"აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჯარიმის სახით აღსრულებული 80 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ნებით და ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე დაუბრუნა - ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, მიზეზად სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში დაშვებული პროცედურული დარღვევები დასახელდა.
”გვინდა განვაცხადოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება 80 მილიონ ლართან დაკავშირებით ამ დრომდე ძალაში რჩება და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ თავის დროზე, სააღსრულებო ბიურომ სრულიად უკანონოდ მოახდინა „ქართუ ჯგუფის“ წილების მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება.
აღნიშნული ქმედებით ცალსახად ჩანს, რომ, როგორც დაჯარიმების პროცესი, ასევე მისი აღსრულება და შემდგომ ფულის უკან დაბრუნება კანონთან შეუსაბამოა და საჭიროებს საქმის მოკვლევას. ამდენად, ამ თანხის რაიმე სახით გამოყენება, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენამდე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია,” - აღნიშნულია განცხადებაში.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ახალმა შემადგენლობამ კახეთის რეგიონისთვის სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის საჭირო ფულადი სახსრების მოძიება პრეზიდენტისა და პრემიერის სარეზერვო ფონდებში სცადა, თუმცა აღნიშნულ ფონდებში თანხები სრულად გახარჯული აღმოჩნდა. განცხადების მიხედვით, შესაბამისი ხარჯები გათვალისწინებული იყო ბიუჯეტში, თუმცა გაირკვა, რომ ძველმა მთავრობამ მისი დიდი ნაწილი არამიზნობრივად გახარჯა და დაზარალებულ მოსახლეობამდე კომპენსაცია არ მივიდა.
ამასთან, ივანიშვილის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კახეთის რეგიონისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა უკვე დაიწყო და დაზარალებულებისთვის სამართლიანი და სრულყოფილი კომპენსაციების გაცემას უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს."
http://www.fortuna.ge/news_inner.php?news_id=4458