წინასაარჩევნო რეკომენდაციის უმრავლესობის შესრულება და რაც მთავარია, მასთ-ქერის პრინციპის ამუშავება. ნაციონალურ დონეზე ოპოზიციური ტელევიზიების ჩართვამ კი, სავარაუდოდ, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია არჩევნების შედეგებზე. სწორედ წინა ხელისუფლების და პირადად სააკაშვილის დამსახურებაა არჩევნების წაგების აღიარება და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებაც, რაც ისტორიული პრეცედენტი იყო ამ ქვეყნისთვის. ეს პრეცედენტი კი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის არაჩვეულებრივი შანსია, თუმცა შანსი, რომლის გამოყენების ალბათობას რევანშიზმი, სავარაუდოდ, ნულამდე დაიყვანს.
არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვის აქსიომაა ის, რომ იქ სადაც პოლიტიკური რეპრესიები იწყება, შანსი დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისა მინიმუმამდე მცირდება. ასეთი გზა აირჩია უკრაინაში იანუკოვიჩმა. რომელმაც სწორედ მაშინ თქვა უარი სამართლიან არჩევნებზე, როცა იულია ტიმოშენკო დააპატიმრა.
და თუ გავითვალისწინებთ იუსტიციის მინისტრის მკაფიო მინიშნებას, ვიღაცეები კიდევ დაისჯებიანო და თუ გავითვალისწინებთ იმ ბრალდებასაც, რომლის საფუძველზე ქვეყნის გენშტაბის მომქმედ ხელძღვანელს იჭერენ, ნათელი გახდება, რომ უკრაიანის გზას ნელ-ნელა ვადგებით. ხოლო თუ ხელისუფლებამ ეს გზა აირჩია, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ივანიშვილის და მისი გუნდის მიერ ნატო-ს კურსის დეკლარირებულ მხარდაჭერას - რადგან, საბოლო ჯამში, სწორედ ახალი ხელისუფლების შიდა პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენს შანსებს, გავწევრიანდებით თუ არა ნატო-ში და რაც კიდევ უფრო მთავარია, ჩამოვყალიბდებით თუ არა ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ.
მოკლედ, თუ ვინმეს უკვე მიღწეული შედეგების გაგრძელება სურს და პრიორიტეტად ქვეყნის განვითარება აქვს დასახული და არა შურისძიება, არგუმენტი - კარგი იყო, რომ წინა ხელისუფლება ცუდად იქცეოდა? - სრულიად არადეკვატური და მავნებლურია. რადგან ეს ნიშნავს, რომ სანამ ვიღაცეები გულს მოიფხანენ, მანამდე ახალი ხელისუფლება ძალაუფლების მაქსიმალურ კონსოლიდაციას შეძლებს. ერთ მშვენიერ დღეს კი ეს გულმოფხანილი საზოგადოება გაიღვიძებს და სავარაუდოდ, გაცილებით მძიმე პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.
ამის სიგნალები უკვე არსებობს ნიგვზიანის ამბის, საპატრიარქოსთვის გაზრდილი დაფინანსების, ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების, საზოგადოებრივ მაუწყებელში სასწრაფოდ შეგზავნილი ფინანსური სამსახურის თუ კისერში ჩანგლის გამყრელი მოროშკინას სასჯელ-აღსრულების მინისტრის მრჩევლად დანიშვნის სახით.
სტატიის მისამართი:
http://24saati.ge/index.php/category/opini...1-11/33608.html
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare